განცხადებები

ნაცმოძრაობის შიდა არჩევნები — გია ხარჩილავას პოზიცია

წალენჯიხის მერი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ხარჩილავა, შიდა პარტიულ არჩევნებზე საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა:

«სიცხადისთვის:
წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც გაიმარჯვა ოპოზიციამ, რაც განაპირობა შემდეგმა ძირითადმა ფაქტორებმა:
1) პირადად ჩემი ძალისხმევით მოხდა ნაციონალური მოძრაობის სრული მობილიზაცია და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით წასული, გამიჯნული, კარისკენ მითითებული, განაწყენებული თუ ხელჩაქნეული, წონიანი და უბრალოდ საიმედო ადამიანების, პიროვნებების შემობრუნება ენმ პარტიაში და სრული დარაზმვა გამარჯვებისკენ, მხოლოდ გამარჯვებისკენ და არა, თუნდაც, სოლიდური შედეგისთვის! დღესაც ჩვენ ერთად ვართ და მადლობა მათ!
2) კოალიციური ერთობის რეალური, არაეფემერული, პრაქტიკული შედუღაბება და მართლაც საქმით ეფექტური გაერთიანების ჩამოყალიბება;
3) უკომპრომისო ბრძოლა სწორი ტაქტიკით და სტრატეგიით.
შედეგად, (2012 წლის შემდეგ, ყველა წაგებული არჩევნების ფონზე,) 2021 წელს წალენჯიხაში გაიმარჯვა ოპოზიციამ.
რატომ დამჭირდა ეს შესავალი?
იმიტომ, რომ ეს პარტიული ერთობა და კოალიციური მოდელი ძალიან ძვირფასია წალენჯიხისთვის და მთელი საქართველოსთვის. ამიტომ, არც დღეს ენმ-ში მიმდინარე ახალმა პროცესმა, ენმ-ს არჩევნებმა, უნდა შეუქმნას საფრთხე არსებულ რეალობას, წალენჯიხაში არსებულ განსაკუთრებულ გარემოებას (მთელი ქვეყნების მასშტაბით) და ამიტომაც გადადგმულ იქნა შემდეგი ნაბიჯები:
წალენჯიხა, თავისი უნიკალური შედეგით, არ უნდა გახდეს ასპარეზი დაპირისპირებისა, სიებზე ზემოქმედებითი მანიპულირებებისა… პირიქით, უნდა შევხვდეთ ყველა კანდიდატს, წარიმართოს დემოკრატიული საარჩევნო პროცესი, ხმაც გადანაწილდეს პოლიტიკური სიმპატიებით და არა რესურსებზე (რწმუნებულები, აიპი და ა. შ.) ზეწოლით, კონკრეტულ პიროვნებებზე გასვლით და ა. შ. ხოლო მე, თავი შევიკავე პოლიტიკური აქტივობისგან, რათა არ შემექმნა საკუთარი პოლიტიკური წონის დომინაციის პრეცენდენტი რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ. ჩემი ეს პრინციპული პოზიცია გავაცანი პეტრე ცისკარიშვილს (ხაბეიშვილის ფრთა), დამეთანხმნენ, ასეც შევთანხმდით.
ეს რეალობა ეცნობა წალენჯიხის «ენმ» პარტორგანიზაციასაც (ავთანდილ გაბელია). ამ დღეებში იგივე მიდგომა დადასტურდა ნიკა მელიას მიერაც და მადლიერი ვარ ყოველი მათგანი წალენჯიხის რეალობის გაფრთხილებისთვის და მსგავსი საქმისათვის.
ამ შეთანხმებების მერე ვერავინ იტყვის ჩემი, როგორც მერის რაიმენაირ აქტივობებზე რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ!
გაიხსნა კონკურენციის სივრცე, გაიხსნა თანაბარი პირობებით!
ამ რეალობის მერე ამუშავდა ყველა ფრთა-მელიას, ხაბეიშვილის გულშემატკივრებისა, ასევე-მუმლაძისა და დღეს ყველა ემუშავება ყველას-ყოველგვარი სკანდალური მეთოდების, ზეწოლის, (ზოგადად ცნობილი მეთოდების) გარეშე. (ეს არ არის საერთო ეროვნული არჩევნები, რომ ადმინისტრაციული რესურსები იქნას გამოყენებული და ეს ელანდება მას, ვისთვისაც ორგანულია აღნიშნული მეთოდები).
!!! ისევ სიცხადისთვის:
მე თვითონ მაქვს შეკითხვა ყველა კანდიდატთან:
1) არის თუ არა მთავარი პოლიტიკური საკითხი მიშას ჯანმრთელობის ამბავი; გჯერათ თუ არა, რომ ივანიშვილი გაათავისუფლებს მას და თუ არა, როგორ აპირებთ მოქმედებას და სისტემის იძულებას მიშას სიცოცხლისთვის და თავისუფლებისთვის?
2) გჯერათ თუ არა, რომ ოცნება შეასრულებს 12 პუნქტიან გეგმას; თუ არა, მაშინ რას ვაპირებთ, ვეგუებით? ქვეყნის მომავალს «ოცნებას» შევატოვებთ?
3) დამარცხების შემთხვევაში რჩებით თუ არა პარტიაში და იმუშავებთ თუ არა პარტიის გასაძლიერებლად?
4)ხართ თუ არა თანახმა, რომ ამ ფორს-მაჟორში დავუშვათ 100 დღიანი ანგარიშის აუცილებლობა და 100 დღის მერე გადაიხედოს თავმჯდომარის მუშაობის ეფექტურობა?!
ანუ, ვინ, რა პასუხისმგებლობას იღებს!!!
თითოეულმა კანდიდატმა ეს საკითხები უნდა მოიტანოს გულწრფელად მომხრეებთან და ხალხი თვითონ გადაწყვეტს, ვის ანდობს პარტიის ბედს ამ უკიდურესად კრიზისულ პერიოდᲨი!
მე კი ვფიქრობ, რომ ცვლილებები პარტიის სტრატეგიაში და ტაქტიკაში აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, თუ მოქმედ თავმჯდომარედ ნიკა მელია დარᲩება… სხვა კანდიდატები ხომ მაინც ცვლილებების საჭროებით ხსნიან არჩევნების აუცილებლობას! მიმიხვდით, ალბათ, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ პროცესების თვითდინებისა და «ოცნების» თამაშის წესებით ოპერირების… მინდა დავინახოთ შედეგზე ორიენტირებული, დროში გაწერილი გეგმა-ანუ პასუხისმგებლობა! ამასთან, ეს არჩევნები არ უნდა გახდეს რაიმეს დასასრული, არამედ, მომავალ სტრატეგიაში და ტაქტიკაში შეთანხმების დასაწყისი, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს!!!!
ცნობისთვის:
√ ნიკა მელიასთან მაკავშირებს კოალიციური მოდელის ირგვლივ ძალიან ნოყიერი, წარმატებული მუშაობა და საველე ბრძოლა.
√ «ფორმულა ჯგუფმა», წალენჯიხასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, წალენჯიხაში მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა სპორტში და განათლებაში, ამასთან, პირადად გიორგი ბოტკოველი და პეტრე ცისკარიშვილი გახდნენ ჩვენი, წალენჯიხელი, უკრაინაში დაღუპული გმირების ჭირისუფალნი.(აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია, კაცური მადლობა მათ!)
√ მუმლაძეზე კარგის მეტი არაფერი გამიგია.
√ მამულაშვილს ამ დღეებში ვხვდები და ღრმა პატივისცემა ჩემგან ბევრი მიზეზის გამო! წალენჯიხელებმა ყველაფერი უნდა იცოდნენ-ვერავის ვერაფერს დავუკარგავ. მაგრამ, როგორც მერი, ვინარჩუნებ არააქტიურ პოზიციას, ანუ, არ ვლობირებ არც ერთ კანდიდატს!.. პირიქით, არჩევნების დამთავრების შემდეგ, პირველ საქმიან შეხვედრის ტერიტორიად წალენჯიხას ვთავაზობ მომავალი მიზნების დასასახად!
და ბოლოს! ეს ყველას გვეხება! ყველას, ვინც გრძნობთ, რომ ტაქტიკა ტექტონიკური უნდა გახდეს, ყველა მხარეს,(რადგან შექმნილ ვითარებაში, ამ შიდაპარტიული ურთიერთობებით და პოზიციების ასეთი სხვადასხვაობით, მართლაც ვერ განვვითარდებოდით) მომავალი დათქმა/პირობებით:
«ნაკადულმა იმდენი ქვა და ღორღი შამოიტანა, რომ იძულებული შეიქმნა კალაპოტი ეცვალა და ახალი კალაპოტი ეძებნა» (ლეონარდო და ვინჩი).» — განაცხადა გია ხარჩილავამ.

Loading…

მსგავსი პოსტები

«რაჭა-ლეჩხუმში უკვე 59 მიტოვებული სახლი გაიყიდა»

«დარწმუნებული არა ვარ, რომ ცოცხალი ვიქნები სინოდის სხდომამდე»-მეუფე პეტრე

ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და საქმეში დამოუკიდებელ ექსპერტს ჩართავენ — მიხეილ რამიშვილი

დატოვე კომენტარი