გერმანიის კანცლერმა საქართველოში ვიზიტისას ვახშამზე გერმანია-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა:
„ჩვენ ძალიან ბედნიერნი ვართ აქ ყოფნით. ამას ვაცხადებ ბიზნესწრეების, პარლამენტისა და ჩემი მთავრობის დელეგაციების სახელით. მიმაჩნია, რომ ეს რეალური პარტნიორობაა. გერმანიაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა თუ იცის, რომ ეს ყველაფერი ალბათ 200 წლის წინ დაიწყო, როდესაც გერმანული თემი საქართველოში დასახლდა. დიდია პარტნიორობა საქართველოს მხრიდანაც, რადგან თბილისის უნივერსიტეტის სახელი გვახსენებს საერთო კვლევებს, მიმზიდველ ადგილს, საიდანაც ქართული ხედვა იყო წარმოდგენილი თქვენი მკვლევრების მიერ. წელს აღინიშნება პირველი ქართული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე, რომელმაც სამწუხაროდ მხოლოდ სამ წელს გასტანა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. შემდეგ ისევ საბჭოთა დროშის ქვეშ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში არსებობა მოგიწიათ“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.
„ნახევრად ლეგალური და ნახევრად არალეგალური იყო ეს ყველაფერი. მახსოვს, რომ ტრანზიტი ნებადართული იყო, თუმცა მხოლოდ 12 დღით შეიძლებოდა ქვეყანაში გაჩერება. როდესაც ქართველმა პოლიციელმა გამაჩერა და მკითხა, აქ რას ვაკეთებდი, ვუთხარი, რომ მომწონდა და შესანიშნავი იყო აქაურობა და რომ სწორედ ასეთმა მოხიბლულმა დათქმულ დროში ვერ დავტოვე საქართველო. იმ წამსვე გამიგო და მკითხა, მქონდა თუ არა ნანახი თბილისში ესა თუ ის ადგილი, ვიყავი თუ არა ნამყოფი მცხეთაში. ვუპასუხე, ჯერ ვერ მოვახერხე-მეთქი. მაშინ მითხრა, მეტი დღით აღარ დარჩე, მაგრამ ყველა ეს ადგილი მოინახულეო. ვერ ვუთხარი, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ რაც იყო, იყო. მახსოვს, რომ მაშინ დრო არ მქონდა, თუმცა, სამწუხაროდ, ვერც დღეს ვნახავ მცხეთას. მიმაჩნია, რომ საქართველოში ის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. მსურს, მადლობა გადაგიხადოთ პარტნიორობისთვის. ვიცით, რომ ბევრი სირთულე გაქვთ, თუმცა ცდილობთ, ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ და ხალხთაშორისი ურთიერთობები დაალაგოთ. ამიტომ, მახარებს იმის გაგება, რომ რუსეთთან ყველა ამ პოლიტიკური სირთულის მიუხედავად, თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან. მათ აქ ჩამოსვლა მოსწონთ და სწორედ ეს არის მთავარი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად და მოსალაპარაკებლად. გერმანია არ დაივიწყებს თქვენს ამ პრობლემებს. მადლობა მასპინძლობისთვის. გაუმარჯოს გერმანულ-ქართულ მეგობრობას“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.