ანალიტიკაპუბლიკაციები

ცელულოიდის თოჯინების ქარხანა

გულითადი მეგობარი მყავდა – ტვირთების გადაზიდვის დიდი მცოდნე და უკეთილშობილესი ადამიანი. საქმიანი მივლინებიდან დაბრუნებული, სულ იმეორებდა ხოლმე: ,,ბაქოში რომ ჩავდივარ, ცხოვრება მიადვილდება – ზუსტად ვიცი, ვის, რამდენი უნდა მივცე და ერთ დღეში ყველა საქმე მოგვარებული მაქვს, აქ კი ვერ გაიგებ, თითქოს ქრთამსაც არ იღებენ, მაგრამ არც საქმე აინტერესებთ. ახალი მარშრუტის თაობაზე მაგარი იდეა დავდე, სამინისტროშიც ბევრჯერ მივედი – შედეგი ნული!.. მოკლედ, საბჭოეთიდან კი გამოვედით, მაგრამ რაღაც გაუგებრობაში გავეკვეხეთ“
ამ პირველყოფილმა ტრაიბალიზმმა, ხალხიც დააბნია, ქცევის არც ერთმა მოდელმა არ გაამართლა და შედეგი არ გამოიღო. დაბალი ფენისთვის ჩაწყობა მიუწვდომელია, წარმატება კი მხოლოდ ელიტისთვის არის შესაძლებელი. რიგითმა ადამიანებმა მიდგომაც შესაბამისი გამოიმუშავეს: ,,ჩვენზე მაინც არავინ არ იზრუნებს, ეგენი მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ფიქრობენ“
ამგვარი ნიჰილიზმი გასაგებია. ხალხის მდგომარეობა წლებია არ იცვლება, არც გაჭირვება ქრება, მათთვის არც სამართალი დამდგარა. მხოლოდ ზედა ფენები ცხოვრობენ მაძღრად და კომფორტულად. ყველა ხვრელი ამოქოლილია – უკონკურენტობა და ახალი იდეების სიმწირე, უბადრუკობა და პროვინციალიზმი ყვავის… თვალთახედვის სიფართოვე და მასშტაბური აზროვნება, საერთოდ, არც არსებობს, ყველას ერთადერთი საზრუნავი აქვს – ეგებ როგორმე, სადმე ფული მოიპაროს. რიგითების ოცნების მწვერვალია – საბავშვო ბაღის სასადილოს მომარაგება… ან ასფალტის დაგება და პარვა, პარვა და პარვა გასკდომამდე!
ინერცია ლოგიკურია – საბჭოური გაიძვერობა, ყოველივე ახლის გენეტიკური შიში და კოლექტიური გონისადმი უსიტყვო მორჩილება. მხოლოდ უმრავლესობაში გრძნობს ბოლშევიკური ზიზღის ერთეული თავს კომფორტულად – აქ არც პასუხისმგებლობა აწუხებს და თან სიძულვილის რეალიზებასა და სხვის დაჩაგვრასაც უმტკივნეულოდ ახერხებს.
… გაიხსენეთ, საბჭოეთის დროინდელი მყარი პლასტმასის – ცელულოიდის თოჯინები, წითელი ტუჩებითა და გაშტერებული მზერით… მხოლოდ ,,გდრ“-ი უშვებდა რბილი რეზინის ლამაზ დედოფალებს. ჰოდა, ჩვენი ყოფა ორი სიტყვით რომ დავახასიათოთ – ეს არის სიყალბეში გაციებული, ცელულოიდის თოჯინების ფუსფუსი. თოჯინა ადამიანს თითქოს ჰგავს, მასზე ლამაზიცაა, მაგრამ…
სიმართლიდან ტყუილამდე სულ ერთი ნაბიჯია. ამიტომ არის ერთი მეორისგან ძნელად გასარჩევი. სიცრუე – შენიღბული სიმართლეა, სიმართლე კი – გაშიშვლებული ტყუილი… როგორც თვალთმაქცობაა – ნიღბიანი გულწრფელობა და პირიქით… ასევეა თოჯინად ქცეული ადამიანიც – ყალბი და ამიტომ კლოუნივით კომიკურიც…
ცელულოიდის ქარხანა კი წითელ საცხიან თოჯინებს შტამპავს და შტამპავს. ერთი საამქროს ნაწარმი ერთმანეთს შორიდან ცნობს… დანარჩენები – უცხო ტომია, უტილი, რომელიც უნდა განადგურდეს – ცელულოიდის მზერის უკან ხომ დაუნდობელი მხეცი იმალება… კონვეირი არ ჩერდება უშვებს და უშვებს თოჯინებს: ხალხი პლასტმასის პოლიტიკოსებს არ ენდობა, ცელულოიდის ლედერები კი სახლში ცოცხალი თავით არ მიდიან; ცელულოიდის მოსამართლეებს, პლასტმასის კოდექსით ცელულოიდის განაჩენი გამოაქვთ; ასეა ყველაფერში – ცელულოიდის მწერლები, ცივი პლასტმასის წიგნებს წერენ და მათ არავინ კითხულობს; ფილმებიც მკვდარი ცელულოიდის…
სიმართლე და უბრალოება – ხალასია, ნამდვილი და მარტივი… სიცრუე და თვალთმაქცობა კი ყველაფერს ართულებს, სიყალბეში, როგორც ობობას ქსელში, ისე იხლართები…
ცელულოიდის ქვეყნაში, ცელულოიდის თოჯინები სახლობანა-ოჯახიშვილობანას თამაშობენ და პლასტმასის აზრებს აფრქვევენ. ჩვენც ამ ცელულოიდის უსიცოცხლო სამყაროში გვაცხოვრებენ… როგორ გადაწყდება ეს გამჭოლი სიყალბის ამბავი, უცნობია. იმედი ერთია – ცელულოიდს მაღალი წვადობა ახასიათებს, ეგებ გაგვიმართლოს და პლასტმასის ქარხანა აალდეს!..

ზურა ოდილავაძე

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

The Telegraph (ბრიტანეთი): ადრე თუ გვიან ვლადიმერ პუტინის წარმატებებიც კი დასრულდება

Joni Kvaracxelia

«მეამაყება, რომ წარმოვადგენ ოთხოზორიას საქართველოს»

რატომ დაიწყო პუტინმა ლენინის კრიტიკა და რატომ შეუდგა კონსტიტუციის გადაკეთებას?

დატოვე კომენტარი