ანალიტიკაპუბლიკაციები

«ძალიან ვწუხვარ, რომ სტრასბურგის სასამართლოს ამ საეტაპო გადაწყვეტილების ადვოკატირება მიწევს ქართველი კოლეგების წინაშე»

უაღესად აღშფოთებული ვარ გუშინდელი დღით, რომელმაც ჩვენში ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების გაფერმკრთალებითა და გადღაბვნით ჩაიარა. ჯერ ბატონმა სანდრო ბარამიძემ გამოაცხადა სრულიად გაუგებარი განგაში, რომ თითქოს ევროპის სასამართლომ კოჭი გაუგორა რუსებს. შემდეგ მას ორ ტელევიზიიის საღამოს ეთერებში ფაქტიურად მხარი აუბეს. მათ შორის ერთში ბ-ნმა დავით ჯანდიერმა უფრო თავშეკავებულად, რომელსაც, როგორც თვითონ თქვა, გადაწყვეტილება კარგად არ ჰქონდა წაკითხული.
პატივცემული კოლეგები მათდაუნებურად აჰყვნენ რუსულ პროპაგანდას და სხვებიც შეცდომაში შეიყვანეს. ჩემი პოზიცია მაშინათვე მივწერე ბ-ნ სანდრო ბარამიძეს, მაგრამ არგუმენტირებული პასუხის ნაცვლად აგრესია მივიღე. თუმცა მეგონა, რომ უკეთესად ჩაიხედავდა ამ გადაწყვეტილებაში და შემდგომი კომენტარებისას ასეთ მძიმე შეცდომებს არ დაუშვებდა, როგორც პოსტში, სადაც აღნიშნა: ,,ევროპულმა სასამართლომ დიდი რევერანსი გაუკეთა რუსეთს. არ მინდა დავაკნინო ჩვენი გამარჯვება, მაგრამ ეს გამარჯვება სრული არ აღმოჩნდა. ნაწილი ამ გამარჯვებისა წაგვართვეს“.
პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება უმძიმესი დარტყმაა რუსეთისთვის და მართლაც რომ ისტორიულია. მას ბევრი საქმე აქვს წაგებული ევროპის სასამართლოში, მათ შორის მსგავს საკითხებზე, მაგრამ ეს თავის მასშტაბებით და შინაარსიით უპრეცედენტოა. მარტო მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლების) დარღვევა რად ღირს, რომელიც თავზარს სცემს ყველა სახელმწიფოს, რომელსაც ის უდგინდება. კარგად გვახსოვს, ალბათ, გირგვლიანის საქმე და მისი შედეგები მაშინდელი ხელისუფლებისათვის. თუმცა, მასში მე-2 მუხლის დარღვევა იყო უფრო მოკრძალებული ხასიათის, ანუ პროცედურულ ნაწილში, საქმის გამოუძიებლობის გამო.
აქ კიდევ რუსეთის მიმართ დარღვევა დადგენილია ორგვარად. როგორც პროცედურულად (გამოუძიებლობის გამო), ისე არსობრივადაც. უმაღლესი სტანდარტით, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ ადგილი ჰქონდა ქართული მოსახლეობის მრავალრიცხოვან სისტემურ ფიზიკურ განადგურებას რუსეთის ფედერაციის მხრიდან (ადმინისტრაციული პრაქტიკას), რაც ცალკე და მოთუმეტეს სხვა 5 მძიმე მუხლის დარღვევასთან ერთად, რომელთა სისტემურობაც ასევე დადგენილია იმავე სტანდარტით, გენოციდის სამართლებრივად დამაჯერებელ სურათს ქმნის ქართული მოსახლეობის მიმართ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
ანდა საიდან მოვიდა, რომ დაკმაყოფილებულ მოთხოვნებში ანგარიში არის 6:2, რასაც წამდაუწუმ გაიძახიან. სინამდვილეში ასე სულაც არ არის არ არის, არამედ 7:1-ია. რატომღაც მე-13 მუხლი (თავის დაცვის ეფექტიანი საშუალებების გამოუყენებლობა) რუსეთის აქტივში არის მითვლილი, არადა პირიქითაა. საზოგადოდ, ეს ნორმა ბლანკეტური ხასიათისაა. მას მიმართება აქვს სხვა მუხლებთან. ანუ, თუ დგინდება რომელიმე მუხლის დარღვევა, სასამართლო, როგორც წესი, იქვე მსჯელობს ამ საკითზე და არ თვლის საჭიროდ საქმის შემოწმებას ცალკე მე-13 მუხლით. ჩვენს შემთხვევაშიც სწორედ ასეა. მე-13 მუხლის მიმართ სასამართლოს ეს ფორმულირება აქვს მოცემული და ამის გამო ის სწორედ საქართველოს აქტივშია. დარჩა ერთი — 1-ლი ოქმის მე-2 მუხლი (განათლების უფლება), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა მართლაც არის კონვენციის დარღვევა, მაგრამ საკმარისი მტკიცებულებები არ იქნა წარმოდგენილიო. ეს ნაწილი მართლაც არის საკრიტიკო, რა დავაკელით მტკიცებულებითი თვალსაზრისით და რატომ.

Loading…

რაც შეეხება იმ ქარიშხალს ჭიქა წყალში, საკითხი ასე დგას: შეუძლია თუ არა ევროპის სასამართლოს განახორციელოს თავის იურისდიქცია და კონვენციის მოქმედება საომარი მოქმედებების პერიოდში (ამ შემთხვევაში რუსეთის აგრესიის ფაზაში) უშუალოდ შეიარაღებული დაპირისპირების ზონაში თუ არა, ან რა მოცულობით. აქ სასამართლომ ორგვარი პასუხი გასცა ზოგადად არა, მაგრამ მაინც კი (!). უცნაურია, მაგრამ ასეა.
სასამართლომ თქვა, რომ ეს საქმე თავად არის პრეცედენტული, ზუსტი ანალოგები არ გააჩნია საკუთარ პრაქტიკაში, რადგან პირველად ეხება საომარ მოქმედებებს ევროპაში ავიადაბომბვებისა და არტილერიის გამოყენებით; ამის გამო არ არის მზად გააფართოვოს უკვე არსებული პრეცენდენტები და ვერ გაავრცელებს თავის და ევროპის კონვენციის იურისდიქციას ამ საკითხზე არა მარტო ამ, არამედ ყველა სხვა სამომავლო შემთხვევებზეც, რადგან აქ განმსაზღვრელი არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, ანუ გაეროს ომის სამართალი და შესაბამისი კონვენციები.
სავსებით ცხადია, რომ საქმე გვაქვს წმინდა სამართლებრივ საკითხთან, ეს მსჯელობა ეხება ზოგადად ნებისმიერ განმცხადებელსა და მოპასუხე-სახელმწიფოს და არა მხოლოდ საქართველოსა და რუსეთს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქმე გვაქვს სასამართლოს საგნობრივ იურისდიქციასთან და არა იმასთან, რომ საქართველოს პრეტენზიები ადამიანის უფლებათა დარღვევის ამ ნაწილზე არსობრივად მიუღებელია და რაიმე წაგვართვეს. გარდა ამისა, მთავარი, რაც გამორჩათ პატივცემულ იურისტებს და საქმეს მათებურად არ წარმოაჩენს, გახლავთ დიდი პალატის დასკვნითი განმარტება, რომ ასეთი საკითხის გადასაწყვეტად მას სჭირდება დამატებითი კომპეტენცია კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოებისგან, რაც თავის მხრივ კონვენციაში დამატებითი დებულებების შეტანით ხდება ყველა ხელშემკვრელი სახელმწიფოსაგან.
რა თქმა უნდა ეს დასკვნა ძალიან საკამათოა, რადგან უშუალოდ საომარი მოქმედებების ზონაში ადამიანები კონვენციური დაცვის გარეშე რჩებიან. პირადად ჩემი პოზიცია იმ 6 მოსამართლის განსხვავებული აზრის მხარესაა, მაგრამ ეს არამც და არამც არ აკნინებს თავად სასამართლოს ძალიან ძლიერ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და მითუმეტეს არ გვაძლევს არავითარ საფუძველს მასში ვეძებოთ რაღაც რევერანსები ან შიშები რუსეთის მიმართ. ზემოთმითითებული უფლებების დარღვევის გარდა, სასამართლოს ტექსტში სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით პირველად არის ნახსენები სიტყვა ,,ოკუპაცია“ და ასევე ცნება ,,ოკუპაცის ფაზა“, როგორც ეფექტიანი კონტროლის ფორმა. ეს სიტყვა გადაწყვეტილებაში 127-ჯერ არის ნახსენები. დადგენილია, რუსეთის შეიარაღებული აგრესია 7 აგვისტოდან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპირებული ტერიტორიების განუყოფლობა და სხვა ბევრი რამ. სულ თითოთოდ არის დათვლილი რუსი ჯარისკაცები და ტექნიკა.
ახლა კი იმ უცნაურობაზე, რაც ზემოთ მოგახსენეთ. სასამართლომ მაინც გაავრცელა თავის და კონვენციის იურისდიქცია იმ ხუთდღიან პერიოდზეც, როდესაც მაგალითად,თქვა, რომ ადგილი ჰქონდა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას პატიმარი ქართველი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. იგივე შეიძლება ითქვას განდევნა-დევნილობის ანუ არსობრივად ეთნიკური წმენდის თუ საკუთრებისა და საცხოვრისის უფლებების დარღვევის შემთხვევაში. ამასთან, გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ნიუანსი. სასამართლომ თქვა, რომ დარღვევები განგრძობადი ხასიათისაა როგორც მინიმუმ ზეპირი მოსმენის დასრულების დროისათვის-2018 წლისათვის გრძელდებოდა.
გუშინ ისიც არავის გახსენებია, რომ ევროპის სასამართლოდან სულ პანტაპუნტად არის გამოყრილი ოსების ინდივიდუალური საჩივრები საქართველოს წინააღმდეგ დაუშვებლობის მოტივით და იმ საფუძვლით, რომ საქართველოს სახელმწიფოს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია. ამას კი უდავოდ განმსაზღვრელი კავშირი აქვს ამ საქმის და სასამართლოს პოზიციის შეფასებასთან.
გუშინვე ,,ნეტგაზეტში“ გამოქვეყნდა ძალიან კარგი ინტერვიუ ბ-ნ ლევან მესხორაძეთან , რომელიც ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში წარმომადგენლობის დეპარტამენტს წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების დროს. მასთან ადრე ჩემი საქმეების აღსრულებასთან დაკავშირებით უშუალო შემხებლობა მქონდა და იმთავითვე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა როგორც პროფესიონალმა. ამ ინტერვიუს გვიან, აღშფოთების ფაზაში გავეცანი და ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი მოსაზრებები ემთხვევა და რესპოდენტის პოზიცია არაჩვეულებრივად არის დასაბუთრებული.
ამდენად, რაც გუშინდელი ალიაქოთის გამო საზოგადოებას ნამდვილად დააკლდა, ეს არის იურისტების სხვა ნაწილის პოზიცია, რომელიც გაცილებით უფრო დამაჯერებლად გამოიყურება, ვიდრე ზემოთნახსენები პერსონების, და აგრეთვე, თავად გადაწყვეტილების ტექტი, რომელიც უსწრაფესად და კვალიფიციურად უნდა ითარგმნოს და გამოქვეყნდეს.
ბოლო პერიოდში გარკვეულ ტრენდად მკვიდრდება დასავლური ინსტიტუციებზე შეტევები სწორედ საზოგადოებაში ოპოზიციონერებად აღქმულ პირთა მხრიდან, რაც კამპანიურობის მცდელობებს ჩამოჰგავს. ეს ძალიან ცუდია, გაუაზრებელია, მეტად საზიანოა და უნდა შეწყდეს. საუბედუროდ, ჩვენს შემთხვევაშიც იგივე მოხდა. ამ საქმის უსაფუძვლო და არასწორი ინტერპრეტაციებიც, როგორც ეს გუშინ იქნა წარმოდგენილი, უაღრესად დამაზიანებელია არა მარტო ამიტომ. საქმეს სერიოზული გაგრძელება აქვს ოკუპანტის მიმართ სამართლიანი ანაზღაურების დაკისრებისა და ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ დასკვნების იმპლემენტაციის საქმეში, რაც რუსეთმა უნდა განახორციელოს ყველა დარღვევის გამოსასწორებლად. სხვა შეთხვევებშიც, იქნება ეს დიდი პოლიტიკური ტრიბუნები, თუ ჰააგის ტრიბუნალი, რაზედაც უკვე უაპელაციოდ გაისმის, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ტრიბუნალითვის მნიშვნელობა არა აქვს. აქვს და მერე როგორი! თუმცა, ეს სხვა საუბრის თემაა.
ევროპის სასამრთლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვრის ვერდიქტი ძალიან გვაახლოებს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მისი სწორად და კვალიფიციურად გამოყენების შემთხვევაში და ამას ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ. თავზე ნაცარს კი არ უნდა ვიყრიდეთ უაზროდ და ვწუწუნებდეთ, არამედ მომავალი მნიშვნელოვანი ბრძოლებისთვის უნდა ვემზადებოდეთ და არ ვაბნევდეთ ერთმანეთსა და საზოგადოებას.
ძალიან ვწუხვარ, რომ სტრასბურგის სასამართლოს ამ საეტაპო გადაწყვეტილების ადვოკატირება მიწევს ქართველი კოლეგების წინაშე.

მალხაზ პატარაია, აფხაზთა კრება

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

15 ივლისი — 30 წელი აფხაზეთში ომის დაწყებიდან

Joni Kvaracxelia

ჭანური ტოპონიმიკა (მოკლე მიმოხილვა)

Joni Kvaracxelia

«ეს ორი პატრიოტი ბოღმა პოლიტიკოსების სიბოროტის და უვიცობის გამო სხედან ციხეში!» — სერგი კაპანაძე

დატოვე კომენტარი