შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო პირველი თებერვლიდან, „COVID-19“-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გამო შეჩერებული სერვისების ეტაპობრივ განახლებას იწყებს და მოქალაქეებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. პირველი თებერვლიდან, მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას შეძლებენ ის პირები, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს თეორიული გამოცდა.
აღსანიშნავია, რომ მართვის უფლების მიღების მსურველები B კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდას ჩააბარებენ თანამედროვე GPS სისტემით აღჭურვილი, „SKODA RAPID“-ის მოდელის სატრანსპორტო საშუალებებით, რუსთავისა და გორის საგამოცდო მოედნებზე, ხოლო დანარჩენ სტრუქტურულ ერთეულებში ეტაპობრივად ჩანაცვლდება ძველი საგამოცდო მანქანები ახალი მოდელებით.
პირველი თებერვლიდან, ასევე, შესაძლებელი იქნება მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება.
