ანალიტიკაოკუპაცია/დევნილებიპუბლიკაციები

მედლის მესამე მხარე

ადამიანი ცოცხალია არა სანამ მოძრაობს, არამედ — სანამ ახსოვს…
ძველი ლათინები

აფხაზეთის თემაზე ნაწერებს სოციალურ ქსელშიც კანტიკუნტად მოკრავ თვალს.
პოზიორობა უფრო მომგებიანი ჩანს…
ცხადია, თუ სხვებს არა, ვისაც აფხაზეთში გვიცხოვრია არ გვავიწყდება, მაგრამ აქაოდა, დაბრუნების არანაირი მოლოდინი არა გვაქვსო — დუმილს ვამჯობინებთ, თუ სხვა მიზეზია რამე, არ ვიცი. არდა — საწყენია.
დავიწყების უფლება არა გვაქვს და არც ცხოვრებისეული ლოგიკა დათმობს, რომ საქართველოზე გამავალი ე.წ. „სამხედრო გზა“ სამუდამოდ გაუქმდეს. ყველაფერს თავისი დრო აქვს. აფხაზეთის საქართველოსთვის დაბრუნება სულაც არ არის ფანტაზიის სფეროდან.
უნდა ვინმეს ეს, თუ არა, ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთს კვლავ ჩვენ ქართველები ავაყვავებთ და დავამშვენებთ, ხოლო გენეტიკური ქართული კეთილშობილი გენეტიკა ერთმანეთის დაკარგვის საშუალებას არ მოგვცემს.
აფხაზეთი არაერთხელ გავერანებულა…
გთხოვთ, გაიხსენეთ, ისაუბრეთ აფხაზეთზე. სულ ერთია მწარეა თუ თუ ტკბილი. თქვით რამე აფხაზეთზე. სულ ერთია რას იტყვით, როგორ იტყვით, ვისზე და რომელზე რამდენს იტყვით… გაიხსენეთ, ისაუბრეთ.
ტკივილი გამხელილი სჯობს!

რა მოსატანია, მაგრამ ანეკდოტი გამახსენდა: საიქიოში ორი ქართველის ჩონჩხი შეხვდა ერთმანეთს. ერთი ეკითხება მეორეს, შენც შიმშილით მოკვდიო. — არა, ჯერ ცოცხალი ვარ, სამუშაოს საძებრად ვარ ჩამოსულიო.
ვერავის დავამშვიდებ, საიქიოს ვერ ავცდებით, მაგრამ რა საჩქაროა, მთავარია:
გვახსოვს, ესე იგი — თუნდაც ჩონჩხები, მაგრამ ცოცხლები ვართ…
ნუ გავჩუმდებით…

სხვაგან არ მიცხოვრია. მომწონდა იქაურობა და ფიქრად არ მომდიოდა თუ დავტოვებდი იქაურობას…
მარინა კაკაჩია, თუ გახსოვს, „მაიაკის“ იქით არასდროს ვიცხოვრებო…
კაცი ბჭობდა და …
ყველა ახლობელი და მეგობარი აფხაზეთში ვცხოვრობდით. უკლებლივ ყველას ერთმანეთი გვიყვარდა. მეზობლებთან უმეტესობას ნათელ-მირონი გვაკავშირებდა; ერთი ოჯახივით ვიყავით.
ყველაზე მეტად ეს მახსოვს: დედაჩემი სადილად კერძს რომ გაამზადებდა, მეზობლის მოხუცთან უნდა გაეტანებინა და მხოლოდ შემდეგ მივუსხდებოდით სუფრას. სხვათა შორის, იმ მეზობელს არაფერი აკლდა და მოწყალება არ მიგვქონდა, ვაგრძნობინებდით, რომ გვახსოვდა და პატივისცემას გამოვხატავდით. ზოგადად ასეთი ურთიერთობის დაკარგვა უფრო დასანანია, ვიდრე მიწას მოწყვეტა.
ეჭვი არ მეპარება, აფხაზეთში აუცილებლად იცხოვრებს ჩვენი შთამომავლობა, იქნებ, ბევრად უკეთესად, ვიდრე ჩვენ ვიცხოვრეთ, ვისურვებ, რომ სწორედ იმ სიყვარულით ერთმანეთისადმი ჩვენ რომ გვქონდა.
პირველ ბაბუშარაში ჩვენი ეზო მალანიებს ეკუთვნოდათ, თურმე და მამაჩემს ერთი თვის ხელფასით შეუძენია. მას უკან ნახევარი საუკუნე გავიდა და სწორედ აფხაზეთის დაკარგვის წინ ამოვისუნთქეთ, წელში გავიმართეთ და გვეგონა, ახლა უნდა დაგვეწყო ნამდვილი ცხოვრება.
დიახ, დავიწყეთ… ნამდვილად „ახალი“… სრულიად ახალი…

***
სოხუმის უნივერსიტეტში ვისაც უსწავლია, არ შეიძლება არ ახსოვდეს ბორის გურგულია — გამართული ქართულით მოსაუბრე ერთობ სანდომიანი დინჯი და ერთი შეხედვით უპრეტენზიო — აფხაზი ეროვნების მასწავლებელი. ამ ორიოდე წლის წინ რაღაც მასალის მომზადებისას მისი სურათი მოვიძიე. აღმოჩნდა, რომ ინტერნეტ სივრცეში მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვებოდა. გოგი ფაცაცის წიგნში მოგონებას წავაწყდი და კვლავ მოვიძიე მისი სურათი. ამჯერად მასალა სურათებით ბლომად არის, ერთ-ერთი იუწყება, რომ: ბორის ალმასხანის ძე გურგულია — ცნობილი აფხაზი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე 85 წლის გახდებოდა.
გავიგე, რომ ბორის გურგულია კვიტოულიდან ყოფილა, ამავე სოფლის შვილის აფხაზეთის სახალხო პოეტის, მუშნი ლასურიას მოგონების თანახმად, ტამიშის სკოლა დაუმთავრებია, სადაც სხვა მომავალ პოეტებსაც უსწავლიათ, მათ შორის: შოთა ჭკადუას, მუშნი ჯოპუას, პლატონ ბებიას და ასე შემდეგ. არ მითხრათ ახლა ქართული გვარები აქვთო… ეს მათ და არც სხვათა აფსუობას ხელს არ უშლის. აფხაზეთში ჩვენი ცხოვრებისასაც აფხაზეთს აფსუას უწოდებდნენ და სოხუმს მათთვის „აყვა“ იყო, ახლა რომ „სოხუმ“ გახადეს… სწორია, ის ახლა სხვა ქალაქია და შესაბამისად — სახელიც სხვაა.
გურგულიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტი დაუმთავრებია, კერძოდ რომელი ენის — უცნობია, მაგრამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზურ, რუსულ და ქართულ ენებზე „ლიტერატურაზე კითხულობდა ლექციებსო“ – (სტილი დაცულია): თბილისის უნივერსიტეტში სწავლისას უამრავი ქართველი მეგობარი შეიძინა და უსაზღვროდ უყვარდა ისინიო, ამტკიცებს ავტორი და განაგრძობს: „მაგრამ შემდეგ როცა აფხაზეთში მოვლენები აბობოქრდა და აფხაზებსა და ქართველებს შორის შეტაკებები რუსეთ-საქართველოს ომში გადაიზარდა, მეგობრობამ ვერ გაუძლო გამოცდას“. ამ დროს ბორის გურგულიას თავისუფლების იდეები აწუხებდა თურმე, აფხაზი ხალხის ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში იყო ჩართული და ეს არქიმნიშვნლოვანი გახლდათო მისთვის, ამბობს ლასურია: „ტკიოდა აფხაზი ხალხის დამოუკიდებლობის იდეა და ეროვნულ მოძრაობას მთელი არსებით გულშემატკივრობდა, თავისუფალ აფხაზეთზე ოცნებობდა. ბედის ბოროტი ირონიით მისი ერთ-ერთი ვაჟი სამშობლოსთვის ბრძოლაში დაიღუპა. ამ უძლიერეს დარტყმასაც გაუძლო. შვილი დაასაფლავა თუ არა, მებრძოლების გვერდით დადგა. ესწრებოდა ომში დაღუპულთა გასვენებებს და სულისშემძვრელი სიტყვებით ანუგეშებდა მასავით დამწუხრებულებს.

პუბლიცისტ ვლადიმირ ზანთარიას თქმით, გუგრულია ხშირად იმყოფებოდა „აღმოსავლეთის ფრონტზე“, მებრძოლების წინაშე ბალადებს, პოემებს კითხულობდა და საბრძოლო სულისკვეთებას ამაღლებდა. ომის თემას, საკუთარ ვაჟს და სხვა აფხაზეთის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის თავგანწირულ მამულის დამცველ გმირებს არაერთი ლექსი და პოემა მიუძღვნა. ავტორების თქმით, ბორის გურგულიას განსაკუთრებული ღვაწლი აქვს აფხაზი ერის წინაშე, რადგან აფხაზურად თარგმნა და წიგნად გამოსცა აფხაზი პოეტის გიორგი ჩაჩბას შემოქმედება. (ჩაჩბა — აფხაზი პოეტი მხოლოდ ქართულად წერდა), გურგულიას ცხოვრების ლაიტმოტივი აფხაზი ერის ბედ-იღბალი ყოფილა.
ბორის გურგულიას იხსენებს გოგი ფაცაცია საკუთარ წიგნში „ჩვენი ბაბუშარა“:
„მაშინდელ სოხუმის მ. გორკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში (შემდეგ აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ჩემი სტუდენტობისას ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე რამდენიმე ახალგაზრდა, თითქმის ჩვენი ასაკის ლექტორ-მასწავლებელი ერთდროულად მოვიდა. განათლებით და კეთილშობილებით გამორჩეული ქალბატონი ეთერ ქაჯაია, უბრწყინვალესი ადამიანები და პროფესიონალები: ოთარ მიქიაშვილი, ჯემალ სილაგაძე, ელგუჯა გულედანი… კიდევ რამდენიმე. მათ შორის ბორის გურგულია, ეროვნებით აფხაზი, მოკრძალებული ახალგაზრდა კაცი, რომელიც ქართულად გვიკითხავდა ლექციებს. მოკლე ხანში გავიგეთ, რომ ლექსებს წერდა. მიუხედავად იმისა, რომ აბეზარი სტუდენტები თავგამეტებით ცდილობდნენ დაებნიათ ახალგაზრდა ლექტორები, არ გამოსდიოდათ, ზღვარი არასდროს ირღვეოდა — გამოუცდელობას გონიერება ჯაბნიდა და ჭკვიან, განათლებულ მასწავლებლებთან ნებისმიერ თემაზე შეიძლებოდა საუბარი. ლექციები მეტად საინტერესოდ მიმდინარეობდა. გურგულია — ამ გვარის ქართველს ბევრს ვიცნობდით და ბორის გურგულიას გააფხაზებულ ქართველად მივიჩნევდით. როცა ამას ვეუბნებოდით, არ თაკილობდა, საუბარში მხარს გვიბამდა.
იმ დროს ქართველებსა და აფხაზებს შორის ეროვნულ საფუძველზე რაიმე გაუგებრობა, აბსურდული ნიშნით მეგობრების შერჩევა წარმოუდგენელი იყო. სტუდენტობისას თუ კომკავშირში მუშაობის პერიოდში აფხაზი და ქართველი ახალგაზრდებს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებდა. დღედაღამე თითქმის ერთად ვიყავით. გარდასულ იმ ბედნიერ წლებში დაუვიწყარი დღეები გვაქვს ერთად გატარებული ერთ დროს მოძმე ერების წარმომადგენლებს. რა დამავიწყებს და ეჭვი არ მეპარება, ასევე ვახსოვარ მათაც. ყველას ვერც ჩამოვთვლი, მხოლოდ ზოგიერთებს გავიხსენებ, მათ შორის არიან გუდისა ძიძარია (გიორგი ძიძარიას — პედაგოგიური ინსტიტუტის მაშინდელი რექტორის შვილი), დავით ფილია, ვიაჩესლავ (სლავიკ) ცუგბა, ნუგზარ აშუბა, ალექსანდრე (ალიკ) ანქვაბი, პაჭ ბარციცი, დიანა რეკვავა, თემურ კალანდია (ამ სახელის და გვარის სხვა პიროვნებაც არის, მე ბაბუშარელზე ვამბობ) შემდეგ მთავრობაში მაღალ თანამდებობებზე დაინიშნენ. მოგვიანებით ასევე ცნობილი და თანამდებობის პირები გახდნენ რეზო სოფია, ძმები რეზო და სოსო სულუხიები, მურად ანჯაფარიძე, ზურაბ ერქვანია, თამაზ ნადარეიშვილი, ვახტანგ ყოლბაია, რეზო გერგედავა, ლიანა ლომინაძე, ლიაზ თამლიანი, იური ბეჭვაია, ვათანდილ ბოკერია… — უახლოესი მეგობრები ვიყავით ერთმანეთის ჭირსა და ლხინს ვიზიარებდით. ერთმანეთისადმი ერთგულებასა და მეგობრობაში ეჭვი არასდროს შეგვიტანია. გუდისა ძიძარია, თემურ კალანდია, დავით ფილია, სლავიკ ცუგბა და მე თითქმის ერთი სიმაღლის და წონის ვიყავით. იერსახითაც ისე ჩამოვგავდით ერთმანეთს, ერთად რომ გვნახავდნენ, მნახველები აღტაცებით გვეუბნებოდნენ, ღვიძლი ძმებივით გავხართ ერთმანეთსო.
რა მოსატანია და, დღემდე გულით ვატარებ იმ განუმეორებლ გრძნობას და უზმოდ ვწუხვარ მსხვერპლისთვის, უაზრო ამბიციებმა და შუღლის ხელოვნურად დათესვამ რომ გამოიწვია, სამუდამოდ გაგვთიშა და დაგვაკარგინა ერთმანეთი. რა დროც უნდა გავიდეს, არასდროს განელდება ჩემს გულში მწუხარება იმ ადამიანების უაზრო დაღუპვის გამო, ჩვენს აფხაზეთში ცხოვრებას რომ ამშვენებდნენ და ალამაზებდნენ.
დიახ, იყო ასეთი დრო ყოველი ჩვენთაგანისთვის აფხაზეთის მზით გამთბარი და გაბრწყინებული, მხოლოდ სოხუმისთვის დამახასიათებელი მანამ, სანამ მოწმენდილი ციდან აფხაზეთის უბედურება იქუხებდა.
და მაინც, როდის და როგორ უნდა შევძულებოდით ბორის გურგულიას — ჩემს საყვარელ ლექტორს — ისე, რომ შვილების ქართველების წინააღმდეგ იარაღით ხელში საბრძოლველად წასვლას წინ არ აღუდგა, მეტიც, თავადაც აგვიმხედრდა. რას უნდა ებიძგა მათთვის საკუთარი მეზობელი, კლასელი თუ თანაკურსელი ქართველები დასახოცად გაემეტებინათ. ხომ შესანიშნავად იცოდნენ, ჩვენ, მათგან სასიკვდილოდ გაგვიმტებულებს არანაირი დანაშაული არ მიგვიძღოდა მათ წინაშე.
პასუხს უკვე არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან:

«БОРИС ГУРГУЛИА
Место смерти:
Тамыш, Россия
Гражданство:
Россия

Сын — Абзагу Гургулиа, Герой Абхазии, погиб в 1990-е.»

აფხაზეთის ომი რომ დაიწყო ბორის გურგულიას ვაჟები 17 – 18 წლისანი თუ იქნებოდნენ. იმის შესახებ, რომ დაპირისპირების პირველსავე დღეებში „აფხაზური შეიარაღებული დაჯგუფების“ წევრებად ჩაწერილან და ქართველების წინააღმეგ გაულაშქრავთ, იმ დღეს ჩემთან სტუმრად მოსული სოხუმელი გრამიტონ ბარამიასგან შევიტყვე სხვა სამწუხარო ფაქტთან ერთად, რომელიც უნდა გაგიზიაროთ:
გრამიტონ ბარამიამ მითხრა:
ჩვენს სახლის კარებზე ზარი სისხამ დილას გაისმა. თუმცა არეული დრო იყო. აფხაზეთიდან ქართველების დედაწულიანად აყრას არავინ მოელოდა. ომს ჯერ კიდევ კონფლიქტი ერქვა და ვერ გაიგებდი, ვინ მტერი იყო და ვინ მოყვარე. როგორც შემდეგ გაირკვა, თურმე ქართველები ვერ ვიგებდით, იქით მხარეს ყველაფერი გარკვეული ჰქონიათ…
გავიხედეთ «სათვალთვალოდან». ჩვენი კორპუსის მეორე სადარბაზოს მეზობლები ბორის გურგულია და მისი ცოლი იდგნენ. გავოცდი, ერთ დროს კეთილ მეზობლებს ქართველებთან კონტაქტები კარგა ხნის გაწყვეტილი ჰქონდათ და შორს ეჭირათ თავი. სისხამ დილას მათ ვიზიტს ნამდვილად არ მოველოდი.
დაუყოვნებლივ გავაღე კარი თუ არა, ცოლ-ქმარი მუხლებზე ერთდროულად დაეცა და ასე დაჩოქილებმა რაღაცის ხვეწნა დამიწყეს. ამასობაში ჩემი ოჯახის წევრებიც გამოვიდნენ, მაგრამ კარგა ხანს ვერცერთი ვერ მივხვდით, თუ რას ითხოვდნენ. ბოლოსდაბოლოს ლუღლუღს, ცრემლსა და ქვითინს შორის გავარკვიე:
— გრამიტონ, გეხვეწებით, გემუდარებით, ჩვენი დაღუპული ბიჭის ცხედარი მოგვაძებნინე. მიცვალებული მაინც გვანახე, წესის მიხედვით დაგვაკრძალვინე და შემდეგ, თუნდაც დაგვხოცე. — ცოლ-ქმარი ერთმანეთს არ აცლიდა სათქმელს.
გავშრი. მათი ბიჭები ჩვენს შვილებთან ერთად იზდებოდნენ და აქამდე ეჭვი არ შეგვიტანია, თუ ჩვენს წინააღმდეგ იარაღს აღმართავდნენ. მაგრამ ახლა ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. არც გადამიცვამს, ლოგინში ტანგაუხდელები ვიწექით. დაუყოვნებლივ კარში გავვარდი.
23-ე ბრიგადის (გენო ადამიას სარდლობით) შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსი ვიყავი. სწრაფად გავარკვიე, რომ სოხუმის რაიონის სოფელ შრომაში ქართველებს აფხაზი მებრძოლების ჯგუფი ტყვედ აუყვანიათ და განუიარაღებიათ. შტაბს დაკავშირებიან და უკითხავთ, თუ სად წაეყვანათ. განკარგულება მიუღიათ, ქართველ ტყვეებზე გასაცვლელად მოამზადეთო. მებრძოლების ჩხრეკის დაწყებისთანავე ერთ-ერთს ხელყუმბარა დაუძვრია, რგოლი სწრაფად მოუხსნია და ქართველებისთვის უსვრია. აფეთქების შედეგად ჩვენი ორი მებრძოლი ადგილზე დაღუპულა, რამდენიმე მძიმედ დაჭრილა… სხვებს შტაბისთვის შეუთანხმებლად თერთმეტივე დაუხვრეტიათ, მათ შორის ბორის გურგულიას უმცროსი ვაჟიც და ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ბიუროს უფროსის — შოთა ღურწკაიას განკარგულებით — იქვე რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოშივე დაუკრძალავთ.
…უბედური მშობლები იმ ადგილზე მივიყვანე. მოვძებნეთ ბიჭები, ვინც დასაფლავებაში მიიღეს მონაწილეობა და ამოცნობაში დახმარება ვთხოვეთ. გარეგნული ნიშნები იკითხეს. როცა გაუბედურებული ადამიანების მიერ ძლივს თავმოყრილი რამდენიმე სიტყვა გაიგონეს, საფლავებს შორის მარჯვენა რიგში ან პირველი, ან მეორე უნდა იყოსო, მიიღეს პასუხად… გენო ადამიას ვთხოვე, გარდაცვლილების წასვენების ნება დაერთო… სინანულით გაიქნია თავი და დათანხმდა.
ექსპერტიზის ბიუროში დავბრუნდი. გურგულიებს საკუთარი შვილი ამოცნობილი ჰყავდათ და ცხარე ცრემლებით დასტიროდნენ. ჩვენი სამხედრო მანქანით შვილის ნეშტი ოჩამჩირის რაიონის სოფელი კვიტოულში წაასვენეს.
შემდეგ გავიგე, რომ ბორის გურგულია დროზე ადრე დაბერებული, ძლივს დადიოდა, შემდეგ არავინ იცის, როგორ თურმე, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
აფხაზეთში ჩვენი ცხოვრების წლები რომ მახსენდება, ვფიქრობ, მსგავსი შეიძლება მოხდესო, ვინმეს რომ ეთქვა, ისევე, როგორც ბევრი ჩვენთაგანს, ბორის გურგულიასაც სასაცილოდ არ ეყოფოდა… ხოლო ის, რაც თავს გადახდა, კოშმარულ სიზმარშიც არ მოელანდებოდა.
ამდენი წლის შემდეგ, დღესაც სულს მიწრიალებს ბორის გურგულიას ოჯახური და პიროვნული ტრაგედია, მათი სრულიად უაზრო დაღუპვა, რასაც თითქოს არ უქადდა ახალგაზრდობისდროინდელი ცხოვრება. მაშინ ქართულ ენაზე გვიკითხავდა ლექციებს და როცა არც მას და არც ჩვენ, აზრად არ მოგვდიოდა, თუ ჩვენს ულამაზეს ურთიერთობებს არა თუ რამე დაემუქრებოდა, ოდნავი ჩრდილი მიადგებოდა.
არადა, ეს მოხდა.
სამწუხაროა:
მსგავსი რამ მხოლოდ ბორისსა და მისი ოჯახს როდი შეემთხვა.
მედალს რამდენი მხარე აქვს თეორიულად ცნობილია მაგრამ სხვაგვარადაც ყოფილა, თურმე, რაც აფხაზეთის ტრაგედიამ ცხადი გახადა: ადამიანს ხომ მიწაც და საერთოდ რაიმე, მაშინ უნდა, როცა შვილებს და მომავალს შეჰხარის.
ღირდა «აფხაზური“ თუ არააფხაზური, ზოგადად რაიმე მიწის მოპოვება ასეთი მსხვერპლის ფასად? აფხაზეთში დარჩენილებს, ალბათ აქვთ ამაზე პასუხი. ნორმალური ადამიანისთვის ის დადებითი არ შეიძლება იყოს.
ბორის გურგულიას სული გაანათლოს უფალმა.
ძალიან ვწუხვარ რომ ჩემი საყვარელი ლექტორის ბედი მედლის ორ მხარეს რომ არ ეტევა, მაგრამ ეს არცერთი ჩვენთაგანის მდგომარეობას არ ამსუბუქებს“.
ასე ამთავრებს ნაწერს გოგი ფაცაცია და მგონი დასამატებელი არც არაფერია.
ასევე ვწუხვარ მედლის მხარეების არევას, უზომოდ ვწუხვარ, რადგან ბორის გურგულიას სანდომიანი ღიმილი და ლექციები ქართულ ენაზე მეც კარგად მახსოვს.

ქეთევან ჩემია

პ.ს. ვისაც აფხაზეთზე, ან საკუთარ თავზე უთქმელი სათქმელი დაუგროვდა და ვერ გამოუთქვამს, გთხოვთ დამიკავშირდით, რათა დაიწეროს.

Loading…

მსგავსი პოსტები

რაზე ისაუბრეს საგარეო საქმეთა სამინისტროში

„საბეჭდი მანქანა“ — კრიმინალების მიერ შექმნილი ამჟამინდელი პირველი წინამორბედი

რუსული შემოტევები და ქართული საზოგადოება

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი