განცხადებები

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მორიგი მუქარა

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ეხმაურება ქართული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, კადიროვის დაკვეთით საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქე ქართველი ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა.

«ბატონებო, მერწმუნეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი ბრძანებით, ის მას შეასრულებს. ხოლო, თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ და, მითუმეტეს, უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყანა, ამის შესახებ ვერ გაიგებს». – წერს კადიროვი.

თუმცა, ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, მათ არ დავიწყებიათ, როგორ შეურაცხყო გაბუნიამ «მათი სახელმწიფო, მათი ხალხი» და, შესაბამისად, პირადად ის.

«გიორგი გაბუნიას, როგორც აქამდე ვამბობდი, უჯობს მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს, ბოდიში მოიხადოს მომხდარზე. მან შეურაცხყო არა ერთი ადამიანი, არამედ ყველა რუსი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები, რომელსაც შეეძლება ამ მოქალაქის ხელახლა აღზრდა. მას ვურჩევ სწორი დასკვნები გააკეთოს და გონს მოეგოს. სხვა შემთხვევაში, ვიმეორებ, ჩემს მტრად დარჩება». – წერს კადიროვი.

ჩეჩნეთის ლიდერი უკრაინასაც დაემუქრა, რადგან მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, შეკვეთილ მკვლელობაზე ინფორმაცია სწორედ უკრაინელი სამართალდამცავებისგან მიიღეს. კადიროვი წერს, რომ ბოლო წლების განმავლობაში უკრაინელები მისი სახელის წყალობით პიარდებიან.

«საკუთარ ხალხთან მუშაობა ვერა და ვერ გამოგდით. საბოლოოდ, პერიოდულად ჩემი სახელის ხსენებით გადიხართ ფონს. ისე, ამ პიარისთვის ჩემთან ვალში ხართ. დაიმახსოვრეთ ეს! მოვა დრო, ანგარიშს გავასწორებთ. უცილობლად». – წერს კადიროვი.

2019 წლის ივლისში რუსთავი 2-ის მაშინდელმა წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ საავტორო გადაცემის, «პოსტსკრიპტუმის» მონოლოგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში დედა აგინა. ამ საქციელისთვის კერძო ტელევიზიის წამყვანი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა იმავე დღეს დაგმეს.

მოგვიანებით ფაქტს თავად პუტინი და ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც გამოეხმაურა. კადიროვი დაიმუქრა და თქვა, რომ «გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს».

2020 წლის 15 ივნისს ტელეკომპანია ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე გაბუნიას მოკვლას გეგმავდა.

იმავე დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ეს ინფორმაცია მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამაც დაადასტურა და თქვა, რომ ამ კაცს გაბუნიას მკვლელობა რამზან კადიროვმა შეუკვეთა.

საღამოს განცხადება გაავრცელა სუს-მაც. უწყებამ დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. სუს-ის ცნობით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა და შედეგად ბოკოვის ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვა-გამოყენების ფაქტი გამოავლინა.

წყარო

Loading…

მსგავსი პოსტები

თეირანი მზად არის შუამავლის როლი შეასრულოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კომფლიქტის დროს

«ამის დაწერა თუ მომიხდებოდა, ძნელად წარმოვიდგენდი…»-გიორგი კეკელიძე განცხადებას ავრცელებს

Joni Kvaracxelia

«ვაცხადებთ ჩვენს პოზიციას…»-ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება

roma sajaia

დატოვე კომენტარი