«გასული წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რომელმაც პირებს A კატეგორიის ტაქსის ნებართვები დაუკანონა. აღნიშნული ნებართვების გააქტიურებისთვის რეფორმა ითვალისწინებდა ერთწლიან ვადას, რომელიც მიმდინარე წლის პირველ აპრილს იწურება. პირველ აპრილამდე უნდა მოხდეს იმ ნებართვების გააქტიურება, რომლებიც მძღოლებს საკუთრებაში აქვთ. ჯამში, 35 000-ზე მეტი A კატეგორიის ნებართვაა გაცემული – ორ-სამჯერ მეტი, ვიდრე ამის საჭიროებაა ქალაქში, თუმცა მოქალაქეებს ჰქონდათ სურვილი, ეს ნებართვები აეღოთ,
დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 20-21 ათასი ნებართვაა გაუაქტიურებელი. ამიტომ, პირველ აპრილამდე გაქვთ ვადა. პირველ აპრილს გაუაქტიურებელი ნებართვები ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება. შესაბამისად, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ ნებართვები შეინარჩუნოთ, გაააქტიურეთ ისინი პირველ აპრილამდე. ამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ, მიიღოთ როგორც შესაბამის ვებგვერდზე: www.taxi.tbilisi.gov.ge ასევე თბილისის მერიის ცხელ ხაზზე»
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.