ანალიტიკაპუბლიკაციები

შვილი

ბევრჯერ მითქვამს – განვლილი მძიმე ცხოვრებისა და ასაკის გამო, აღარაფრის მეშინია… არც სიკვდილის – თითქმის.
წლების მატებასთან ერთად გრძნობები დაჩლუნგდა – სიყვარული განელდა, გულგრილი გავხდი, გავცივდი და დავცარიელდი… დარჩა მხოლოდ შვილებისადმი ველური სიყვარული. ამ მიუკარებელ გრძნობას ცხოველური ინსტინქტი მართავს მხოლოდ… და ის არ იკლებს, მატულობს კიდეც… არ ვიცი, შეიძლება ამ უღრან ტყეში მარტო დარჩენის მეშინია და ამიტომ.
ერთადერთი, რისი წარმოდგენაც კი ჩემს ძალებს აღემატება, რასაც ვერ გავუძლებ – არის შვილის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება… ასეთი რამ ცოცხალი არსებების წესებში არ წერია და ვიცი, გამანადგურებს.
შვილს არაფერი მოუვიდეს, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ! უცებ ვიქცევი დაუნდობელ მხეცად, რომელსაც დაავიწყდა, რა არის სამართლიანობა. შეიძლება სიმართლე არ იყოს ჩემს მხარეზე, მაგრამ ეს არ შემაჩერებს – შვილი ყველაზე დიდი სიმართლეა!
ჩემი ყველაზე ცუდი შვილი ყველასა და ყველაფერს მირჩევნია… ლომს დავეტაკები და შიშველი ხელით დავახრჩობ, ტანკს დაუფიქრებლად გადავუდგები და გავიტან!
ასეთია შვილით სიგიჟე. ის მთის მასივებითაა – დიადი და მიუდგომელი.
როდესაც ვიგებ, რომ ადამიანს შვილის ტრაგედია განუცდია, თუნდაც მოსისხლე მტერი იყოს… რიდი მიჩნდება, სულ მახსოვს და აღარც ვეკარები… თუ ცდუნება მისკენ მაინც მიბიძგებს, თავს ვუმეორებ: გახსოვდეს, იმ სხვასაც ასე თავდავიწყებით უყვარდა შვილი…
მიუხედავად ჩვენი გულქვაობისა, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე – ამჟამად მაინც გლოვის დღეა… დღე უძირო დარდის, აუტანელი ტკივილისა და უსაზღვრო მრისხანების – კბილების ღრჭენისა და ცრემლის, ანუ უძლურებისგან ღმუილის…
დღეს ადამიანებმა თავისი სისხლი და ხორცი დაგლიჯეს.

P.S.
გუშინდელს გავიმეორებ – ამ ქვეყანაში საკუთარი თავი და ყველა თან მეცოდება, თან მძულს…

ზურა ოდილავაძე

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

არაფერი სათაურის გარდა

რეალური და ქმედითი დემოკრატიული მეთოდი იქნება თუ დატოვებთ მანდატებს და შექმნით საპარლამენტო კრიზისს — მიმართვა ოპოზიციის დეპუტატებს

ჭანები და მეფე ანქიალე

დატოვე კომენტარი