როგორც ერი, ისე ბერიო. ვიტყოდი – ისე ფეხბურთიც!

0
104

ფეხბურთი ნომერ პირველი სპორტია.საქართველოში მისი ფართოდ გავრცელება და განვითარება დაემთხვა ოკუპაციისა და ეროვნული ღირსების დათრგუნვის პერიოდს. სწორედ ამიტომ მრავალათასიანი შეკრებები სტადიონზე, თავგამოდებული გულშემატკივრობა არა მარტო ამ სპორტის სიყვარულით იყო განპირობებული. ის უფლებააყრილი, ღირსებაშელახული ერის სულიერ გამოსავალს, განმუხტვას, თვითმყოფადობის შენარჩუნებისკენ სწრაფვას, ცნობიერ თუ არაცნობიერ პროტესტს გამოხატავდა. ასე იყო სხვაგანაც. ამას მეცნიერები ნაციონალიზმის გასპორტულებას უწოდებენ. თავად ფეხბურთს-კი უძლიერეს სფეროს ამისთვის.
სტადიონზე შეკრება ჩვენთვის ერთგვარ ერთიან ,,ჩელას“ ჰგავდა, ხოლო ყოველი გატანილი ბურთი თუ გამარჯვება ერის ამოგმინვას, ეროვნული სიამაყის შეგრძნებას დროებით მაინც. განსაკუთრებით ეს ეხებოდა რუსულ გუნდებთან წარმატებას, რაზედაც ქართველების რეაქცია განსხვავებულად თვალშისაცემი იყო. თუნდაც კიევის ,,დინამოსთან“ შედარებით, რომელიც რუსულ კონკურენტებზე არანაკლებ ძლიერი გუნდს წარმოადგენდა.
ქართული ფეხბურთის ისტორიაში იყო ყველაზე გამორჩეული, თვისობრივად განსხვავებულ მოვლენათა წყება. 1978 წელს თბილისის ,,დინამოს“ სსრკ ტრიუმფალური ჩემპიონობა ვადაზე ადრე, შემდეგ წელს სსრკ თასი და 1981 წელს ევროპის თასზე გამარჯვება წელს, რომელსაც დღეს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ასე უფერულად გაშვებული შესაძლებლობას ადარებენ. რა თქმა უნდა, მაშინ ძლიერი გუნდი და შემსრულებლები გვყავდა, თუმცა მხოლოდ ეს არ უნდა იყოს ამის ახსნა. ორივე გამარჯვებას წინ უსწრებდა, ასეთივე განცალევებით მდგარი მძლავრი აფეთქება ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

Loading…

პირველი ისევ ფეხბურთთან იყო დაკავშირებული. 1977 წელს ვოროშილოვგრადის ,,ზარიათან“ თამაშის ბოლო წუთზე არდანიშნული პენალტი გამო ათასობით გულშემატკივარი მოედანზე გადმოვიდა, სტადიონი აჯანყდა. მაშინ ყველამ კარგად იცოდა შინ და გარეთ, რომ ეს ეროვნული ამბოხი იყო, რომელიც მხოლოდ ფეხბურთს არ ეხებოდა, არამედ ზოგადად შელახულ ეროვნულ ღირსებას. ამ ურჩობისთვის ვერ დაგვსაჯეს, როგორც იტყვიან, ყურზე ხახვი ვერ დაგვაჭრეს. მეორე ამბავი კი – უფრო მასშტაბური და გრანდიოზული იყო. 1978 წლის 14 აპრილს ქართულმა საზოგადოებამ ეროვნული ღირსების აღდგენის უმძლავრესი აქტი განახორციელა, დედა ენის დასაცავად არნახული შემართების მასობრივი მანიფესტაციით მთელი იმპერია შეატორტმანა და გაიმარჯვა.
ქართული ფეხბურთისთვის ასეთი ბიძგის მიმცემად ვერ იქცა სახელმწიფოებრის აღდგენა, რადგან მოკლე დროში ჯერ სამოქალაქო დაპირიპირებამ და განსაკუთრებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციამ, ასეულათასობით ქართველის დევნილად ქცევამ ისევ დათრგუნა ჩვენი ეროვნული ღირსება, დათრგუნა კი არა, წაგვართვა, დაგვაკარგვინა.
უწინ მსოფლიო გრანდები დავამარცხეთ და ისე გავიკვალეთ საჩემპიონო გზა. ახლა ისე დავჩაჩანაკით, რომ არიფები გაგვიხდა ოცნებად. ამის მიზეზი არც ფორმაციული ცვლილებები და არც დაულხენელი ყოფაა მხოლოდ. ეროვნულ ღირსებასთან მწყრალად ვართ და სანამ ასე იქნება, საფეხბურთო წარმატების რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი სულ ამაოა. თუნდაც ხორვატთა მაგალითი ამის თვალნათელი დასტურია.
თუმცა, რაც მოგახსენეთ, არ ნიშნავს გულზე ხელი დავიკრიფოთ და იმ უთავბოლობისა თუ მღნელების მოძალებას ვერ მივხედოთ, რაც ჩვენს ფეხბურთში სუფევს და საშველი არ დაადგა. კარგა ხანია უკვე მამელუქებადაც არ ვჩანვართ წამყვან ევროპულ კლუბებსა თუ ჩემპიონატებში. გონივრული და კეთილსინდისიერი მიდგომა ბევრ ნიჭიერ და თვითმყოფად ქართველ ფეხბურთელს გაუხსნიდა გზას. რეს კიდევ ეროვნული ნაკრების წარმატების მეორე აუცილებელი ფაქტორია. ამის ნაცვლად, გვყავს უმეცარი, კრიმინალური ცნობიერების საფეხბურთო მესვურები და სულ ქარს ვატანთ უზარმაზარ საზოგადო სახსრებს.
დაბოლოს. ბედმა გაგვიღიმა. ისე მოეწყო ევროპული საფეხბურთო სისტემა, რომ ჩამორჩენილებიდანაც შეგვეძლო ჩემპიონატში გასვლა. არ იყო მოწინააღმდეგე დაუძლეველი გუნდი. 17 ათასი ნებადართული გულშემატკივარის გამხნევება შეიძლება გადამწყვეტიც ყოფილიყო. აქაც ვერ ვივარგეთ. ესეც ავიკრძალეთ შეგნებული მტრობით თუ უგნური მოყვარეობით.
ნათქვამია, როგორც ერი, ისე ბერიო. ვიტყოდი – ისე ფეხბურთიც!

მალხაზ პატარაია, აფხაზთა კრება

paqtebi.ge

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ