14 აგვისტოს —
იმ შორეული აგვისტოს 14-ს დავუნთოთ სანთელი!
იმ შორეულ 1993 წლის 14 აგვისტოს ჩვენ აფხაზეთის მოქალაქეების მსხვერპლად შეწირულობა დაიწყო…
სწორედ იმ დღეს ამ ქალების სამშობლომ „დამოუკიდებლობისკენ“ პირველი ნაბიჯი გადადგა:
— გილოცავთ
ვინ ვარ?
ქალი -ამაყი იმით, რომ:
არც ერთი ჩემიანი სხვის სახლში არ შეჭრილა, არც შეთქმულებაში მიუღია მონაწილეობა, არც ტყვია უსვრია უდანაშაულოებისთვის, შინ სხვისი ქონება და გულში ბოღმა და ბალღამი არ უგროვებია, შვილების გულში მტრობის ცეცხლი არ დაუნთია…
და კანონიერი სიამაყისთვის ესეც საკმარისია.
მადლობა ამისთვის უფალო…
ვაი, რომ უაზრო ომში, ძმებად და ახლობლებად მიჩნეულების მიერ ვაჟკაცების დამკარგავი ვარ… გული რომ სამშობლოსთვის უცემდათ, უფროსებისგან ტყვიისა და შიმშილისთვის გამეტებულები თანამებრძოლებისთვის საჭმელს საკუთარი სახლებიდან რომ ეზიდებოდნენ და ფრონტის ხაზს არ ტოვებდნენ, იმ ვაჟკაცების მეზობელი და ახლობელი ვარ…
იმ ვაჟკაცების თანამომქალაქე ვარ, ცაში რომ ვარსკვლავებად ანათებენ, დღისით არ ჩანან… დღე სამშობლოს შეწირეს…
მამიდაშვილი ვარ — თენგიზ ზარანდიასი — ცეცხლმოკიდებული აფხაზების სახლიდან პატარები ფარაჯისქვეშ დამალულები რომ გამოიყვანა და პატრონებს უვნებლები ჩააბარა; იმ ვაჟკაცების თანამემამულე ვარ, აალებული ტამიშიდან გოგი ფაცაციას პატარა აფხაზები კაბინეტში რომ შეუყვანეს, ლალი ლემონჯავას — სამხედრო ექიმის — უშიშარი ქალის კლასელი ვარ — ამით ვარ ამაყი…
მადლობა უფალო, რომ მყავდნენ და მყავს ისინი, ვისითაც შემიძლია ვიამაყო!
ახლა არ მითხრათ, რომელიმე სხვა ენაზე მიგემართაო…
არა, ბატონებო, ვისაც მივმართავ, საკუთარ მშობლიურ ენად მიჩნეული ენა — აფხაზურიც არ იციან და ნებისმიერ ენაზე დაწერილს, მაინც ვერ წაიკითხავენ… მისთვის ეს არ უსწავლებიათ, უდანაშაულოების დახოცვა ასწავლეს, ამას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება — ზიზღი საკმარისია…
მხოლოდ თქვენთვის ვამბობ, ჩემო კარგებო, თქვენთვის, ვინც ჩემსავით ამაყები ხართ, რომ ამდენი წელი გაბოროტება რა არის, არ იცით… ცხოვრების ყველა გამოცდა რომ ბრწყინვალედ ჩააბარეთ: გაჭირვების მიუხედავად სხვისი არავის არაფერი აგიღიათ, საკუთარი ფიზიკური შრომით წელში გაიმართეთ და რომ არა ჩვენი ვაჟკაცების დაღუპვა, დანაკარგზე ხმასაც არ ამოიღებდით, მტრობა რა არის არ იცით და ტყვიისთვის არავინ გემეტებათ……
ამით ვარ ამაყი, თქვენით ვარ ამაყი, ჩემო კარგებო, ბუდეებიდან აყრილო, ნატანჯო და ნაწამებო ადამიანებო, ჩემი სულის და ხორცის ნაწილებო…
მადლობა გამძლეობისთვის!
14 აგვისტო მძიმე დღეა…
ტკივილის დღეა…
27 სექტემბერზე ლაპარაკი არ მინდა — საქართველოს ყველა მოქალაქისთვის შეურაცხმყოფელი დღეა!
აგვისტოს 14-ს დავუნთოთ სანთელი!
და სურათზე ამ ქალებსაც ვკითხოთ რით არიან ამაყები:
გვეტყვიან სიამაყით, რადგან „გმირების“ ტიტულას ფლობენ, რაში?
დაიმსახურეს:
ხვიჩიების სრულიად უწყინარი ოჯახების ამოწყვეტით; მესხი — ჟვანიებისთვის უსასტიკესი განაჩენის გამოტანით, სამუშიების… სხვა ბევრისთვის სიცოცხლის მოსწრაფებით არიან ამაყები და წუხან:
ყველა ვერ დაგვხოცეს!
აი, ამათ მივულოცოთ 14 აგვისტოს ის შორეული დღე!
ჩვენს საწუხარს კი სანთელი დავუნთოთ ჩემო მრავალტანჯულო ახლობლებო და მეგობრებო, უფალს ვთხოვოთ ამათ მიუტევოს, ჩვენ კი ჩვენს მიწა-წყალზე დაგვაბრუნოს… და ეჭვი არ შევიტანოთ — უფალი მაღალია — აგვისრულებს!
სანთლის ალს სათხოვარი გავატანოთ ცაში!
სხვა ხომ არაფერი გვინდა, სამართლიანობის აღდგენას გთხოვთ უფალო!!
აგვიხდინე!
ამინ!
ქეთევან ჩემია
14 აგვისტოს …
Loading…