ანალიტიკაპუბლიკაციები

ღამის იერუსალიმის ქუჩებში

მე, პოლიცია და პიცას დამტარებლები ჩემი სასტუმროს ნომრიდან ღამის უკაცრიელ იერუსალიმს გავყურებთ.
უფალმა ასე ინება.
წმინდა მიწაზე თითქოს სიცოცხლის ლამპარს ძალიან დაუწიესო. მხოლოდ შუქნიშნები განაგრძობენ ძველებურად ციმციმს, რაც ქალაქის ოდნავ მფეთქავ მაჯისცემას ადასტურებს.
როგორ შეიძლება აქ დუმილი.
სიმღერა და სერენადები მე არ ვიცი.
არადა, ძალიან, ძალიან მინდა მოვეფერო, გამოვუტყდე, გული გადავუხსნა და უფლის სწორს შენდობა ვთხოვო.
ღმერთი არ გაწირავს მის შექმნილს, უდაოა.
ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ეს დღეები გაცილებით ადრე დამთავრდება, ვიდრე დაიგეგმა. აქ ხშირად გაიგონებ „ეს პროექტი“ „ამ პროექტში“ და ა.შ. … კონკრეტულად რომელზე და რაზეა საუბარი არ ვიცით.
ან რა მნიშვნელობა აქვს. გამგები გაიგებს და რაც მთავარია, ფაქტის წინაშე ვდგავართ. ყველა რაღაც „პროექტის“ მონააწილე ვართ.

კიდევ ერთხელ ვრწმუნდები: ცხოვრება საინტერესოა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ის ყველას თავისი აქვს და თავად მასზეა დამოკიდებული როგორ აღიქვამს. თუ ჭკუა ეყო, ნებისმიერი ცხოვრება კარგია, თუ არა, ნებისმიერი შეიძლება ჯოჯოხეთად მოეჩვენოს.

მე გენეტიკურად მერგო შევხაროდე ცხოვრებას.
გამჩენს მადლობა ამისთვის.
ცხოვრება ნებმისმიერ ასაკში მშვენიერია, გააჩნია, რომელი კუთხიდან შეხედავ. სურვილის შემთხვევაში, ლამაზ კუთხეს აუცილებლად უპოვი და თუ არა, „რაც არ გინდა, უფალმა ნუ მოგცეს“. ეს ყველაზე ლამაზი დალოცვა და წყევლაა ერთდროულად, ამიტომაც მისი ავტორები ებრაელები არიან, არ ეშლებათ, მოგეხსენებათ.
კარანტინმა სასწრაფოდ დამატოვებინა თელავივი. ყველაფერი დაკეტილი და ჩარაზულია სურსათის მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა. სხვა ვერაფერი მოვახერხე და „წმინდა კუთხეში“
სანთელი პატარა შუშაში მაქვს ჩადებული, რომელსაც ქეთევან დედოფლის ხატის სურათი მივანდე, იქვე რამდენიმე სანთელი, ასანთი და ლამაზი თავსაფარი მიწყვია… ეს სიცოცხლეს ანიჭებს ჩემს სუფთა, თითქმის სტერილურ ოთახს, საიდანაც მთელი იერუსალიმი ხელისგულივით მოჩანს.
ღამის იერუსალიმის ქუჩებში დავდივარ, არა დავხეტიალობ. ასე ქვია, როცა წარმოდგენა არ გაქვს ქალაქის რომელ კუთხეში ხარ და სიარულს მაინც არ იშლი.
ამ დილას აქ უცნაურად წვიმდა. იქნებ, ზოგადად ასე წვიმს აქ. არ ვიცი.
წვიმა ნისლივით იდგა და ზუსტად მასავით დაცურავდა წვიმიანი წვეთებით დამძიმებული თეთრი ქულები, თითქოს ქარს დააქვსო. წვეთები არ ჩანდა.
საოცარია, თბილისში სხვანაირად წვიმს. აფხაზეთში სულ სხვანაირად.
აქამდე მენატრება ისიც, ისიც.
აქ წვიმს და თითქოს არც წვიმს. უბრალოდ სველდება გარემო…
წმინდა მიწაზე ყოფნა არ მიოცნებია.
მატერიალური გასაჭირიდან გამოსვლაზე ვოცნებობდი…
ახლა უკვე გვიანი საღამოა. აღარ წვიმს. იერუსალიმი განათებულია და ლეგა-ლეგა მომავალი ღრუბლები აღმოსავლეთისკენ მიილტვიან… ჩემთან ახლოს თეთრი ქულა ღრუბელია და თითქოს მეთამაშება. ცაზე მოკიაფე მარსს ხან დამალავს ხან გამოაჩნს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ღრუბლები კი არა, თავად კაშკაშა ვარსკვლავი გაურბის ზეცას… შორს სადღაც შავი ქულები ავად სრულიად ამაოდ იმუქრებიან, მათი აღარავის ეშინია. დღეს პირველი აპრილია — კარანტინი გრძელდება. მოქალაქეების ჭაჭანება არ არის. განათებულ ქუჩებში ერთადერთი მივაბიჯებ. სამაგიეროდ პოლიციელები ბლომად არიან. თუმცა პიცას დამტარებლები ელექტროველოსიპედებზე მათზე მეტია…

Loading…

ქალაქის ცენტრში ფართო ხიდზე ვდგავარ. ზევით იერუსალიმის ცენტრალური ვაგზალია და ვინც ნამყოფია იცის, იქვე ხელისგაწვდენაზეა მაცხოვრის საფლავის ტაძარი. ჩემი სასტუმროს „პრაიმ-პარკის“ გასწვრივ თავს იწონებენ სხვა მზეთუნახავი სასტუმროები „იერუსალიმის ბაღები“, „რამადა“, „როიალი“… და მათ რიგს ზევიდან ზვიადად დაყურებს „კროვნ პლაზა“… იქმნება შთაბეჭდილება, რომ აქ არავინ არის ადგილობრივი მცხოვრები, მხოლოდ სასტუმროებია. ოღონდ, ახლა დაკეტილია. დროებით ყველა მათგანის შესასვლელს სამხედროები იცავენ.
იერუსალიმის ცენტრს ფეხით მივუყვები. საოცარია პირდაპირ — ყველა შუქნიშანი თითქოს ჩემს მიახლოებას ელოდება. მისვლისთანავე მწვანე ინთება… ჰმ, ჩემი ცხოვრების გზაა…
ხიდიდან ძირს ორთმხრივ გზას ვაცქერდები. სად იწყება, სად გაიყრება და საბოლოოდ სად უნდა დამთავრდეს ამდენი წყება გზები? — და მაინც რამდენია?
უამრავი. აგერ პირდაპირ ჩემს წინ „პრემიერმინისტრის ოფისია“, სადაც არავინ ჩანს, მაგრამ კიდევ ერთი ნაბიჯით რომ მივუახლოვდე, მაშინვე ვნახავ „ყველას“. თუმცა თავად გაციებულია და მკურნალობსო, გავრცელდა ინფორმაცია.
აგერ გზაგასაყარზე თელავივისკენ მიმავალი გზაა, იქით ცენტრისკენ, მოშორებით ებრაული უნივერსიტეტისკენ, იქვე გარეუბნების მიმავალი ავტობუსების გაჩერებებია… უკვე საკმაოდ გვიანია და მაინც კარანტინი თითქოს არც ეხებოდათო. სულ ოციოდე წუთის წინ: ტრანსპორტი ტრანსპორტს მოსდევდა, ნომრიანი ავტობუსების დანახვამ გამახალისა და თავდაჯერებული მივუყვები ყოველი მართლმადიდებლის საოცნობო იერუსალიმის ქუჩებს. ეჭვი არ მეპარება დიდხანს არ გასტანს ეს ძნელი დღეები. ბოლოსდაბოლოს ყველაფერს აქვს დასასრული და ზოგადად, რაც ცუდია, გაცილებით მალე მთავრდება.
ჩემი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ვინმეს რომ ეთქვა 2020 წლის პირველ აპრილს იერუსალიმის ცენტრში ისეირნებ „დაცვის გარეშეო“, ამ დანაპირებისთვის მილიონიც რომ დაემატებინათ, მაინც არ დავიჯერებდი.
ვერც ვიოცნებებდი. ამ ოთხიოდე წლის წინ იმდენი ვალი მქონდა, სამომავლო პერსპექტივაში მხოლოდ ციხეს ვხედავდი… ჩემი სახლის გარდა მეგობრის ბინაც იპოთეკით მქონდა დატვირთული და ბანკი თუ სხვა კერძო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არ არსებობდა თბილისში, სესხი რომ არ მქონოდა აღებული. მართალია, ამაში სხვებიც დამეხმარნენ, მაგრამ სასამართლო განაჩენისთვის არანაირი მტკიცებულება არ იქნებოდა ჩემთვის შეღავათის მისანიჭებლად. მით უფრო ვერ გამიმრთელებდა მოტყუებული ახლობლების, მეგობრებისა და მართლა ღირსეული ადამიანების გულებს, ჩემი მიზეზით რომ არაერთი ტკივილის გადატანა მოუხდათ.
ახლა მშვიდად ვზივარ კომპიუტერთან. უფროსობამ პიცა დაუკვეთა ჩემთვის. მადლიერების ნიშნად ხელფასზე დანამატის სახით საკმაოდ სოლიდური თანხა გამიმწესა და მაინც წუთით არ მტოვებს იმაზე ფიქრი, რომ ჩემი ბედი სადღაც ცაში გადაწყდა, რადგან უბრალო მოკვდავს ხელი არ მოიუწვდებოდა ჩემს გადარჩენაზე.
შემდეგ…
არა, სანამ გადარჩენამდე მივალ, უწინ ჩემი მუდმივი აზრები მიტივტივებს გონებაში.
რა არის სიკეთე?
ბევრი რამ არის: წყალი, როცა გწყურია; ჭადის ნატეხი, თუ გშია; ხაჭაპური, როცა გენატრება… და ასე შემდეგ… აქ რა მოსატანია, მაგრამ მამაჩემმა იცოდა თქმა, თქვენ შიმშილი ის გგონიათ, ჭამა რომ შეგაგვიანდათო. შიმშილი ის არის, როცა გშია, ლუკმა პური არ გაქვს და არც იმის იმედია სადმე, რომელიმე დროს გექნეს და ფული აქ არაფერშუაშიაო.
დიახ. იცოდა მამაჩემმა თუ რა იყო შიმშილი. გამოუცდია და იცოდა.
მე ვიცი რა არის სიკეთე. გამოვცადე და ვიცი.
როცა ზედმეტი გაქვს და გასცემ, ამას ომარ ხაიამი მოწყალებას არქმევდა და თვლიდა, რომ მისი გაცემა ნებაზეა დამოკიდებული. გინდა გასცემ, გინდა გადაყრი. არ გჭირდება — ზედმეტი ბარგია და იმიტომ…
სიკეთე სხვა რამეა. როცა უკანასკნელს კი არ გასცემ, (ეს ალტრუიზმია და გამართლებულად არ ითვლება), არამედ, როცა სხვისთვის შენ მოიკლებ. და ეს შესაძლებელია არ იყოს რაღაც მატერიალური. უფალს პატიებას ვთხოვ ამის თქმისთვის: ჩემს მიერ გაკეთებულ სიკეთეთ დროის დათმობა მიმაჩნია და რომ ვაკვირდები, სწორედ ამის დაფასება უჭირთ ადამიანებს ყველაზე უფრო და როგორც ჩანს, მართლები არიან, დროის ფასი არ იციან, არ სჭირდებათ და იმიტომ. მე კიდევ წამებს და წუთებს ვუთვლი ჩემს თავს და იცით რატომ? — ძალიან დიდი დრო, მთელი ნახევარი საუკუნე თითქმის უქმად გავატარე, არა, უაზროდ…
ამას აქ — ისრაელში მივხვდი.
ქვეყანაში, რომელმაც სიცოცხლე შემინარჩუნა და დამიმტკიცა, რომ ნებისმიერ ასაკში შეიძლება ცხოვრების თავიდან დაწყება. უფრო სწორედ, მომცა საშუალება საკუთარი თავის მერწუნა.
დავინახე და მადლიერი ვარ. ისიც დავინახე, რომ საბლოო ჯამში ყველა სულიერი გზა მადლიერებამდე მიდის.
მადლიერი ვარ ყველასი, ვისაც ასე თუ ისე გული ვატკინე მანამ, სანამ აქ მოვიდოდი. ყველაზე მეტად ჩემი ოჯახის წევრებს. ჯერ იყო და უბინაოდ, უსახლკაროდ და ვალებით დატვირთულ ვტოვებდი, სრულიად უსახსროდ და ამას გარდა ისიც ტკიოდათ, რომ ვიტანჯებოდი და ვერაფერს მშველოდნენ. ასეთ დროს რომ სიმშვიდის შენარჩუნება და ნუგეშისცემა სრულიად უადგილოა, საქართველოში ბევრმა იცის.

მადლიერი ვარ იმათი, ვინც ნებსით, თუ უნებლიედ მოტყუებული გამომივიდა. იცის უფალმა, რომ შეგნებულად კი არა, ჩემი სისულელით მომივიდა და სწორედ ამის გამო არ გავიწირე, ანგელოზის სახით მომევლინა ადამიანი, რომელსაც არანაირი ვალდებულება გარდა ზოგადადამიანურისა, ჩემს წინაშე არ ჰქონდა.
იყვნენ ისეთები, ვისაც რეალურად შეეძლო ჩემთვის ხელის გაწოდება, მაგრამ ღვთის ნებით, ისე კი არ მოხდა, რომ მზამზარეული მიმეღო რამე. ჩემი ბედის ანგელოზის წყალობით უფლის ნებით წარიმართა და საკუთარი შრომით გამოვისყიდე ყველა დანაშაული და ამასთან მკაფიოდ დავინახე ყველას დამსახურება ჩემს წინაშე ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე, გულწრფელად, რეალურად — რისთვისაც უშრეტი მადლიერება მაქვს.
სადილობის შემდეგ ჩვენი სამზარეულოს უფროსს, სხვა იქ არავინ იყო, სადილისთვის მადლობა გადავუხადე. გვერდით მჯდომმა მითხრა, რის მადლობას ეუბნები, მასთან ეს ყველაფერი მზა მოდის და მხოლოდ გვირიგებსო… გავშრი.
— ხმის ამოუღებელი ვერ დავრჩებოდი, თუმცა, გასაგებია, რომ მასზე ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოვახდენდი: სულერთია რა გზით მოვიდა სიკეთე, მისი მომტანი მადლიერების ღირსია და ჩემთან ეს საკითხის განხილვას არ ექვემდებარება-მეთქი, ვუთხარი.
არ მახსოვს, თუ როდის გავაცნობიერე, რა არის ჩემთვის სიკეთე მადლი და მადლიერება, მაგრამ ამ რწმენის სიღრმეში ვხედავ ჩემი გადარჩენის მიზეზს.
მაგონდებს. რასაც ახლა ვიტყვი აღარასდროს გავიმეორებ: იერუსალიმამდე ჩამოსვლის ჩემი გზა დავით კლდიაშვილის ერთ-ერთი ნაწარმოების პერსონაჟის სოლომან მორბელაძეს მაგონებს: „აი, კიდევ ერთი მოტყუებული მომადგა კარს… ტყუილი კიდევ ტყუილი… სანამ?“ — მე კი არ ვტყუოდი, ჩემი სისულელეები ბატყებს ჩეკავდნენ…ეს იყო რეალობა.
არასდროს მივუტოვებივარ უფალს და წამოსასვლელი ფულისთვის მეგობარმა ბანკში ბინა ჩადო, შემდეგ ჯიბის ფულისთვის სრულიად უქონელ ჩემს ახლობლებს გამოუჩნდათ სახსრები და კიდევ — ერთერთმა ღვთისნიერმა მართლა ასეთია (დაწერის ღირსია და მეტიც) მევალემ ვალზე ვალი დამიმატა და ევროები მასესხა.
მაქვს უფლება მადლიერი არ ვიყო?
ცხადია, არა.
მადლობელი ვარ.
თუმცა ყოველი მათგანი საუბრის სხვა თემაა და ზოგადად ერთი სახელი აქვს:
სად იწყება და სად მთავრდება გონიერება და უგნურება — ალბათ იცის ვინმემ, მაგრამ არა — მე!
სამაგიეროდ ვიცი რა არის სიკეთე და რომ მას საზღვრები არ აქვს, მხოლოდ დანახვა უნდა.
თუ ვერ დაინახავ, სხვა სიკეთეების შანსს დაკარგავ!
ეს ყველაფერი პირადად მე მეხება და არ მიმაჩნია, რომ სხვებმა აუცილებლად გაიზიარონ.

ჰოდა, რა განსხვავებაა, მგელი შეგჭამს თუ მგლისფერი ძაღლი..
უფალმა არცერთს არ შეაჭამა ჩემი თავი და დღეს იერუსალიმის ქუჩებში ბედნიერი დავდიოდი.
დიახ. უსაზღვროდ მადლიერი ვარ.
მადლობა უფალო და ჩემო მფარველო ანგელოზებო.
აქ მოსასვლელ გზაზე წამომყვანის, თანამგზავრების, თანამშრომლების და ზოგადად ამ ქვეყნის არსებობისთვის.

მადლობა იერუსალიმ
თავის დროზე გამჩენს უკვე გათვლილი ჰქონდა, ალბათ, რომ მის ცის ქვეშ მეც უნდა მეგრძნო სიმშვიდე, რომელსაც ამქვეყნიური ცხოვრება ქვია.
ამ წუთში ეს იერუსალიმის დროებით ცარიელი ქუჩებია, სადაც ჩემთან ერთად წყება-წყება პოლიციელები და პიცის დამტარებლებიღა დადიან.
ეს დღეს…
ხვალზეგ აღდგომა მოდის!
ბრწყინვალე დღეები ბრწყინვალედ გაგითენოთ უფალმა!
ყველა კეთილი სურვილი აგიხდეთ!
მადლობა უფალს
ყველაფერისთვის!
მადლობა იერუსალიმ!
შალომ შალომ!

ქეთევან ჩემია
მასალა დამშვენებულია ვალერი დემბიტსკის სურათებით „ღამის იერუსალიმი“

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

„…აფხაზები — ეგროსის ჩამომავალნი არიან“

Joni Kvaracxelia

„აფხაზების ქართველებზე გამარჯვება“ — დამარცხებაზე ბევრად სამარცხვინოა!

რას წერდა ზვიად გამსახურდია ეკლესიაში მიმდინარე მაშინდელ მოვლენებზე

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი