პოლიტიკა

ნაციონალურ მოძრაობაში პოლიტსაბჭოს სხდომა 11 დეკემბერს ჩაინიშნა

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში პოლიტსაბჭო 11 დეკემბერს, 15 საათზე ჩაინიშნა. ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა.

ნაყოფიას თქმითვე, სხდომაზე განიხილავენ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ბოლო პერიოდში დაგროვდა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, შიდაპარტიული არჩევნები იქნება ღია და გამჭვირვალე.

«მე ახლა ვიმყოფები კიევში. აქ დიდი თუ პატარა და განსაკუთრებით პოლიტიკური ელიტა დაინტერესებულია ერთი მთავარი საკითხით საქართველოსთან მიმართებით — ეს არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყველამ კარგად ვიცით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. აქ ყველა სვამს მხოლოდ ამ კითხვას და ეს არ არის მხოლოდ კითხვის დასმა, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი. ამ ფონზე მე ცოტა გაკვირვებული ვარ, ჩვენი კოლეგების სიჩქარით. დღეს გაიმართა ბრიფინგი ჩვენი კოლეგის და თანამებრძოლს იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა ჩაინიშნოს პოლიტსაბჭოს სხდომა.

მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო კორექტული და კარგი იქნებოდა, თუ ეს მოხდებოდა კონსულტაციების შედეგად, უბრალოდ ერთი სართულით მაღლა იყო ასასვლელი პარტიის ოფისში, კოლეგებთან შეიძლებოდა საუბრის გამართვა და ერთიანად შეთანხმებულიყვნენ თარიღზე. ყველაზე მარტივი იქნებოდა ტელეფონის ზარი, რომელიც დღეს საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას. მაგრამ მათ, ჩემდა სამწუხაროდ, არჩიეს ეს გზა. მე კარგად მესმის, რომ არჩევნები პარტიაში უნდა ჩატარდეს ღიად, გამჭვირვალედ, არავის არ უნდა ჰქონდეს არანაირი ეჭვი მის შედეგზე და ა.შ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნების ჩატარების ფორმა და კამპანია იყოს ღირსეული…

მე როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ჩაინიშნოს 2022 წლის 11 დეკემბერს, 15:00 საათზე»- თქვა ნაყოფიამ.

დღეს, 2 დეკემებრს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთა ნაწილმა ბრიფინგი გამართა და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას მოუწოდეს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს პოლიტსაბჭოს სხდომა, რათა ჩანიშნოს პარტიაში თავმჯდომარის არჩევნების კონკრეტული თარიღი.

*

9 ნოემბერს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში შიდა პარტიული არჩევნები, მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევა მოითხოვეს. იმავე დღეს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ არჩევნებში მონაწილეობაზე მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე თანაგუნდელებმა «ნაჩქარევი განცხადება გააკეთეს».

საკუთარი კანდიდატურები დააყენეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც. 16 ნოემბერს მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ლევან ხაბეიშვილმაც და გამოვიდა ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიქმნას შტაბი, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. მოგვიანებით ჩალაძემ კანდიდატურა მოხსნა.

Loading…

მსგავსი პოსტები

პოლონეთის სეიმმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია მიიღო

«ფულს აკეთებს სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე»-ალეკო ელისაშვილი

რამდენს დახარჯავს საქართველო კორონავირუსის პრევენციისთვის

დატოვე კომენტარი