ანალიტიკაპუბლიკაციები

რუსული შემოტევები და ქართული საზოგადოება

რუსეთი პერიოდულად ამოწმებს ქართულ საზოგადოებრივ აზრს, რამდენად ვართ მორჩილი მისგან შემოთავაზებული ,,რეალობისადმი შეგუების“ პოლიტიკისადმი. გავრილოვის ჩამოყვანა ამ თვალსაზრისით უკანასკნელი პერიოდის ყველაზე მძლავრი შემოტევა იყო ჩვენს ცნობიერებაზე, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. ძალიან მძაფრი აღმოჩნდა საზოგადოების რეაქცია. მსგავსი შემოწმებები მას შემდეგაც ხდება. შესაძლოა, არა ასეთი მასშტაბის, თუმცა არანაკლები მნიშვნელობის.
ასეთ მოვლენათა რიგში ძველი პროპაგანდისტული გადმონაშთის ე.წ. ქართულ-აფხაზური დიალოგის აღდგენის სურვილია. მოსკოვში ძალიან აწუხებთ ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მისთვის სამართლიანად მინიჭებული ოკუპანტის სტატუსი, რის გამოც ,,რეალობისადმი შეგუების“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ ამ სტატუსის მოხსნაა. პუტინმა და ლავროვმა შემოგვთავაზეს კიდევაც: ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ერთმანეთში ილაპარაკეთ და ჩვენ ამას მხოლოდ ხელს შევუწყობთო. სოხუმში საოკუპაციო ადმინისტრაციის რიგი წარმომადგენლების ბოლო დროის განცხადებები სწორედ ამ ტენდენციის გამოვლინებაა, მაგრამ ცხადია ეს ყველაფერი ფუჭი იქნება, თუ მას მეორე მხარე არ ეყოლა.
კრემლის აგრესიული რეზიდენტურის ე.წ. პატრიოტთა ალიანსის აფხაზეთში ვოიაჟის ისტორია სწორედ ამით აიხსნება და მიზნად ისახავდა საარჩევნო დისკურში ამ თემის შემოტანას, როდესაც საზოგადოებრივი აზრი განსაკუთრებით გამძაფრებულია და თემის აქტუალიზაციისათვის შეუდარებლად უკეთესი გარემოა.
კრემლოიდების აფხაზური ვოიაჟის ისტორია ამჯერად სამარცხვინოდ დამთავრდა. რა თქმა უნდა აქაც ისევ ჩვენი საზოგადოების გამო, რომელმაც ყველაფერი კარგად გაიგო და ისევ მძაფრი რეაქცია გამოავლინა. ამის გარდა, გავრცელებულ იქნა ძალიან სერიოზული დოკუმენტები, რომლებიც პირდაპირ ადასტურებს ამ არამზადების მტერთან თანამშრომლობას, მათ დაფინასებას ოკუპანტის მიერ და უკანასკნელის ჩარევას საარჩევნო პროცესში.
ერთი სიტყვით მტრის მორიგი აქცია ჩავარდა, ხოლო კვალის წასაშლელად, ჩვენს ,,პატრიოტებს“ ჭიტლაყიც ამოჰკრეს, მათ მიერ ილორის ეკლესიისათვის შეწირული ხატი უკან გამოუბრუნეს. ასე იცის ბატონის ზედმეტმა ერთგულებამ.
ისე, ერთი მგლისკენაცო და ხატს რას ერჩოდნენ ის შეჩვენებულები ,,აფხაზეთის ეკლესიას“ რომ ეძახიან თავს და ვითომ ქრისტიანებად მოაქვთ თავი. ეგ სხვა თემაა, თუმცა ნიშანდობლივი ფაქტია და კარგად უჩვენებს თუ რა ფაშისტურ, ანტიჰუმანურ და ველურ საოკუპაციო მმართველობასთან გვაქვს საქმე.
ზოგადად დიალოგს არავინ უარყოფს, თუმცა ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით უნდა იყოს და რაც მთავარია, კანონთან შესაბამისი. ასეთი ფორმატი არსებობს ჟენევაში და მანდ მხარეები კარგად არის დალაგებული — რუსეთი და საქართველო საერთაშორისო მედიატორების აშშ-ს, ეუთოს, ევროკავშირის და გაეროს შუამავლობით. იქ ,,ხატმებრძოლებსაც“ აქვთ დამსწრის მოკრძალებული ადგილი თბილისში განთავსებული აფხაზეთის მთავრობისა და ცხინვალის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად და თუ რამ ახალი გონივრული ინიციატივები აქვთ, რაც ნაკლებად მოსალოდნელია, მათ არავინ შეზღუდავს და ჩვენც გავიგებთ.
რაც შეეხება ,,პატრიოტებს“, ნათელია, რომ ოლიგარქის რუსეთუმე ხელისუფლების ხეშეწყობის გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამდნენ ენგურს გაღმა ისევე, როგორც ეს მოხდა გავრილოვის შემთხვევაში. ისიც ცხადია, რომ ისინი მაისის თოვლივით უმალ გაქრებიან, როგორც კი საქართველოში ,,ოცნების“ ხანა დასრულდება. ხოლო ისტორია კი მათ კუთვნილ ადგილს სერგო ორჯონიკიძის გვერდით აუცილებლად მიუჩენს.

მალხაზ პატარაია, აფხაზთა კრება

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ჯანდაცვის სისტემის მოსალოდნელი კოლაფსი

«როდესაც პოლიტიკა აკონტროლებს ბაზარს იმას მეურნეობა ჰქვია და არა ეკონომიკა»

Joni Kvaracxelia

ჩვენს თავს დამტყდარი უბედურების მიზეზების და მისგან გამოსავლის ძიება

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი