ანალიტიკაპუბლიკაციები

„კანონიერ ქურდად“ მიმუშავია — სიკვდილი ჯაშუშებს! (ექსკლუზივი)

ექსკლუზიურად paqtebi.ge-სთვის

„საიდუმლო მრჩეველის“ საროსკიპოები

მილანის ცენტრში ვია მოსკოვას (მოსკოვის ქუჩა) დასაწყისში მომცრო პარკში თავაწყვეტილი ყვავის ნუში… ჩემი სამსახურიდან ხელისგულივით ჩანს აქაურობა. ტერასაზე ყავას როცა ვსვამ, ვათვალიერებ ხოლმე. აქედან მოკლე გზა გადადის ჰოსპიტალსა და მოხუცთა თავშესაფრისკენ. იქით-აქეთ აჩქარებული ნაბიჯებით მიმავალი ადამიანების და საბავშვო ეტლებიანი მშობლების გარდა სხვა არავინ შემინიშნავს. იქნებ იმიტომ, რომ ზამთარი იყო… ახლა ნიღაბაფარებულები მრავლად ვართ გამოსულები… ნელი ნაბიჯებით შევდივარ და სურნელებით გაბრუებული ვარდისფერი ფიფქების ცვენას ისე ვუყურებ, როგორც ბავშვობაში ფანჯარაში თოვას.. აპრილი იწურება მაგრამ ცხელა. ნელ-ნელა მივიწევ სიღრმისკენ. ცარიელი ძელსკამის პოვნა მინდა…
— ქართველო, მოდი და აგერ დაჯექი… — მესმის რუსულად ნათქვამი.
ვცდილობა გაოცების დაუტყობლად დავათვალიერო ვინ მელაპარაკება. რამდენი ხანია რუსული ერთი სიტყვისთვის არ მომიკრავს ყური: ძელსკამზე ხელჯოხს დაყრდნობილი წვერებიანი მოხუცი მამაკაცი ზის. ფეხებთან ჩვეულებრივი „დვანიაშკა“ უჯიშო ძაღლი უწევს. აქ უპატრონო ძაღლებს ვერ ნახავ. აშკარად ამას ახლავს…
— მოდი, მოდი აგერ დაჯექი… რატომ არ მეკითხები, როგორ მივხვდი, რომ ქართველი ხარ? — მეკითხება უკვე დამჯდარს… — პასუხს არ მაცლის. — მე საქართველოში რამდენიმე ციხეში „კანონიერ კურდად“ მიმუშავია… იქაურობას კარგად ვიცნობ… შტიბერის და საერთოდ ყველა ჯაშუშის დედაც… — იგინება რუსულად და ვხვდები, რომ „თავის მატორზე“ ვერ არის… ქართველები კარგი ხალხია… მაგრამ ყველა ეროვნების ქურდი — ქურდია. არც ქართველები უქნია უფალს… ვიმუშავე, მოვკვდი, გავცოცხლდი, ისევ ვიმუშავე… ახლაც მკვდარი ვარ, მაგრამ დამმარხავი არ გამომიჩნდა და ასე დავდივარ… — ერთი სიტყვა ვერ ჩავაკერე… ლაპარაკობს და ლაპარაკობს… — უცებ გაურკვეველი ეროვნების, ჩინელი მეგონა, მაგრამ აშკარად არ არის, ახალგაზრდა არ ეთქმის, მაგრამ — ბიჭია — მოვიდა, ხელი მკლავში ჩაავლო და წამოყენება სცადა:
— წავედით ივან! გველოდებიან. უნდა ვჭამოთ! — მოხუცი უძალიანდება, ჩემსკენ იყურება და ლაპარაკს განაგრძობს. სრულიად არეულად ლაპარაკობს და ვერაფერს ვიგებ. ბიჭი იტალიურად მეუბნება.
სხვათაშორის იტალიურად ნათქვამი იიივან, არაფრით გავს რუსულ ივააანს… ორი სხვადასხვა სახელი გეგონება.
— ივანი აგერ „კაზა რიპოზოში“ (მოხუცთა თავშესაფარი) რომ არის, — ხელს იშვერს, — იქ ცხოვრობს.
— ახლა უნდა წავიდეთ, ივან, გოშაც წავიყვანოთ. — ეუბნება. ისიც ნელ-ნელა ჯოხზე დაყრდნობილი დგება და ბუზღუნ-ბუზღუნით, შიგადაშიგ რუსული გინებით მიყვება…
— ვინც ჯაშუშობს ჩემი ბედი არ აცდეს… — მესმის იწყევლება… — რატომ არავინ არ ინტერესდება, რატომ აღარ უნდათ ქურდებს ციხის რომანტიკა და უარს ამბობენ ტიტულზე, რომლის მოპოვებისთვის ტყავში ძვრებოდნენ და ასე მომხიბვლელად მოვუწყვე თავის დროზე… რაო, სამასი წელი შეგვისრულდა და „შავი“ კი არა „თეთრი“ უნდა გავხდეთო… ისეთი შავები დაგტოვეთ არ გათეთრდებით, თქვენი დედაც… — ცოტაც და ხმა მესმის, რას ამბობს, უკვე აღარ.
მას უკან კარგა ხანი გავიდა.
როცა დრო მაქვს გადავხედავ ხოლმე პარკს… მაისი იწურება. წვიმებია და ცივა… დღეს პარკში ივანი და გოშა ისევ შევნიშნე… აქამდე არ ჩანდნენ. თუმცა ვინ იცის, იქნებ ვერ დავინახე, მანამ სანამ ნუში ყვაოდა მისი უხვი ყვავილებისგან გადავარდისფერებული იყო პარკი და თითქმის არაფერი ჩანდა
ამასობაში ბევრ სხვა რამესთან ერთად უკვე შტიბერიც დავადგინე ვინ იყო…. ეჰ, ივან, რომ იცოდე… როგორი იყო ჩემი გაოცება… ამასთან „კანონიერ ქურდად“ მუშაობა ვიცი რაც არის… ის ჩინელი თუ ვიღაცა, არც მთლად ახალგაზრდა მაგრამ „ბიჭი“ ახლომახლოს ზუსტად მისნაირებთან, მის ასლებთან დგას და საუბრობს, თან ცალი თვალი ივანისა და გოშასკენ უჭირავს…
— ეჰ, ივან, ივან, შენ აშკარად გიჟი არა ხარ, მაგრამ ვინ მიმაკარებს შენთან…

კიდევ გავიდა დრო… ამ რამდენიმე თვეში რამდენიმე პროფესიონალი ჩავწერე და ზოგიერთი რამ დავადგინე, მათ შორის ის, რომ ყოფილი ჯაშუში არ არსებობს, თურმე, და მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიომ ამ თემაზე გადაღებული ფილმები და წიგნები ბლომად იცის, პროფესიონალები ამ თემაზე პირდაპირ საუბარს თავს არიდებენ… ამას ხელი არ შეუშლია ზოგი უტყუარი, ზოგიც სადაო საკითხები დამედგინა. ხოლო ჩემი რესპონდენტების ნათქვამი თუ ჭეშმარიტებად არა, სიმართლესთან ძალიან ახლოს დამენახა.

ჩემმა რესპონდენტებმა ბევრი რამით გამაოცეს.
მაგრამ ყველაფერზე თანმიმდევრობით.
პირველი რესპონდენტის სახელს მისი ინტერვიუს დამთავრებამდე ვერ ვასახელებ, ასეთია მისი სურვილი.
მკითხველებს სიურპრიზი ელოდებათ.

მეუბნება:
— შენ ისე საფუძვლიანად ხარ დაინტერესებული, ჯაშუშობას ხომ არ გეგმავ?
— ცოტა დამაგვიანდა ასე ორმოცდაათი წელი…
— დამშვიდდი. ჯაშუშობა არასდროს არის გვიან.
— მითხარით ვინ არიან ჯაშუშები და იქნებ ვიფიქრო კიდეც?
— უცხო ქვეყნის მზვერავს ჯაშუშს ეძახიან, ადგილობრივ ჯაშუშს — მზვერავს. თუ ერთი ქვეყნის მოქალაქეები საკუთარი ქვეყნის საიდუმლოს საზღვარგარეთ გასცემენ, ეს არც ჯაშუშობაა და არც დაზვერვა — ღალატია. ჯაშუშობა დაზვერვის შემადგენელი ნაწილია, დაზვერვა აერთიანებს არა მხოლოდ ჯაშუშობას, დივერსიასაც. ანუ ჯაშუშობა დაზვერვის ნაწილია, დაზვერვა კიდევ ჯაშუშობა. ორივეში შედის ინტრიგები, პროვოკაციები, მკვლელობები, თაღლითობა, მზაკვრობა და სხვა დანაშაულებრივი ქმედებები.
— მაშინ რისთვის არსებობს, თან ასე მაღალ დონეზე მხარდაჭრილი და დაფინანსებული?
— დაზვერვა უტყუარი საიმედო იარაღია ჭკვიანების ხელში. პირდაპირი შეტევით მოკლავ ადამიანს, ან დახოცავ ჯარს, ხოლო დაზვერვის მონაცემებით დაიპყრობ ქვეყნებს…
— შტიბერი ყველაზე ცნობილი ჯაშუში იყოო…
— ძალიან ბევრ ცნობილ ჯაშუშს იცნობს მსოფლიო. მათ შორის არის შტიბერიც. დაახლოებით ოთხმოცი წლის წინ ბერლინში ძირითადად შტიბერის — „საიდუმლო აგენტის“ პირადი არქივიდან აღებული გამოუქვეყნებელ პუბლიკაციებზე აგებული წიგნი გამოიცა. რაც ფარდას ხდის „საიდუმლო ომს“. ერთ-ერთ ეპიზოდი ასეთია: 1871 წელს იანვარში პრუსიაში საფრანგეთის მინისტრი ჟიულ ფავრი ჩამოვიდა. მთელი მოლაპარაკებების მანძილზე შტიბარი კლერკის ტანსაცმელში გამოწყობილი ემსახურა და ფავრის კორესპონდენციები დელეატლუად შეისწავლა. ერთხელ ასლების გადაღება ვერ მოასწრო და ბისმარკმა რაღაც მოიმიზეზა და სხდომა ერთი დღით გადადო. ასლები გადაიღეს. საკუთარ მემუარებში შტიბერი ტრაბახობს, როგორ ატყუებდა ფავრს. „ვიხსენებ, — წერს ირონიულად, — როგორც ვიდექი კიბის თავზე და ვაკვირდებოდა ეტლს, რომელსაც ფავრი პარიზში მიყავდა და როგორც კი თვალთახედვიდან დაიკარგებოდა, თუმცა ორი ღამის უძილო დაღლილობისგან ფეხზე ვერ ვდგებოდი და ვეცემოდი, მაგრამ მაინც ხელს ვუჭერდი და ვაჭახუნებდი ფავრის მიერ ჩემს მუჭში ჩადებულ მონეტებს და შემეძლო არ გამცინებოდა… ჩემს ჰონორართან ეს რა მოსატანია“…
— „კანონიერი ქურდები“ – „საიდუმლო ომის“ პროდუქტია? თუ ამაზე საუბარი ჯერ კიდევ აკრძალულია?
— ეს არ იყო საიდუმლო, ეს იყო უჩინარი ომი — ფრონტი, როგორც გნებავთ. ცოდნით თეორიული შეიარაღებული პრაქტიკოსების გენიალური მიგნება. მაგრამ სანამ ამ თემას შევეხებოდეთ, მაინც იმას მინდა გავუსვა ხაზი, რა დონის ცოდნა უმაგრებდა ზურგს საბჭოთა კავშირში მოღვაწე „ბოროტ“ გენიოსებს, როგორც მათ ეძახიან… როგორ ეძებდნენ თუნდაც სატანურ გზებს კრიმინალის ღირსეულად დასამარხებლად. რადგან „რიასნოის რეცეპტი“ უკვე გამოყენებული იყო: „ადგილზე დახვრეტა“, მაგრამ შედეგი არ გამოუღია…
სანამ კრიმინალების წინააღმდეგ შტიბერის თეორიებს გამოიყენებდნენ საბჭოთა კავშირში სხვა ბევრი იდეაც განიხილებოდა. საბოლოოდ ბერიამ იდეა დაამუშავა და ზოგიერთი რამე ნამდვილად აიღო შტიბერისგან. მაგრამ ეს მოხდა მოგვიანებით. უფრო ადრე ბერია იმით დაინტერესდა, რაც აშკარად მომგებიანი იყო. შტიბერმა ბერლინში „მწვანე სახლების“ შექმნა ანუ უბრალოდ ფეშენებელური საროსკიპოები, რომელსაც უშუალოდ შტიბერი — პოლიციის მინისტრი — ასე ერქვა — მართავდა. პატივისცემით მიწვეულ სტუმრებს საზოგადოების მდიდარ წევრებს, თავად-აზნაურობას, ოფიცრებს, პოლიტიკოსებს… ზოგადად გაუკუღმართების სხვადასხვა სახეობებით შევსებულ ჩვეულებრივ გახრწნილებასთან ერთად ნარკოტიკებსაც სთავაზობდნენ. აკრძალული არაფერი იყო… ამ უბადლო არისტოკრატიულ პრიტონში გართობის მსურველები „მათრახის და თაფლაკვერის“ პოლიტიკის მსხვერპლები ხდებოდნენ. ანუ, გართობა ეს „თაფლაკვერი“ იმავე დღეს თუ არა, უმოკლეს დროში „მათრახად“ გადაიქცეოდა და ურთიერთობა სამარცხვინო საქციელისთვის ფარდის ახდის მუქარით გრძელდებოდა. რასაც შეიძლება ისე ძალიან არ განიცდიდნენ „პატივცემული სტუმრები“, როგორც ამ „მწვანე სახლის“ მომსახურების უფლების ჩამორთმევას. რაც მათთვის სრულიად წარმოუდგენელი წამება იქნებოდა. ასე გახდა შტიბერი საზოგადოდ გავლენიან ადამიანებზე ზეგავლენის მქონე და ხელისუფლებაში მართვის დამატებითი აღვირებიც მოიგდო ხელში.
ცნობილია, რომ ბერიას მიერ გადაბირებული ქალების მიერ ჩადენილი არაერთი გმირობა გაუმხელელი დარჩა, მაგრამ მათ სამაგიეროდ დიდ თანხებს მოუყარეს თავი და უზრუნველი ცხოვრება მოიწყვეს. „საბჭოთა კავშირის გმირის“ წოდებაც მოიპოვა ზოგიერთმა — სიკვდილის შემდეგ. აქ მაგალითს ნამდვილად შტიბერისგან იღებდა: ცნობილია ასეთი ფაქტი:
იმ წლებში ფრანგი გენერალი, სისე ტყვედ ჩაუვარდათ გერმანელებს. ხაზგასმულად კარგად ექცეოდნენ. გენერალი პატიოსან სიტყვაზე ნდობით, რომ არ ეცდებოდა გაქცევას ჰამბურგთან ახლოს ვილაში ნებადართულ ფარგლებში თავისუფლად ცხოვრობდა. იქ ყოფნისას მზეთუნახავი ბარონესა კაულუ ახლოს გაიცნო. მიუხედავად მხცოვანებისა გენერალი შესანიშნავი საყვარელი აღმოჩნდა. კავშირისგან თავბრუდახვეულმა მოხუცმა ძლივს მოიკრიბა ძალ-ღონე, რათა ომის შემდეგ დაეტოვებინა ადილი, სადაც ტყვეობა გაატარა და საფრანგეთში დაბრუნებულიყო. შინ დაბრუნებული ვერსალის ძალების ერთ-ერთი კორპუსის უფროსად დანიშნეს, ხოლო 1875 წელს სისე სამხედრო მინისტრი გახდა. შტიბერმა გამოიძახა ბარონესა კუალუ და თხოვა პარიზში გენერალ სისესთან ხელახლა შესახვედრად გამგზავრებულიყო. ეს სათხოვარი ბრძანებას უდრიდა, თუმცა ტონი აშკარად ზედმეტი იყო. ბარონესას ფრანგ თაყვანისმცემელთან ხელახლა შეხვედრის პერსპექტივის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა. შტიბერმა კაულუ ფულით უხვად დააჯილდოვა. საფრანგეთის დედაქალაქში ქალმა გენერალთან კავშირი ძალიან მალე აღადგინა. თუმცა მისი სახლი გაცილებით მდიდრული იყო, ვიდრე სისეს ბინა, სადაც ხვდებოდნენ და მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ისვენებდა გენერალი, ქალისთვის ეს ყველაფერი საზიზღარი ფარსი იყო, მაგრამ ითმენდა, რადგან ბევრი რამ იდო სასწორზე. სამაგიეროდ გენერალი საყვარელს უყვებოდა საზიზღრობის შესახებ, რაც მის სამსახურში ხდებოდა: დაწვრილებით უხსნიდა საფრანგეთის ჯარის რეორგანიზაციის გეგმებს და სხვა.
საფრანგეთის კონტრდაზვერვა „მეორე ბიურომ“ შტიბერს მანამდე ერთხელ უკვე მოუგო… ამჟამადაც ძალიან მალე დაინტერესდა გენერლის სტუმარი ბარონესათი და დაადგინა, რომ პრუსიაში ქალი შტიბერს ხვდებოდა ხოლმე. მაგრამ სახიფათო დრო იყო. ბისმარკი საფრანგეთის საბოლოოდ დასამორჩილებლად ახალ ომს გეგმავდა. პრეზიდენტი მაკ-მაგონი და საფრანგეთის მთავრობა თავს არიდებდა სკანდალს, ამიტომ მხოლოდ იმით შემოიფარგლნენ, რომ კაულუ, როგორც არასასრუველი სტუმარი, საფრანგეთიდან სასწრაფოდ გააძევეს, ხოლო გენერალი სისე მინისტრობიდან დაითხოვეს… თუმცა ამ დროს გერმანიამ რაც აინტერესებდა საფრანგეთის გეგმების შესახებ, ყველაფერი უკვე იცოდა. შემდეგ, როცა შტიბერს კონტრდაზვერვა აშკარად ჩაუვარდა, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით უდიდესი მნიშვნელობა კონტრდაზვერვას მიანიჭა.
საკმაოდ მოცულობითი ნაშრომის პირველი ნაწილი აქ მთავრდება…

თამარ ქართლელი, 

Loading…

მსგავსი პოსტები

,,ვიცოდეთ ჩვენი უფლებები,,

ვარანებს გაუვერანებიათ…

ჯორჯ ჰიუიტი — ჩვენი ძველი ყოფილი «მეგობარი»

დატოვე კომენტარი