სხვადასხვა

«ჩვენ, აზერბაიჯანელებს ოდესმე იქ გვილოცია? ქართველებისთვის დავით გარეჯი წმინდა ადგილია…მოდით, გავუგოთ ქართველებს“-ვიდადი აბასოვი (ვიდეო)

საქართველოში დაბადებული აზერბაიჯანელი, რუსეთის მოქალაქე, პოლიტოლოგი, საზოგადო მოღვაწე ვიდადი აბასოვი  დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ვიდეო მიმართვით ეხმიანება:

«მოდით, გადავხედოთ მხარეთა არგუმენტებს: ქართველების ვერსიით, დავით–გარეჯის მონასტერი 1400–ზე მეტი წლის განმავლობაში მორწმუნე ქართველების სალოცავი და ქართველი სასულიერო პირების ღვთისმსახურების ადგილია; თავის მხრივ, აზერბაიჯანული მხარე ირწმუნება, რომ ეს არა ქართული, არამედ ალბანური ტაძარია, ხოლო აზერბაიჯანელებისთვის — ისტორიული ძეგლი… მინდა, ვკითხო ჩემს აზერბაიჯანელებს: ძვირფასებო, რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის, ვინ დაიწყო ამ ტაძრის მშენებლობა პირველად – ალბანელებმა თუ ქართველებმა? ამას აზერბაიჯანელებისთვის რაიმე მნიშვნელობა აქვს?! ეს მთელი კომპლექსია, რომელიც ასწლეულების განმავლობაში შენდებოდა, რამდენადაც ვიცი, მისი მშენებლობა მეოთხე საუკუნეში დაიწყო და შემდეგ გააგრძელეს ქართველებმა. იცით ისიც, რომ ქართველებისთვის ეს არა ისტორიული ძეგლია, როგორც აზერბაიჯანელებისთვის, არამედ სასულიერო სიწმინდე, სალოცავი, სადაც წმინდანთა ნეშტები განისვენებს, ანუ ადგილი, რომელსაც ქართველები უდიდესი პატივისცემითა და მოწიწებით ეკიდებიან. იცით ისიც, რომ ქართველი სასულიერო პირები იქ დღემდე ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. ერთი სიტყვით, ეს ქართველებისთვის წმინდა ადგილია და არა უბრალოდ ტერიტორია, არა უბრალოდ მიწა, არამედ საკრალური ადგილი, რომლის დასაცავადაც ისინი იბრძვიან, რადგან თვლიან, რომ ეს მათი ერთგვარი ვალდებულებაა ღმერთის წინაშე. ჩემოაზერბაიჯანელებო, მოდით, ეს კარგად გავითავისოთ და ნუ აღვიქვამთ ქართველების ამ ხედვას ტერიტორიულ პრეტენზიად, რადგან ამას ტერიტორიულ პრეტენზიებთან საერთო არაფერი აქვს. ჩვენ ვსაუბრობთ მთელს სამონასტრო კომპლექსზე, რომლის ნაწილიც ბოლშევიკების დროს საზღვრების დანაწილებისას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოექცა. მეტსაც გეტყვით, ეჭვი მაქვს, რომ ბოლშევიკებმა საზღვარი გამიზნულად გაატარეს იმგვარად, რომ ქართველებისთვის წმინდა ადგილის ნაწილი აზერბაიჯანულ მხარეს აღმოჩენილიყო, რათა შემდგომში ეს ორ ხალხს შორის შენელებული მოქმედების ნაღმი გამხდარიყო და მათ ასწლეულების განმავლობაში ემტროთ ერთმანეთისთვის ამ მონასტრის გამო. აზერბაიჯანელებისთვის კი ეს მხოლოდ და მხოლოდ არქიტექტურული ძეგლია – მეტი არაფერი. აქედან გამომდინარე გასაგები ხდება, რომ ეს ადგილი ქართველებს ეკუთვნით და არა აზერბაიჯანელებს. ჩვენ, აზერბაიჯანელებს ოდესმე იქ გვილოცია? ჩვენს ისტორიაში მოიპოვება რაიმე ცნობები იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანელებს ამ კომპლექსის მშენებლობაში ოდესმე მიუღიათ მონაწილეობა? — არა. მაშ მოდით, უფრო კეთილგანწყობილები ვიყოთ ქართველების მიმართ, წავიდეთ დათმობაზე, ეს ხომ მათთვის სულიერების საკითხია და არა ტერიტორიული და ასეთი საკითხების გადაჭრისას ძმამ ძმას პატივი უნდა სცეს»-აცხადებს ვიდადი აბასოვი

accentnews.ge

 

Loading…

მსგავსი პოსტები

კობი-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

აფხაზეთში ნარკოტიკების გავრცელებისთვის სიკვდილით დასჯიან

თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS შეტყობინებების გაგზავნა იზღუდება

დატოვე კომენტარი