ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობასთან, სადაც ამ დრომდე ხმაურია.
დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავს, დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით.
აქციის მონაწილეებს ჰქონდათ მცდელობა გზის გადაკეტვის, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
როგორც დაკავებულის დედა აცხადებს, თუ მის უდანაშაულო შვილს არ გაათავისუფლებენ, ხელისუფლებას არჩევნების ჩატარებას უფლებას არ მისცემენ.
ბესიკ დგებუაძე წელიწადნახევრის წინ მომხდარი დაპირისპირების საქმეზე გუშინ დააკავეს, მოგეხსენებათ ინციდენტის დროს თავად დგებუაძეც დაიჭრა, მისი უფლებადამცველი განმარტავს, რომ მას არ დაუნახავს ვინ გაისროლა მისი მიმართულებით.
ბესიკ დგებუაძის მამა აცხადებს, რომ სანამ მის შვილს არ გაათავისუფლებენ აქციას არ შეწყვეტენ.
„სანამ არ გაათავისუფლებენ ჩემს შვილს, არ მოვიცლით ფეხს, ხვალაც მოვალთ, ზეგაც მოვალთ. არჩევნებამდე ასე ვივლით. მერე არჩევნებში რაღაც კომედი შოუს დავუდგამთ ამ ხელისუფლებას. გამოვა მთელი ხალხი… ასეთი უსამართლობა. თქვენთან ერთად დამიჯდეს ამ საქმის გამომძიებელი, შევეკითხები და პასუხები მომცეს. მანახეთ დაზარალებული და მივდივარ სახლში. დაზარალებული არ არსებობს და იმ მუხლით იჭერ,“ – განაცხადა “კურიერთან” ბესიკ დგებუაძის მამამ.
