1993 წლის 27 სექტემბერი და…

0
114

1993 წლის 27 სექტემბერი
27 სექტემბერი და…
ჩვენ ვცოცხლობთ მაინც…

„ჩემდამი გამოჩენილი გულისმომკვლელი და სრულიად დაუმსახურებელი უსამართლობის მიუხედავად, ვრჩები ჩემი კრედოს ერთგული:
სამართლიანობა — უმთავრესია…
ზოგადად, აფხაზეთიდან დევნილებს ბევრი გაჭირვება გადაგვიტნია და პიროვნულიც არაერთი დაბრკოლება შემხვედრია და გადამილახავს…
ვთვლი, რომ თანაგუნდელების, მათი გვერდში დგომის გარეშე, არავინ არაფერი ვართ! ამჟამად ხმამაღლა მინდა განვაცხადო: მადლობა წყნეთის დევნილთა პოლიკლინიკის თანამშრომლებს… ჩემი მხრიდან, მათ იციან, რომ თავს არ დავზოგავ ყველაფერ იმის საკეთებლად, რაზეც ხელი მიმიწვდება… განვლილი წლები მაძლევს საფუძველს, დაბეჯითებით ვთქვა:
ყველა განსაცდელი წავა და ბედნიერება მოვა…
აფხაზეთი გველოდება მასზე არანაკლებად ნატანჯებს და მასთან შეხვედრას დანატრებულებს… ჩვენ დავბრუნდებით და ეს გარდაუვალია…
ჯანმრთელობას გისურვებთ!“
თინათინ გაგილაძე

მსაყვედურობენ, წარსულისკენ გაგირბის თვალიო.
უბრალოდ შეგახსენებთ:
არც ახლანდელი და არც მომავალი არ არსებობს წარსულის გარეშე.
აი, ეს, ბატონებო, დღევანდელი დღეა, გუშინდელის გაგრძელება…
აფხაზეთიდან დევნილი ღირსეული ადამიანების წარმოჩენის უფლებას ვიტოვებ.
ვცდილობ ხშირხშირად შეგახსენოთ მათი ღვაწლის შესახებ, რადგან ჩვენთვის აფხაზეთიდან არცერთი ჩვენთაგანისთვის დევნილობა „ჯავშანი“ და „იმუნიტეტის“ მომნიჭებელი არასდროს ყოფილა და ომგადატანილებს უკვე დევნილობაშიც არაერთი „ომის“ გადატანა მოგვიხდა, ვის მეტად, ვის ნაკლებად.
თინათინ გაგილაძის — ექიმის — ცხოვრების ისტორიაც ამის დასტურია.
გაგრელი თინათინი სოხუმელია — ძირძველი აფხაზეთის მკვიდრია…
და ასეთები ვართ, თითქმის ყველა,
მაშინ, როცა:
ამჟამად აფხაზეთში თუნდაც ერთ მცხოვრებს არ ეყოფა გამბედაობა, განაცხადოს, რომ ასევე ძირძველი მოსახლეა და დაასახელოს თუნდაც ერთი არა მხოლოდ საკუთარი, ვინმე სხვისი წინაპარი, რომლის ცხოვრება ამის სამტკიცებლად ივარგებდა.
რადგან ეს ასეა, განვაგრძობ ციკლს:
„მე აფხაზეთის ღვიძლი შვილი ვარ!“
აფხაზეთში ომამდე სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში; პარალელურად აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის ქალბატონ მერი ჯანგველაძის თანამებრძოლი: თავის დროზე აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მიერ „შრომის ვეტერანის“ მედლით, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის მიერ – 1994 წელს მედალის „საბრძოლო დამსახურებისათვის“, 2002 წლიდან „ღირსების ორდენის“ კავალერობის ტიტულის, 2006 წელს ექიმთა ასოციაციის მიერ ვიზირებული საქართველოს პრეზიდენტისგან „დამსახურებული ექიმის“ წოდების და კიდევ ბევრი სხვა მაღალი ჯილდოების მფლობელი და ბოლოსდაბოლოს გიორგი გაგილაძის — ცნობილი ქართველის — იტალიის გმირის ასულია…

ნაწყვეტი წიგნიდან „უზარმაზარი ფუმფულა დათუნია და… შელახული იების კონა — თინა გაგილაძისთვის!“
მთელი ომის განმავლობაში აფხაზეთში სისხლის გასაღებად გაწვდილი მკლავებით… და პირველი რეალური სასიკვდილო საფრთხისგან თავის დაღწევა…
აფხაზეთის მთელი ომის განმავლობაში სოხუმი არ დაგვიტოვებია ცოლ-ქმარს, თუმცა შვილები, როგორც ბევრს სხვებს, გახიზნული გვყავდა.
ჩემი მეუღლე გელოვანის ქუჩაზე „სისხლის გადასხმის სადგურის“ მთვარი ექიმი იყო. მართალია, სისხლის გაცემის სურვილი ბევრს ჰქონდა, მაგრამ პაციენტების რიცხვი მაინც ყოველთვის აჭარბებდა. როცა ძალიან გაუჭირდებოდა, ჩემი ქმარი დამირეკავდა: აბა, შენ იცი, მოუყარე თავი შენებს და ჩქარა ჩემთან… გამეორებას არ ვსაჭიროებდით… მეზობლები, ახლობლები, ყველა ჩემს ირგვლივ… დაუყოვნებლივ სადგურისკენ გავრბოდით. ყველა ჩვენთაგანს მკლავი სისხლის გასაცემად მუდამ გაწვდილი გვქონდა. საქმე იმაშია, რომ თავადაც ვმუშაობდი და თავის გათავისუფლება მიწევდა: 18 ჯერ მაქვს სისხლი ჩაბარებული, ეს კარგად მახსოვს, მაგრამ გარდა ერთი მაისურაძისა, არცერთის გვარი არც მაშინ ვიცოდი და მითუმეტეს ახლა. ვის ეცალა, ან ვის აინტერესებდა, ვინ იყო პაციენტი, საჭირო იყო… მორჩა და სისხლის გასაღებად მზად ვიყავით… ის ერთიც იმიტომ მახსოვს, რომ მძიმედ იყო დაჭრილი და იძახდა: რაჭველი ვარ, რაჭველი მაისურაძე ვარო…
მოკლედ, ჩემს ირგვლივ ყველა დონორი იყო, მაგრამ განსაკუთრებული აღმოჩნდა გული ჯაიანი — ჩვენი ექთანი. გული სახლში საერთოდ არ მიდიოდა, საავადმყოფო მის სახლად იქცა, არც იმას უყურებდა, რომ სულ რამდენიმე დღის გაღებული ჰქონდა სისხლი და არც იმას, თუ როგორ გრძნობდა თავს… ჯერ იტყოდა მშვენივრად ვარ, და მკლავს გაიწვდენდა… საბოლოო ჯამში მთელი ომის განმავლობაში 40-ჯერ ჩააბარა სისხლი. მიუხედავად წინააღმდეგობისა, უკან ვერასდროს დავახევინეთ, არაფრის ახსნა, ან მტკიცება არ ჭრიდა… საქმე იმაშია, რომ მისი ორივე ვაჟი იბრძოდა და შიშობდა, ვაითუ, უცებ რომელიმე მოიყვანონ და მე აქვე არ აღმოვჩნდეო…
ვაიმე, რა ადვილი სათქმელია ახლა უკვე, როცა ამდენი წელი გავიდა… კიდევ უფრო მარტივი იყო მაშინ, როცა ასაფეთქებლად გამზადებული ნაღმის კასრზე ვისხედით… უფრო ძნელი შემდეგ გახდა, როცა უკვე აფეთქდა… მაგრამ მანამდე ჩვენ ხომ ყველას ჩვენი გადაგვხვდა…
ჩვენი სახლი „კრასნაფლოტსკაიაზე“, რა ვიცი, სხვანაირად არასდროს მოგვიხსენებია, — ძიძარიას ქუჩაზე რომ ორი ხუთსართულიანი სახლი იყო, თუ გახსოვთ, იმათ პირდაპირ იდგა… თითქმის ყოველთვის ვხედავდით და ვიცოდით, თუ სად რა ხდებოდა… იმ დღესაც სამსახურიდან მოვედი თუ არა, მეზობლები, როგორც ყოველთვის, ჩემსკენ დაიძრნენ… გაფაციცებით გველოდებოდნენ ორივე ცოლ-ქმარს, როდის მოვიდოდით შინ… თავად მოჰქონდათ საჭმელიც. აბა, მე სახლში არ ვიყავი და ვინ გამიმზადებდა.
იმ დღეებში შვილები, უკვე მერამდენედ ისევ გახიზნულები მყავდა. ყავა მოვხარშეთ და ცოტა მოდუნების საშუალება უნდა მიმეცა საკუთარი თავისთვის, რომ დაიწყო და რა დაიწყო… აქამდე გაუგონარი შეტევა. სოხუმი ყოველი მხრიდან იბომბებოდა. ცამეტი ივლისი იყო, თავშეყრილი მეზობლები ყავას ვსვამდით და ვცხოვრობდით გაგანია ომის გაურკვევლობასა და მეტრული ბანაკის გარემოცვაში ისე, რომ გარკვევით არც ის ვიცოდით, შეტევას რომელი მხრიდან უნდა დავლოდებოდით… მაგრამ არც ცხოვრების ხალისი და მითუმეტეს, ერთმანეთის გვერდში დგომის სურვილი არც მაშინ, არც შემდეგ არ გაგვნელებია და თუ სხვებმა არა, იმათ, ვინც იმ დღეებში სოხუმში იყო, კარგად ახსოვთ მტკიცე პირობა: „რაც უნდა მოხდეს, სოხუმში მტერი ვერ შემოვა „ჩიტი ვერ შემოფრინდება“… ისეთი დაცულიაო…“ და როგორი დაცულებიც აღმოვჩნდით, აფხაზეთიდან ჩვენი ოცდაათწლიანი განშორება ადასტურებს… მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო, ყავას მივირთმევთ… დენთის კასრზე ჯდომის შეგრძნებას არასდროს დავუტოვებივართ და ახლაც აი, მორბის ჩემი ქმარი და შორიდან შეშფოთებული ყვირის: „ჩქარა გამოდით, დატოვეთ სახლი, ჩქარა თავშესაფრისკენ“. ჩვენ ვითომ შევშფოთდით და ზანტად დავიძარით ადგილებიდან. ჩემი ქმარი კი არ მოდის, მორბის, ცოტაღა დარჩა სახლამდე და ხმის ჩახლეჩამდე ღრიალებს უკვე: „ჩქარა სარდაფში წამოდით. ჩქარა… ჩქარა“… თავშესაფრად ჩემი წინა მეზობლის გია ცქვიტავას სახლის სარდაფს ვიყენებდით… უბედურება არ აცდა მათ ერთ დროს ბედნიერ ოჯახს: ბიჭი იქ დაეღუპათ, ისინი ვაკე ადგილას იყვნენ, ჩვენი სახლი აღმართზე იდგა და როგორც კი საფრთხეს ვიგრძნობდით მათთან ვაფარებდით თავს.
— ჰო, კარგი, კარგი, — ვეუბნები ჩემს ქმარს, — ვიცით, ვიცით… მოვდივართ… აგერ ყავის ჭიქებს ავალაგებ და წამოვლ… იმას კიდევ გაცოფებას არაფერი უკლია, აღშფოთებას არ მალავს: — შენ სულ ალაგება და ლაგება ნუ გიჭირს, ჩქარა წამოდით, რომ გეუბნებითო… — ასე იძულებით დამატოვებინა სახლი და ის-ის იყო ჩავედით სარდაფში, ჩვენს თავს ზემოთ „დაიქცა ქვეყანა“… ბოლოს სადღაც ძალიან ახლოს მომესმა აფეთქების ხმა… კარგა ხანი გავიდა, სანამ ყველაფერი მიწყნარდა და როგორც იქნა გამოვედით… მთელ ქალაქს — სახელის თქმაც მტკივა, იწვის ჩვენი სოხუმი… მართლა ჩვენი სოხუმი, ჩვენ მას ასე არასდროს გავიმეტებდით, თავს შევწირავდით და არ გავიმეტებდით… ასე მშობლიურ ქალაქს მხოლოდ მომხდური მტრები ექცევიან, მოსიყვარულეები არავითარ შემთხვევაში… ნირწამხდარები, განადგურებულები ძლივს მოვლასლასებთ და არ ვიცი, რატომ მეგონა, რომ მე ეს არ შემეხებოდა… უცებ, ავიხედე და რას ვხედავ, ჩვენი სახლიდან კვამლი და ცეცხლი ცას წვდება, ირგვლივ ყველაფერი გადაბუგულია… როგორ მივედით სახლამდე ცოტა ბუნდოვნად მახსოვს… მაგრამ იქ მისულმა რაც ვნახე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, აკი ვიფიქრე კიდეც, სარდაფში ყოფნისას, აფეთქება ძალიან ახოლოს მომესმა-მეთქი… ის ადგილი სადაც რამდენიმე წუთის წინ ყავას ვსვამდით — ყირაზეა, ქვევით მიწაზე უზარმაზარი ჭურვი გდია… ანუ, არ აფეთქებულა, როგორც შემდეგ აგვიხსნეს, მოქმედებაში მოსვლამდე მიწით ავსებულა, რასაც მექანიზმის ამუშავებისთვის ხელი შეუშლია, რომ არა ეს, არათუ სახლს ნაცარტუტად აქცევდა, თავშესაფრიანად ცაში აგვწევდა, — ასეთი იყო მეორე დღეს მოსული ექსპოერტიზის დასკვნა — ტანკსაწინააღმდეგო უძლიერესი მოწყობილობა, რომლის მთელი ძალით ამუშავებას ბედისწერამ გადაგვარჩინა… მეზობლების დახმარებით აღვადგინეთ სახლი ისე, რომ ცხოვრება შესაძლებელი გავხადეთ… მაგრამ…

ქეთევან ჩემია

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ