სხვადასხვა

ბიძინა ივანიშვილი 270 მილიონი დოლარით გამდიდრდა

საქართველოს ექს–პრემიერი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 270 მილიონი დოლარით გამდიდრდა, — ამის შესახებ ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს.

ბლუმბერგის მილიარდელების ინდექსის 2019 წლის 13 ივნისის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.27 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. პირველ იანვარს, საქართველოს ყველაზე მდიდარი მოქალაქის ქონება 5 მილიარდი დოლარის ტოლი იყო.

მიუხედავად ივანიშვილის ქონების ზრდისა, მისი ქონება ბოლო 6 წლის მინიმუმზეა. გასული წლის დეკემბრის ბოლოს ივანიშვილის ქონება 5.7 მილიარდ დოლარს შეადგენდა, თუმცა 20 დეკემბერს ის მკვეთრად 4.9 მილიარდამდე შემცირდა. ამის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ივანიშვილი 352-ე ადგილს იკავებს.

ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, 5,2 მილიარდი დოლარით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ფლობს შესაძლებელია 3.9 მილიონი უნცია ოქროს და 87.7 მილიონი ბარელი ნავთობის შეძენა.

ბიძინა ივანიშვილის ქონება ამერიკის შეერთებული შტატების მშპ-ს 0.027%-ს შეადგენს. მისი ქონება მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონების 0.09%-ია. ის ასევე ტოლია ამერიკის ტოპ 200 აღმასრულებელი დირექტორის მიერ ჯამში მიღებული კომპენსაციის 83%-ის.

აღსანიშნავია, რომ Forbes-ის ვერსიით, საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ქონება ჯერ კიდევ 4.9 მილიარდს დოლარს შეადგენს. ამერიკული გამოცემის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება დივერსიფიცირებულია, ხოლო მისი ყველაზე მსხვილი აქტივები ფულადია.

«ივანიშვილმა ქონება პოსტ-საბჭოთა რუსეთში დააგროვა 1990-იან წლებში რკინის მადნეულის და ფოლადის წარმოებით, ბანკებითა და უძრავი ქონებით. აქტივების უმრავლესობა მან 2003-დან 2006 წლამდე გაყიდა, დანარჩენი კი სანამ 2012 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრად აირჩევდნენ. ერთი წლის შემდეგ ის თანამდებობიდან გადადგა», — წერია ივანიშვილის მოკლე აღწერაში.

ბოლო ექვს წელიწადში ივანიშვილის ქონებას ბლუმბერგი ყველაზე ძვირად 2013 წლის ივლის-აგვისტოში აფასებდა 6.4 მილიარდ აშშ დოლარად. 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ წერტილს კი ქართული ოცნების თავმჯდომარის ქონებამ 2018 წლის მიწურულს მიაღწია 4.94 მილიარდი აშშ დოლარით. ბიძინა ივანიშვილის კაპიტალის ღირებულება წლების მიხედვით კი შემდეგნაირად იცვლებოდა:

2009 წ — 3.2 მილიარდი

2010 წ — 4.8 მილიარდი

2011 წ — 5.5 მილიარდი

2012 წ — 6.4 მილიარდი

2013 წ — 5.3 მილიარდი

2014 წ — 5.2 მილიარდი

2015 წ — 5.2 მილიარდი

2016 წ — 4.8 მილიარდი

2017 წ — 4.5 მილიარდი

2018 წ — 4.6 მილიარდი

2020news.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ალკოჰოლის მოხმარებით საქართველო მე-11 ადგილზე გავიდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

კახა შუშანაშვილს („კახა რუსთავსკი“) საფრანგეთის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა

დატოვე კომენტარი