Tbilisi Pride-მა თბილისის მერს, კახა კალაძეს წერილობით მიმართა, რომ 17 მაისს ქალაქის ანძა ლგბტ დროშის ფერებში განათდეს

0
185

Tbilisi Pride-მა თბილისის მერს, კახა კალაძეს წერილობით მიმართა, რომ 17 მაისს ქალაქის ანძა ლგბტ დროში ფერებში განათდეს. მიმართვის ტექსტს გთავაზობთ უცვლელად:

ბატონო კახი,

17 მაისი არის ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე! მოგეხსენებათ, რომ ამ დღის აღნიშვნა წარსულში უსაფრთხოების პრობლემებთან ასოცირდებოდა და ყოველთვის ხდებოდა ცხარე საზოგადოებრივი დებატის მიზეზი. წელს, როდესაც კარანტინის გამო ლგბტქი თემის წევრებს ქვეყნის სხვა მოქალაქეებთან ერთად გვაქვს შეზღუდული შეკრების თავისუფლება, როდესაც მერიის წინ სასოწარკვეთილებამდე მისული თემის ყველაზე მოწყვლადი ნაწილის წარმომადგენელი, ტრანსგენდერი ქალი ცდილობს თვითმკვლელობას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თემის წევრების მხარდაჭერა, გამხნევება და მათთვის იმის გაზიარება, რომ ისინი არ არიან მარტო პანდემიით და ჰომოფობიით გამოწვეული პრობლემების პირისპირ.

თბილისი პრაიდი მიესალმება თბილისის მერიის ტრადიციას, რომელიც გარკვეულ დღეებში თბილისის ტელეანძის სხვადასხვა ფრად განათებას გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ ქალაქი ასე გამოხატავს სოლიდარობას, მეგობარი ქვეყნებისა თუ ხალხების მიმართ და მნიშვნელოვან თარიღებს სწორედ ამ გზით აღნიშნავს. სხვა დღეებში არაერთხელ შეგვიმჩნევია, რომ ანძა ცისარტყელის ფერებითაა განათებული.

გვსურს მოგმართოთ თხოვნით, მომავალ კვირას, 2020 წლის 17 მაისს გარკვეული დროის მანძილზე, თბილისის ტელეანძა სწორედ ცისარტყელის ფერებით განათდეს, რათა აღვნიშნოთ ჩვენი თემის წევრებისათვის ეს მეტად მნიშვნელოვანი დღე. ქვიარ ადამიანები დედაქალაქის განვითარების ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე ახერხებდნენ ქალაქისთვის განსაკუთრებული ხიბლი შეეძინათ და გაემდიდრებინათ მისი კულტურული ცხოვრება. მიგვაჩნია, რომ ანძის ცისარტყელის ფერებით განათება ის მოთხოვნაა, რომლის შესრულებაც არ მოითხოვს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღებას, არ აყენებს ადამიანებს ძალადობის ან ეპიდემიის პირდაპირი რისკების წინაშე და არც ქალაქის ბიუჯეტიდან განსაკუთრებულ დანახარჯებს მოითხოვს.

ეს იქნება ერთგვარი სოლიდარობის აქტი და გზავნილი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომ ქალაქის მერი ხედავს და აღიარებს ლგბტქ მოქალაქეებს და მათ წინაშე არსებულ პრობლემებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ დათანხმდებით ჩვენს შემოთავაზებას. ამ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან ეს შეფასდება, როგორც ჟესტი ქალაქის ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს იზოლაციის პირობებში მყოფი თემის თითოეული წევრისათვის, რათა მათ ამ ქალაქის და მისი მოქალაქეების საერთო კეთილდღეობაში საკუთარი წვლილის შეტანა განაგრძონ.

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის.

პატივისცემით,

Tbilisi Pride-ის გუნდი

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ