2021 წელს ფოთს საკუთარი საზღვაო აკადემია ექნება, – პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სახსრები პრემიერ-მინისტრის განკარგულებით გამოიყო.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ფოთში ჰიდრომელიაციური ტექნიკუმის ისტორიულ შენობაში განთავსდება.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც უახლოეს პერიოდში დაიწყება, დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად დაათვალიერა.
ფოთის აკადემია საწყის ეტაპზე იქნება მხოლოდ პროფესიულ განათლებაზე ორიენტირებული მაღალი დონის სასწავლებელი, რომელიც ყველა საერთაშორისო მოთხოვნას უპასუხებს. 1000-მდე სტუდენტზე გათვლილ სასწავლებელში 250-მდე ადამიანი დასაქმდება.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ფოთის სასწავლებელი, გარდა იმისა, რომ რეგიონის ლოგისტიკურ ინტერესებს მოემსახურება, შექმნის მეთევზე მეზღვაურთა, ასევე მაღალკვალიფიციური რიგითი და დამხმარე შემადგენლობის წვრთნის პირობებს.
