ოკუპაცია/დევნილები

აფხაზეთის ახალდაბაში 1992-92 წწ. სადისტურად დახვრეტილთა სია

ოჩამჩირის რაიონის სოფელი ახალდაბა, გადარჩენილ მაცხოვრებელთა თქმით, ქართული ხატინია. 1992-93 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე მთლიანად ქართულ სოფელში 450-ზე მეტი კომლი ცხოვრობდა. ახალდაბელებს პირად მეურნეობაში ყვავილები მოჰყავდათ და სოფელს ,,ყვავილების ქვეყანას“ უწოდებდნენ.
საზოგადოებამ უკვე იცის ახალდაბელთა საკონცენტრაციო ბანაკის შესახებ მეზობელი სოფლის ათარას სკოლაში და იქ მომხდარ საშინელებებზე. მაგრამ ნაკლებად იცის თვით ახალდაბაში გალეწილ სისხლის კალოზე 1993 წლის 19 სექტემბერს. სოფელი ააოხრა სპეციალურმა რუსულმა შენაერთმა, ე.წ. ,,პალაჩების“ (ჯალათები) რაზმმა, რომელიც ძირითადად რუსებისგან შედგებოდა. რომ არა თავის დროზე სოფლისთვის შემოვლებული ნიაღვრისგან დასაცავი 3 მ-ის სიღრმის არხი, რომელის გაუვალი ნაწილები ალყაშემორტყმულმა ახალდაბელებმა უშუალოდ შემოტევის დროს გაწმინდეს, მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა. ახალდაბელთა დიდი ნაწილი, ვინც მოასწრო, ამ არხით გავიდა სამშვიდობოს. სოფელი სრულად აღგვილია პირისაგან მიწისა, მთლიანად გაძარცვეს და გადაწვეს.
სიაში აგრეთვე არიან ომის სხვადასხვა დროსა და ვითარებაში გენოციდის მსხვერპლი ახალდაბელები, მათ შორის მომიჯნავე სოფელ აძიუბჟის (შემოდიოდა ახალდაბის სასოფლო საბჭოში) მაცხოვრებლები და აგრეთვე, 19 სექტემბერს დახვრეტილი პირები რომელთა იდენტიფიკაცია ახალდაბელებთან ვერ ხერხდება. სავარაუდოდ, ისინი სტუმრები იყვნენ, რადგან ახალდაბა ახლოს იყო ბაბუშარის აეროპორტთან და ჩამოვიდნენ გასამგზავრებლად. განცალკევებულად არის ერთი ქართველი ქალის-ქორდიკო მხეიძის ისტორია, რომელიც არანაკლებ ტრაგიკულია.
სოფელში იყო საერთო სარგებლობის 18-24 მეტრის სიღრმის ჭები. დაახლოებით 50-ზე მეტი. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ჰქონდათ წყალგაყვანილობა, მოსახლეობამ ეს ჭები შეინარჩინა და სარგებლობდა, რადგან იყო უნიკალური წყალი. ახალდაბის ხოცვა-ჯლეტისას ეს ჭები გახდა ახალდაბელთა სასაფლაო. მათი ნაწილი სწორედ ამ ჭებში ცოცხლად ჩაყარეს და ჩაახრჩვეს.
სიაში 136 პირია. ყველა მათგანი სადისტურად არის დახვრეტილი, თუმცა ყველა ისტორია ჩვენთვის ცნობილი არ არის, რადგან მხოლოდ ნაწილს ჰყავდა უშუალო თვითმხილველი. გენოციდის ყველა მსხვერპლი დადასტურებული ახალდაბელი ქალბატონების: ნუცა გიორგბელიზე-დარსალიას, ნელი შელიას, ნორა ვეკუას მიერ. ორი უკანასკნელი გარდაცვლილია. ისინი ამ ხოცვა-ჟლეტის დროს იმალებოდნენ. ,,პალაჩების“ რაზმის წასვლის შემდეგ მესამე დღეს ეს ქალბატონები ახალმა ადგილობრივმა საოკუპაციო ადმინისტრაციამ იპოვა, მაგრამ არ დაუხვრეტიათ. გვამები იხრწნებოდა და სწორედ მათ დაავალეს დაღუპულების აღწერა და დასაფლავება. ახალდაბის ისტორიაზე მუშაობდნენ აგრეთვე ,,აფხაზთა კრების“ აქტივისტები: ნანა ყალიჩავა და ახალდაბის გამგებელი ჯამბულ მიგინეიშვილი. ჩვენ კიდევ გვაქვს გარკვეული ისტორიები, რომელთა პუბლიკაციასაც ვერიდებით გასაგები მიზეზების გამო. ამასთან, ახალი გარემოებებიც არსებობს, რომელსაც ამჟამად ვსწავლობთ.
ბუჩამდე იყო აფხაზეთი, იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის!
———————————
სოფ. ახალდაბა, 1993 წლის 19 სექტემბერი.
1. აკობიძე ნინა, 87 წლის, ლოგინად ჩავარდნილი ავადმყოფი. ჩაცხრილეს საკუთარ საწოლში. შემდეგ სახლი გაძარცვეს და ცეცხლი წაუკიდეს. მასთან ერთად დახვრიტეს შვილი კუკური და შვილიშვილი გიორგი;
2. აკობიძე კუკური 58 წლის. დახვრიტეს დედასთან ნინა აკობიძესთან და შვილთან გიორგისთან ერთად.
3. აკობიძე გიორგი კუკურის ძე, 21 წლის, იყო ინვალიდი, უნარშეზღუდული. აგრეთვე, შეზღუდული მეტყველებით. დახვრიტეს მამასთან და ბებიასთან ერთად.
4. აკობიძე გიორგი ავერიონის ძე, 38 წლის, ეძებდა მეუღლეს, უკვე სკოლაში შეჰყავთ დატყვევებულები. ქალებს აწყობნენ ქუჩაში, სიკვდილის მუქარით ეკითხებოდნენ ვინ არის ბოევიკი, სად არიან ბოევიკები. ამის შემსწრემ ვერ მოითმინა, გამოვიდა საფარიდან და მკვლელებს უთხრა: რას ერჩით ამ ქალებს, აგერ მე ვარ. იმავწუთას დახვრიტეს ქალების თვალწინ. მისი დაკრძალვა აკრძალეს და რამდენიმე დღე იყო იქ ცხედარი, სანამ ცხოველებმა არ დაიწყეს მისი ჭამა.
5. აკობიძე კარლო, 42 წლის, ინვალიდი, მეტყველების დეფექტით. დახვრიტეს სახლთან.
6. ამბროლაძე გიორგი 70 წლის, დახვრიტეს ქუჩაში.
7. ბასლიძე იაშა (იაკობი), 59 წლის, დახვრიტეს საჯაროდ სკოლის ეზოში.
8. ბენდელიანი ისიდორე 75 წლის. აწამეს, დააძვრეს კბილები და დახვრიტეს საკუთარ სახლში, შემდეგ ჭიშკარზე წამოაგეს.
9. ბენდელიანი ზურაბ, დომენტის ძე, 32 წლის, მცხ. სოფ. ახალდაბა, სახლიდან გაიყვანეს და დაიკარგა. სავარაუდოდ ჭაში ჩაახრჩვეს.
10. ბენიძე მარგარიტა, 72 წლის, ლოგინად ჩავარდნილი ავადმყოფი. დახვრიტეს საკუთარ საწოლში.
11. ბერია იოსებ, 88 წლის, სახლს ცეცხლი წაუკიდეს. ოთხმა ჯარისკაცმა შეიპყრო საკუთარ სახლთან და სახლისკენ წაათრიეს. იოსები თავის გადასარჩენად ჭიშკრის ბოძს მოეჭიდა ხელით და ასე იბრძოდა სიცოცხლისთვის. ჯარისკაცებმა ვერ შეძლეს მის ჭიშკრიდან აღლეტა და მას ხელი მაჯაში მოაჭრეს. შემდეგ გააქანეს ალმოდებული სახლისკენ, რამდენიმე თვლაზე წინ და უკან გააქანანებით აალებულ სახლში ისროლეს და ჩაწვეს.
12. გაბისკირია რამაზი, 35 წლის, არ დაანება მოზარდი ქალიშვილი ჯალათებს. ქალიშვილის თვალწინ სასტიკად სცემეს, აწამეს, ავტომატი ჯერი ესროლეს და მომაკვდავი საქონლის ნაკელით დაახრჩვეს სახლიდან 100 მეტრში;
13. გადელია გია, 27 წლის, დახვიტეს სახლის მიმდებარედ;
14. გავაშელი აკაკი , 60 წლის, დახვრეტილია საკუთარი სახლის წინ;
15. გიორბელიძე ავთანდილ, 20 წლის, დახვრიტეს მეზობლის ოთარ ლენთაძის სახლში სამ ზუგდიდელ სტუმართან ერთად.
16. გოლეთიანი ალექსანდრე, 6 წლის, დახვრიტეს ბებიასთან — ვალენტინასთან საკუთარ სახლში;
17. გოლეთიანი ვალენტინა, 67 წლის, დახვრიტეს შვილშვილ ალექსანდრესთან ერთად საკუთარ სახლში;
18. გორგლასიძე დალოსტი, 70 წლის, დახვრიტეს საკუთარ სახლში;
19. გორგლასიძე მევლუდი, 29 წლის, უნარშეზღუდული, მენტალური პრობლემებით, დახვრიტეს აძიუბჟაში 1993 წლის მარტში;
20. გუგავა ტრისტანი, 60 წლის, დახვრიტეს საკუთარ სახლში;
21. დანელია ბეჟანი, 36 წლის, დახვრიტეს სახლის წინ დედის თვალწინ და ზედ ტანკი გადაატარეს;
22. დანელია დავითი, 65 წლის, ბეჟან დანელიას მამა. შეესწრო შვილის სადისტური მკვლელობას. ჭკუიდან შეიშალა. წაიყვანეს სკოლაში სხვა ტყვეებთან ერთად და შემდგომ მისი ბედი უცნობია სავარაუდოდ ჭაში ჩაახრჩვეს.
23. დანელია ლუბა, 65 წლის ბეჟან დანელიას დედა. შეესწრო შვილის სადისტური მკვლელობას. ჭკუიდან შეიშალა. წაიყვანეს სკოლაში სხვა ტყვეებთან ერთად და შემდგომ მისი ბედი უცნობია. სავარაუდოდ ჭაში ჩაახრჩვეს.
24. დანელია ჭიჭიკო, 57 წლის, მეუღლე ჭიჭიკო დანელიასთან წაიყვანეს სკოლაში და შემდგომ მისი ბედი უცნობია. სავარაუდოდ, ჭაში ჩაახრჩვეს.
25. დანელია ზოია, 40 წლის, მეუღლე ჭიჭიკო დანელიასთან ერთად წაიყვანეს სკოლაში და შემდგომ მისი ბედი უცნობია. სავარაუდოდ ჭაში ჩაახრჩვეს.
26. დათუსანი გულასპი 64 წლის, ათარას საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოყვანისას გზაში გულის შეტევით გარდაიცვალა (1993 წლის დეკემბერი);
27. დათუსანი მატრონა, 86 წლის, დახვრიტეს საკუთარ სახლში;
28. დათუსანი პაშა ფილიპეს ასული, 71 წლის, დახვრიტეს საკუთარ სახლში;
29. ვეკუა ჭიჭიკო დომენტის ძე, 58 წლის, ინვალიდი, დახვრიტეს საკუთარ სახლში;
30. თოდუა გონელი, 24 წლის, სოფ. ახალდაბა, მოკლეს 1993 წლის იანვარში ღამით საკუტარ სახლში. ცხოვრობდა მეურნეობის ბარაკებში ახალდაბის ბოლოში დაჩის მხარეს.
31. თოდუა რაული, 23 წლის, დახვრიტეს საკუთარ სახლში;
32. თოდუა ბიჭიკო ვასილის ძე, 65 წლის, დახვრიტეს დედასთან ერთად საკუთარ სახლში;
33. თოდუა ჟინო, 80 წლის, თოდუა ბიჭიკოს დედა-დახვრიტეს საკუთარ სახლში შვილთან ერთად;
34. თოლორდავა შახი, 63 წლის, დახვრიტეს სოფლის ცენტრში საჯაროდ თანასოფლელების თვალწინ ალექსი ცალანთან და კახა უგულავასთან ერთად ;
35. კანკავა ალექსანდრე, 75 წლის, დახვრიტეს საკუთარ სახლში;
36. კვარაცხელია ციცინო, 75 წლის, დახვრიტეს საკუთარ სახლში. არ ანებებდა რძლის გააუპატიურებას;
37. კირცხალია იური, 53 წლის, დახვრიტეს სახლთან, ქუჩაში;
38. ლაბარტყავა ანზორი, 43 წლის, დახვრიტეს საკუთარ სახლში;
39. ლემონჯავა ნელი, 62 წლის, გადაეფარა რძალს. დახვრიტეს საკუთარ სახლში. რძალი წაიყვანეს;
40. ლემონჯავა ჟუჟუნა, 67 წლის, დახვრიტეს საკუთარ სახლში;
41. მამფორია ვალიკო, 65 წლის, დაეცა ჭურვი ცოლის ძებნისას;
42. მანდარია დავით, 67 წლის დახვრიტეს საკუთარ სახლში უცნობი გვარდიელის შეფარებისთვის;
43. მირცხულავა ლერი, 56 წლის, დახვრიტეს ცენტრალური ტრასის პირას, სახლთან ახლოს;
44. მიქაია ციცინო, შვილს ლერი მიქაიას გადაეფარა საკუთარ სახლში და ნაჯახით აკუწეს (სხეული დაანაწევრეს).
45. ნაროუშვილი არჩილ, 52 წლის, დახვრიტეს საკუთარ სახლთან;
46. ნაჭყებია გიორგი , 57 წლის, სხვა ტყვეებთან ერთად წაიყვანეს თედორაშვილების სახლში. ღამით რევაზ ჩაჩხალიასთან ერთად გაიყვანეს ეზოში და დახვრიტეს.
47. ნემსიწვრიძე ბიკენტი, 59 წლის, დახვრიტეს ჭიშკართან.
48. ნემსიწვრიძე ნესტორი, 83 წლის, ინვალიდი, ახალგაზრდობიდან ორივე ამპუტირებული ფეხით. გადაადგილდებოდა გორგოლაჭებიანი დაფით; დახვრიტეს საკუთარ სახლში;
49. ნოდია შოთა, 78 წლის, დახვრიტეს საკუთარ სახლთან;
50. ომანაძე ავთანდილ, 60 წლის, დახვრიტეს საკუთარ სახლში;
51. ომანაძე ვენერა, 57 წლის, დახვრიტეს დედასთან-ვერიჩკასთან ერთად;
52. ომანაძე ვერიჩკა, 85 წლის, დახვრიტეს შვილთან-ვენერასთან ერთად;
53. ონიანი დავით, 25 წლის, დახვრიტეს საკუთარ სახლში;
54. საჯაია ამირან, 63 წლის, დაიღუპა მტრის ჭურვისგან საკუთარ სახლთან;
55. სულაბერიძე მარო, 83 წლის, ცოცხლად დაწვეს საკუთარ სახლში;
56. უბილავა ნოდარ, 55 წლის, დახვრიტეს საკუთარ სახლში.
57. უგულავა კახა, 22 წლის, დახვრიტეს შახი თოლორდავასა და ალექსი ცალანთან ერთად საჯაროდ, სოფლის ცენტრში , დატყვევებული თანასოფლელების თვალწინ;
58. ფანგანი კოტე, 18 წლის, დახვრიტეს საკუთარ სახლთან;
59. ფარულავა ბეჟან, 30 წლის, დახვრიტეს საკუთარი სახლის მიმდებარედ;
60. ფრუიძე მიხეილ, 67 წლის, დახვრიტეს საკუთარ სახლში მეუღლე კლარა ფრუიძესთან ერთად;
61. ფრუიძე კლარა, 65 წლის, დახვრიტეს საკუთარ სახლში;
62. ფოჩხუა შოთა, 64 წლის, ისტორიის მასწავლებელი. დახვრიტეს საკუთარ სახლში;
63. ქარაია გივი, 58 წლის, დახვრტეს საკუთარ სახლში შვილთან იგორთან ერთად;
64. ქარაია იგორი, 30 წლის, დახვრიტეს საკუთარ სახლში მამასთან- ბუტა ქარაიასთან ერთად;
65. ყურაშვილი ანეტა, 68 წლის, დახვრიტეს საკუთარ სახლში;
66. ყურაშვილი გურამ, 57 წლის, ინვალიდი, ჰქონდა ამპუტირებული ფეხი. დახვრიტეს საკუთარ სახლში;
67. ყურაშვილი ნოდარ, 43 წლის, გაიყვანეს სახლიდან და კიდევ 7 დატყვევებულ მამაკაცთან ერთად დახვრიტეს სოფლის განაპირას;
68. შამუგია ჟუჟუნა, 65 წლის, დახვრიტეს საკუთარ სახლში მეუღლე უშანგი შამუგიასთან ერთად;
69. შამუგია უშანგი, 65 წლის, დახვრიტეს საკუთარ სახლში მეუღლე ჟუჟუნა შამუგიასთან ერთად;
70. ჩაკვეტაძე ბუბუტი (ბუბა), 43 წლის, დახვრიტეს საკუთარ სახლში;
71. ჩაკვეტაძე რამაზ, 29 წლის, დახვრიტეს საკუთარ სახლში;
72. ჩაკვეტაძე შოთა 68 წლის, დახვრიტეს საკუთარ სახლში;
73. ჩაჩხალია რევაზი, 42 წლის, სხვა ტყვეებთან ერთად წაიყვანეს თედორაშვილების სახლში. ღამით გიორგი ნაჭყებიასთან ერთად გაიყვანეს ეზოში და დახვრიტეს.
74. ცალანი ალექსი 60 წლის, დახვრიტეს შახი თოლორდავასა და კახა უგულავასთან ერთად საჯაროდ, სოფლის ცენტრში, დატყვევებული თანასოფლელების თვალწინ;
75. ციკოლია ფრიდონი სერგოს ძე, 27 წლის, სავარაუდოდ ცოცხლად ჩაგდებულია ჭაში.
76. ცირდავა ავთანდილ, 64 წლის, მტერს საკუთა სახლში შეეგება თოფით. იქვე დახვრიტეს. მეუღლემ დაასაფლავა ეზოში ;
77. ძაძამია ჯოგო, 73 წლის, დახვრიტეს საკუთარ სახლში.;
78. ძაძამია ლიანა, 60 წლის, მცხ. სოფ. ახალდაბა,მოკლეს სასტიკად აწამეს და დახვრიტეს საკუთარ სახლთან მეუღლე ინდიკო და შვილ სოსო ძაძამიასთან ერთად;
79. ძაძამია სოსო 25 წლის, მცხ. სოფ. ახალდაბა, დახვრიტეს საკუთარ სახლში დედ-მამა ინდიკო და ლიანა ძაძამიასთან ერთად.
80. ძაძამია ინდიკო, 60 წლის, დახვრიტეს საკუთარ სახლში მეუღლე ლიანა ძაძამიასა და შვილ სოსო ძაძამიასთან ერთად.
81. ძიძავა ნათელა, 63 წლის, მცხ. სოფ. ახალდაბა, მეუღლე ომარ ძიძავასთან ერთად მოკლეს წამებით – თავი მოკვეთეს.
82. ძიძავა ომარ 63 წლის, მოკლეს წამებით მეუღლე ნათელასთან ერთად – თავი მოკვეთეს;
83. ქაჯაია რაჟდენ, 81 წლის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ჰყავდათ ტყვედ აფხაზური ათარის სკოლაში. აწამებდნენ. ეკითხებიდნენ ვის მიწაზე ხარ. პასუხობდა: ქართულ მიწაზე. ამაზე პირში ტენიდნენ მიწას და აწამებდნენ. შემდეგ გამოუშვეს და როგორც კი გამოვიდა სამშვიდობოს სული განუტევა.
84. ხაინდრავა თევდორე, 70 წლის, მცხ. სოფ. ახალდაბა, დახვრიტეს საკუთარი სახლში.
85. ხაინდრავა გრიშა (გრიგოლი) 83 წლის, ცოცხლად დაწვეს საკუთარ სახლში;
86. ხვადაგიანი შალვა, 57 წლის, დახვრიტეს საკუთარ ჭიშკართან;
87. ციკოლია სერგო, 60 წლის, მკვლელობის გარემოებები უცნობია. სავარაუდოდ, ჭაში ჩაახრჩვეს;
88. ჯანელიძე ჯემალი სიმონის ძე, 53 წლის, უცნობია დაღუპვის გარემოებები, გაიყვანეს მეზობლის სახლიდან. სავარაუდოდ ჭაში ჩაახრჩვეს;
89. ჯახაია ბორის, 67 წლის, დახვრიტეს ქუჩაში. გამოსული იყო სქურჩის მოსახვევამდე.
90. ჯიშკარიანი ვანო ფილიმონის ძე, 43 წლის, დაიღუპა რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად 1993 წლის ივლისში.
91. ჯოხაძე ალიოშა, 83 წლის, დახვრეტილია საკუთარ სახლში;
92. ჯოხაძე დალოსტი, 62 წლის, დახვრეტილია საკუთარ სახლში ;
93. ჯოხაძე ჯიმშერი 57 წლის, იყო შეურაცხადი. დახვრიტეს სოფსაბჭოს მიდამოებში.
94. ჯოხაძე ლილი, 56 წლის, დახვრიტეს საკუთარ სახლში;
95. ჯოხაძე უშანგი, 65 წლის, დახვრიტეს საკუთარ სახლში;
96. ქარჩავა ემზარი, 36 წლის, მოკლულია 1992 წლის ოქტომბერში, დაჩაში;
97. მუშკუდიანი ვლადიმერ, 39 წლის, 1993 წლის მაისში დაიღუპა რუსეთის ავიაციის მიერ დაბომბვის დროს სახლის წინ, ცენტრალური ტრასის მიმდებარედ;
98. ჯიშკარიანი ვანო 43 წლის, დაიღუპა რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად 1993 წლის ივლისში.
1993 წლის 22 სექტემბერს რუსული სპეცრაზმის მიერ მიერ
ბაბუშარის აეროპორტში ჩამოგდებული თვითმფრინავში დაღუპული ახალდაბელები:
99. თუთისანი ემზარ, 36 წლის;
100. ჟორჟოლიანი დავით , 28 წლის;
101. ჩაკვეტაძე ალექსანდრე (ალიკა), 36 წლის;
102. ხაინდრავა ემზარ, 26 წლის.
სოფ. აძიუბჟაში მოკლულები:
103. გაბუნია აპოლონი, 67 წლის, დახვრიტეს საკუთარ სახლში (1993 წლის ივლისი);
104. გაბუნია გალინა, 63 წლის, დახვრიტეს საკუთარ სახლში (1993 წლის ივლისი);
105. გაბუნია გრიგოლი, 67 წლის, მეუღლე მარიასთან და ორ შვილთან (სახელები უცნობია) ერთად გამოჭრეს ყელი საკუთარ სახლში (1993 წლის იანვარი);
106. გაბუნია მარია, 63 წლის, მეუღლე გრიგოლთან და ორ ვაჟიშვილთან ერთად გამოჭრეს ყელი საკუთარ სახლში (1993 წლის იანვარი);
107. გაბუნია (სახელი უცნობია) გრიგოლის ძე, 28 წლის, მშობლებთან გრიგოლ და მარიასთან და ძმასთან (სახელი უცნობია) ერთად გამოჭრეს ყელი (1993 წლის იანვარი);
108. გაბუნია (სახელი უცნობია) გრიგოლის ძე, 28 წლის, მშობლებთან გრიგოლ და მარიასთან და ძმასთან (სახელი უცნობია) გამოჭრეს ყელი (1993 წლის იანვრში)
109. გაბუნია შოთა გრიგოლის ძე, 28 წლის, დახვრიტეს საკუთარ სახლში (1993 წლის ივლისში).
110. გაგუა ალიოშა, 59 წლის, დანით აწამეს და მოკლეს საკუთარ სახლში 1992 წლის დეკემბერი;
111. გორგლასიძე მევლუდი, 29 წლის, ახალდაბელი უნარშეზღუდული, მენტალური პრობლემებით, დახვრიტეს აძიუბჟაში 1993 წლის მარტში;
112. კემულარია კინტუშა, 38 წლის, დახვრიტეს საკუთარ სახლში 1993 წლის სექტემბერში.
113. მხეიძე ქორდიკო, ახლდაბის სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი. წარმოშობით სამეგრელოდან. ცხოვრობდა აძიუბჟაში. მეუღლე ჰყავდა აფსუა ეროვნების, გვარად გაბუნია. მისი 2 შვილი მონაწილეობდა ახალდაბის ეგზეკუციაში. როგორც კი გაიგო ამის შესახებ, ქორდიკო მხეიძემ თავი მოიკლა;
114. სოხაძე ვახტანგ, 54 წლის, დახვრიტეს ძმასთან -ზაურთან ერთად ამ უკანასკლელის; სახლში 1993 წლის სექტემბერში;
115. სოხაძე ზაურ, 37 წლის, დახვრიტეს ძმასთან ვახტანგთან ერთად 1993 წლის სექტემბერში;
116. ხმელევსკაია ნადეჟდა, 16 წლის, დახვრეტილია მშობლებთან ანატოლი და ვალენტინასთან, ძმა სლავიკთან და ბებია ნადიასთან ერთად. გვამები დაწვეს. ანატოლი მუშაობდა ოჩამჩიროს მილიციაში ომის დროსაც. უთანაგრძნობდა ქართულ სახელმწიფოს და არ იბრძოდა მტრის მხარეს. მთელს ოჯახზე შური იძიეს 16 სექტემბერს.
117. ხმელევსკაია ვალენტინა, 40 წლის მცხ. სოფ. ახალდაბა, დახვრეტილია მეუღლე ანატოლისთან, ქალიშვილ ნადეჟდასთან, ვაჟიშვილ სლავიკთან და დედამთილ ნადიასთან ერთად. გვამები დაწვეს (1993 წლის სექტემბერი).
118. ხმელევსკი ანატოლი პეტრეს ძე, 43 წლის მცხ. სოფ. ახალდაბა, დახვრეტილია მეუღლე ვალენტინასთან, ქალიშვილ ნადეჟდასთან, ვაჟიშვილ სლავიკთან და დედა ნადიასთან ერთად. გვამები დაწვეს (1993 წლის სექტემბერი).
119. ხმელევსკი სლავიკი ანატოლის ძე, 17 წლის მცხ. სოფ. ახალდაბა, დახვრეტილია მშობლებთან ანატოლი და ვალენტინასთან, დასთან — ნადეჟდასთან და ბებია ნადიასთან ერთად. გვამები დაწვეს (1993 წლის სექტემბერი);
120. ხმელევსკაია ნადია ნიკოლოზის ასული, 70 წლის მცხ. სოფ. ახალდაბა, დახვრეტილია შვილი ანატოლისთან, რძალი ვალენტინასთან, შვილიშვილებთან — სლავიკთან და ნადეჟდასთან ერთად. გვამები დაწვეს(1993 წლის სექტემბერი).
121. ჩხოტუა ალიოშა, 85 წლის, მცხ. სოფ. ახალდაბა, ცოცხლად დაწვეს საკუთარ სახლში (1993 წლის სექტემბერი).
122-136. 15 დახვრეტილი, რომლებიც ახალდაბელები არ არიან: გვაძაბია ვალერიან, ჯობავა მიშა, აკობიძე ანეტა , ზარქუა გივი , ზაქარაია დათო, ზაქარაია ნუგზარ, ზუხბაია გრიგოლ, ზუხბაია ბორისი, ზუხბაია ხურხი, ქარაია ბაგდა , ყოლბაია ბუდა, ძალამიძე საშა, ძალამიძე რაჟიკო, ძიაპშპა მირონ, ლაბარტყავა ანზორ.

მალხაზ პატარაია, აფხაზთა კრება

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 12 წლისთავთან დაკავშირებით

რაზე ისაუბრეს საგარეო საქმეთა სამინისტროში

ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

დატოვე კომენტარი