ანალიტიკაპუბლიკაციები

ჭანური მეურნეობისა და საგეოგრაფიო სახელების ტოპონიმიკა

(მოკლე მიმოხილვა)

ბევრი ხანი არაა რაც ჩემი კვლევის საგანს წარმოადგენს ჭანური ტოპონიმიკა, ჭანურიდან გამომდინარე და მას მიკუთვნებული გვარები, ადგილმდებარეობის გეოგრაფიული აღწერა, თუ რატომ და საიდან წარმოიშვა ამა თუ იმ ადგილის სახელწოდება, ეს იქნება სასოფლო სამეურნეო განხრით თუ მდინარეების სახელწოდებები და სხვა.
ნებისმიერი ენის ლექსიკურ მარაგში საპატიო ადგილი უჭირავს ტოპონიმიკას. “ტოპონიმი“ ბერძნული წარმოშობისაა და გადმოითარგმნება, როგორც ადგილის სახელი. იგი ონომასტიკის დარგია, რომელიც შეისწავლის გეოგრაფიულ სახელწოდებებს, მათ მნიშვნელობას, აგებულებას და წარმომავლობას. ტოპონიმიკური კვლევა-ძიების მიზანია, ტოპონიმთა სარწმუნო ეტიმოლოგიის დადგენა, ხოლო წინაპირობას ცალკეული ეთნიკური ან გეოგრაფიული რეგიონის სრული ტოპონიმიკური სისტემის აღწერა წარმოადგენს. გეოგრაფიულ სახელთა მეცნიერული ანალიზით შესაძლებელია ენის ლექსიკური სიმდიდრის გამოვლენა, ისტორიის რიგი საკითხების უკეთ გაშუქება, ხალხის წარსული სამეურნეო საქმიანობისა და რელიგიური წარმოდგენების შესწავლა. ტოპონიმი ფართო ცნებაა და დიდ თუ მცირე ადგილის, სახელმწიფოს, მდინარის, ზღვის, მთისა და მათი ნაწილების სახელწოდებათა ერთობლიობას გულისხმობს. ტოპონიმიკა მოძღვრებაა ტოპონიმთა შესახებ.
მინდა გაგაცნოთ მიმდინარე კვლევიდან ნაწყვეტი რომელიც შეეხება ვაზის ჯიშს აჭანდრის წითელს და ჭანკილოურს და ასევე შევეხო სხვა უკვე გამოკვლეულ ჯიშებს ჭანური ტოპონიმით ვაზის, ხილისა თუ მცენარეების. მე არ მაქვს პრეტენზია, რომ ჩემი კვლევა სრული ყოველმხრივი და ამომწურავია, თავისთავად მკითხველისთვის დამაჯერებელიც, რადგან მე ამ განხრით ჯერ არ მაქვს დაგროვილი ცოდნა და სჭირდება უფრო დეტალური განხილვა, რაც დღესაც მიმდინარეობს.
საქართველო ისტორიულად აგრარული ქვეყანაა. აქ ათასწლეულების მანძილზე მაღალ დონეზე განვითარდა სოფლის მეურნეობის ის დარგები, რომლებიც ევროპისა და აზიის სუბტროპიკული და ზომიერი სარტყლების, ნოტიო და თბილი, ცხელი და მშრალი კლიმატის ტიპებისთვის იყო დამახასიათებელი. ქართული ვაზი და ხორბალი, ხილი, ციტრუსი, ფუტკარი, შინაურ ცხოველთა არაერთი სახეობა. საქართველოს ბუნებრივი პოტენციალის კომპლექსურ შეფასებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ადამიანის ყოფა-ცხოვრებისთვის, ისე მეურნეობის განვითარებისთვის. ამგვარი შეფასება დღემდე პრაქტიკულად არ განხორციელებულა, რაც აქტუალური სამეცნიერო და მაღალი სამეურნეო დანიშნულების ამოცანაა. მარტო მარცვლოვნებიდან საქართველოში 100-მდე ოჯახი და 350 ადგილობრივი სახეობაა აღრიცხული. ბევრია ენდემური სახეობა. მაგალითად, საქართველოში გავრცელებული ხორბლის 15 სახეობიდან 5 ენდემურია. მინდვრის კულტურებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ხორბალი, ქერი, შვრია, ჭვავი, ღომი, ქვრიმა, ფეტვი და სხვა.
ხორბლის შესწავლის დარგში საეტაპო მნიშვნელობა ჰქონდა ვლ. მენაბდის წიგნს «Пшеницы Грузии» (1948 წ.). დადგენილია, რომ ხორბლის გვარის სახეობრივი მრავალფეროვნება საქართველოს ტერიტორიაზეა თავმოყრილი, ხოლო კულტურული ხორბლის ინიციალური სახეობები, მხოლოდ საქართველოშია შემორჩენილი. დადასტურებულია კულტურული ხორბლების ქართული კერის პირველადობა და მათი განსაკუთრებული მნიშვნელობა ხორბლის დომესტიკაციის პროცესში.
საქართველოში ვაზის გაშენება-მოვლის წესები ცნობილი იყო ძვ. წ. 3200-3300 წლის წინათ. ადგილობრივი მევენახეობის სიძველეზე მიუთითებს არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, წერილობითი წყაროები, მდიდარი ხალხური ტერმინოლოგია და სხვა. მსოფლიოში ცნობილია ვაზის 4000-მდე ჯიში. საქართველოში ვაზის 500-ზე მეტი ადგილობრივი ჯიში არსებობს, რომელთაგან სტანდარტულ ასორტიმენტში შეტანილია 62 ჯიში, მათ შორის 29 საღვინე და 9 სუფრის.
ქსენოფონტე (ძვ. წ. V ს.) წერს, რომ კოლხების ღვინო ”სურნელოვანი და საამო” იყო. სტრაბონის (ძვ. წ. I ს.) ცნობით, იბერიაში ყურძენი ფართოდ გავრცელებული ყოფილა და ვაზის ისეთი მოსავალი მოდიოდა, მოსახლეობას მისი სრულიად მოხმარება არ შეეძლოო. პროკოფი კესარიელი (VI) გვიამბობს: ”მესხები შრომის მოყვარენი არიან, მათ ბევრი ვენახი აქვთ და თავიანთი ღვინო მიაქვთ სხვადასხვა ქვეყნებში გასაყიდად”. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცნობაა, ვინაიდან ცხადი ხდება, რომ ძველ მესხებს ცხოველი სავაჭრო ურთიერთობა ქონდათ დამყარებული მეზობელი ქვეყნებთან და ადგილობრივი პროდუქტი ექსპორტზე იგზავნებოდა.
საქართველოს ტერიტორიის სხვადასხვა კუთხეში აღმოვაჩენთ ისეთ ვაზის ჯიშებსაც რომლის წარმომავლობა ჭანურიდან მომდინარეობს, ასევე ხილისა თუ მცენარეების ჯიშებსაც.
ივ. ჯავახიშვილის მიხედვით ვაზის ნაყოფს ძველადაც ყურძენი ეწოდებოდა. იგი, ჩანს, ძველისძველ ქართულ სიტყვას წარმოადგენს, რადგან ვაზის ნაყოფს მეგრულადაც და სვანურადაც „ყურძენი“, ხოლო ჭანურად „ურძენი“ ჰქვია.
ვაზის ჯიში : აჭანდრის წითელი, შავი, — აფხაზეთი მც. გავრც.
,,აჭანდარა (გუდაუთის მუნიციპალიტეტი) ამ სოფელში დღემდე დგას უზარმაზარი ჭადარი, რომელიც ალბათ ათასი წლისა იქნება. ალბათ ამ ხეს უკავშირდება სოფლის სახელი აჭანდარა, სადაც პირველი ა აფხაზურისათვის დამახასიათებელი თავსართია, ხოლო ,,ა,, ქონების მნიშვნელი სუფიქსია და საკმაოდ ხშირად გვხვდება ქართულში (მაგალითად: ქოჩორა, წვერა, ბოლოშავა, თავშიშველა და ა.შ). ფუძე ამ სიტყვისა არის ჭანდარი, რომელიც ჭადარის პარალელურად გვხვდება როგორც დიალექტებში ასევე მხატვრულ ლიტერატურაშიც.’’
მიუხედავად ამ ალბათობის თეორიისაა მე ვფიქრობ უფრო ახლოს იქნება მოსაზრება ამ სახელის და ვაზის ჯიშის წარმომავლობა ჭანურის ფუძესთან. ზაქარია ჭიჭინაძის გადმოცემით თითქმის მთელი შავი ზღვისპირა ზოლი ჭანებს,ლაზებს და მეგრელებს ეკუთვნოდა და განიყოფებოდა სამ ნაწილად. აფხაზეთში ცხოვრობდა ჭანური მოსახლეობა: გუდაუთის, ოჩამჩირის, სოხუმის გარდა ლაზები მოსახლეობენ გუმისთის რაიონში, ეშერის თემის სოფლებში: შაწკვარაში (4 კომლი), ფაჩანთაში (10 კომლი), ხარუტაში (8 კომლი), ფშალთილუღში (32 კომლი), წარა-შუბარაში (45 კომლი) _ ეს ცნობები 1929 წლისაა (არჩ. ჩიქობავა). აჭანვა სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში.
ქართულსა და ზანურში (ჭანურ-მეგრულში); ბოლოკიდური -ო-, -ე-, -ა-, როგორც ფუძის საწარმოებელი სუფიქსები; -ა ფუძის საწარმოებელი სუფიქსია. მაგალითისთვის ასევე მოვიყვან შემდეგს, ქართულ-კოლხურიდანაა ნასესხები აფხაზურში ა- ჷრა,
ა- ჷურა „ურა ცხენი“ (ჯანაშია 1954: 269: ამიჭბა, 1975: 117); აარჩან, ა- არჩან „ოჩანი ცხენი“ (ჯანაშია 1954: 265); ამარ ა, ა- ჷმარ „თვალმარღი ცხენი“ (არშბა 1980: 85); აფჭაჭარ „ფაფარი“, მეგრ. ფაჭაჭი (ჯანაშია 1954: 288); ა-ლარჯ, ა- ჷლარჯ „ლურჯა ცხენი“ (კვარჭია 1981: 126). ეს უკანასკნელი გვაქვს აბაზურშიც ლარჯ სახით (შაგიროვი1989: 139), რაც იმაზე მიგვითითებს, რომ სესხება აფხაზურ აბაზური ენობრივი ერთობის დაყოფამდე, ე. ი. XVI ს-ის მეორე ნახევრამდე, რადგან ამ პერიოდისთვის ივარაუდება აფხაზთა მიგრაცია დღევანდელი აფხაზეთის მიწა-წყალზე. აფხაზურ ფოლკლორში ზღაპრული ცხენის აღსანიშნავად გვხვდება ფორმა ა-რაშ .
დაუბრუნდეთ ჩვენს თემას ა- ჭან — დარა. — ,,ა,, ფუძის საწარმოებელი სუფიქსია, გვრჩება ჭან, ხოლო -დარა- აფხაზურად მრავლობითი რიცხვის მანიშნებელია და გადაითარგმნება როგორც — ისინი. ჩვეულებრივად რო დაუფიქრდეთ აფხაზები ყველაფერს სახელს უცვლიან თავისებურად ჯერ ისესხებენ მეგრულიდან და შემდგომ გარკვეული სიტყვები იცვლება თავიანთი ფორმით, თუმცა საბოლოოდ ამ სიტყვების ძირი და წარმომავლობა ყოველთვის იჩენს თავს.
ზემოთმოყვანილი ლოგიკური მოსაზრებების მიხედვით ,,ა’’ – ფუძის საწარმოებელი სუფიქსია, ,,ჭან’’ – ჭან ასევე ჭანების ფუძიდან მომდინარე ამოსავალი სატომო სახელი ჭანი და ,,დარა’’ აფხაზურად მრავლობითი რიცხვის მანიშნებელი, იგივე მრავლობითს მიკუთვნებულის მანიშნებელის, ჭანების კუთვნილების, რომლებიც ცხოვრობდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზებამდე, ანუ ჩრდილოეთკავკასიური – ჯიქურ-აფსუური თემები სანამ ჩამოსახლდებოდნენ, შესაბამისად, ამ მხარეში ამდროიდან იცვლება ეთნიკურ-ენობრივი თუ კუთვნილების მანიშნებელი მდგომარეობაც. ასევე ,,აჭან» აფხაზურად მემკვიდრეობას, მემკვიდრეობით მიღებულ ქონებასაც ნიშნავს. ,,ჭან’’ ეთნონიმია, ესეიგი რომელიც წარმოადგენს ამა თუ იმ ხალხის თუ ეთნოსის სახელწოდებას. ეთნონიმიკა განარჩევს სახელებს, რომელსაც ირქმევენ ხალხები და იმ სახელებს, რომელსაც არქმევენ მათ სხვა ხალხები თუ ტომები. ეთნონიმიკა არკვევს ეთნონიმის მიმართებას ტოპონიმებთან: ეთნონიმისაგანაა მიღებული ქვეყნის, მხარის სახელი. ეთნონიმიკა არკვევს, თუ რომელი ხალხი ცხოვრობდა ამა თუ იმ ტერიტორიაზე, ვის აღნიშნავდა ესა თუ ის ეთნონიმი სხვადასხვა პერიოდში. სიტყვის ძირი კი ,,ჭან» არანაირად არ არის დაკავშირებული აფხაზურ ეთნონიმთან. მე ვფიქრობ რომ სოფლის სახელწოდება აჭანდარა და ვაზის ჯიში აჭანდრის წითელი ჭანურიდან მომდინარეობს და წარმოადგენს ჭანურ ტოპონიმს ჭანურ ვენახს.

აფხაზეთის ზოგიერთი სოფელი მარტო ყურძნის მოსავლითა ცხოვრობს. ასეთებია: აჭანდარა, დურუპში, აბგარა, აცი, ლიხინი, ოთჰარა, ბარმიში, კალდახვარა, ბლაბურხვა და სხვა. ეს სოფლები ღვინის ბაღდადებად ითვლება. საუკეთესო ღვინო დგება ამულახუს ჯიშის ვაზისაგან, რომელიც, როგორც აქ ამბობენ, მთავარს ქართლიდან, ამილახვრის მამულიდან მოუტანინებია. ღვინო ძვირფასი უდგება ამ ვაზს, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ნაცარმა სრულიად გააფუჭა და ამჟამად ძლიერ მცირე მოსავალს იძლევა. არის კიდევ სხვა ჯიშის ყურძენი, მაგალითად აღბიში, რომლისგანაც ამულახუზე უკეთესი ღვინო დგება, მაგრამ თითქმის მოსპობილია. უფრო გავრცელებული ჯიშის ყურძნებია: კაჭიჭი (შავი), აპაპყვაჯა (შავი), ავასარხვა (ოქროსფერი), აჩქიქ, აჟიჰვატა. ეს 20-25 წელიწადია, “ადესის” ყურძენიც შემოვიდა, რუსული ყურძნის სახელით მონათლული. წინათ ღორებისათვის თუ ჩამობერტყავდნენ მას, მაგრამ ახლა თანდათან პატივს ჰპოვებს, რადგან ბაზარი გაეხსნა და მოსავალიც კარგად იცის. ცნობის ფურცრლი 1904 წლის # 2367


საკვლევი სიტყვის მსგავსი ტოპონიმი ჩვენ გვხდება როგორც აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზეც ასევე ჭანეთის ტოპონიმიკური აღწერილობაშიც:
ჭანდრები — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში (ზემო ხვედურეთის თემი). მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ხვედრულის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე, ზღვის დონიდან 750 მეტრი, ქარელიდან 7 კილომეტრი.
ჭანდარი — სოფელი საქართველოში, კახეთის მხარის გურჯაანის მუნიციპალიტეტში თემის ცენტრი. მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსაველთ კალთაზე, ზღვის დონიდან 450 მეტრი, გურჯაანიდან 5 კილომეტრი.
ასევე მოსე ჯანაშვილის ნაშრომში ,,ჟამი ძიებისა და განსჯისა » ში გხვდება,,ჭანდარა საყდარი» კახის რაიონიში საქართველოს ისტორიულ პროვინციის ჰერეთის ნაწილი. ამ ეკლესიას უწოდებენ ჭანდარა საყდარს. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი კახი. 1918-1921 წლებში კახი შედიოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ზაქათალის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მითითებით კავკასიელმა კომუნისტებმა რაიონი საქართველოს ჩამოაშორეს და აზერბაიჯანს შეუერთეს.

კვარიათი
გონიის სასოფლო საზოგადოების სოფლების სიაში გვხვდება სოფელი კალნი – დარა. სოფლის სახელწოდება ზ.ლიოზენს ,,კალნი–დარას »ფორმით მოაქვს. ასევეა ხუთვერსიან რუკაზე. დადასტურებულია კალინდერეც. ს.ჯიქიას აზრით ,,კალენდერე» შესაძლოა თურქული კალინდერე ს (სისხლიანი ხევი) ხალხური ტრანსფორმაცია იყოს.
ასევე გვხვდება დუთხე _ დარასი – ხევი. იხსენიება ართაშენის უბნის სოფლების რუსულ აღწერილობაში(ი.ყიფშიძე, ჭან.მოგზ. გვ.168) ,,დუთხე დარასი მდ.ფურტუნას ერთერთი სახელია. ამავე სახელწოდებითაა აღნიშული ხუთვერსიან რუკაზე. (იური სიხარულიზე. ჭანეთი. საისტორიო გეოგრაფიის მასალები. ჭანეთის ტოპონიმიკური აღწერილობა)
ლაზები ღვინის დაყენებაში ოსტატები ყოფილან (გაიხსენეთ საწნეხლები და მიწაში ჩაფლული ქვევრები შემორჩენილ ეკლესიებში — გ.მ.), მაგრამ გამუსლიმანების შემდეგ ლაზებს სასტიკად აუკრძალეს ღვინის სმა. მთავრობის ბრძანებით, ლაზისტანის ტყეებში ვაზი გაკაფეს. ესეც არ აკმარეს, მთავრობის განკარგულებით ლაზური ენა აკრძალეს არა მარტო სახელმწიფო-საზოგადოებრივ დაწესებულებებში, არამედ ოჯახებშიც. (მე მუდამ ჩემს მიწაზე ვიყავი, მაგრამ თურქები გვაიძულებდნენ მათ ენაზე გვესწავლა. პირველ გაკვეთილზე ლაზ მოსწავლეებს გვეკითხებოდნენ: — ვინა ხარ შენ? — მოსწავლეს უნდა ეპასუხნა: — თურქი ვარ და თურქის შვილი, — ამბობს ა. თანდილავა. (გაზ. «კომუნისტი», 16.12.71 წ.).(გიორგი მახარაძის წიგნიდან „არდავიწყება მოყვრისა“ (თბ. 1976) )

ჭანკილოური
საზოგადო სახელი: ვაზი ლათინური სახელწოდება: Vitis vinifera L. ჯიშის სახელწოდება: ჭანკილოური სინონიმი: უცნობია წარმოშობა: იმერეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი და პირველი სამი ფოთოლი სქლადაა შებუსული, ვარდისფერი არშიით ნაპირებზე. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი, საშუალოდ ან სუსტად დანაკვთული, ზოგჯერ თითქმის მთლიანი. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური ან ისრისებური, მახვილი ან მომრგვალებული ფუძით, ზოგჯერ დეზებით. კბილები ხერხკბილა-სამკუთხედისებური ან სამკუთხედისებურია, ამოზნექილი გვერდით. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი ქეჩისებური შებუსვით. ყვავილი: ორსქესიანი მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური, ზოგჯერ ცილინდრული, კუმსი. საშუალო წონა 150 გ. მარცვალი: მუქი წითელი, საშუალო სიდიდის, მომრგვალო, ცვილის სქელი ნაფიფქით. კანი საშუალო სისქის და მკვრივი. რბილობი წვნიანია, ჩვეულებრივი გემოთი. წვენი შეუფერავი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 16 — 17%, მჟავიანობა 7-8 გ/ლ. მოსავლიანობა: 1,5-1,8 კგ/ძირზე სამეურნეო მიმართულება: საღვინე ღვინის დახასიათება: სუფრის ღვინო, ბაცი წითელი შეფერილობის, მსუბუქი, ცოცხალი გემოთი.
დამატებითი ინფორმაცია: ჭანკილოურს ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და საშუალო მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის დასაწყისში. სოკოვანი დაავადებების მიმართ შედარებით გამძლეა. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
ჭანკილოურის წარმოშობა მიჩნეულია იმერულად თუმცა თავად როგორც ყოველთვის აქაც თვითონ სახელი მიგვანიშნებს მის წარმომავლობაზე. იმერეთში თითქმის ყველგან ჭანური ტოპონიმებია. სიტყვა ჭანკილოურის პირველი ჭან — ჭანკ მიუთითებს ჭანურობაზე და ჭანური წარმოშობისაა , ჭანი, ჭანიკე ჭანიხიტები. ჭანარები, ჭანურები, ,,ჭან’’ – ჭანების ფუძიდან მომდინარე ამოსავალი სატომო სახელი ჭანი.

ჭან – კილო – ური 
კილო ანუ დიალექტი — საერთო-სახალხო ენის განშტოება, რომელზედაც ლაპარაკობენ ამა თუ იმ კუთხეში. ქართული კილო ასევე გულისხმობს კუთხესთან დაკავშირებულს ამა თუ იმ კუთხის (მხარის) დამახასიათებელის. „დიალექტი“ ძველბერძნული სიტყვაა და ნიშნავს: „მეტყველება, წარმოთქმა, გამოთქმა, საუბარი, სამეტყველო მანერა, სტილი“, საიდანაც ძველ ბერძნულშივე განვითარდა მნიშვნელობები: „ეროვნული ან ტომობრივი ენა; კილო, კილოური სიტყვა…“ ამიტომაც „დიალექტი“ ზოგჯერ „ენის“ ბადლად გამოიყენებოდა. ამჟამად იგი ენათმეცნიერული ტერმინია და ერთი ენის ფარგლებში პოვნიერი მეტყველების ნაირსახეობას გულისხმობს. „დიალექტის ზუსტი ქართული შესატყვისია „კილო“ ქართული „კილო“ იმთავითვე გულისხმობდა ამა თუ იმ პიროვნებისათვის, კუთხისათვის დამახასიათებელ წარმოთქმას, გამოთქმას. დიალექტი უნდა განიმარტოს, როგორც ამა თუ იმ ენის მეტყველებრივი ნაირსახეობა, გავრცელებული გარკვეულ ტერიტორიაზე ან ეთნიკურ, სოციალურ, პროფესიულ, ასაკობრივ ჯგუფში. ამის მიხედვით გვაქვს ტერიტორიული, ეთნიკური, სოციალური, პროფესიული დიალექტები. მეტყველებრივი ნაირსახეობა ნიშნავს ერთდროულად დიალექტებში როგორც იდენტური, მსგავსი, ასევე განსხვავებული ნიშან-თვისებების მქონებლობას. იდენტური, მსგავსი მოვლენები მათი ერთიანობის საფუძველია, განსხვავებულ ნიშან-თვისებათა პოვნიერება მათი გამოყოფის შესაძლებლობას იძლევა.’’
(ბესარიონ ჯორბენაძე ქართული დიალექტოლოგია I მეცნიერება თბილისი, 1989)
ამგვარად ჩვენ გვაქვს ტერიტორიული კილოების ქართველური კილოური ჯგუფები რომელთა შორისაა — მეგრულ-ლაზურ –ჭანური , ჭანურის კილოკავებია: ათინური, ვიწურ-არქაბული და ხოფური; ათინურში გამოიყოფა ბულეფურ-ართაშენული, ხოფურის თქმას წარმოადგენს ჩხალური; ვიწურ-არქაბული კილოკავიც ვიწურისა და არქაბული თქმების შენაერთია. მეგრულისაგან განსხვავებით ჭანურს ძლიერი დიალექტური დიფერენციაცია ახასიათებს; ჭანურის მცირე მიწა-წყალზე სამი კილოკავი გვაქვს, მეგრულის ვრცელ ტერიტორიაზე _ ორი.
ხოლო ბოლო ,,ურ’’ -ურ სუფიქსის ფუნქცია თანამედროვე ქართულსა და მის დიალექტებში ამომწურავადაა ჩამოყალიბებული, შეიძლება გამოიყოს ორი მთავარი სფერო -ურ (რ _ ნარევ ფუძეებთან -ულ) სუფიქსის გამოყენებისა: იგი არსებით სახელთაგან აწარმოებს რაიმე ნიშანთვისების გამომხატველ ზედსართავებს, ხოლო ადგილთა სახელთაგან და ზმნისართებისაგან წარმომავლობის სახელებს. ამგვარი წარმომავლობის სახელები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ვაზისა და ხეხილის ჯიშების სახელწოდებად. ამასთანავე, — ურ გამოიყენება პრეფიქსებთანაც: “- ურ სუფიქსი შესაძლოა მიერთოს ადამიანის საკუთარ სახელსაც. იწარმოება: ა) აღმოსავლეთ საქართველოს მთის დიალექტებში (მოხეურში, მთიულეთში, ხევსურულში ….) -გვარები: ბუჩუკი → ბუჩუკ-ურ-ი, ღუდუშა → ღუდუშა-ურ-ი, ჭინჭარა → ჭინჭარა-ურ-ი → ჭინჭარა-ულ-ი… ბ) დასავლეთ საქართველოს დალექტებში (იმერულში…) _ გათხოვილ ქალთა ქალიშვილობის გვარები: კვინკა-ურ-ი → კვინიკო-ურ-ი “კვინიკაძის ქალი, ბრეგა-ურ-ი → ბრეგო-ულ-ი “ბრეგვაძის ქალი…” მაგრამ ყურადღება არაა გამახვილებული იმაზე, რომ აღნიშნული სუფიქსი ანთროპონიმთაგან (პირსახელი მეტსახელი, გვარსახელი) აწარმოებს, ისევე როგორც -ეულ- მთიულეთის ტოპონიმიაში — ურ სუფიქსის ერთ-ერთი ფუნქცია კუთვნილების გამოხატვაა. ზემო სამეგრელოს ტოპონიმიაში ეს სუფიქსი გამოხატავს კუთვნილებასაც და ე.წ. კუთვნილებითს წარმომავლობასაც. განკუთვნების, მიკუთვნების გამომხატველ სახელებს, რომლებიც ხშირად გვხვდება ქართული ენის როგორც აღმოსავლური, ისე დასავლური დიალექტების ტოპონიმურ (განსაკუთრებით მიკროტოპონიმურ) მასალაში. (მაგალითად, ჯანაშური ის ადგილია, რომელიც ეკუთვნის ან ეკუთვნოდა ჯანაშიას). მსგავსი სურათია ზემო აჭარის — ტოპონიმიაშიც, სადაც “-ურ(ულ) სუფიქსი წარმომავლობა — კუთვნილებაზე მიუთითებს. წყალტუბოში ჭანურ – ზანურის კვალის არსებობას თვითონ სიტყვა წყალტუბო მიგვანიშნებს რადგან ჭანურია და ნიშნავს თბილ წყალს, ,,წყარუ – ტუბო’’. წყალტუბო~ უდაო ზანური ფორმით `ტუბო~ (შდრ. მეგრ. ტიბუ და ჭან. ტუბუ = თბილი) მოგეხსენებათ წყალტუბო მრავალმხრივი კურორტია და განსაკუთრებით განთქმულია თერმულ-რადონული მინერალური წყლის აბაზანებით. წყალი რბილი, კამკამა და უსუნოა, მისი ტემპერატურაა 33-35 °C. ასევე მაგ.სოფელ ნამოხვანს წყალტუბოსთან, ძველად “ნაოხვამე” ერქვა, რაც მეგრულად ნიშნავს სამლოცველოს ადგილმდებარეობას, თანამედროვე გაგებით კი ნაეკლესიარს. აქ ადგილი აქვს ზანური სახელების მოსული ქართული ელემენტის მიერ დამახინჯებულ გამოთქმასთან. ქუთაისში არქიელის გორას “უქიმერიონს” ეძახიან და ეს სახელი, როგორც პროკოპი კესარიელის ისტორიიდან ჩანს, VI ს. უკვე ყოფილა; უქიმერიონი უდრის მეგრულს “ოხვამერი”-ს და სალოცავს ჰნიშნავს. ქუთაისის ჩრდილოეთითაც მდ. რიონის მიდამოებიც ძველად მეგრლებს უნდა სჭეროდათ; სტრასბონის, პლინიუსისა და პტოლომეოს ცნობები ამტკიცებენ რომ დაახლოებით პირველ და მეორე საუკუნეებში ის ტერიტორია რომელიც კოლხეთის საზღვრებს შუა იყო მოქცეული ერთ-ერთი ქართველ ტომთაგანი ანუ მეფე შეჭრილა და მეგრელები ერთმანეთს დაუშორებია, ხოლო დაპყრობილ ადგილების მაცხოვრებლებს ქართული შეუთვისებიათ, ამისგამო ეხლანდელი გურულები და იმერლები გაქართლელებული მეგრელ — ლაზებად უნდა ჩაითვალოს. მეგრული სახელები ჰქვია იმერეთის და გურიის საგეოგრაფიო ადგილებსაც როგორიცაა მაგალითად სამტრედიაში, სოფ ჯიხაიში, ჩხენიში, კულაში და ასე შემდეგ.
პლინიუსის, პტოლემაოსისა და პროკოფი კესარიელის ცნობები ამტკიცებენ, რომ კოლხეთის სამხრეთსა და აღმოსავლეთ ნაწილში მხოლოდ მეგრელ–ლაზების ტომები ცხოვრობდნენ, მაგრამ ამას ცოტა არ იყოს ის გარემოება არღვევს, რომ ეხლა იმ ადგილებში, სახელდობრ გურიასა და იმერეთში მეგრული კი არა, ქართულია გაბატონებული. გურულები და იმერლები მეგრელ–ლაზების მიწაწყლის შიგ შუაგულში არიან შეჭრილნი და მეგრელებსა და ლაზებს ერთი–ერთმანეთისაგან აშორებენ. ამისდა მიუხედავად ჩვენი ზემოაღნიშნული დასკვნა იმის შესახებ, რომ თავდაპირველად კოლხეთის ის მიწა–წყალი მხოლოდ მეგრელ–ლაზებს ეკუთვნოდა, მაინც შეურყეველი რჩება იმიტომ, რომ გურიის საგეოგრაფიო სახელების დაკვირვება გვიმტკიცებს, რომ იმ ადგილას, სადაც ეხლა გურულები ცხოვრობენ, წინათ მეგრულად მოსაუბრე ტომი უნდა სახლებულიყო; ბევრ სოფლებისა და მდინარეების სახელების მნიშვნელობის ახსნა მხოლოდ მეგრულის საშუალებით შეიძლება, ან არადა მათ ცხადი მეგრული დამახასიათებელი თვისებები აქვთ, მაგალითად: მთა ჯიხინჯირი (ჯიხა–ციხე), ჯუმათი, ჭყონგვარი (ჭყონი–მუხა), მდ.ოჩხომური (ო+ჩხომერი, ჩხომი–თევზი, როგორც ოკალმახე), ოჭილაური (ო+ჭილა+ური = საჭილავო), ჭყვეში, ჭყვიშარი, ჭანიეთი, მდ. გუბაზეული, მდ. კინტრიში, ონჭიკეთი,ონჯოხეთი. ოცხანა გურიაში და სხვ. ამგვარი სახელების დარქმევა მთებისა და მდინარეებისათვის, ცხადია, მხოლოდ მეგრელ–ლაზების ტომებს შეეძლოთ, მაშასადამე, ძირითადი და თავდაპირველი მოსახლეობა გურიაში მეგრელებისა უნდა ყოფილიყო. მაგრამ მარტო გურიაში კი არა; ეხლა ცხენის–წყალი სამეგრელოს აღმოსავლეთის საზღვრად ითვლება; საგეოგრაფიო სახელები კი ამტკიცებენ, რომ ამ მდინარის აღმოსავლეთითაც თავდაპირველად მეგრელებს უცხოვრიათ; მაგალითად: სოფ. ჯიხაიში(ჯიხა = ციხე), ჩხენიში, კულაში, ნაჯიხევი (= ნაციხევი). ქუთაისის ჩრდილოეთითაც მდ. რიონის მიდამოებიც ძველად მეგრელებს უნდა სჭეროდათ; იქაც ასეთი საგეოგრაფიო სახელები გვხვდება, როგორც მაგალითად: ჯიმასვარა (ჯიმა = ძმა), ოფურჩხეთი, ვანჭეიში, ტყვიში, ნაკოროლეში, გვერიში, კორენიში, ოკრიბა და სხვ. თვით პლინიუსიც ამბობს: რიონი მეგრელების მიწაზე დიოდაო. საგეოგრაფიო სახელების შესწავლა, მაშასადამე, უეჭველ ჰყოფს, რომ მთელი ეს მიწა–წყალი მხოლოდ მეგრულ–ლაზური შტოს ტომებს ეკუთვნოდა. ასე იყო, როგორც ჩანს სტრაბონის, პლინიუსისა და პტოლემაოსის თხზულებებიდან, პირველს ორს საუკუნეში. შემდეგ, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ერთ–ერთი ქართველ ტომთაგანი, ან აღმოსავლეთით, ან არა და სამხრეთ–აღმოსავლეთით შიგ შუაგულში შეჭრილა და მეგრელები და ლაზები ერთი–ერთმანეთს დაუშორებია, ხოლო დაპყრობილი ადგილების მცხოვრებლებს ქართული შეუთვისებიათ.
როდის უნდა მომხდარიყო ეს? პროკოფი კესარიელის სიტყვით რიონის სამხრეთით მდებარე ქვეყანა იმის დროს (V-VI ს.) მეტად ნაკლებად ყოფილა დასახლებული, თითქმის სრულებით უკაცრიელი ყოფილა. ეს სწორედ ის ადგილია, რომელსაც გურია ეწოდება. მაშასადამე ცხადია, რომ გურიის მერმინდელი მცხოვრებნი ადგილობრივი მკვიდრნი არა ყოფილან და, როგორც ჩანს, იბერიიდან და ქართლიდან უნდა იყვნენ გადმოსახლებულნი. სპარსელ–ბიზანტიელთა ომიანობისა და იქნებ სხვა მიზეზების წყალობით, ადგილობრივი თავდაპირველი მეგრულ–ლაზური მოსახლეობა ამოწყვეტილა და VI ს. ეს მხარე ცარიელი ყოფილა. ამგვარად გურიის ახალი მოსახლეობა შეიძლება გაჩენილიყო VI საუკუნის შემდგომ, VII, განსაკუთრებით VII-VIII ს., მაშინ როცა აღმოსავლეთი საქართველო იბერია არაბთა მძლავრ და მკაცრ ბატონობის ქვეშ იყო და ხალხი აუტანელ მოხარკეობას გაურბოდა. ახალშენებს რიცხვ–მრავლობით მცირერიცხოვანი მკვიდრნი გაუქართებიათ, მაგრამ თითონაც შეუთვისებიათ მათგან ბევრი რამ და ნარევ მოსახლეობას შეუქმნია ახალი ენა–კილო. (იმერული– ისლი, გურული –, ისრი; ჭანური – ისირი.)
ჩვენ ვიცით, რომ იბერნი, ანუ იმერელნი მეგრულ–ლაზურ შტოს ეკუთვნოდნენ, მაგრამ შემდეგ, როგორც ზემოთ იყო გამორკვეული, რომელღამაც ქართლით შემოსულმა ტომმა ქართული შეათვისებინა. ცხადია, იბერებს ანუ იმერლებს მეგრელებსა და ქართებს შორის უნდა ეცხოვრათ. სწორედ ამ იბერთა ტომს ეკუთვნოდა პირველ საუკუნეში ქრ. წ., და შ. უპირატესობა: მან მიანიჭა თავისი სახელი მთელ ამ ქვეყანას; შესაძლებელია მხოლოდ, რომ ეს იბერნი ამ დროს გაქართებულნი არა ყოფილიყვნენ. შემდეგ ქართლელნი გაძლიერდნენ და ყველა თანამოძმე ტომების მწერლობისა და ცხოვრების სათავეში ჩადგნენ.
წყარო: ივანე ჯავახიშვილი, ქრთველი ერის ისტორია, წიგნი პირველი, თბილისი 1951, გვ. 392, 420–422, 424.

  • კაბისტონი შავი – ადგილობრივი რაჭული ვაზის ჯიში
  • შავი კაბისტონი – ადგილობრივი რაჭული ვაზის ჯიშია, გავრცელებულია ხშირად ნარევის სახით ჯიშ ალექსანდროულის ვენახებში, ცალკე ნარგავები იშვიათად გვხვდება. მისგან ამზადებენ ბუნებრივად ნახევრადტკბილ და სუფრის წითელ ღვინოს.

ასევე არსებობს შემდეგი ჯიშის კაპისტონის ვაზი:

  • კაპისტონი მეგრული თეთრი — სამეგრელო მც. გავრც.
  • კაპისტონი მრგვალი შავი — რაჭა-ლეჩხუმი მც. გავრც.
  • კაპისტონი თეთრი თეთრი — იმერეთი მც. გავრც.
  • კაპისტონი გაღმოური თეთრი — იმერეთი მც. გავრც.
  • კაპისტონი წიწილიანი თეთრი — გურია მც. გავრც.

ადგილობრივ მევენახეთა შორის რაჭის ზოგიერთ სოფლებში შავი კაბისტონი ცნობილია აგრეთვე: კაბიშტონის, ძველი შავი კაბისტონის, რგვალი კაბისტონის სახელწოდებით, ხოლო თეთრი კაპისტონი, გაღმოური კაბისტონი და წიწილიანი კაბისტონი შავი კაბისტონისაგან განსხვავებული ცალკე ჯიშებია.
მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში (ქ. თელავი) 1933 წელს რაჭიდან ჩამოტანილი შავი კაბისტონი ორი სხვადასხვა ჯიშისაგან შემდგარი აღმოჩნდა — ერთი ძლიერ თხელი აბლაბუდისებრ შებუსვილფოთლიანი, პინო ფრანის მსგავსი, მოკლემტევანა, ხოლო მეორე სქელი აბლაბუდისებრ შებუსვილფოთლიანი, საშუალო ზომის მტევნიანი – ნამდვილი შავი კაბისტონი.
შავი კაბისტონი სიმწიფის მესამე პერიოდის ვაზის ჯიშია. იგი წარმოქმნილია ადგილობრივი კლტურული ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოშობის კოლხეთის კერიდან. თავისი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებებით იგი არ განსხვავდება ადგილობრივი ვაზის ჯიშებიდან და მათთან ერთად მიეკუთვნება პროლ. prol. pontica Negrul.-ის (16) ვაზის ჯიშების ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს.
ჯიშის წარმოშობის ადგილისა და დროის შესახებ ზუსტი ცნობები არ მოიპოვება. ჯიშის სახელწოდების ენობრივ ანალიზზე დაყრდნობით აკად. ივ. ჯავახიშვილს (6) ჯიშის სახელწოდება „კაბისტონი“ სოფლის სახელწოდებად გამოყავს, აღნიშნულის შესახებ იგი წერს: „პროფ. არნ. ჩიქობავას ცნობით, აფხაზეთში ეშერას თემში სოფელ ფშალთელუღში გადმოსახლებული ლაზების სიტყვით კაბისტონა არქაბეს სანახებში მდებარე სოფელი ყოფილა. „კაბისტონელი“ ჭანურად „ვაპისტონარი“ იქნება და სწორედ ამის ბოლო მოკვეცილ ფორმას წარმოადგენს ყურძნის ჯიშის სახელი კაბისტონიც, მაშასადამე, ის ჭანური ჯიში ყოფილა.
შემდეგ ამისა აკად. ივ. ჯავახიშვილს (6) მოჰყავს შავი კაბისტონის მოკლე დახასიათება ვლ. ფოფხაძის და ს. თომაძისა, რომელთა მიხედვით შავმა კაბისტონმა „მრგვალი ბიბილო იცისო“, ხოლო ბიბილო ანუ ბიმბილი რაჭაში ყურძნის მარცვალსა ნიშნავსო, ეს ჯიში ღვინოდაც კარგია და ყურძნადაც, მაგრამ მის მოშენებას არ მისდევენო“.
აღნიშნულ მონაცემების მიხედვით შავი კაბისტონი საკმაოდ ცნობილი ჯიში ყოფილა დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რაიონებში, რაც მის საკმაო ხნიერებას მოწმობს. შავი კაბისტონი გავრცელებულია ძირითადად რაჭა-ლეჩხუმში, მცირე რაოდენობით იგი გვხვდება აგრეთვე ზემო იმერეთში, ქართლსა და სამხრეთ ოსეთში. მთელი მისი ფართობი საქართველოში არ აღემატება 71 ჰექტარს, რომლიდანაც 70,30 ჰექტარი რაჭა-ლეჩხუმზე მოდის. ვენახების 1947 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით მისი გავრცელების ფართობი საქართველოს ცალკეულ რაიონებს შორის შემდეგნაირადაა განაწილებული
ონის რაიონში კაბისტონი გავრცელებულია ძირითადად ნარევის სახით, იშვიათად იგი გვხვდება აგრეთვე წმინდა ნარგავების სახითაც. ამბროლაურის რაიონში უფრო ხშირად შავი კაბისტონი გვხვდება ალექსანდროულის ვენახებში მუჯურეთულთან ერთად ნარევის სახით.
მცირე რაოდენობით შავი კაბისტონი გვხვდება აგრეთვე ზემო იმერეთში, ძირითადად საჩხერისა და ჭიათურის რაიონში, ერთეული ძირების სახით. ზემო იმერეთში შავი კაბისტონი რაჭიდან უნდა იყოს შემოტანილი. მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში (სოფ. დიღომი), აგრეთვე თელავისა და საქარის ზონალურ საცდელ სადგურებზე და მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის დასაყრდენ პუნქტებზე შავი კაბისტონი რამდენიმე ათეული ძირია.
ჯიში პირველად ბოტანიკურად აღწერილია ვენახების ექსპედიციური გამოკვლევის დროს 1933 წელს სოფ. ღარში, კოლმეურნეობის ვენახში. შემდეგ იგი უფრო დეტალურად შესწავლილია მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში სოფ. კურდღელაურში, რომელიც მდებარეობს თელავიდან 4 კილომეტრის დაშორებით. ვენახი გაშენებულია ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაქანებულ ფერდობზე, 562,3 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან.
ხოფათური – ქართული ვაზის ჯიში – აჭარა
აჭარის თეთრყურძნიან ვაზის ჯიშებს შორის ხოფათური ძველთაგანვეა ცნობილი, როგორც მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ჯიში. ლიტერატურული მასალები ხოფათურის წარმოშობის შესახებ არ მოიპოვება.
ე. ნაკაშიძეს თავის შრომაში მოხსენებული აქვს ჯიში ქვაფათური, რომელიც გავრცელებული ყოფილა გურიაში (სოფ. გურიანთა, ლანჩხუთი, კახურა). ს. ტიმოფეევი აჭარული ჯიშების დახასიათებისას იძლევა ხოფათურის მოკლე აღწერილობას და მას აჭარის ვაზის ჯიშთა ჯგუფს აკუთვნებს. აკად. ივ. ჯავახიშვილის მიხედვით ქვაფათური უნდა წარმოადგენდეს ხოფათურის ფონეტიკურ სახეცვლილებას. ეს ჯიში გავრცელებული უნდა ყოფილიყო სოფ. ხოფეს მიდამოებში (ჭანეთი) და მისი სახელწოდება სოფლის სახელისგან უნდა იყოს წარმომდგარი. მტკიცდება, რომ ხოფათური ანუ ქვაფათური, როგორც მას გურიაში ეძახიან, კოლხური წარმოშობისაა და თავისი ნიშნების მიხედვით აჭარის ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. ამის დამადასტურებელია ვაზის მორფოლოგიური ნიშნები და აგრეთვე მისი ბიოლოგიური თავისებურებანი. საქართველოში გავრცელებულ ვაზის მრავალ ჯიშთან შედარებით ხოფათური მკვეთრად გამოირჩევა თავისი მორფოლოგიურ-ბიოლოგიური ნიშნებით და სრულიად დამოუკიდებელ ჯიშს წარმოადგენს.
დიდი ალბათობით ხოფათური წარმოქმნილია კოლხეთში, კერძოდ, აჭარაში და შემდეგ დროთა ვითარებაში ჩამოყალიბდა, როგორც დამოუკიდებელი ერთეული და განივითარა აქაური პირობებისათვის დამახასიათებელი ჯიშური თვისებები, რითაც იგი საბოლოოდ შეუერთდა აჭარის ვაზის ჯიშებს. სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის შემოჭრამდე ხოფათური მეტად ფართოდ ყოფილა გავრცელებული მაღლარის სახით შუა და ზემო აჭარის მიკრორაიონებში. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა მაღლარ ვაზებს ტექნიკური სიძნელეების გამო თითქმის ვერ უვლიდა, ვაზი საკმაოდ ძლიერ იზრდებოდა ვითარდებოდა და უხვ მოსავალსაც იძლეოდა. ადგილობრივი მოსახლეობა ხოფათურს, ძირითადად, ყურძნად იყენებდა და, როგორც გადმოგვცემენ, დიდი რაოდენობით ასაღებდა მას ქ. ბათუმის ბაზარზე. გარდა ამისა, ხოფათურისაგან ამზადებდნენ აგრეთვე საზამთროდ ყურძნის წვენს და ბექმეზს. ხოფათურის გავრცელების თანამედროვე არეალი მეტად შეზღუდულია, რაც პირველყოვლისა სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის მავნე მოქმედებით აიხსნება. მისი მცირედ გავრცელების გამო მოსახლეობა ჯიშს თითქმის არ იცნობს, რაც, ეჭვს გარე- შეა, მნიშვნელოვნად აფერხებს მის ფართოდ დანერგვას აჭარის რაიონებში. ხოფათური აღწერილია ქედის რაიონის სოფ. სიხალიძეში. ვაზები საკუთარ ძირზეა და ფორმირებულია მაღლარად. შედარების მიზნით იგივე ჯიში აღწერილია ქედაში ვაზის საკოლექციო ნაკვეთზე. ვაზები დაბლარადაა წარმოდგენილი და ფორმირებულია ქართული წესით.

ჭანჭური
მესხეთში ვხვდებით სამი სახის ქვისკედლიან ტერასას, რომელთაც სახელებიც განსხვავებული ერქვათ: დარიჯი (ან დარეჯი); საქვე (ან საქვი) და ოროკი. საქვე და დარიჯი ერთი პრინციპით ნაგები ტერასებია და ერთმანეთისაგან გამოირჩევიან იმით, რომ დარიჯის ფართობი გაცილებით დიდია საქვეზე. ამის გარდა, დარიჯი ძირითადად მდინარის სიახლოვესაა განლაგებული და ამასთან ის შედარებით მცირედ დახრილ ფერდებზეა გაშენებული, მაშინ როდესაც საქვეები გვხვდება საკმაოდ ციცაბო ფერდობზე და საკმაოდ მაღალი ექსპოზიციაც უკავიათ. როგორც წყაროებიდან ირკვევა, დარიჯებზე უმეტესწილად ხილის ნარგაობა იყო გაშენებული. დარიჯებზე გვხვდებოდა მაღლარი მევენახეობაც, ანუ ჭანჭურისა და ჭერმის ხეებზე აშვებული ვაზები.
ასევე არსებობს ჭანური ნეკერჩხალი.
ჭანური ნეკერჩხალი მაღალი ხეა (40 მეტრომდე). იზრდება ქვიან ფერდობებზე, მდინარების ნაპირებზე. სამკურნალოდ გამოიყენება ქერქი და წვენი. ქერქი შეიცავს ალაციონს, სუბერინს, ნახშირბადებს, ორგანულ მჟავებს. ფოთლებში აღმოჩენილია ციკლიტოლები და მისი წარმოებულები, კაროტინოიდები, მთრიმლავი ნივთიერება ჰერანინი,ლეიკოციანიდინი, თესლი შეიცავს კვებრახიტს, ცხიმს. ნახარში ქერქისა იხმარება შემკვრელ და შარდმდენ საშუალებას, მკურნალობენ სურავანდს. წვენისაგან იღებენ შაქრის სუროგატს.

ჭანური ზამბახი — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა 60-400 სმ სიმაღლისა, მსხვილი ძირით, შეკრულცილინდრული მრავალრიცხოვანი ღეროებით. ფოთლები ფართოა, ყვითელი. ყვავილები ღია-იისფერი, მოკლე ყუნწებით. ნაყოფი წაგრძელებული კოლოფია. ყვავილობს მაის-ივნისში. იზრდება ჭაობიან ტორფიან ადგილებში. სამკურნალოდ გამოიყენება ძირები და ფოთლები, რომლებშიც აღმოჩენილია ვიტამინი С, პორიგალოლი და ვიოლოკსანტინი. ხალხური მედიცინა ძირების ნახარშს იყენებს შემკვრელ, ფაღარათის, ანთების საწინააღმდეგო, მატონიზებელ და შარდმდენ საშუალებად. არსებობს მონაცემები მისი სამეანო-გინეკოლოგიურ პრაქტიკაში გამოყენებისა. ჩამოცვენილ ფოთლებს იყენებენ კომპრესებად. მცენარე გამოიყენება ჰომეოპათიაშიც.
ი.ჯავახიშვილი : ჭანური ბრინჯის შესახებ;
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ჭანეთში ახლაც მოჰყავთ ბრინჯის ადგილობრივი, მუქი, მაგრამ გემრიელი ჯიში, რომელიც თურმე ურწყავი, მთაშიც კი ხარობს და მშრალ ადგილებშიც. სასურველია ჩვენმა აგრონომებმა ამ ჭანური და ოდიშის ბრინჯებს ყურადღება მიაქციონ, რათა ის მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის. აღსანიშნავია, რომ ოდიშის ბრინჯის კულტურა იმდენად ინტენსიური ყოფილა, რომ საგარეო ექსპორტის საგნადაც ქცეულა. ის საკმარისი ყოფილა მაშინდელი საქართველოსათვის და ოსმალეთის გემებსაც კი გაჰქონდათ საქართველოს მაშინდელი პორტებიდან.
ქლიავი ძველ საქართველოში ჯიშიან ხილად ყოფილა მიჩნეული. ამ ხილის შესახებ ცოტა ინფორმაცია გვაქვს. ცნობილია, რომ ჭანურად ქლიავს ,,ყომური―, ,,ომური―, და ,,ომბრი ეწოდება. ჭანებს ქლიავის სხვადასხვა ჯიში მოეპოვებოდათ: ,,ყომურ — ლავა―, მარიაშენა―, ,,ყომურ — ქართული―, ,,ყომურ — ღეჯი―, ,,ყომურ — ჭაჭი― (ჭ. გ , 204) ამ ჯიშების სახელები ნიკო მარს განმარტებული არ აქვს. მხოლოდ ,,ყომურ — ჭაჭის― შესახებ ამბობს, რომ იგი ჰგავს გურულ ჭანჭურს. ,,ქლიავის― გვერდით საბას მარტო ხის პირობითი ნიშანი აქვს დასმული და ეს ხილი განმარტებული არ აქვს. საინგილოში 6 ჯიშის ქლიავი ყოფილა: წითელა, ვაშლა, ისფერი — იისფერი, ცომა, ტყიმალა, ჩურჩა. თბილისის ბოტანიკურ ბაღში დასავლეთ საქართველოდან ქლიავის შემდეგი ჯიშები ჰქონიათ : (1915 წ.) შავი, ჭანჭური, შავ — ქლიავი.
ქვრიმა — (Setaria mocharica (Alef.) Menabde & Ericzjan). მეგრულად – „ქურიმ-ა“; ჭანურად – „მტკუი ქურუმ“; კახურად – „ძურწა ფეტვი“. ქვრიმა ცნობილია აგრეთვე „მელაკუდა ფეტვის“ „ძურწას“, „ქვრიმა ფეტვის“, „მჭადის“ ან „მჭადის ფეტვის“, „კარწუმელის“ სახელწოდებით (Декапрелевич, Каспарян, 1928; მაყაშვილი 1949; ჩიქობავა, 1938).
ქვრიმა მორფოლოგიურად მწვანე ძურწისა და ღომის მსგავსია. ჭანურად გაულეწავ (დაუცეხვავ) ღომს „ქურუმ“, ხოლო გალეწილს „ნ — ჩხვ — არ — ი“ ან „ნ — ჩხვა- ირ — ი“ ეწოდება (ჩიქობავა, 1938).
წალენჯიხიდან 12 კილომეტრის დაშორებით, მდინარე ჭანისწყლის ნაპირას, ზღვის დონიდან 450-500 მეტრზე მდებარეობს კურორტი „სქური“. სახელწოდება „სქური“ ნიშნავს ტყიან, წყლიან ხეობას.
«დიოსკურ»-ს ბერძნები უკავშირებდნენ ზევსისა და ლედას ტყუპი ვაჟების სახელწოდებას «Διοσκουροι», მაგრამ უფრო რეალურად მიმაჩნია მისი კოლხური წარმომავლობა. დიო-სკური (ფართე-წყალი, ზღვისპირეთი): სკური ასევე აღნიშნავს ღელეს, მდინარეს და დღემდე ცოცხალია მეგრულსა და ლაზურში. ამ ძირიდან ნაწარმოები ტოპო-ჰიდრონიმები უხვად არის სამეგრელო-აფხაზეთში (სკურჩა, სკური, სკურდი, ხამისკური..), აჭარაში (სკური, სკურდიდი…), ლაზეთში (ასკუროსი, მელესკური, სკურა…). ფიქსირდება ძველ ბერძნულ წყაროებშიც კოლხურ მიწებზე (თემისკირა, ასკუროსი)… პირველი ნაწილი დიო-სკურ-ში, უნდა ნიშნავდეს დედას (შდრ. მეგრ. დია | დიდა = დედა). დია-სკური = დედაწყალი…
ტოპონიმები ყოველთვის იჩენს თავს და მრავალმხრივ არეკლავენ ისტორიულ სინამდვილეს. სინამდვილე კი დღევანდელობისა მოდის წარსულიდან რომლის გარეშე არც მომავალია.

წყარო: ბერძნულ, ბიზანტიურ, სომხურ და ქართველ მემატიანეთა წყაროებზე დაყრდნობით.

ალბერტ ჭანია — მკვლევარი, სამართალმცოდნე.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

გიგი უგულავა: ჩემი მოკრძალებული ხედვა. სად ვართ და საით უნდა წავიდეთ

არ დადგა დრო მოვითხოვოთ ჩვენი ფუნდამენტური უფლებების აღსრულება?!

დემონსტრაციები დიდ ბრიტანეთში

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი