ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ზურაბ აზარაშვილი დაიკავებს

0
85

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძეს ზურაბ აზარაშვილი შეცვლის. აღნიშნულ თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

„მოგეხსენებათ, რომ ეკატერინე ტიკარაძე გადადგა თანამდებობიდან და მინდა, უპირველესად, მას გადავუხადო მადლობა გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვო წარმატებები. დღეს წარმოგიდგენთ ახალ მინისტრს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს. ის გახლავთ ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი, მას აქვს ფინანსების მართვის ძალიან დიდი გამოცდილება. არის ძლიერი მენეჯერი. თავად გამოვცადეთ და დავრწმუნდით ამაში, როდესაც მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი. ზურაბ აზარაშვილი მაშინ იყო „დელტას“, ასევე „თბილავიამშენის“ ხელმძღვანელი. მისი უშუალო ხელმძღვანელობთ განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა საქართველოს ავიაციის აღდგენა. ასევე, უამრავი სხვა პროექტი, რომელიც უკავშირდება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებას და ასე შემდეგ.

ზურაბ აზარაშვილი არის უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი, იგი გაზრდილია ექიმის ოჯახში. მას კარგად აქვს გაცნობიერებული, რაც მოსახლეობის წინაშეა. მინდა, ზურას ვუსურვო წარმატება. არის ხუთი შვილის მამა და ვფიქრობ, იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი.

აქვე მინდა, აღვნიშნო, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად, მსგავსი უზარმაზარი სამინისტროს მართვაში ასეთი გამოცდილი კადრის მინისტრად დანიშვნას. სამინისტროს ბიუჯეტი არის დაახლოებით ექვსი მილიარდი ლარი. ეს არის მთლიანი ბიუჯეტის თითქმის მესამედი და ბუნებრივია, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან გამოცდილი კადრი გვჭირდებოდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ