2023 წლის 10 ივნისს სასტუმრო Holiday Inn გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით
“ქალები პოლიტიკაში ევროპული მომავლისთვის“ რომელიც ჩატარდა „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი
თავისუფლებისთვის“ ორგანიზებითა და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI)
მხარდაჭერით. ღონისძიების მიზანი გახლდათ საქართველოში გენდერული პოლიტიკის მიღწევებსა თუ
არსებულ შიდაპარტიულ გამოწვევებზე ფართო დისკუსიის გაშლა.
ქალთა ყოველწლიური კონფერენცია ქმნის პლატფორმას, რათა პოლიტიკური პარტიების,
არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსის,
საერთაშორისო პარტნიორებისა და ჩართული მხარეების მიერ შეფასდეს მიღწეული შედეგები. ასევე,
დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობა პოლიტიკაში ქალთა თანასწორი წარმომადგენლობისა და
თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის.
არსებითი თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით, 2020 წლის საარჩევნო რეფორმის ფარგლებში,
საქართველოს საარჩევნო კოდექსით სავალდებულო გენდერული კვოტა განისაზღვრა. ამ მექანიზმის
მიღებით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის
ხელშესაწყობად, რაც ასევე ეხმიანება ქვეყნის მიერ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აღებულ
ვალდებულებათა შესრულებას და საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერებას.
თუმცა, თანასწორ წარმომადგენლობასთან ერთად, მნიშვნელოვანია ქალები თანაბრად
მონაწილეობდნენ პოლიტიკის შექმნასა და აღსრულებაში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე. რაც შეეხება კონფერენციას, აღნიშნული ღონისძიება გახსნა დოქტორ მარენ იასპერ-ვინთერმა რომელიც გახლავთ გერმანელი პოლიტიკოსი ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრი მან თავის მისასალმებელ სიტყვაში, აღნიშნული პრობლემატიკისადმი საკუთარი ხედვა და მოსაზრებები გააცნო პუბლიკას.
პოლიტიკური პარტიების ქალმა წარმომადგენლებმა გამოთქვეს თვიანთი მოსაზრებები პოლიტიკაში ქართველი ქალების ჩართულობისა და საზოგადოდ, ქვეყანაში ქალთა მიმართ არსებული საჭირბოროტო საკითხების შესახებ. განსაკუთრებით საინტერესო იყო პოლიტიკური ორგანიზაციების “თავისუფალი დემოკრატები” და “სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენელთა გამოსვლა და მათ მიერ დასმული აქცენტები: რეგიონში ქალთა მდგომარეობის, მათი პოლიტიკაში ჩართულობის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობის დადებითი და ხელისშემშლელი გარემოებების შესახებ. ამასთანავე, მათ წარმოადგინეს კონკრეტული ციფრები და მონაცემები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებში საქართველოში მცხოვრებ ქალთა ჩართულობის მდგომარეობას ასახავდა.
“სტრატეგია აღმაშენებლის” ინფორმაციით, საქართველოში ამომრჩეველთა 54% მდედრობით სქესს განეკუთვნება, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაცია “ISFED”-ის დირექტორმა, ქ-ნმა ნინო დოლიძემ განაცხადა, რომ ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევითი ცენტრის “NDI” მონაცემების მიხედვით, საქართველოში პოლიტიკით ქალთა მხოლოდ 7% არის დაინტერესებული, რაც ევროპასთან შედარებით ძალზედ დაბალი მაჩვენებელია, სადაც ამ სფეროში ქალების ჩართულობა 50%-ს აღემატება, თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპულ ქვეყნებში ეს სურათი სხვადასხვა აქტიური ღონისძიებების გატარების შემდეგ დადგა.
მომხსენებელთა სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ გაიმართა საჯარო დისკუსია, სადაც აქტიური მონაწილეობა მიიღო დამსწრე საზგოგადოებამაც.
ღონისძიებას ესწრებოდა პოლიტიკური პარტიის “კანონი და სამართალი” წარმომადგენლებიც, რომლებმაც რამდენიმე კითხვით მიმართეს მომხსენებლებს. კერძოდ, აღნიშნული პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა გასვიანმა, კონკრეტული კითხვა დაუსვა პოლიტიკური ორგანიზაცია “ლელოს” მხრიდან სპიკერს, ქ-ნ დეა მეტრეველს რომელიც საქართველოში ქალთა მიმართ როგორც ნეგატიურ და მძიმე, ისე დადებით ფაქტიორებზე აღტაცებით საუბრობდა. შეკითხვის ავტორი შეეცადა გაერკვია, პოლიტიკურმა პარტიამ “ლელო”, შიდაპარტიულ შეკრებაზე (თუ ასეთი გაიმართა) მისცა თუ არა შენიშვნა მათივე პარტიის მამაკაც წევრ საბა ბუაძეს ქალი პოლიტიკოსის მისამართით ათასობით ტელემაყურებლის წინაშე გამოვლენილ უაღრესად უტაქტო საქციელზე, რომელმაც ორიოდ დღის წინ, ტელეკომპანიის “TV პირველი” პირდაპირ ეთერში (წამყვანი: ჟურნალისტი ინგა გრიგოლია), ღირსებისა და პატივის შემლახავი ვერბალური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გაერთიანების “კანონი და სამართალი” თავმჯდომარეს, ქ-ნ თამარ ჩარკვიანს. სამწუხაროდ, ქ-ნი მეტრეველის პასუხი დამაბნეველი და დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან ელემენტარული არგუმენტის არქონის გამო, მან შეკითხვის არსობრივ შინაარსს შეგნებულად აარიდა თავი და საკუთარი სათქმელი იმ მოსაზრებით გაამყარა, რომ გენდერული თანასწორობის პრინციპებიდან გამომდინარე, მამაკაცებს, ისევე როგორც ქალებს, თანაბარუფლებიანი ვერბალური პასუხის გაცემა შეუძლიათ. ქ-ნი მეტრეველი პასუხი იმდენად არასერიოზული და სუსტი იყო, რომ პარტიის “კანონი და სამართალი” წარმომადგენელმა იგი გააპროტესტა. გარდა ამისა, ბ-ნმა გასვიანმა პირდაპირ, მკაფიოდ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მართალია სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციას წარმოადგენს, თუმცა ობიექტურობა მოითხოვდა, იმ ღონისძიებაზე, სადაც საქართველოში ქალთა პოლიტიკაში ჩართულობაზე იყო საუბარი, აუცილებლად აღნიშნულიყო ამ კუთხით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ბ-ნი მიხეილ სააკაშვილის დამსახურებასა და როლზე, რომელიც თავიდანვე ამბობდა, რომ ქართულ პოლიტიკაში მეტი ქალი უნდა ყოფილიყო, მათ შორის მინისტრის პოსტებზეც და შესაბამისად დაასახელა სხვადასხვა ქალი პოლიტიკოსები, რომელთაც თავის დროზე მაღალი სახელისუფლებო თანამდებობები ეკავათ (სალომე, ზურაბიშვილი, ზინაიდა ბესტაევა და სხვ.).
პოლიტიკური პარტიის “კანონი და სამართალი” შემდგომი შეკითხვა ეხებოდა ქალთა უფლებების თაობაზე სპეციალიზებული ქოლ-ცენტრების არსებობის თემას, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს ჩააყენებდა საქმის კურსში თავიანთი უფლებრივი მდგომარეობის, მათი დარღვევისა თუ სხვა სახის თავისუფლებების შეზღუდვის, ან სხვადასხვა ხასიათის დისკრიმინაციის დროს დახმარების აღმოჩენის შესახებ. ასევე, როგორ იქნებოდა დაცული ან რა ღონისძებები ტარდება ქვეყანაში “LGBTQI+ ” თემის წარმომადგენელი ქალების მისამართით. პოლიტიკური პარტიის “კანონი და სამართალი” მხრიდან ასევე გაჟღერდა შეკითხვა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას ქალთა მიმართ ასაკობრივი დისკრიმინაციის უმწვავესი საკითხიც, როდესაც ქვეყანაში ოპერირებადი დამსაქმებლები თავიანთი სამუშაოების აღწერილობაში ხშირად უთითებენ ისეთ მოთხოვნებს, როგორიცაა: “30 წლის ზემოთ ქალები ნუ გამოგვეხმაურებიან” და ა.შ.
კონფერენციის დასკვნით ნაწილში, როგორც პანელზე მომხსენებლებად მოწვეული პოლიტიკური პარტიების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე პუნქტისაგან საგულდაგულოდ აღნიშნული ღონისძიებისათვის შედგენილ, სპეციალურ საჯარო დოკუმენტს, რომელიც კონფერენციის ძირითად თემას, ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას ეხებოდა.
დასასრულს, ფრიდრიხ ნაუმანის სახელობის ფონდის წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას დიდი მადლობა გადაუხადა მობრძანებისათვის და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი შეხვედრა საქართველოში სამომავლოდ კვლავაც გაიმართება.
თამარ ქუთათელაძე