ანალიტიკაპოლიტიკა

ევროპარლამენტის არჩევნები და საქართველოზე მისი შესაძლო გავლენა

2019 წლის 23-26 მაისს ევროკავშირის ქვეყნებში ევროპარლამენტის მორიგი არჩევნები გაიმართება. მოახლოებულ არჩევნებთან ერთად ბრიუსელში დაძაბულობაც იმატებს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი, ისევე როგორც წევრი სახელმწიფოები, ცდილობს გაზარდოს ევროპარლამენტის არჩევნების შესახებ ცნობადობა, წარსული გამოცდილებით, ევროპულ არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ეროვნულ არჩევნებზე ასახულ აქტივობას და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იკლებს. 2019 წლის მაისის არჩევნებში ევროპელი მოქალაქეების აქტივობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ევროკავშირის მოქალაქეები მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ევროპარლამენტის პოლიტიკურ ვექტორს განსაზღვრავენ.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროპარლამენტში პოლიტიკური იდეოლოგიის მხრივ დიდი ცვლილებები იყოს. თუმცა, სხვა საკითხია როგორი იქნება გადანაწილება ევროინტეგრაციის გაღრმავების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობა საქართველოსთვისაც საინტერესოა. 2014 წლის მოწვევის ევროპარლამენტი ხშირად აფიქსირებდა საქართველოს ევროინტეგრაციის კურსისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ პოზიციას და ამასთანავე, მუდმივად თვალყურს ადევნებდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ევროპარლამენტი ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის მაღალი ღიაობით გამოირჩევა. ევროპარლამენტარები აქტიურად თანამშრომლობენ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც. პარლამენტი, როგორც პოლიტიკური ორგანო, რომელიც პოლიტიკოსებისგანაა დაკომპლექტებული, ევრობიუროკრატებისგან განსხვავებით ხმამაღალი და თამამი პოლიტიკური განცხადებებით გამოირჩევა. შესაბამისად, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს მხარდაჭერა, თუ, საქართველოს მთავრობის კრიტიკა 2014-2019 წლებში ხშირი იყო.

ევროპარლამენტის წევრებს ევროკავშირის მოქალაქეები ეროვნული სიებიდან ირჩევენ, რაშიც ქვეყნების შიგნით მოქმედი პოლიტიკური პარტიები წამყვან როლს ასრულებენ. ეს პარტიები მოგვიანებით ევროპარლამენტში სხვადასხვა პარტიულ ჯგუფებში გადანაწილდებიან. ამჟამად ევროპარლამენტში ყველაზე დიდ ჯგუფს ევროპის სახალხო პარტია (EPP) წარმოადგენს, რომელსაც პარლამენტში 219 დეპუტატი ყავს. რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილს სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი(S&D) იკავებს — 189 ევროპარლამენტარით. ევროპელი კონსერვატებისა და რეფორმისტების პარტიას (ECR) 71 წევრი ყავს, ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსში (ALDE) 68 პარლამენტარია, გაერთიანებული ევროპელი მემარცხენეები (GUE/NGL) 52 დეპუტატს ითვლის, ხოლო ევროპელი მწვანეები/თავისუფალი ევროპული გაერთიანება (Greens ) — 51 წევრს აერთიანებს.

რთული სათქმელია როგორ შეიძლება შეიცვალოს ევროპარლამენტში არსებული გადანაწილება კარს მომდგარი არჩევნების შედეგად. ბოლო პერიოდში ტრადიციული, ან ე. წ. მეინსტრიმული პარტიების პოპულარობის შემცირებამ და ე. წ. ანტი-ესტაბლიშმენტური, პოპულისტური პარტიების გაძლიერების ტენდენციამ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატი შეცვალა ან ცვლილების პირას დააყენა. შესაბამისად, დიდია ალბათობა იმისა რომ მსგავს ტენდენციას არც ევროპარლამენტის არჩევნები გამოაკლდება. იმ შემთხვევაში, თუ პოპულისტური პარტიები ხმათა დიდ ნაწილს მიიღებენ და შესაბამისად, ევროპარლამენტში მნიშვნელოვან ძალაუფლებას მოიპოვებენ, შემდეგ ხუთწლიან პერიოდში ევროპარლამენტში გადაწყვეტილებების მიღებისა და ხმის მიცემის პროცესი გამოწვევებით იქნება დატვირთული.

ცოტა ხნის წინ, 18 აპრილს გამოქვეყნდა ორგანიზაცია Kantar Public-ის მიერ მომზადებული ანგარიში ევროპარლამენტის საზოგადოებრივი აზრის მონიტორინგის დეპარტამენტისთვის, რომელშიც წარმოდგენილია 2019 წლის მაისის არჩევნებზე ევროპარლამენტში ადგილების სავარაუდო გადანაწილება. ანგარიშის ავტორებმა გამოიყენეს ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოს მონაცემები ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის გადაწყვეტილების შესახებ (voting intention polls). ამ მონაცემებზე დაყრდნობით ანგარიშის ავტორებმა წარმოადგინეს სავარაუდო შედეგები. ანგარიშის მიხედვით, სავარაუდოდ, ევროპის სახალხო პარტია 180 ადგილს მიიღებს, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი (S&D) – 149 ადგილს, ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი (ALDE) – 76 ადგილს. ანგარიში ასევე ეხება ახალი პოლიტიკური პარტიების ფორმირებების საკითხს, რომელმაც 2014 წლიდან ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში იჩინა თავი. ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ მსგავსმა ახალმა, პატარა პარტიებმა შესაძლოა ბარიერი გადალახონ და ევროპარლამენტში დაახლოებით 62 ადგილი დაიკავონ. შესაბამისად, საინტერესოა, როგორი იქნება იდეოლოგიური ვექტორი ამ ახალი პარტიებისა და რომელ პოლიტიკურ ჯგუფში გაწევრიანდებიან ისინი ახალ პარლამენტში. ანგარიშში მოყვანილი სავარაუდო შედეგები მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ამომრჩეველთა ხმის მიცემის პრეფერენციებს ეყრდნობა და არ წარმოადგენს ევროპარლამენტის ოფიციალურ პროგნოზს.

ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში მომძლავრებული ევროსკეპტიკოსი, პოპულისტი ძალების ევროპარლამენტის არჩევნებში წარმატება საქართველოსთვის ნაკლებად სასურველია. ზოგიერთი მათგანი, მათ შორის იტალიის კოალიციური მთავრობის ორი პარტია, „ჩრდილოეთ ლიგა“ და „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ რუსეთთან სანქციების გაუქმებისა და ურთიერთობების დაახლოების მომხრეა. ცოტა ხნის წინ, „ჩრდილოეთ ლიგის“ პარტიის ლიდერმა, მატეო სალვინიმ, რომელიც ამჟამად იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებს,გამოთქვა სურვილი შექმნას ულტრამემარჯვენე, პოპულისტური პარტიების ალიანსი ევროპარლამენტის არჩევნებისთვის.ამასთანავე, საფრანგეთში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიის პოპულარობის დაცემა ხელს უწყობს წინასაარჩევნოდ მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული კრება“, პოზიციების გაძლიერებას. მარინ ლე პენი ცნობილია ანტი-ევროპული პოზიციითა და რუსეთთან კავშირებით. სავარაუდოდ, ევროპარლამენტის არჩევნებში მსგავსი პარტიები იმ ოდენობის მხარდაჭერას ვერ მიიღებენ, რომ ახალ პარლამენტში ძალთა ბალანსი მნიშვნელოვნად შეიცვალოს. თუმცა, მათი პოზიციების გაძლიერებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან საშინაო და საგარეო საკითხებზე.

ევროპარლამენტის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ევროკავშირის გრძელვადიანი და ყოველწლიური ბიუჯეტების დამტკიცებაა. ბიუჯეტში ასევე განისაზღვრება ფინანსური დახმარების ოდენობა, რომელსაც ევროკავშირი სამეზობლო პოლიტიკისთვის და კონკრეტულად, აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის გამოყოფს. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება საქართველოსთვის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების განსახორციელებლად უაღრესად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ევროპარლამენტის ახალ შემადგენლობაზე იქნება დამოკიდებული ევროკავშირის სამომავლო ბიუჯეტის პრიორიტეტები და საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ფინანსური დახმარების განსაზღვრაც.

ევროპარლამენტის არჩევნები საქართველოსთვის საინტერესო კიდევ ერთი მიზეზის გამოა. Spitzenkandidat-ის, (ტოპ-კანდიდატი), გერმანული კონცეფციის მიხედვით, ევროკომისიის ახალი პრეზიდენტი იმ პოლიტიკური ჯგუფის კანდიდატია, რომელიც ევროპარლამენტის არჩევნებში ყველაზე მეტ ხმას და შესაბამისად, ყველაზე მეტ ადგილს მოიპოვებს. ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანია ევროკავშირში. ამასთანავე, გასაკვირი არ არის რომ ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს საგარეო ურთიერთობების წარმართვაშიც, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან. ევროკომისიის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ჟან-კლოდ იუნკერი ევროპის სახალხო პარტიის წევრია. სავარაუდოდ, 2019 წლის მოწვევის პარლამენტში ევროპის სახალხო პარტია პირველობას შეინარჩუნებს, თუმცა, მოსალოდნელია პარტია ევროპარლამენტარების შემცირებული რაოდენობით იქნას წარმოდგენილი ახალ პარლამენტში. 2019 წლის არჩევნებისთვის ევროპის სახალხო პარტიამ ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატად მანფრედ ვებერი დაასახელა. ვებერი, რომელიც წარმოშობით აღმოსავლეთ გერმანიიდანაა, 2014 წელს პარტიის ლიდერად აირჩა. ევროპის სახალხო პარტიას ხშირად აქვს დაფიქსირებული საქართველოს ევროპული გზისადმი მხარდაჭერა და შესაბამისად, ნაკლებ სავარაუდოა ეს მხარდაჭერა მომავალში შეიცვალოს. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულმა ალიანსმა ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატად ფრანს ტიმერმანსი დაასახელა. ტიმერმანსი, რომელიც წარმოშობით ჰოლანდიელია, ამჟამად ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებს. ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა განსხვავებული მიდგომა აირჩია და ერთი კანდიდატის ნაცვლად შვიდი კანდიდატი წარადგინა. მათ შორისაა პარტიის ლიდერი, გაი ვერჰოფსტადი და ევროკომისიის კომისარი კონკურენციის საკითხებში, მარგარეტ ვესთგარი.

ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, მომდევნო თვეებში ევროკავშირში შიდა ინსტიტუციონალური ცვლილებებია მოსალოდნელი. გარდა პარლამენტის ახალი შემადგენლობისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ცვლილებისა, დიდი ალბათობით განახლებები იქნება კომისიის გენერალურ დირექტორატებშიც, მათ შორის იმ დირექტორატებშიც, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ საქართველოს საკითხებზე. ამასთანავე, ცვლილებები შეეხება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურსაც (European External Action Service, EEAS). შესაბამისად, საქართველოს მთავრობას, პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელებს მოუწევთ რიგი ახალი კონტაქტების დამყარება ბრიუსელთან, რაც ევროკავშირთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

წყარო: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

მსგავსი პოსტები

საქართველო ხელს უწყობს ევროკავშირში ბოროტმოქმედების მოხვედრას?

Joni Kvaracxelia

საქართველოში პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება აიკრძალება

Joni Kvaracxelia

ჩიორა თაქთაქიშვილმა «ნაციონალური მოძრაობა» დატოვა-საგანგებო განცხადება

დატოვე კომენტარი