ანალიტიკაპუბლიკაციები

ძალაუფლების ახალი გადაბარების პროცესი დაიწყო

ქოცებს!

ამ სახელით არა დაცინვისა თუ დაკნინების, არამედ მხოლოდ იდენტიფიკაციისათვის მოგმართავთ.

თუ ხვდებით რა მოხდა 30 ნოემბერს უცხოელ მედიატორთა მეშვეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრით. ხომ არ გეჩვენებათ, რომ ძალაუფლების ახალი გადაბარების პროცესი დაიწყო? ჩემი აზრით, ასეა და გეტყვით რატომ.

,,ოცნებას“ და ივანიშვილს ყველა პარტია, მეტნაკლებად დიდი თუ მცირე პოლიტიკური ჯგუფი განუდგა და დაუპირისპირდა. ამას შიდა პოლიტიკური იზოლაცია ჰქვია. გარეთაც იგივე მდგომარეობაა, ჩვენს ხელისუფლებას არავინ არაფრად არ თვლის და არ ჩათვლის უკანასკნელი მოვლენების და განსაკუთრებით პროპორციული არჩევნების შესახებ დაბრეხვებული საქვეყნო ტყუილის გამო. ეს კი საგარეო იზოლაციაა. ყველა გამოკითხვით და მათ შორის საკუთარითაც, ოლიგარქის მმართველობას უმდაბლესი რეიტინგი აქვს, ე,ი. საზოგადოებაშიც საყრდენები საკმაოდ მოფამფალებული აქვთ და ამას არაფერი ეშველება. არავის ეეჭვება, რომ ე.წ. მაჟორიტართა ბუნტი თავის გადასარჩენადა არის მოგონილი. ,,ოცნებას“ ბღუჯა-ბღუჯა ტოვებენ წამყვანი სახეები და ეს პროცესი გაგრძელდება. ოპოზიცია არ ჩერდება და არ გაჩერდება. ამას ვერც ფარღალალა ,,ბერლინის კედელი“ აღუდგება და ვერც ბელადის სენტენციები. ძველი პროპაგანდა უკვე არ ჭრის, შეთხელებული ,,ტიტუშკების“ უგვანო კაკაფონია არავის ესმის.

ეს კიდევ იცით რატომ? იმიტომ, რომ ყველაფერი ტყუილი და ფარისევლობა აღმოჩნდა, იმიტომ რომ ყველაფერი გაბაძნდა, მოიშალა, ქვეყანა გაიძარცვა და გაღატაკდა. იმიტომ, რომ მტერთან ლაქუცი და ლაქიობა ყველას მობეზრდა, საშიშ ნიშნულს მიაღწია და ეს გავრილოვის ღამემ ცხადად აჩვენა. საყოველთაო სახალხო აფეთქებამ, რომელსაც ვერავინ ვერ გაუწევდა ასეთ ორგანიზაციას, სტიქიურად კინაღამ წალეკა ხელისუფლება. მან კი, იმის ნაცვლად რომ დროულად რაღაც გამოესწორებინა, თავგასული პარლამენტის თავმჯდომარე მაინც დაუყოვნებლივ გადაეყენებინა, პროტესთანტთა დასჯის ბრძანება შეასრულა. მთელი მსოფლიოს თვალწინ და სასტიკად გაუსწორდა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს. ახალგაზრდებს თვალები დათხარა და შემზარავი თავხედობით რუსთაველზე უდანაშაულო ადამიანების სისხლი დაღვარა. ახლა კი ძალაუფლების გახანგრძლივების უბადრუკი მცდელობა, შიშისა და დაძაბუნების უტყუარი ნიშანი.

ასე და ამგვარად, ძმებო და მეგობრებო, ამ ამბის ფინალი ცნობილია და დროის საკითხია. კობახიძე — წულუკიანის თვალ-წარბ-წამწამთშეუხრელობა და რიხი გაკოტრებულ ოლიგარქს ვერ უშველის, პირიქით აახლოებს მის ბოლოს, უფრო შეუპოვარს, უკომპრომისოს ხდის ოპოზიციას და ქუჩაში გამოსულ საზოგადოებას.

მოსკოველი პატრონებიც არ ჩაყვებიან იმ რეჟიმს საფლავში, ვინც ვითარებას ვერ მართავს და ალბათ უკვე შემცვლელებზე ფიქრობენ. ასეთია მათი ხელწერა და ხელობა ყველგან.

ასე, რომ ახლა მაინც იფიქრეთ, იდეურებო. ზოგადად ყველანაირ მორალურ, პოლიტიკურ თუ სამართლებრივ მიტევებას, ამნისტიას ქრონოლოგიური ჩარჩო აქვს და ეს ფანჯარა შეიძლება მოულოდნელად დაიხუროს. უშველეთ თავს, გაასწარით ოლიგარქის კრახს, დადექით ხალხის მხარეს და ხალხთან ერთად.

ჩვენი ნუ შეგეშინდებათ. სიცრუის, სიყალბის, სიძულვილის, მონობის სამყაროდან გამოქცეულს ხელს არავინ ჰკრავს, არავინ არაფერს გავნებთ, დაგეხმარებით და დაგიცავთ. ჩვენ ხომ ერთი ხალხი ვართ.

იჩქარეთ!

მალხაზ პატარაია, აფხაზთა კრება

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

სფორცას ციხე-სიმაგრე — ისტორიულად საქართველოს ბედის მოზიარე

მაკრონი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო მტრედის პოზიციიდან ქორის პოზიციაში გადადის

ერთი ფრაზის ამოყირავებული კონტექსტი და წლობით მოტყუებული საზოგადოება

დატოვე კომენტარი