განცხადებები

„მკვლელი ვინ არის – ეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბატონ ზაზა სარალიძეს უთხრა»

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი  ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ განცხადება ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა:

„მკვლელი ვინ არის – ეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბატონ ზაზა სარალიძეს მაშინ უთხრა, როცა ეს პირები დააკავა და მაშინ, როცა საქმე სასამართლოში წარმართა. გასაგებია, რომ დადგა განსხვავებული შედეგი, თუმცა ობიექტური გარემოებების შესახებ, რამაც ამ შედეგზე გავლენა მოახდინა, მე ამაზე ძალიან ბევრი ვისაუბრე. რა შეიცვალა სასამართლოში, მათ შორის, რა შეიცვალა ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, რაზეც ახლა, ამ ახალი გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებთ და ცალსახად შემიძლია ვთქვა… ჩვენ ვთქვით გამოძიების დასასრულს, ჩვენ დავხატეთ სრული სურათი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო მკვლელობის ჩამდენი პირი, ეს სურათი სასამართლოზე შეიცვალა. ახლა ჩვენ, ბრალდების მხარე, პროკურატურა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლოში დადგეს ის შედეგი, რომელიც უნდა დადგეს. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას, ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი ზაზა სარალიძე არ ენდობა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ეს ადამიანურად აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის, თუმცა მე მას მოვუწოდებ, ნდობის საფუძველი ნამდვილად არსებობს, თუნდაც იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რაც ამ საქმეზე განაჩენის გამოტანიდან ძალიან მოკლე დროში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადადგა. ერთი რამ მინდა ცალსახად ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა ვმუშაობთ მოწმეებზე ზემოქმედების მიმართულებით და შედეგი უკვე ორი ადამიანის დაკავების სახით გვაქვს, თუ გამოვლინდება და მკვლელობაში დამატებით სხვა პირების მონაწილეობის ეჭვი გაჩნდება და ეს დადასტურდება მტკიცებულებებით, ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ, დამერწმუნეთ, რომ ამ საქმეზე შედეგი დადგება.თუ იქნება მესამე მკვლელი (პირობითად ვამბობ) – შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის ზომებს გაატარებს. თუმცა, ძალიან გთხოვთ, თავი შევიკავოთ მტკიცებულებებზე დაყრდნობის გარეშე ვარაუდების საფუძველზე განცხადებების გაკეთებისგან. საგამოძიებო კომისიაზე ჩვენ ყველა შეკითხვას გავცემთ პასუხს. რაც შეეხება ჭრილობების რაოდენობას, რაც შეეხება მკვლელების რაოდენობას, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ დავადგინეთ მკვლელობის ჩამდენი პირები, სამწუხაროდ, ეს სასამართლომ არ გაიზიარა. ახლა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლოში შესაბამისი შედეგი დადგეს და მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამის პარალელურად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თუ საქმეში მესამე, მეოთხე და სხვა პირი მონაწილეობდა, მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დავაყენოთ“-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლოვი განცხადება

ქართველი პოლიტიკოსების კომენტარები გერმანიის ელჩის განცხადებაზე

ოკუპირებულ აფხაზეთში შესაძლოა კომენდანტის საათი გამოცხადდეს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი