პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფასებს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სწრაფი და ეფექტური ორგანიზების კუთხით, რომელიც შესწორებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარდა. მიღწეული აქტივობა, განსაკუთრებით პანდემიის ვითარებით გამოწვეული სირთულეების პირობებში, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმატებაა.
ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებას (ეუთო / ODIHR, ევროკავშირი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეები, ევროსაბჭო და ნატო), რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და, ზოგადად, დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები და საერთაშორისო სტანდარტები.
ამასთან, ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ შემაშფოთებელ ცნობებს დარღვევებისა და გადაცდომების შესახებ (სავარაუდოდ, ისინი აღემატება 2016 წლის არჩევნებისას დაფიქსირებულ მაჩვენებლებს). ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სათანადო დაკვირვებით და ინსტიტუციონალური პროცესის პატივისცემით, არსებული პროცედურების შესაბამისად შეისწავლოს თითოეული საჩივარი. ეს ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და ნდობას, განსაკუთრებით 21 ნოემბერს დაგეგმილი მეორე ტურის წინ.
პოლონეთი მუდმივად გამოხატავს თავის ურყევ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური”
