ანალიტიკაპუბლიკაციები

წმინდა ქეთევანის მადლი გფარავდეთ!

ლოცვა ადამიანების უკანასკნელი იმედი კი არა ყოველდღიური მოთხოვნილებაა.
ჩვენ ეს ვიცით.
და მაინც:
ადამიანები მთელი ცხოვრების მანძილზე თან ცოდვების გამოსყიდვას ვცდილობთ, თან მის ჩადენას განვაგრძობთ. იმიტომ, რომ სუსტები ვართ, გაორებულ სულიერ და ფიზიკურ მფარველობას ვსაჭიროებთ, მხარდამჭერს, სიმაგრის მომცემს.
წმინდაო ქეთევან
შენი ხატი სასთუმალთან მიდევს და ლოცვისას ყოველ ჯერზე შინ და გარეთ ჩემიანების სიკეთის მფარველობას შეგთხოვ და ვგრძნობ მხარდაჭერას.
დედოფალო, ტანჯულო და ნათელო,
ძვირფასო მფარველო,
წმინდანო
საქართველოს გამძლეობაში წვლილი მიგიძღვის, მტკიცედ მწამს.
ნუ მოგვაკლებ შენს მხარდაჭერას.
გვიშუამდგომლე უფალთან, შენზე კარგად ვინც იცის საქართველოს ბედი. შენ საქართველოს განსახიერება ხარ, მრავალტანჯულო დედოფალო.
მადლობა იმისთვის, რაც ჩვენთვის გვიკეთებია,
გვრძნობთ და ვაფასებთ.
საქართველო კარგად არის,
კვლავაც ნუ მოგვაკლებ მფარველობას:
გადაგვატანინე ეს სნეულებაც.
არ მიგვატოვო და არ გაგვწირო.
მფარველობას ვგრძნობთ.
დღეს, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება ლოცვა, წმინდა ქეთევან დედოფალი ერთ-ერთი დგას ჩვენი ოჯახების ავი სენისგან დაცვის სადარაჯოზე.
როგორც ყოველი თქვენთაგანი, მეც ვგრძნობ, რომ ჩემი მფარველი ანგელოზი ყოველ ნაბიჯს სათანადოდ მიფასებს და უფლის ნებით, მომდევნო ნაბიჯის სისწორეს თავად განმისაზღვრავს. ყველაფერს ისე მაკეთებინებს, როგორც ჩემთვის უმჯობესია და არა ისე, როგორც ვაპირებდი.
სანამ უფალს ჩემი ოჯახის მფარველობას შევევედრები, წმინდა ქეთევანს შევბედავ ჩემს ყველაზე სანუკვარ ოცნებებს და სათხოვარს. ვეხვეწები მიშუამდგომლოს უფალთან. ცხოვრებასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისას, როცა მეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა, არ მივუტოვებივარ. მე კი, ლოცვებშიც არ მიხსენებია.
ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი ცოდვა.
თითქოს ვცხოვრობ იმის ღრმა რწმენით, რომ მადლიერება ადამიანის უპირველესი თვისება უნდა იყოს. სულ მცირედისთვისაც მადლიერების ნიშნად, რაღაც უნდა გაიღო, სანთელი მაინც დაანთო.
ღმად მწამს, პირადად მე, სხვებთან ერთად, საკუთარი სამშობლოს წიაღიდან შობილ გმირებს ამოფარებულს მხოლოდ მადლიერება მომეთხოვება.
მადლიერება დიდი ძალაა.

Loading…

მადლობა უფალს ამ შეგრძნებისთვის.
ძალიან ხშირად ამეკვიატება ხოლმე ფიქრი ქეთევან დედოფალზე, ისე, უბრალოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, რადგან ვიცი:
წმინდაო ქეთევან,
შენ საკუთარი უსაზღვრო ტკივილებით მსოფლიო უზურპატორი აიძულე საკუთარ სულში ჩაეხედა, ერწმუნა, რომ ფიზიკური ტკივილით დასჯილი — დამსჯელზე ბევრად ღირსეული იყავი.
თუმცა შენი ხვედრი ამით არ შემსუბუქებულა.
ვწუხვარ!
მეც ქეთევანი მქვია
შემთხვევით არა, მამაჩემმა, თავის დროზე, სათაყვანებელი დედის სახელი დამარქვა.
აქამდე არ მოვუკლივარ ცნობისწადილს, თუ რა ვიცი წმინდა ქეთევან დედოფლის შესახებ.
როგორ მოხდა, რომ ნახევარი ევრაზიის კონტინენტის მპყრობელ შაჰ-აბას პირველს ქართლ-კახეთი ყელში გაეჩხირა და სპარსეთის უძლეველი იმპერიის მმართველი პირადად ებრძოდა ქეთევან დედოფალს. თითქოს მოხდა და არც მოხდა. თითქოს გუშინ იყო, ან იქნებ საერთოდ არ ყოფილა…
იყო და მერე როგორ. რამდენი ხანია მაწვალებს ამაზე ფიქრები.
მან ფიზიკურად განიცადა ის, რაზე ფიქრი და წარმოდგენაც მიჭირს…
ეტყობა ბედისწერაა:
საქართველო დღემდე ყოველ მტერს კისერში ეჩხირება და გადაყლაპვას შეუძლებელს ხდის.
იქნებ, ქეთევან დედოფალი ერთ-ერთია იმ წმინდანებს შორის, ვინც ქვეყანას კეთილშობილ ძალად და ხსნად ევლინება: მიუხედავად უსაშველო გასაჭირისა ძალას აძლევს — არ დანებდეს.
ქეთევანი
ქეთევან დედოფალი
წმინდა ქეთევანი
ქეთევან წამებული
ტკივილიანი წმინდანი, დედა, დედოფალი, მეუღლე, ტყვე, შინაპატიმარი, ბოლოსდაბოლოს — ნაწამები ქალი, დიდედა…
მტკიცედ მწამს, წმინდა ქეთევანის მიერ ატანილ გაუსაძლის ტკივილებს ამაოდ არ ჩაუვლია. მისი ტანჯვა იქცა იმ სანთლად, რომელიც იწვის ანათებს ჩვენდა სასიკეთოდ, ანგრევს წყვდიადს.
მადლობა ამისთვის.
ჩემი მფარველი ანგელოზის ქეთევან დედოფლის ცხოვრებისა და წამების ისტორიის გაგების მცდელობამ ბევრი ისეთი რამ გამაცნო, რაზეც ადრე წარმოდგენა არ მქონდა, მათ შორის შაჰ-აბას პირველის ისტორია; („მოტყუებული ვარსკვლავების“ შესახებ, სამწუხაროდ, წარმოდგენაც არ მქონდა); ხელახლა წაკითხული თეიმურაზ მეფის „წამება წმინდა ქეთევანისა“ სრულ სხვაგვარად აღვიქვი. თურმე აქამდე გარკვეული არ ვყოფილვარ, რა იყო და სად არის ამჟამად სპარსეთი, ოსმალეთი, არაბეთი… რას წარმოადგენდა ჰარამხანა, როგორ შეიქმნა დასაჭურისების ინსტიტუტი; სად და როგორ ხდებოდა ადამიანებით ვაჭრობა; ვინ იყვნენ „მსოფლიო სევდით“ შეპყრობილები და კიდევ ძალიან ბევრი სხვა, რაზეც ცნობებს ქეთევან დედოფლის წამების შესახებ ისტორიიული ფაქტების შესწავლისას წავაწყდი.
რასაკვირველია ეს ყველაფერი უმცირესია რეალობასთან შედარებით.
ეს მწარე ისტორიაა, რომლის შესახებ ძალიან ცოტა ვიცი, არადა, მოვალე ვარ მეტი ვიცოდე. თუნდაც იმდენი, რამდენიც იმისთვის მეყოფა, რომ
წმინდა ქეთევან დეოფალს — ჩემს მფარველ ანგელოზს კიდევ ბევრჯერ სათხოვარი შევკადრო და უფალთან შუამდგომლობა ვთხოვო.
ქეთევან დედოფალმა წამებამდე ჯალათებს ასე მიმართა:
„რამეთუ, შობილნი ხართ თქუჱნცა დედათანი მიმაცილეთ განშიშვლებაჲ სააუგო“. თქვენც ხომ დედების ნაშობი ხართ, სიშიშვლის სირცხვილი ამარიდეთო. — უკანასკნელი ეს სურვილიც არ აუსრულეს.
რამდენიმე თვითმხილველი აღიარებს: გადაუგრიხეს ღარიბთა და უქონელთათვის გაწვდილი და ღვთის სადიდებლად აღპყრობილი მაჯები. მარწუხებით დააგლიჯეს ძუძუები, დაწყლულებულ სხეულზე გახურებული ლურსმნები დააყარეს. არც ეს აკმარეს, მკერდიდან ზურგამდის მახვილი ჩასცეს და საბოლოო „ხსნად მოუვლინეს“: შვილდის საბელით დახრჩობა…
ქალის გამძლიეობის გამო მძვინვარებდა შაჰ-აბასი, ხარობდა უფალიო, წერენ მეისტორიენი.
დასჯისას 1624 წლის სექტემბერში სავარაუდოდ 59 წლის უნდა ყოფილიყო ქეთევან დედოფალი. შაჰ-აბას პირველი 53 წლის იყო.
წმინდაო ქეთევან,
კიდევ ერთხელ მინდა შეგთხოვო და სათხოვარის შესრულებისთვის, ყველას ნაცვლად მადლობაც გულით შემოგკადრო:
საკუთარ ბინებს შეფარებულები ვხვდებით, როგორი დაცულები და ბედნიერები ვყოფილვართ. დამშვიდებულები დაგვაბრუნე ყოველდღიურ ცხოვრებაში და დაგვაფასებინე სიკეთე, რომლის ღირსიც უფალმა გაგვხადა.
მადლობა!
მადლობა!
მადლობა!
ამინ!

ქეთევან ჩემია

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

არადანი მე

გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტობის კანდიდატად

Joni Kvaracxelia

ერთადერთი თხოვნა აქვთ — »ღირსეულად დახვდით ქართველი ჯარისკაცების ცხედრებს და არასდროს შეწყვიტოთ ბრძოლა»

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი