პუბლიკაციები

აფხაზეთის ტელევიზია დაბრუნდება

უცნაური ბედი დაჰყვა აფხაზეთის ქართულ ტელემაუწყებლობას. ჯერ კიდევ 1978 წელს უნდა გახსნილიყო სოხუმში აფსუაენოვან ტელევიზიათან ერთად. უკანასკნელი მაშინვე ზარზეიმით გაიხსნა საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების და ტელევიზიის მძლავრი ხელშეწყობით, ხოლო ქართული მაუწყებლობის საკითხი მიივიწყეს. მხოლოდ აფხაზეთის ომის დროს, 1992 წელს გავიდა ეთერში პირველი ქართული გადაცემა სოხუმიდან. ომის დამთავრებამ გააჩერა მისი მაუწყებლობა მაგრამ სულ რამდენიმე თვით. 1994 წლის იანვარში დევნილ ჟურნალისთა გუნდის უდიდესი ძალისხმევითა და თავდადებით მან აღადგინა მაუწყებლობა საქართველოს ტელევიზიის 1-ლ არხზე ორი ყოველკვირეული გადაცემით. ამ დროისათვის უკვე აღდგენილი იყო აფხაზეთის რადიოც.
იქიდან მოყოლებული ტელევიზია სხვადასხვა ინტერვალით კიდევ 3-ჯერ გააჩერეს. ბოლოს 6 წლით. არცერთხელ მიზეზი არ იყო პროფესიონალიზმის დეფიციტი და არხისადმი შეუფერებლობა. მოტივი ყოველთვის სხვა გახლდათ — ტელევიზია ცდილობდა საკუთარი სარედაქციო პოლიტიკის გატარებას, ურჩობდა, გადიოდა შემოთავაზებული ჩარჩოებიდან და მას უკვე თბილისში ახშობდნენ. არა მაყურებლის დაბანგვა, არამედ ასე ცნობილი მართლის თქმის პრინციპი, ჩვენი ბეჩავი თანამოძმეებისადმი თანადგომა იყო ამ ტელევიზიის ბრძოლის ბედნიერებაცა და ბედისწერაც. ტელევიზია არ ნებდებოდა, ისევ მისივე პერსონალის სიჯიუტით, მოთმინებითა და თავდადებით ყველა შემთხვევაში ეთერი დაიბრუნა.
ჩემს მეგობრებთან ერთად, ეთერში გასვლის ხუთივე ეპოპეის მონაწილე ვარ. სოხუმიდან მოყოლებული ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი აფხაზეთის ტელევიზიაში გავატარე და ძალიან ამაყი ვარ ამ წლებით. რა არ გადაგვხდომია, რა წისქვილი დოლაბი არ დატრიალებულა ჩვენს თავს, მაგრამ ყველა განსაცდელს ვძლევდით ხოლმე და ამის მიზეზი ტელევიზიის ტრადიცია, გნებავთ, საფირმო ნიშანი-სულისკვეთება იყო.
მახსოვს თბილისიდან ეთერში რომ გავდიოდით, ჩვენს შორის შიდა დისკუსია გაიმართა, რა და როგორ გაგვეკეთებინა. ერთი ნაწილი ემხრობოდა აზრს, რომ ვილაპარაკოთ სიმართლე და არაფერი დავმალოთ. მეორე კი შიშობდა, რომ ამის გამო შეიძლება დავეხურეთ და ამიტომ ფიქრობდა, ლავირება ხომ არ აჯობებდა. ორივე პოზიციას თავისი მომხრეები ჰყავდა. ვერ შევთანხმდით და რჩევისათვის ბატონ აკაკი ბაქრაძეს მივმართეთ.
მაშინ ბატონ აკაკის ყველასთვის მოულოდნელად თანხმობა ჰქონდა გაცხადებული ჩვენს შეთავაზებაზე გამხდარიყო აფხაზეთის ტელერადიოკომპანიის დირექტორი. ჩვენი ეს მოსაზრება ზემდგომ ორგანოებში იხილებოდა. უფრო ზუტად, ფეხს ითრევდნენ მის დანიშვნაზე, მაგრამ ბატონი აკაკი ჩვენთან მაინც თანამშრომლობდა. ჰოდა, იმ დღეს სახლში ვესტუმრეთ და ვუთხარით ჩვენი უთანხმოების შესახებ. ბატონმა აკაკიმ ყურადღებით მოგვისმინა ყველას და ბოლოს ძალიან მოკლედ გვითხრა: რომც გაგვაჩერონ, სიმართლე უნდა ვთქვათო. ამით დასრულდა ჩვენი დისკუსია და ასე გადავწყვიტეთ. აქვე ვიტყვი, რომ ზემდგომთა თანხმობა წელიწადნახევარი არ მოსულა და ამასაობაში ორჯერ გაგვაჩერეს. არც ბატონი აკაკი დაუნიშნავთ . . .
დღეს აფხაზეთის ტელევიზია ისევ არ მაუწყებლობს, მაგრამ მისი მეხუთე გაჩერება ამჯერად სხვა მიზეზით მოხდა. მას სიბრიყვე და არაკომპეტენტურობა ჰქვია. ის ჯერ მორალურად გაანადგურეს საკუთარმა მესვეურებმა და შემდეგ ფიზიკურადაც გააქრეს ეთერიდან. ტელევიზია მთლიანად ყოლბაიასა და მისი მეზოზოური სახელისუფლო გუნდის მომსახურე და ლაქია გახდა. არავითარი შემოქმედება, არავითარი კრიტიკული აზრი, განსხვავებული შეხედულება, არავითარი სიმართლე, არავითარი ბრძოლა! მას არც მაყურებელი დარჩა და არც გულშემატკივარი. იყო ასე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დასაჭურისებული, ბოლოს კი სრულიად გამოფიტული და გაუფასურებული ისე მიახურეს, რომ ხმის ამომღები არავინაა დარჩენილი, მაინცდამაინც ვერც ვერავინ შეამჩია.
შეფასებებში არასოდეს არაფერს მოვრიდებივარ და მითუმეტეს არც ახლა ვაპირებ.
თქვენ, სტომაქზე მხოხავო, წყალობაზე პირდაფჩენილო, უღირსო, უსახურო და სამარცხვინო, აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებად წოდებულო ჰალსტუხიანო ავაზაკებო! აფხაზეთის ქართული მაუწყებლობა ოფლითა და სისხლით მოპოვებული მებრძოლი ტელევიზიაა. ის ომის ველზე შეიქმნა, მასში ბევრი ადამიანის სული, გული და ღვაწლი არის ჩადებული. შარშან მას 25 წელი შეუსრულდა, რომელიც თქვენ ისევე დაგავიწყდათ, როგორც საკუთარი ხალხი. ოთხი წლის წინათ ტელევიზია აღდგენილი და საღსალამათი ჩაგაბარეთ მის უნიკალურ არქივთან-250 ვიდეოკასეტასთან ერთად, რომელიც გადავარჩინეთ. ეთერში გასვლაღა რჩებოდა. ისიც გითხარით, რომ აჭარის ტელევიზიის მსგავსად ჩვენი ტელევიზიის მაუწყებლობის შესახებ კანონში მოქცევაზე გემუშავათ და რადიოზეც გეზრუნათ. რა გააკეთეთ, რა უყავით მას, რატომ დაჯიჯგნეთ ასე უმოწყალოდ, ვინ მოიყვანეთ, ვის ხელში ჩააგდეთ, რას ბოდავდით მისი ეთერიდან. გგონიათ, ჩალით არის ეს ქვეყანა დახურული, იმითაც არა და სულ ასე იქნება? გგონიათ თქვენ ძირმომპალ სავარძლებზე სულ ისხდებით არხეინად და არ მოგეკითხებათ?
მოგეკითხებათ, აუცილებლად მოგეკითხებათ! მალე მოვა დრო, თავქუდმოგლეჯილი გარბოდეთ თქვენი სამთავრობო ბუნაგებიდან. სიცოცხლის, ლოგიკაა ამაში, თქვე უწმინდურებო, აფხაზეთის დაბრუნების, იმედისა და რწმენის ლოგიკა და ამას ვერაფერი შეაჩერებს. თქვენს წაბილწულ ადგილებს კი ნამდვილი, უდრეკი და შეუპოვარი აფხაზეთი გადაიბარებს და ტელევიზიაც ზღაპრული ფრინველივით ისევ აღდგება, ეთერს აუცილებლად დაუბრუნდება.
ასეთია მისი ბედი და ასეთია მისი დანიშნულება — სიამაყით შეხვდეს თავის მაყურებელს!
მოძრაობა «დაბრუნება», აფხაზთა კრება

მსგავსი პოსტები

,,ვიცოდეთ ჩვენი უფლებები,,

ეკონომიკური კრიზისი და დიდი დეპრესია

Joni Kvaracxelia

«დავამარცხოთ გადამგდები ,,ოცნება» და მალე ბევრი თქვენგანიც გავუშვათ პენსიაში»

დატოვე კომენტარი