საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით 20 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციის გამო, პარლამენტის შენობაში დაშვების სისტემა შეზღუდულ რეჟიმში იმუშავებს.
«20 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციიდან გამომდინარე, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“,- აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ 20 სექტემბერს სამოქალაქო მოძრაობა «სირცხვილია» პარლამენტის წინ 19:00 მასშტაბურ აქციას ჩაატარებს. 20 ივნისის გავრილოვის ღამისა და სისხლიანი დარბევის შემდეგ 20 სექტემბერს 3 თვე გადის.