ანალიტიკაპუბლიკაციები

არეული ფიქრები კარგ ცხოვრებაზე…

ჩვენ დღის წესრიგს უმრავლესობა გვიდგენს და გვიბიძგებს, ჯოგის ქვენა გრძნობების განხილვით დავკავდეთ. ასე ხდება თავისუფალი ინდივიდის მდაბიო ვნებების მორევში ჩათრევა, კოლექტიური ნებისადმი დამორჩილება, გაველურება და ბოლოს, დაუნდობელ მტაცებლად გადაქცევა…
ჩვენი დანიშნულება კი ფიქრია სიკეთესა და ბოროტებაზე, კითხვების დასმა ცხოვრების საზრისზე და საკუთარი თავის შეცნობა. ადამიანი მუდამ უნდა სვამდეს კითხვებს და ეძებდეს პასუხებს. სანამ გვაწუხებს კითხვები, მანამ ვართ ცოცხლები.
ადამიანი მასში ჩადებული კოდით იწყებს ცხოვრებას, შემდეგ კი ყოველდღიურობა იტაცებს – გულგრილი ხდება და ჩლუნგდება. ბავშვი გამოირჩევა ფენომენალური ცნობისმოყვარეობით. ის სამყაროს იკვლევს, გატაცებულია ამ პროცესით და უდიდეს სიამოვნებას განიცდის ახლის შეცნობით – ბავშვს ყველაფერი აკვირვებს! ყოვლისმცოდნე ადამიანი, რომელმაც გაკვირევების უნარი დაკარგა, მკვდარია…
ფიქრი – კრიტიკული აზროვნება არასდროს არ სრულდება. აბსოლუტური ჭეშმარიტებები და უცილობელი ავტორიტეტები არ არსებობენ. სწორედ ამგვარი დოგმატურ აზროვნებას, დროისა და ისტორიული პირობების გათვალისწინების გარეშე, მივყავართ კერპების თაყვანისცემამდე და დადგენილი შეხედულებების აგრესიულ დაცვამდე, რაც აუცილებლად ტერორით სრულდება.
ჩვენ გააფთრებით ვიცავთ მორიგ ავტორიტეტსა და მის უცდომელობაში არ შეგვაქვს ეჭვი – ეს უმრავლესობის შიშით აკრძალულია!.. ხოლო სადაც არ არის მუდმივი ეჭვი და არ ბობოქრობს პროტესტი, იქ ჭაობი იმარჯვებს და ცხოვრება კვდება. ასე მოვკვდებით თუ უკვე მოვკვდით ჩვენც…
დღეს მდგომარეობა ასეთია: თუ ერთმა თქვა სიმართლე, ყველა მას მტრობს – ცდილობს გაანადგუროს და დაადუმოს. ჯოგის ბატონობის შედეგად კი, ჩვენ რახანია სრულ სიცრუეში ვცხოვრობთ და ისევ საკუთარ თავს ვიტყუებთ. ამ თვალთმაქცობისკენ ადამიანს კოლექტიური აზრისადმი დამორჩილება და ამის შედეგად მიღებული კეთილდღეობის კომფორტი უბიძგებს…
როგორც კი აცხადებ პრეტენზიას ჭეშმარიტების ძიებაზე, შენ ამრავლებ მტრებს. ცხადია, არავის უნდა დინების წინააღმდეგ ცურვა – დევნა და შიმშილი. ჩვენ იმდენად გვეშინია კოლექტივის, რომ მოხუცებულობის ჟამსაც კი ვერ ვბედავთ სიცრუის ტყვეობიდან გამოსვლას და რეალობის აღიარებას. ჩვენ სიცრუეში ვკვდებით – ასეთი დიდი ძალა აქვს უმრავლესობას!
არადა, მხოლოდ სიმართლის აღიარებაშია შველა – სხვა გზა არ არსებობს! სიმართლე გამოასწორებს პოლიტიკოსებს, გააჯანსაღებს სოციალურ სფეროს და დაამყარებს სამართლიანობას. მაშასადამე, მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ეკონომიკის სწრაფი განვითარება, მხოლოდ ასე შეიქმნება ღირსეული ცხოვრების პირობები.
ჩვენი სიღარიბის სათავე ტყუილში, ცრუ აკრძალვებსა და სიყალბეშია. როდესაც კარგს დავაფასებთ, მექრთამეს კი დავგმობთ, ჭკვიანსა და სიმართლის მთქმელს – ბრძენს ვუწოდებთ, ასეთ ადამიანებს წარმოვაჩენთ და დავაწინაურებთ, ცხადია, ყველაფერი უცებ გამოსწორდება.
წარმოიდგინეთ, რა ადვილია კეთილდღეობის მიღწევა – თუ ერთ მშვენიერ დღეს ყველა ერთად ვიტყვით სიმართლეს (ან თუნდაც, მის მხარეზე გადავალთ) და არ დავიცავთ ტყუილს, სიმართლე გაიმარჯვებს! როგორც კი ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, ჩვენი მდგომარეობა უცებ გამოსწორდება. სანამ ჯოგი გადაწყვეტს მტყუან-მართალს და ვერ გავბედავთ უმრავლესობის ნების წინააღმდეგ წასვლას, სანამ ვითამაშებთ როლს, რომელიც კოლექტივმა თავს მოგვახვია, ვიქნებით იქ, სადაც დღეს ვართ.
ერთისთვის ეს ხვედრი – მძიმე ჯვარია, ხოლო თუ ყველა ერთად მივიღებთ წესად – ვილაპარაკოთ მხოლოდ სიმართლე, ვიცხოვრებთ კარგად! სულ ესა და ეს.
ერთი სიტყვით, დადგა დრო მოვუსმინოთ არა მდიდრებსა და კერპებს, არამედ ჭკვიანებსა და გაბედულებს… და ნუ ავყვებით მდაბიო ადამიანების მიერ დადგენილ ხორცის დღის წესრიგს.

ზურა ოდილავაძე

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

გამარჯობა, საქართველო!

«რაც ბერი ის ერი!»

Joni Kvaracxelia

აღარ უნდა დაფიქრდეთ ძირეულ მიზეზებზე ბოლოსდაბოლოს?

დატოვე კომენტარი