1978 წლის აპრილის მოვლენების დროს თბილისში ორი ამერიკელი იურისტი რობერ მაკკეი და ერიკ რაიმენი იმყოფებოდა, რომლებმაც The Times-ის რედაქციას მიაწოდეს ინფორმაცია, არქივში ახლაც ინახება აღნიშნულის ასლი.
ჯერ კიდევ მეცნიერებამ ვერ გაარკვია საფუძვლიანად ზუსტად რამდენ საუკუნეს ითვლის ქართული ენის არსებობა, გალაკტიონის «ჰიმნი ქართულ ანბანს» ავტორი 26 საუკუნოვან ისტორიაზე ამხვილებს ყურადღებას.
«კვლავ გვინათე
როგორც ეხლა გვინათ,
რა იყო და
რაა ახალ ბრწყინვად —
ოცდაექვსი
საუკუნის წინად,
ოცდაექვსი
საუკუნის შემდეგ.»
1978 წლის 14 აპრილი იყო ერთ-ერთი უდიდესი სახალხო მღელვარებისა და საპროტესტო მუხტის აღზევების დღე, რომელმაც საბჭოთა ბოროტების სისტემას ქართული ენის გაქრობაზე გადაწყვეტილება გააუქმებინა.
1978 წლის აპრილში გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნდა საბჭოთა ბოროტების კონსტიტუციის ახალი ვერსია, რომელიც მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევას და რუსულით ჩანაცვლებას გულისხმობდა. ეს შეურაცხყოფა იმ ეპოქის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებმა ვერ აიტანეს და მძლავრი თავგანწირული პროტესტით შეაჩერეს აღნიშნული ქმედება, რადგან ეს იყო მცდელობა ქართული ენის წაშლისა. საბჭოთა მთავრობამ უკან დაიხია და ქართულ ენას შეუნარჩუნდა სახელმწიფო ენის სტატუსი.
1978 წლის 23 მარტს, ხუთშაბათ დღეს, საქართველოს კპ ცკ-ში პროპაგანდის განყოფილების გამგემ გიორგი ბედინეიშვილმა თათბირი ჩაატარა, თათბირს ესწრებოდნენ: შემოქმედებითი კავშირების მდივნები, კულტურის სხვადასხვა დაწესებულებათა დირექტორები და პარტკომები, თათბირზე განიხილებოდა ამავე წლის 24 მარტს პრესაში გამოსაქვეყნებელ საქართველოს სსრ-ის ახალი კონსტიტუციის პროექტი.
საინტერესოა ქართველი განმანათლებლის აკაკი ბაქრაძისა და საქართველოს სსრ-ის კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივნის ედუარდ შევარდნაძის საუბრები საბჭოთა კონსტიტუციაში შეტანილ ახალ ინიციატივაზე, რომელიც ქართული ენის გაუქმებას გულისხმობდა.
«მე ვითხოვე სიტყვა.
პირველად ახალი კონსტიტუციის შესახებ გუშინ მოვისმინე თათბირზე. დღეს დილით უკვე გაზეთშიც წავიკითხე პროექტი. გუშინაც ვთქვი და დღესაც უნდა გავიმეორო _ არ მომწონს და არ ვეთანხმები 75-ე მუხლს. ისიც უნდა გითხრათ: წეღან აქ რომ ზოგიერთი შეუგნებელი ახსენეს, რომელსაც არ ესმის ამ კონსტიტუციის მნიშვნელობა, მე ვარ.
ედ. შევარდნაძე: მაინც კონკრეტულად რა არ მოგწონს?
მე: მთელი მუხლი. პირველი სტრიქონიდან ბოლო სტრიქონამდე. მე მიმაჩნია, რომ ენის შესახებ კარგად არის ნათქვამი დღესდღეობით მოქმედ კონსტიტუციაში — საქართველოს სსრ სახელმწიფო ენა არის ქართული. მას შეცვლა არ სჭირდება. 75-ე მუხლი კი დამამცირებელი ქვეტექსტის მატარებელია.
ვ. სირაძე: რატომ კითხულობთ კონსტიტუციას ქვეტექსტებით?
მე: ყოველი ტექსტი, მათ შორის კონსტიტუციაც, ქვეტექსტის მატარებელია. ყველა შეგნებული მკითხველი მოვალეა წაიკითხოს ეს ქვეტექსტი.
ედ. შევარდნაძე: კრიტიკოსის პოზიციიდან ნუ გველაპარაკებით.
მე: კრიტიკოსობა არაფერ შუაშია. უბრალოდ ვცდილობ მკაფიოდ გამოვთქვა აზრი. ხომ ცხადია: მნიშვნელობა რომ არ ჰქონდეს, არავინ მოსკოვში არ ამოიღებდა ძველი კონსტიტუციიდან მუხლს, სადაც ქართული ენის სახელმწიფოებრიობაზეა ლაპარაკი და არ ჩაწერდა ახალ 75-ე მუხლს. მაშასადამე, არსებობს ჩანაფიქრი, რაც ქართული ენის წინააღმდეგ არის მიმართული.
(როცა ეს საუბარი მიმდინარეობდა, კრების პრეზიდიუმიდან ისმოდა ხმები — ვინ ყოფილა ეს, რა უკუღმართი აზროვნება ჰქონია).
ედ. შევარდნაძე: ჩამოაყალიბეთ ეს მუხლი თქვენ და, სიტყვას გაძლევთ, ისე შევიტანთ კონსტიტუციაში.
მე: ვფიქრობ, არაფერია ჩამოსაყალიბებელი. უბრალოდ ძველი კონსტიტუციიდან ახალ კონსტიტუციაში უნდა გადმოვიტანოთ მუხლი, სადაც ნათქვამია: საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო ენა არის ქართული. აზრი ჩამოყალიბებულია სხარტად და მკაფიოდ. მას არც შეცვლა სჭირდება და არც გასწორება.
ედ. შევარდნაძე: ეს შეუძლებელია.
მე: თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ყველა ჩვენთაგანისათვის გასაგებია: ქართულს კონსტიტუციურად ართმევენ სახელმწიფო ენის ფუნქციას. ჩვენი ხალხიც მოიქცევა მდგომარეობის შესაბამისად.»
აკაკი ბაქრაძემ სწორად განსაზღვრა თითქმის 1 თვით ადრე, ხალხიც შესაბამისად მოიქცევაო და მართლაც «ხალხი აზვირთდა, ხალხი აღსდგა, ხალხი მოქმედობს»
აგერ 44 წელი გავიდა და დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე კრემლის ბოროტების ფედერაციამ აფხაზეთის ტერიტორიაზე გააუქმა ქართული დედა-ენა, (სკოლებში აღარ ისწავლება) მიმდინარეობს გარუსებისა და გაუცხოების პოლიტიკა, ქართული სახელისუფლებო თუ ოპოზიციური მხარე დუმილში, უცოდინრობაში, ნებივრობაში ხარჯავს ძვირფას დროს, როცა საბრძოლო ბერკეტები ახლა ბევრად მძლავრია სტრუქტურული თვალსაზრისით ვიდრე 44 წლის წინ. რა გითხრათ, რით გაგახაროთ. ალექსანდრე ჭავჭავაძესავით გაორებული ცნობირებით ცალი ხელით მტრის სამსახურში და ცალი ხელით ქართულის სამსახურში სანამ გავძლებთ, თითოეული ჩვენგანის დამსახურებაა ჩვენს ირგვლივ რაც ხდება და სჯობს ხსნაც საკუთარი თავიდან დავიწყოთ.
რომან საჯაია
Loading…