საინტერესო

რას ნიშნავს ელექტრონული ხელმოწერა და ელექტრონული შტამპი?!

ელექტრონული ხელმოწერა და ელექტრონული შტამპი ფიზიკური ხელმოწერის ალტერნატიული საშუალებაა – აქვს იგივე იურიდიული ძალა და როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ზურაბ სანიკიძე ამბობს უფრო ეფექტური, პრაქტიკული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უსაფრთხო მომსახურებაა.

„ჩვენი პრიორიტეტია ელექტრონული სერვისების მაქსიმალურად გაფართოება, მათი ხელმისაწვდომობა,  მოქალაქეების ეფექტიანად და ეფექტურად მომსახურება, მათთვის, ყოველდღიურად, საჭირო და აუცილებელი სერვისების ხარისხიანი მიწოდება. ელექტრონული მმართველობა და ელექტრონული დემოკრატიის განვითარება უმნიშვნელოვანესია. საამისოდ აუცილებელია ელექტრონული სერვისების განვითარება, რომელიც ბევრ მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და კვალიფიციური ელექტრონული შტამპი“, – ამბობს ზურაბ სანიკიძე

რა არის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და კვალიფიციური ელექტრონული შტამპი?!

„კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ზუსტად ისეთივე იურიდიული ძალა აქვს, როგორც მატერიალური სახის, ანუ ქაღალდზე გაკეთებულ ხელმოწერას. მას იყენებს ფიზიკური პირი. ხოლო იურიდიული პირებისთვის არის კვალიფიციური ელექტრონული შტამპი. იურიდიულმა პირმა ის, დოკუმენტის დამოწმებისთვის, სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემებს უნდა დაატანოს. განსხვავება მხოლოდ სუბიექტებს შორისაა – ფიზიკური პირი იყენებს კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას, იურიდიული პირი კი – კვალიფიციურ ელექტრონულ შტამპს, თორემ ფუნქციით, დატვირთვით და მიზნით აბსოლუტურად ერთი და იგივეა“.

როგორ ვიყენებთ კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას და კვალიფიციურ ელექტრონულ შტამპს?!

ზურაბ სანიკიძე: კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერის/შტამპის გასაკეთებლად საჭიროა პირადობის მოწმობა (ID ბარათი), გადამყვანი, კომპიუტერი და კოდი, რომელსაც მოქალაქეს მოწმობასთან ერთად ვაძლევთ, პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღების დროს (დაკარგვის შემთხვევაში შესაძლებელია მისი აღდგენა). სერვისით სარგებლობისთვის, მარტივი ტექნიკური უნარებია საჭირო დ ნებისმიერ დროს, დედამიწის ნებისმიერ წერტილში შეძლებთ, დაამოწმოთ დოკუმენტი, შეასრულოთ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპი.

საფრთხოება

ამ მომსახურების დანერგვაზე რომ ვმუშაობდით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საერთაშორისო აუდიტორიული კომპანიის შეფასება გაიარა. ჩვენ ვაკმაყოფილებთ ყველა სტანდარტს, რომ შევძლოთ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და შტამპის მომსახურების დანერგვა და ეფექტურად მუშაობა. რაც შეეხება უშუალოდ პროცესის უსაფრთხოებას, აქ გაყალბება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. თუ დღეს მატერიალური ხელმოწერის მიმსგავსება, გაყალბება, რაღაც დონეზე, შესაძლებელია, ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის შემთხვევაში ეს წარმოუდგენელია. ამისთვის უცხო პირს თქვენი ID ბარათი და კოდი უნდა ჰქონდეს, რაც ფაქტობრივად, შეუძლებელია. თავად ეს PIN კოდიც ორ წელიწად-ნახევარში ერთხელ იცვლება, რომ რაიმე ტექნიკური ხარვეზი არ მოხდეს და უსაფრთხოებისთვის განახლდეს ალგორითმი. სწორედ ეს დეტალებია გარანტი, რომ სანდოდ უსაფრთხოდ და ნებისმიერი რისკის დაზღვევით, შესრულდეს ელექტრონული ხელმოწერა და დოკუმენტი დამოწმდეს შტამპით.

რატომ ელექტრონული სერვისები?! 

კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის გამოყენების შემთხვევაში საჭირო აღარ არის ადგილზე მისვლა და მატერიალურად ხელის მოწერა, ანუ დაზოგავთ დროს და ადამიანური თუ ფინანსურ რესურსს. გასათვალისწინებელია ხელმისაწვდომობის ფაქტორიც – ასე, შშმ პირებისთვის, ძალიან გამარტივდება ნებისმიერი დოკუმენტების დამოწმება, მათ აღარ დასჭირდებათ ოფისიდან ან სახლიდან გასვლა, ისე გააკეთებენ ხელმოწერას. ასევე, მნიშვნელოვანია სანდოობა – ეს არის სანდო, უსაფრთხო კვალიფიციური მომსახურება, რომელიც დაცულია ყოველგვარი გაყალბების ან სხვა სახის ჩარევისგან. ჩვენ უზრუნველვყოფთ და ვართ გარანტი იმისა, რომ მოქალაქეებმა უსაფრთხოდ ისარგებლონ ამ მომსახურებით. სერვისი 2018 წლიდან შევიდა ძალაში და ახლაც აქტიურად ვმუშაობთ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორთან. გვინდა, რაც შეიძლება მეტი კერძო თუ იურიდიული პირი დავაინტერესოთ, გამოიყენოს ეს სერვისი, რადგან მხოლოდ დადებითი შედეგები მოჰყვება – დიჯიტალიზაცია და ელექტრონული სერვისები პირდაპირ კავშირშია ეკონომიკის განვითარებასთან, ინვესტიციების მოზიდვასთან.

მთავარი მიზანი

ჩვენი მიზანია გავამარტივოთ სერვისები, მეტად ეფექტური, მოქნილი, ხელმისაწვდომი გავხადოთ მომსახურება. იყოს ისინი მაქსიმალურად სანდო და უსაფრთხო. ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან უშუალოდ მოქალაქეებს ეხება და მათ პირად ინტერესში შედის. მეც, როგორც მოქალაქეს მირჩევნია მარტივი და უსაფრთხო გზით წავიდე – გავაკეთო ელექტრონული ხელმოწერა/შტამპი, ვიდრე, თუნდაც, უფრო ნაცნობი გზა ავირჩიო და ფიზიკურად მოვაწერო ხელი. სწორედ ცნობადობის გაზრდა არის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, ამ კუთხითაც აქტიურად ვმუშაობთ, იქნება ეს თემატური შეხვედრების თუ კომუნიკაციის სხვა ფორმებით. ჩვენი მიზანია, პროგრესისა და მოქალაქეების კეთილდღეობისთვის მაქსიმუმი გავაკეთოთ. არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი – რაც უფრო მეტად უსაფრთხოდ, კვალიფიციურად აწვდი ამ მომსახურებას მოსახლეობას და გაქვს დანერგილი პრაქტიკაში, მით უკეთესია შენი, როგორც ქვეყნის ინდექსი საერთაშორისო ასპარეზზე, ინვესტიციების და ეკონომიკის განვითარების კუთხით. შედეგად კი წინ მიდიხარ ეკონომიკური სერვისების სანდოობის მიმართულებით.

2018 წლიდან დღემდე, ამ ელექტრონული სერვისებით სარგებლობისთვის, მილიონზე მეტი სერტიფიკატია გაცემული. აქედან, მხოლოდ მცირე ნაწილი ისეთი ვინც ეს სერტიფიკატი განაახლა, ანუ უსაფრთხოების ნორმების დაცვის გამო ხელახლა მიიღო ელექტრონული ხელმოწერის თუ შტამპის დასასმელად საჭირო ერთ-ერთი კომპონენტი PIN კოდი.

„ამ კანონზე რომ ვმუშაობდით, ბუნებრივია, ვეცნობოდით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას, მათ მიღწევებსა და შეცდომებს. მთელს მსოფლიოში ძალიან აპრობირებული მეთოდია ელექტრონული მმართველობა და  შესაბამისად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/ შტამპი. ამ კუთხით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ესტონეთია. მათთან სხვადასხვა სამუშაო ფორმატში რაც განგვიხილავს, მხოლოდ დადებითი უკუკავშირია. თუმცა, მათთანაც და ზოგადად, ყველა ქვეყანაში იყო გარკვეული შეფერხებები მიმღებლობის კუთხით. როდესაც რაიმე სიახლეა, ბუნებრივია, მოქალაქეებს კითხვები უჩნდებათ, სურთ დეტალური ინფორმაცია მიიღონ კონკრეტულ თემაზე. მაგრამ როდესაც კარგად აუხსნი, წარმოაჩენ დადებით მხარეს, დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანი მხოლოდ მიესალმება ასეთ ცვლილებებს. რეალურად, ეს ყველაფერი ხომ მათთვის კეთდება? შესაბამისად, ჩვენთვის მთავარია ჰქონდეთ მაქსიმალური ინფორმაცია და შემდეგ მისი მიმღებლობა. ზუსტად ამ ეტაპზე ვართ ახლა – ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესოთ, შემდეგ კი ჩავრთოთ მოქალაქეები მაქსიმალურად გამოიყენონ ჩვენი ელექტრონული სერვისები და ბუნებრივია, მათ შორის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერითა და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით“, – ამბობს ზურაბ სანიკიძე.

წყარო

Loading…

მსგავსი პოსტები

ისინი ერთმანეთზე ძალის დემონსტრირებას ცდილობდენ (VIDEO)

Joni Kvaracxelia

მსოფლიოში უძველესი ხის ბორბალი 5000 წელზე მეტია არსებობს

საახალწლო ციტატები, რომლებიც შთააგონებს 2022 წლის ახალ დაწყებას

დატოვე კომენტარი