ინტერვიუ

პანდემიიდან დისტანციურ სწავლებამდე

კორონა ვირუსმა, მისმა გავრცელებამ და თანმხლებმა პანდემიამ მსოფლიო და მათ შორის საქართველოც არა ერთი გამოწვევის წინაშე დააყენა, დავრჩით სახლში, ვმუშაობდით დისტანციურად, საზოგადოების თითოეული წევრი ერთმანეთისგან დადისტანცირდა.
ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა კი განათლების სისტემას ეხება, სადაც ლექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და სტუდენტები მოულოდნელად ახალ გარემოში აღმოჩნდნენ. აუდიტორიებიდან და კლასებიდან მოულოდნელად საკუთარი სახლის ოთახში გადავინაცვლეთ.
დღეს გადავწვიტეთ შემოგთავაზოთ ინტერვიუ მოსწავლეებთან და სტუდენტებთან. მათი უმეტესობა თანხმდება, რომ ეს პროცესი რთული, საინტერესო, მოულოდნელი და დაძლევადი აღმოჩნდა.

მაგდა ბაქრაძე — საქართველოს უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობა.

— როგორი იყო სააუდიტორიო მეცადინეობიდან დისტანციურ მეცადინეობაზე გადასვლის პროცესი?
— ალბათ ბუნებრივია რომ თავდაპირველად რთული, ვფიქრობდი სწავლა რაღაც ხიბლს დაკარგავდა, თუმცა პირველივე ლექციის შემდგომ მივხვდი, რომ რეალობა ჩემს მოლოდინს არ შეესაბამებოდა და ბევრად უკეთესი იყო, მეტად კონფორტული.
ამ აზრზე რამდენიმე ფაქტორმა მიმიყვანა, სადაც მთავარი ლექტორის მიერ ლექციის მსვლელობის ე.წ. ,,კონტროლი» იყო, თავს ისე ვგრძნობდი როგორც ლექციაზე. არ დავმალავ, რაღაც შინაგანად მაკლდა, თუმცა რთული ასათვისებელი სულაც არ ყოფილა, პირიქით.
რამდენად მზად იყო ონლაინ პლატფორმა ამ ფორსმაჟორისთვის?
— როგორც მე მაქვს ინფორმაცია უნივერსიტეტების უმრავლესობას არ გააჩნდა სათანადო პლატფორმა ფორსმაჟორული სიტუაციისთვის, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს რომ უნივერსიტეტების უმრავლესობამ მაინც დროულად მოახერხა დამაკმაყოფილებელი დონის ონლაინ სასწავლო სივრცის შექმნა… ხარვეზები ნებისმიერ შემთხვევაში იქნებოდა, თუმცა ამ მხრივაც, ვფიქრობ, მაქსიმუმი მოხერხდა.
რა მოგცა ამ პერიოდმა შენ, როგორც სტუდენტს?
— საუნივერსიტეტო გარემო ყოველთვის მიყვარდა, დამეთანხმები უნივერსიტეტში ყოფნისას უფრო მეტად გრძნობ ცხოვრების იმ პერიოდს, რომელშიც ამ კონკრეტულ დროში ხარ. დისტანციურმა სწავლებამ უფრო მეტად გამაანალიზებინა ის, თუ რა მაგარი რამეა როცა სტუდენტი ხარ, როცა შეგიძლია თუნდაც ფოსმაჟორულ სიტუაციაში კვლავ ისწავლო.

ნინო გომურაშვილი და ხატია ელიოზაშვილი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

როგორ შეაფასებდით დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის პროცესს? რთული იყო?
— დისტანციური სწავლა ნამდვილად დიდი გამოწვევა იყო, ახალ გარემოსთან ადაპტაცია ისედაც რთული იყო და ახლა დისტანციურად ურთიერთობა რათქმაუნდა რთულია. თუმცა გამოწვევები ძალიან მიყვარს და ასე თუ ისე ავუწყე ფეხი ასეთ სიტუაციას, — ამბობს ხატია.

სიმართლე გითხრათ თავიდან შეგუება, როგორც ყველას ალბათ მეც გამიჭირდა, მაგრამ როცა რეალობის წინაშე დგები იძულებული ხარ ფეხი აუწყო ამ ინოვაციურ პროცესებს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ჭედავს საიტი, გვაქვს შეფერხება, ეს მაინც მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია, თუ არ ვცადეთ ვერ გავიგებთ რა შეგვიძლია, — ამბობს ნინო

რა შეგიძლიათ გვითხრათ უშუალოდ სწავლის პროცესზე?
— ონლაინ ლექციები და ატვირთული მასალები ყველა სტუდენტს დაგვხვდა. თუმცა ხარისხი არაა ისეთი რომ კურსი წარმატებულად დახურულად ჩაითვალოს, — გვიმხელს ხატია.

— ლექციები და სემინარები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა ჩვენს გარშემო არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა ფეხი აუწყონ ამ პროცესს ინტერნეტის თუ შესაბამისი ტექნოლოგიების არ ქონის გამო, ჩვენი უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული პლატფორმა ყველასთან მიმართებაში მეტ-ნაკლებად ობიექტურია, თუმცა არის ხარვეზები ონლაინ სწავლების დროს, რაც ბუნებრივი და გამოსწორებადია, — აგრძელებს ნინო.

რას ეტყოდით სტუდენტებს ახლა ამ გადმოსახედიდან და რას ურჩევდით მომავალ სტუდენტებს, იმისათვის რომ სწავლა ეფექტური იყოს დისტანციურადაც და აუტირიული მეცადიენობის დროსაც?
— პასუხისმგბელობით მოეკიდონ ონლაინ სწავლებას, გაიაზრონ ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, ფაქტი, ეს ყველაფერი რთულია, ჩვენც ახლა სტუდენტური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, თუმცა გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და დავუბრუნდებით ჩვენთვის და ლექტორებისთვის სასურველ სააუდიტოროო მეცადიენობას, სადაც მეტია კამათის, დისკუსიის, მსჯელობის და დებატების გამართვის შესაძლებლობაც, — სტუდენტებს ურჩევს ნინო.
— სწავლას დიდი შრომა და ენერგია სჭირდება, დისტანციურად სწავლას დიდი მონდომებაც ერთვება, ფსიქოლოგიურად მომზადებულებიც უნდა იყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუჭირდებათ. გაყინული სახეების ყურება ძალიან რთულია. აუდიტორიაში მეცადინეობა ძალიან საინტერესოა, ალბათ ყველაზე დიდი რჩევა ის იქნება სააუდიტორიო მეცადინეობები არ გააცდინონ რადგან დიდ სიამოვნებას და საინტერესო დიაკუსიებს გამოტოვებენ — აცხადებს ხატია.

სტუდენტების შემდგომ მოსწავლეებთანაც გადავინაცვლეთ, მათ შორის ერთი მათგანი მეთორმეტე კლასელია, სკოლას წელს ამთავრებს, ბოლო ზარი, ბანკეტი ეს ყველაფერი მათ ვერ გამოცადეს და გულისწყრომაც აქვს.

ნატა ბარამია — ქ.ფოთის #15 საჯარო სკოლა, XI კლასი

— კორონა ვირუსმა ყველა გამოწვევების წინაშე დაგვაყენა მათ შორის მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც, როგორ შეეწყეთ დისტანციურ სწავლებას?
— მე ვთვლი იდეალურად, როგორც კი დაიწყო სწავლება, პირველივე დღეებიდან სრულიად უპრობემოდ, გაცდენების და ხარვეზების გარეშე მქონდა და მაქვს გაკვეთილები.
რამდენად იყო სწავლების პროცესში თანაკლასელების აქტიურობა ან შენ რამდენად აქტიურობდი ამ პროცესში??
— ზუსტად ისეთივე აქტიურობის ხარისხი გვაქვს როგორც საკლასო ოთახში, ჩვეულებრივად ვმუშაობთ, მაქსიმალურად ვცდილობთ არ გამოვტოვოთ გაკვეთილები და დავალებები. მე როგორც ყოველთვის მაქსიმალურად ვარ ჩართული და უფრო მონდომებითაც ვმუშაობ.
თქვენი აზრით, რამდენად მზად იყო სისტემა ამ გამოწვევისთვის??
— ნუ ზოგადად ვფიქრობ სისტემა არ იყო მზად, მაგრამ ძალიან ეფექტურად და სწრაფად მოახერხეს გამოსავალი ეპოვათ. მარტის არდადეგების შემდგომ, სულ რაღაც 2 კვირაში მოხდა სრული მობილიზება და პროცესში უკვე, სისტემასაც ავუღეთ ალღო, მოსწავლე-მასწავლებლები ვეხმარებით ერთმანეთს ყველანაირად რომ სისტემაში მუშაობა მასიმალურად მარტივი იყოს, ასე ერთიანი ძალებით ვცდილობთ რომ ხარისხი შევინარჩუნოთ და ჩვეულებრივ რეჟიმში განვაგრძოთ სწავლა.

მარიამ წიქარაძე — სსიპ. მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ თელავის #4 საჯარო სკოლა, XII კლასი.

მარიამ, როგორც ვიცი წელს აბიტურიენტი ხარ, მოდი შეგვიფასე დისტანციური სწავლების პროცესი, რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ეს შენთვის და სკოლისთვის??

— პანდემიის ფონზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არეულობამ ხელი ვერ შეუშალა განათლების პროცესებს, რაც ძალიან სასიხარულოა. ვფიქრობ, სკოლებმა საკმაოდ კარგად აითვისეს „teams“-ის პლატფორმა. ჩემს სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს საგაკვეთილო პროცესები. ერთი მხრივ, დისტანციური სწავლება მეტად საინტერესოც გახდა. სწორედ ამ ონლაინ გაკვეთილების არსებობის ხარჯზე პანდემიისაგან გამოწვეული სტრესიც განეიტრალდა საზოგადოებაში და, რაც მთავარია, მოსწავლეებისთვის სწავლების პროცესი, შეიძლება ითქვას, მარავალფეროვანიც გახდა, რადგან მათი რუტინული ცხოვრება ონლაინ გაკვეთილებმა ჩაანაცვლა.
გარდა ამისა, შეიცვალა იმ კატეგორიის მოსწავლეების დამოკიდებულებაც, რომელთა ინტერესიც სცდებოდა სკოლის კედლებს. ანუ, ვირტუალურ ცხოვრებასა და კომპიუტერს მიჯაჭვული ახალგაზრდებისათვის გამოჩნდა ახალი თავსატეხი, რომელიც მეტად მისაღებიც აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ დისტანციური სწავლება ეხმიანება 21-ე საუკუნის გამოწვევებსაც.

— როგორც ვიცი აბიტურიენტი ხარ, როგორი შეგრძნება სკოლის დამთავრება ბოლო ზარის დარეკვის გარეშე?
— თქვენ მეკითხებით რას ნიშნავს სკოლის დამთავრება?! მე გიპასუხებთ და ყველა აბიტურიენტი დამეთანხმება, რომ ეს ძალიან რთული და, ამავდროულად, მტკივნეული თემაა. სკოლის დამთავრება, წყალში გეგმებჩაყრილი ახალგაზრდების ცრემლები, სააქტო დარბაზში მომღერალი ბავშვების სევდანარევი სიხარული, ტკბილი და დაუვიწყარი მოგონებები, ცარიელ კედლებში ყრუდ დარეკილი ზარის ხმა და მიჩუმებული ქალაქი… ეს არის აღწერა ყოველივე იმის, რასაც თითოეული აბიტურიენტი განიცდის. მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია იმ ურთიერთობების დათმობა, რაც 12 წლის განმავლობაში შევქმენი და განვამტკიცე. ახლა კი, როცა მოლოდინებით დატვირთულები სკოლას ვამთავრებთ და უბრალოს video call-ის საშუალებით გვიწევს დამშვიდობება, ძალიან სამწუხაროა.

— შენი აზრით, რა არის საჭირო იმისათვის, რომ შემდეგში უფრო მეტად მობილიზებულად და წარმატებულად შევხვდეთ მსგავსი ტიპის გამოწვევევბს?
— სამწუხაროდ, მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ დიდი და მოულოდნელი თავსატეხი მოევლინა გამოუცდელ საზოგადოებას. ეს იმის დასტურია, რომ ყოველთვის ყველაფერს უნდა ველოდოთ და შემზადებული უნდა ვიყოთ. ამისათვის საჭიროა, რომ გამოვიყენოთ გამოცდილება, თუნდაც, შორეული წარსულიდან, ჩვენი ისტორიიდან, ამჟამინდელი მდგომარეობიდან… თუმცა ამ ყველაფერს აქვს პოზიტიური მხარეებიც: დღევანდელი სიტუაცია არის მაგალითი იმისა, რომ ძლიერ და ერთიან საზოგადოებას შესწევს ძალა, რათა დაძლიოს თავს დამტყდარი საშიშროება. ეს არის მოტივაცია იმისა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა. მაგალითი უნდა ავიღოთ ჩინელი ექიმებისგან, მოსახლეობისგან, რომელთაც 10 დღეში შეძლეს საავადმყოფოს აშენება იმ მიზნით, რომ პანდემიას გამკლავებოდნენ. ასევე, დასაფასებელია ქართველი ექიმების თავდაუზოგავი შრომა და თავგანწირვა საკუთარი ხალხის კეთილდღეობისთვის.

კითხვა ბევრია, მოსაყოლიც ბევრი აქვთ სტუდენტებსა თუ მოსწავლეებს, მონატრებული გარემო, საყვარელი მასწავლებლები თუ ლექტორები, კლასელები, კურსელები. კორონა ვირუსის პანდემიამ ხომ ყველა ბარიერების წინაშე დაგვაყენე, ამ სტატიის მომზადებაც დისტანციურად მოგვიწია, თუმცა მთავარია არსებული ბარიერები გამოწვევად ვაქციოთ, გადავლახოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

ესაუბრა ვანო გომურაშვილი

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის მიერ მართვადია…» — დოდონა კიზირია (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

უთვალთვალებენ თუ არა ნიკა მელიას საკანში — ინტერვიუ ნიკა მელიასთან საკანში #224

მამული ბერიას სკანდალური განცხადება სოხუმის უნივერსიტეტში არსებულ მდგომარეობაზე (ვიდეო)

დატოვე კომენტარი