ავტონომიის მთავრობის უბერებელ მეთაურ ყოლბაიას ან ჟენევაში ვხედავთ ხოლმე ტელეეთერით, ან დაკრძალვებზე ცხადად. პირველი -მისი ნიჭიერებების გამოვლინების საუკეთესო ადგილი ნამდვილად არ არის და არც რაიმე ღირებული გვახსოვს მისგან ამ ელჩობებიდან. მეორე კი გაცილებით უკეთ გამოსდის. შემთხვევას არ ტოვებს გამოწკეპილ-გამოჯგიმული არ გაერიოს საზოგადოებას და საკუთარი პერსონით პრესტიჟი შემატოს რიტუალს.ქორწილებს უკვე ნაკლებად ეტანება. ბოლო ჯერზე სულ გინებით აიკლეს შექეიფიანებულმა მექორწილეებმა, როდესაც თამადამ მისი პერსონალური სადღეგრძელო დააპირა. დაკრძალვებზე უფრო მშვიდად გრძნობს თავს, რადგან აქ არავინ ზედმეტის უფლებას თავს არ აძლევს. აქამდე ასე ეგონა, მაგრამ ამაშიც დიდი გაწბილება ელოდა.
ჯვარი აქაურობას და სულ ახლახან ბატონი ვახტანგი სამძიმარზე მისულა მის ახლობელ გალელთა ოჯახში. თავდახრილი და გულდათუთქული იერით შევიდა ოთახში, სადაც მიცვალებული ესვენა და ის იყო გარშემო უნდა შემოევლო, რომ ჭირისუფალს მის თვალწინ ქალიან -კაციანად სხვა კარიდან დაუტოვებია იქაურობა. შერჩა თურმე ჩვენი თავმჯდომარე მიცვალებულს მარტო.
სახტად დარჩენილმა მიიხედ-მოიხედა, სამძიმრის სათქმელად რომ ვერავინ იპოვა, ნირწამდარი შემობრუნდა და ბინიდან გაიძურწა. თითქოს ეს არ კმაროდა, მაგრამ გარეთ მას ახალი სიურპრიზი ელოდა. კიბის უჯრედზე ყოფილ მძახალს გადაეყარა, რომელიც იმავე ოჯახში მისასამძიმრებლად ადიოდა. გვერდი ვეღარ აუქცია და დაბნეულმა ყოფილი მოყვარის მოკითხვა და გადახვევა გადაწყვიტა. ალბათ იფიქრა, აქ მაინც გაუწევდნენ ანგარიშს მის რეგალიებს, მაგრამ ნურას უკაცრავად, უარესი დაემართა. ეს როგორ გამიბედეო,-ქალბატონმა და ისეთ დღე აწიეს, ისეთი ქოქოლა აყარეს ჩვენს გმირს, რომ სულ თავქუდმოგლეჯილი მიძუნძულებდა თურმე კოპრუსიდან ქოშინ-ქოშინით.
ასეა, ბატონო ვახტანგ. ასე იცის სიხარბემ, ვერაგობამ, ბოროტებამ, მტრის სამსახურმა, გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე პარაზიტულმა არსებობამ. სინდისი, შუბლის ძარღვი, ღირსება ის კატეგორიები არ არის, რომელიც, ასე მგონია, როდისმე შეგაწუხებთ და ვინ იცის კიდევ რამდენ ასეთ ამბავს გადაეყრებით, ჩვენო მობეზრებულო უბერებელო.
მალხაზ პატარაია, აფხაზთა კრება