ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე – მათ შორის ფორდოს, ნათანზისა და ისპაჰანის ინფრასტრუქტურაზე – განხორციელებული იერიშისთვის მაღალი სიზუსტის იარაღი გამოიყენა. ოპერაციაში მონაწილეობა მიიღო B-2 Spirit-ის ტიპის ექვსმა სტელს-ბომბდამშენმა, რომლებიც მიწისქვეშა ბუნკერების გასანადგურებლად შექმნილი GBU-57 ტიპის ბომბებით იყვნენ აღჭურვილნი.
დამიზნებული დარტყმების მთავარი სამიზნე იყო ფორდოს ბირთვული ობიექტი, რომელიც თეირანიდან 100 კილომეტრში, ყუმის პროვინციის მთიან რეგიონში მდებარეობს და 100 მეტრის სიღრმეზეა განლაგებული. ამ ობიექტში განთავსებულია ურანის გამამდიდრებელი ცენტრიფუგები და ის ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ბირთვულ ობიექტად ითვლება ირანში.
აშშ-ის ძალებმა ასევე წყალქვეშა ნავებიდან გაუშვეს 30-მდე Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტა, ხოლო ნათანზის ობიექტზე ორი ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბი ჩამოაგდეს.
ირანული მედიის ცნობით, აშშ-ის იერიშის დაწყებამდე სამივე ბირთვული ობიექტიდან განხორციელდა ევაკუაცია, რის გამოც სერიოზული ზარალი ირანულ მხარეს, მათი განცხადებით, არ განუცდია. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი ბირთვული მასალები ადგილზე აღარ იყო დარჩენილი, რაც ზარალის მინიმუმამდე დაყვანის მიზეზი გახდა.
