პუბლიკაციები

«სოხუმის უნივერსიტეტში ძუკუ ლოლუას აბრა მოუხსნიათ» — მალხაზ პატარაია

ძუკუ ლოლუას აბრა სოხუმის უნივერსიტეტში მოუხსნიათ. რექტორ ხონელიძის მორიგი თვალთმაქცობა უსახელოდ დაამთავრა გარე და შიდა კრიტიკამ და გაშარჟებამ. რა თქმა უნდა, თვალსაჩინო ლოტბარის ხსოვნა ამას არ იმსახურებდა, მაგრამ ძუკუ ლოლუას სახელის აგრერიგად გაბიაბრუება მთლიანად ხონელიძის დამსახურებაა მისი სახელობის კაბინეტის სიაფანდური გახსნით. არ ვარ დარწმუნებული, რომ კომიკური ამბები ამ მმართველის ხელში უნივერსიტეტში ამით დასრულდება. პირიქით, მსგავს სისულელებს კიდევ ბევრს მოვესწრებით, რადგან ცრუპენტელობა და თვალში ნაცრის შეყრა ჩვენი გმირის არსებობის წყაროა, ცხოვრების წესი. ვისაც ეს დღემდე არ გჯერათ, კიდევ ერთ თვალნათელ მაგალითს მოგიყვანთ.

ბელორუსული ,,ქალთა ჟურნალის“ 2011 წლის თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა სტატია ,,ნამდვილი მამა არ შეიძლება იყოს დედა“, რომლის რესპოდენტთა შორის იყო ზურაბ ხონელიძეც. მაშინ ის შპს ,,საქართველო-ბელორუსის სავაჭრო ეკონიმიკური სააგენტოს“ დირექტორი გახლდათ. პომპეზური სახელწოდების გარდა, საწარმოსა და დირექტორის შესახებ ეს სტატია და არც სხვა რომელიმე გამოცემა დიდად ვერაფერს გეტყვით. ინტერვიუ რაიმე სხვა ღირებულებითაც არ გამოირჩევა, თუმცა ერთი ნაწყვეტი ნიშანდობლივია ბ-ნი ხონელიძის პორტრეტისათვის და გვერდს ვერ ავუვლით. თვითგანდიდებისას მან არც აცია, არც აცხელა და მამალი ტყუილები უკვე საერთაშორისო მასშტაბით დააბრეხვა, როდესაც თვალის დაუხამხამებლად კორესპონდენტს განუცხადა, რომ საქართველოში სხვადასხვა დროს იყო განათლების მინისტრის პირველი მოადგილე, პარლამენტის წევრი და ვიცე -პრემიერი (,, Я в разное время был. . . первым замом министра образования, заседал в парламенте, был председателем совпрофа, послом Грузии в СНГ, вице-премьером“ (https://news.tut.by/kaleidoscope/213375.html)).

სინამდვილეში ჩამონათვალიდან მხოლოდ ორი თანამდებობა დასტურდება: სნგ-ში წარმომადგენლობა, რაც ვერაფერი საამაყოა, და პროფკავშირების თავმჯდომარეობა. ეს უკანასკნელიც, რომელიც მას 1991-1992 წლებში ეკავა, არ უნდა იყოს დიდად სატრაბახო. მსმენია, რომ მანდ მოსახვედრად ამა ქვეყნის ძლიერთათვის ოქრო-ბაჟაღლო ძღვენი იქნა გაღებული. ისიც ცნობილია, რომ ახალ მთავრობას კი ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე ტელევიზიის შენობაში ეახლა და საახალწლოდ ფიცი-მტკიცი მისცა, რომ ყოველთვის მათი იყო, მათი იქნებოდა და არასოდეს უღალატებდა. მაგრამ არაფერმა უშველა, სულ ხუთიოდე თვეში კოლეგებმა მიაიმპიჩმენტეს, ალბათ მსგავსი ვირეშმაკობებისათვის.

შარშან ზაფხულში სოხუმის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებისას ბ-ნი ხონელიძის მიერ წარდგენილ ოფიციალურ ,,რეზიუმეში“ განათლების მინისტრის მოადგილეობასა და პარლამენტის სხდომებში მონაწილეობას უკვე ვერ იპოვით (https://old.sou.edu.ge/…/axali%2…/1._CV_Zurab_Khonelidze.pdf).

ეტყობა, ჩვენში ამდენი ვერ გაბედა და მოკრძალებულად დაწერა, რომ იყო საპარლამეტო კომიტეტის სპეციალისტი. მაგრამ ბლეფზე სულმა აქაც წასძლია და ,,ვიცე პრემიერ-მინისტრის“ ტიტული დაიტოვა, თან დაუმატა, რომ არის რამდენიმე საერთაშორისო დარგობრივი აკადემიის წევრი და საპატიო დოქტორი.

სხვა რომ არაფერი იყოს, ყალბი ბიოგრაფიული ცნობების შეთხზვა ამჯერად საუნივერსიტეტო იმპიჩმენტისთვის ალბათ საკმარისია. ამასთან ამ პოსტზე უკვე ბ-ნმა ხონელიძემ გადააჭარბა საკმარის 5-თვიან პერიოდს. თუმცა, ასეთი რამ მას ჯერ კიდევ გასდის მშიშარა და დოყლაპია აკადემიურ საბჭოსთან. მაგრამ, როგორც იტყვიან, კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანს.

არა მგონია, ამ რეპლიკამ პატივცემული რექტორის ზნესა და ფერზე რაიმერიგად იმოქმედოს. დღეს ხომ მისთვის დღესასწაულია. პუტინს ირჩევენ.

მალხაზ პატარაია, მოძრაობა დაბრუნება — «აფხაზთა კრება»

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

დღეს უკვე აშკარად მიმდინარეობს რუსეთისთვის ქვეყნის გადაცემის პროცესი

Joni Kvaracxelia

«ფინანსური ბაზრის დემონოპოლიზაცია»

Joni Kvaracxelia

არაფერი სათაურის გარდა

დატოვე კომენტარი