ანალიტიკაპუბლიკაციები

,,ქურდები“ და ბანდიტები

,,ფეისბუქზე“ გავრცელდა ვიდეო, სადაც მანანა მენაბდე და ,,თეატრალური კვარტეტი“ ასრულებენ ბიძინა კვერნაძის – ,,ასეთია ქურდი კაცის ბედი“. პომპეზური დარბაზი და პუბლიკა, შემსრულებელთა შთაგონებული სახეები და ,,სტენვეი“, ,,აბა, ყვავებს ვინ დაიჭერს კარგო” და ოვაციები – შეუსაბამობა და ანაქრონიზმი ყოველთვის კომიკურია. სოციალური ქსელის რეაქციაც შესაბამისი იყო, მაგრამ დღეს რომ ბანდიტების ბატონობის ხანაა?..
ქურდები რაღაც ღირსების კოდექსს მაინც იცავდნენ, ბანდიტები კი მხოლოდ მტაცებლის ინსტინქტითა და დაუნდობლობით ხელმძღვანელობენ. ქურდი – მარტოხელა კაცია, ის კრიმინალური მრწამსის, მაგრამ ავტორიტეტია, რომელიც უსამართლო გარემოში, გარკვეული მორალით სხვებს ,,საქმეს ურჩევდა“. ბანდიტს კი თავისი ხროვა ჰყავს, რომლის ერთადერთი მიზანია – მტრის განადგურება და საშოვარი.
გავიხსენოთ, რა იყო გუშინ და რა ხდება დღეს…
ირაკლი აბაშიძე, ნოდარ დუმბაძე და მრავ. სხვ. – თბილისში სოფლიდან ჩამოსული, უპატრონო ბიჭები იყვნენ. მათი ნიჭი ,,პარტიამ“ შეამჩნია, კალთა გადააფარა და იდეოლოგიური მიზნითაც გამოიყენა. ასე იყო ხელოვნების ყველა დარგში – თეატრი, კინო, მუსიკა, ქორეოგრაფია…
რაც მთავარია, იმ თაობის არტისტებმა მსოფლიო არენაზეც გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს. თავისი ნიჭის, ცოდნისა და მიღწევების გამო, მათ კონკურენციის ნაკლებად ეშინოდათ და ხშირად, პირიქითაც – ახლად აღმოჩენილ ტალანტს მეგზურობასაც უწევდნენ. ამიტომ უპატრონოს, მაგრამ ნიჭიერს ჰქონდა რეალური შანსი ,,ოლიმპი“ დაეპყრო.
დღევანდელი, საშუალო შესაძლებლობების ბანდიტების მიღწევა კი მხოლოდ სექტის კიდევ უფრო შემჭიდროება, პროვინციული კარჩაკეტილობა, ერთმანეთის ქება-დიდება და კონკურენციის სრული უარყოფაა. რამე საერთაშორისო ზრახვაზეც კი საუბარი ზედმეტია – მთავარია ადგილობრივ ბაზარზე ბატონობა და ოდნავ ნიჭიერისაც კი, თუ ის კუტოკის ავტორიტეტებთან თაყვანისცემისთვის არ მიდის, დროული განადგურება! აქ უცხოს შანსი ნულის ტოლია…
ჩვენ თითქოს წარსულს ჩავაბარეთ ,,მწერალთა კავშირი“ და მისი პრივილეგიები… ტყუილია, დღევანდელი ,,კუტოკი“, დარაზმულობითა და სისასტიკით ბევრად უფრო ძლიერია! თუ საბჭოურ ,,მწერალთა კავშირს“ გარეგნულად მაინც უნდა დაეცვა ობიექტურობა და გამჭირვალობა, დღეს წიგნების გამოცემის, ლიტერატურული პრემიების, საზღვარგარეთ მივლინებებისა და სხვა სიკეთეების განაწილებას მხოლოდ ყველასთვის დახურული სექტა განაგებს… მსგავსი მიზნები აერთიანებს ყველა კრიმინალურ დაჯგუფებასაც – ბანდა ხომ ინდივიდზე მორალური და ფინანსური უპირატესობის მოპოვებისთვის იქმნება. უბრალოდ, დღეს – სიცრუის ეპოქაში, როგორც ეს ტოტალიტარიზმს ახასიათებს (ჯორჯ ორუელი, ფრიდრიხ ჰაიეკი), ძველი სიტყვების ახალი მნიშვნელობით გამოყენების დრო დგას. ადამიანებმა ელიტურ ბანდას – ,,გავლენის ცენტრი“ უწოდეს. განსხვავება სულ ეს არის და ეს…
მწერლები მხოლოდ მაგალითისთვის მოვიყვანე, აღნიშნული ყველა სფეროს ეხება – პოლიტიკას, ბიზნესს, სამართალს და სხვ. სწორედ ამ საყოველთაო ბანდიტიზმის ლოგიკური შედეგია (და არა, პირიქით!) დიდი ბანდიტის – ბიძინა ივანიშვილის გაბატონება, რომელსაც ,,პატარა ბანდიტები“ ამჟამად ებრძვიან. ბელადს ,,ძალიან მოუვიდა“ და თან მისი არგაშაყირება დღეს უკვე გოიმობის ნიშანია. გემოვნების გრაალის მცველი რაინდებისთვის კი ეს სიკვდილის ტოლფასია. მათი იმპერატივია: ,,მთავარია, არ გავბანძდეთ!”. ოჯახს კვება ხომ ხვალაც დასჭირდება…
ისე, რომ ვთქვათ, განსაკუთრებული არაფერი ხდება – ახალი დროება, ახალი მოთხოვნები – ხროვის დარაზმულობა და მხეცის დაუნდობლობა…

ზურა ოდილავაძე – იანვარი, ოცი ოცი, ნაცი ხარ თუ ქოცი

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ჰააგის ორდერის შედეგები

«რას ნიშნავს ივანიშვილის გადაწყვეტილება ახალ მინისტრთა კაბინეტში გახარიას პრემიერ მინისტრად და ღარიბაშვილის შს მინისტრად დანიშვნის შესახენ?»

Joni Kvaracxelia

ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზარზე საგრძნობლად გაიზარდა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი