პანკისი — Pankisi.Ge აქვეყნებს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის განცხადებას , ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
,,გვსურს გამოვეხმაუროთ, საქართველოს პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის მიერ ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში გაჟღერებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ტეორორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თითქოსდა აღმოჩენილია თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე არსებული საბანკო ანგარიში, რომელზეც დარიცხული თანხით ის თითქოსდა დახმარებას უწევდა ტერორისტებს.
ხელისუფლებამ ჩვენი ოჯახის წინაშე დანაშაული ორჯერ ჩაიდინა. პირველად, როცა ჩვენი შვილი საკუთარ ლოგინში სასტიკად მოგვიკლეს და მეორედ, როცა ის დასაბუთების და სასამართლოს გარეშე ტერორიზმის მხარდაჭერად გამოაცხადეს. პირველივე დღეებიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა პოლიტიკური პირები სწორედ ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდების მტკიცებით ცდილობდნენ თემირლანის დისკრედიტაციას და საკუთარი დანაშაულის გადაფარვას.
ბატონი ირაკლი სესიაშვილის განცხადება სწორედ ამ პოლიტიკის გაგრძელება იყო. სამწუხაროა, რომ მასშტაბური სოციალური პროტესტისა და პრემიერ-მინისტრთან ჩვენი შეხვედრის შემდეგ, ხელისუფლება თემირლანის საქმეზე დაშვებული დანაშაულის და ხარვეზების სიმძიმეს ვერ იაზრებს და კვლავ აგრძელებს ჩვენი ოჯახის და სრულიად პანკისის ხეობის წუხილის არ აღიარებას.
გვინდა ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ სუსის და პროკურატურის განმარტებით, თემირლან მაჩალიკაშვილს ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ გააჩნია რაიმე სამართლებრივი სტატუსი, ის არ იყო ბრალდებული, არ იყო დაკავებული და მის მიმართ არ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა. შესაბამისად თემირლანის დანაშაულებრივ ქმედებაზე მტკიცებით ფორმაში საუბარი და თითქოსდა კონკრეტულ მტკიცებულებაზე მითითება, მაშინ როდესაც ჩვენ მისი გაბათილებისა და საკუთარი თავის დაცვის საშუალებაც კი არ გვეძლევა, არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. ბატონი სესიაშვილის აზრი თემირლან მაჩალიკაშვილის საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებით სწორედ მტკიცებით ფორმაში აკავშირებდა მას ტერორიზმთან.
ასევე უნდა ითქვას, რომ ჩვენთვის, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის და ჩვენი ადვოკატებისთვის, უცნობია ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალები. არაერთი მიმართვის და ყოფილი მთავარი პროკურტორის, ირაკლი შოთაძის დაპირების მიუხედავად, საქართველოს მთავარი პროკურატურა ამ დრომდე ოჯახის წევრებს არ გვაძლევს საშუალებას გავეცნოთ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მასალებს და ვნახოთ მოიცავს თუ არა ის თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებებს. საქართველოს პროკურატურა არ გვაძლევს საშუალებებს წარვადგინოთ თემირლანის უდანაშაულობის დამადასტურებელი გარემოებები.
ამასთან უნდა ითქვას, რომ ტეროტიზმის მხარდაჭერის გამო ბრალდებული სხვა პირების ადვოკატები უთითებენ, რომ სასამართლოში გაგზავნილ საქმის მასალებზე თემირლანის ბრალეულობის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ არის წარდგენილი პროკურატურის მიერ.
26 დეკემბერს ჩვენს ოჯახში სუსის მიერ ჩატარებულმა ტერორისტულმა აქტმა, ჩვენ გვაგრძნობინა უფლებააყრილობის სიმძიმე. დღეს, როცა სამართლებრივი დაცვის და საფუძვლების გარეშე ჩვენს შვილს ტერორისტად აცხადებენ ჩვენი დაუცველობის, კანონგარეშედ, უფლებააყრილად ყოფნის და ამდენად ადამიანად არ აღიარების ეს პოლიტიკა გრძელდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ
— პროკურატურას ჩვენ და ჩვენს ადვოკატებს მისცეს შესაძლებლობა გაეცნონ ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეში ჩვენს შვილთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციას და მასალას;
— პოლიტიკოსებს დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია და თავი შეიკავონ თემირლანის და ჩვენი ოჯახის დისკრედიტაციისგან.
პატივისცემით,
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი»