„2020NEWS“-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი შენგელაია კიდევ ერთხელ აცხადებს:
«მე ვარ ბიზანტიის იმპერატორის შთამომავალი, გამარჯვებაში 100%-ით დარწმუნებული ვარ»
„2020NEWS“-თან საუბრისას შენგელაიამ განაცხადა, რომ ხალხის და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის იმედი აქვს.
– ბ-ნო გიორგი, რატომ გადაწყვიტეთ რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიგეღოთ მონაწილეობა?
– მე ზუსტად ასეთი საკითხები მეკითხება. მე ვარ ბიზანტიის იმპერატორის ანდრონიკ კომნენის (კომნენოსი) შთამომავალი, დედაჩემის მხრიდან. ერთმა მითხრა, რად გინდათ თქვენ ეს ყველაფერი, კინოები გადაიღეო, მე ვუთხარი: სისხლი მაწუხებს-თქო. გენეტიკურად მაქვს საშუალება, რომ რაღაცას ვუხელმძღვანელო.
– გამარჯვების იმედი გაქვთ?
– 100%-ით გავიმარჯვებ.
– რატომ ხართ ასეთი დარწმუნებული?
– მოწინააღმდეგე არ მყავს.
– უკონკურენტო ხართ?
– დიახ. ისეთი კონკურენტები მყავს, რომ აუცილებლად გავიმარჯვებ. მაგალითად გრიგოლ ვაშაძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა ისეთ განყოფილებაში, სადაც აუცილებლად კგბ-ში უნდა ემუშავა. მერე სააკაშვილმა ჩამოიყვანა და 8 თვე ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსული პასპორტით. ამ ყველაფერს კი ხალხს აუცილებლად ვეტყვი. თუ ჩვენს ხალხს არ ძინავს, მაშინ მას ხმას არავინ მისცემს.
„2020NEWS“