“26 წლის წინ, ამ დროს დაბრუნდა საქართველოში თავის ხალხთან და გარდაუვალ სიკვდილთან შესახვედრად…”

0
833

“ჯოხარი ურჩევდა, რომ არ წამოსულიყო ცეცხლმოდებულ საქართველოში, მაგრამ მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა.
… იქნებ თავისი ცხოვრების მთავარი და საბედისწერო გადაწყვეტილება.

იკარგებოდა აფხაზეთი, იკარგებოდა და რუსებს რჩებოდათ მთელი საქართველო, რომლისთვის ბრძოლას შეალია მთელი სიცოცხლე.
უნდა წამოსულიყო იქ, სადაც თუნდაც ერთი მებრძოლი არ წყვეტდა წინააღმდეგობას თავისუფლების სახელით.
ესმოდა მებრძოლთა ეს ხმები და ამ ხმებში თავისი პირადი ისტორია – გორგასლიანი, საბეჭდ მანქანებზე აკრეფილი ტექსტები, ფიქრები საქართველოზე, გმირები, მერაბი… 9 აპრილი, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს; ესმოდა საკუთარი მიწის და ხალხის ხმები – დახვრეტილის, ნაგვემის გათელილის და მტრისგან ვერგატეხილი ხალხის ხმები.
ეს ხმები ეძახდნენ და მოუხმობდნენ ვედრებით, გუგუნით, თხოვნით და თავგანწირვით.

იმ ზაფხულს, სასეირნოდ ეზოში გამოსულს, სინათლე ჩაუქრო დაცვამ თავდასხმისგან დასაცავად. გაეცინა და მითხრა, – ეს სიბნელე როგორ დამიცავს სიკვდილისგანო.
მივხვდი, რომ უკვე დიდი ხანია, სიკვდილთან და მის მოლოდინთან ერთად ცხოვრობდა, როგორც განუყრელ, შეთვისებულ მეგობართან – სულ ხომ იმეორებდა: ვინც მახვილი აიღოს, მახვილითვე შეიმუსროსო და თვითონაც ხმალი ეჭირა, საკუთარი სამშობლოს დასაცავი ხმალი…

რა იქნებოდა ხვალ, ჰქონდა კი გამარჯვების იმედი აღმატებულ მტერთან და ათას მოღალატესთან შესახვედრად წამოსულს თუ ვალს ასრულებდა მხოლოდ, უკანასკნელ სალამს ეუბნებოდა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაბმულ სისხლმდინარე ქვეყანას?!

მე არ მინახავს, მაგრამ მითხრეს, როგორ ახტებოდა ორ-ორ საფეხურს, როცა წამოსვლის საბოლოო დასტური მიიღო. ზვიად, პიჯაკიც დაგრჩა, ეძახდნენ და აღარ ესმოდა თურმე. მოდიოდა საქართველოში, თითქოს მოფრინავდა, რომ მალე შეხვედროდა თავის ქვეყანას. უკან დარჩა ტანჯვა საქართველოდან მოსული საზარელი ამბების გამო, ახლა თვითონ იყო მთავარი მებრძოლი სამასი არაგველივით ან ირლანდიელი გმირი კუხულაინდივით, სიკვდილის წინ ლოდზე რო მიიბა თავი, რათა დაცემული არ ჩვენებოდა მტერს.

ახლა მართლდებოდა მთელი მისი ცხოვრება, სიტყვები, რომელიც უთქვამს და დაუწერია, სხვათა სიტყვებიც, რომელთა მოსმენით აღტაცებულა.

26 წლის წინ, ამ დროს დაბრუნდა საქართველოში თავის ხალხთან და გარდაუვალ სიკვდილთან შესახვედრად როგორც პატრიოტიზმის და ერთგულების ცოცხალი დროშა და სიმბოლო.

მოკლეს და მერეც სულ კლავდნენ: სიტყვებით, სიბილწით, ტყუილებით, ცილისწამებით, რაღაც შეპყრობილი გავეშებით, რო უფსკრულში დანთქმულიყო ისიც, მისი საქმეც და მისი სახელიც.

მაგრამ თუ ვინმეა დღეს ცოცხალი, ათასჯერ მეტად ეს მოკლულია ცოცხალი, როგორც თავდადების დიადი მაგალითი.

მისი ცხოვრებაც ხომ, მისი ძვირფასი საქართველოს მსგავსად, იყო ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა… ❤️”

ნუგზარ წიკლაური

ფაქტები.ჯი

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ