ანალიტიკაპუბლიკაციები

წარმატების მოსარჯულებლად

უებარი წამალი — სიზარმაცის წინააღმდეგ
ჩემს შვილს!
ამ თემაზე წერისა და უამრავ მასალაზე გაცნობისკენ სოციალურ ქსელებში ჩემი შვილის გვერდმა მიბიძგა, სადაც მხოლოდ შეჭირვებულები და დასახმარებელი უმწეოები ყავს გაზიარებული.
გული დამწყდა, მარტო იმიტომ კი არა, რომ მე ვერაფრით ვუშველი, იმიტომაც, რომ თავად არ შეუძლია სხვა რამის გაკეთება, გარდა იმისა, რომ გააზიაროს: ზუსტად ვიცი, ვინც მას ნახულობს, ასევე სხვებს „მიუგდებს“ — იქნებ, დაეხმარეთო და საბოლოოდ დამხმარე შეიძლება გულკეთილი, მაგრამ ღარიბი აღმოჩნდეს, რომელსაც ჰადაჰა ლარის, ან ცოტა მეტის გაღება შეუძლია.
ვწუხვარ!
თუმცა იმდენს ვშოლულობ, ბედს არ დავემდურო, მაგრამ იმ ქვეყანაში, სადაც უმეტესობას უჭირს, ეს საკმარისი არ არის. მადლობა უფალს: მე არ მივემატები — არც ეს კმარა. მხოლოდ იმის შეთავაზება შემიძლია, რაშიც საფუძვლიანად ჩავიხედე და დავრწმუნდი, სურვილის შემთხვევაში, ყველას შეუძლია იყოს წარმატებული.
თემაზე მუშაობისას უჭკვიანესი წარმატებული ადამიანების ნაშრომები გამოვიყენე, მაგრამ უზბეკი ფსიქოლოგისა და მეცენატის, გენიოსი მკვლევარის ნურბეკოვის ნაშრომებმა სასიამოვნოდ სრულიად გამაოგნა…
მაგრამ ამას ჩემს შვილს ლექციად ვერ წავუკითხავ. მოსმენით თავს არ მოიკლავს. მაგრამ ჩემს ორი ათასამდე მკითხველს შორის აღმოჩნდნენ ისეთები, ვინც, თურმე თემის გაგრძელებას მოუთმენლად ელიან და სიამოვნებით გაგიზიარებთ დიდი ხნის ნაშრომს, მსოფლიოში ცნობილი წარმატებული ადამიანების მიერ გაკეთებული დასკვნებიდან თქვენ, ვისაც მართლა გინდათ წარმატების მორჯულება და ამით შრომას შეგიმსუბუქებთ… ხოლო ვისაც არ უნდა, მათ შორის ჩემს შვილსაც, მოგმართავთ:

ხსნა იმაშია, რომ გინდოდეს და აღძრა საკუთარ თავში სურვილი — გააცნობიერო და აღიარო — საკუთარი სიზარმაცე.
ამისთვის განათლება საერთოდ არ არის საჭირო.
ბრიყვისთვისაც გასაგებია სამყაროს არასრულყოფილება მიღწევების მიუხედავად… იქ სადღაც შენი ადგილი თავისუფალია და შესაძლებელია ისე წახვიდე ამქვეყნიდან, ვერც ნახო. იმისთვის რომ დაინახო, უნდა იმუშაო — პირველ რიგში საკუთარ თავზე.
ყველაზე დიდი გამარჯვება საკუთარ თავზე გამარჯვება ითვლება. ჯერ სწორედ ის უნდა გაიცნო და მზად იყო იმისთვის, რომ ყველაზე დიდი სიძნელე მისი გაცნობისთანავე დაიწყება, მაგრამ რომ დაიწყებ — ბოლომდე უნდა მიიყვანო…
სდექ!
რაო, კვლავ სიზარმაცე?
საქმეს თუ არ მოეკიდები, ვერასდროს გაიგებ, რისი უნარი გაქვს სინამდვილეში.

ჩემო ვაჟკაცო, შენთვის ვწერ, მაგრამ ეჭვი არ მაპარება, შენსავით გულჩვილი და გულკეთილები სამყაროს, მათ შორის საქართველოსაც ბლომად ყავს და რასაც შენ გეტყვი, მინდა გაიგოს ყველამ:
ცოცხალს ყველაფერი შეუძლია! ჯანმრთელის უმძიმესი დაავადებაა — სიზარმაცეა!
სამყარომ სიზარმაცით დაგასაჩუქრა, მაგრამ იგივე „საჩუქარი“ ერგოთ სხვებსაც, მათ შორის მდიდრებს, მაგრამ ისინი წარმატებულები არიან. შენ?
სანამ ვერ იგრძნობ სიზამაცის ყოველ გამოვლენას და მის დამღუპველობას, დაივიწყე ნებისმიერი სულიერი და ფიზიკური სიმდიდრე, სულაც არა იმიტომ, რომ „ფორტუნამ“ ასე ინება, იმიტომ, რომ:
შრომით შექმნა საკუთარი სამოთხე — ღვთისგან არის.
შეგიძლიათ გააპროტესტო, მაგრამ იცოდე, უფლის ნებას აპროტესტებ.
ახლა ნუ მეტყვი: მე მატერიალური მხარე არ მაინტერესებს, მე მინდა დაკავებული ვიყო სულიერებითო.
ჰო და, ეს მორიგი სისულელე და სიზარმაცისგან თავის დაუღწევლობის გამართლების მცდელობაა. ეს არის ყველაზე ზარმაცი ადამიანის პოზიცია, რათა საკუთარი თავი მოიტყუოს.
თანაგრძნობა და წამოძახილი: მინდა რომ ადამიანებს ეშველოთ! — და თუნდაც მილიონმა შენნაირმა ხმამაღლა იძახოს იგივე, შედეგი არ მიიღწევა და შენი და შენნაირების გულმოწყალება ფარისევლობად დარჩება.
მაგრამ აი, სულიერად გახევებულ, უგრძნობ, მაგრამ მატერიალურად წელში გამართულ „არსებას“ უმწეოთათვის გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია… შენნაირ გულმოწყალე და გულკეთილ, მაგრამ ჯიბეგამოფხეკილ „არსებებთან“ შედარებით:
მატერიალური მხარდაჭერით გაუმაგრებელი თანაგრძობა, თავად არის უმწეოც და საცოდავიც.
შენნაირ, ერთი შეხედვით, გულისხმიერ, ამაღლებული აზრებისა და იდეალების მქონე ადამიანს მატერიალური ხელისუფლებაც უნდა გქონდეს და მაშინ წარმატებით შეეწინააღმდეგები ბოროტებას, ძალადობას, უსამართლობას, დაეხმარები ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, რასაც არ აკეთებენ სხვა მდიდრები და შენს ჩუმ უთქმელ გულისწყრომას იმსახურებენ.
მართალია, მდიდარი გახდები, გარწმუნებ, ამას შეძლებ, მაგრამ რომ გგონია გულკეთილი ხარ, სინამდვილეში როგორც კი გამდიდრდები ნამდვილი გულმოწყალების სწავლა დაგჭირდება, რაც გამდიდრებაზე გაცილებით ძნელია და უფრო გაგიჭირდება.
დიახ, იმის თქმა მინდა, რომ გულკეთილი ხარ იმიტომ, რომ არაფერი გაქვს გასაცემი, როგორც კი გაგიჩნდება — გაცემის სურუვლი გაგიქრება… ეს აბსოლუტურად ბუნებრივი და გამოცდილია, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი არ ყოფილხარ…
დააკვირდი:
ვისაც მიაჩნიათ, რომ ბევრს შრომობს და ცოტას უხდიან… საკმარისია, გამდიდრების შესაძლებლობა გაუჩნდეთ, აღმოჩნდება, რომ მათაც სწორედ ისევე დაენანებათ რეალური ღირებულების, ანუ ბევრის გადახდა, როგორც მათთვის ენანებოდა „შეფს“ და რაზეც ძრახავდნენ… და ეს ლოგიკურია, გამდიდრებამდე უკვე ჩნდება „სიძუნწის“ სინდრომი და გამდიდრებული ხომ წარმოგიდგენია?
აი, რატომ არ ვითარდება საქართველოში სოფლის მეურნეობა: ძნელი შრომაა და შესაბამისი ანაზღაურების გაღება არ უნდათ, რადგან მაშინ მოგება ნაკლები დარჩებათ…
და მაინც:
წარმოიდგინე, უფსკრულზე ხარ დაკიდებული, სიმწრისგან ხმამაღლა „მიშველეთო“, ვერ ყვირიხარ. ამ დროს მოდის კაცი, ხელებს ისტერიულად ასავსავებს, სიკეთის გამომხატველი მზერა შენსკენ აქვს მიპყრობილი და მთელი არსებით უფალს მიმართავს: „ღმერთო, დაეხმარე, უბედურ ცოდვილს“.
სწორედ ეს პოზიცა აქვს უმწოთა შემყურე უმეტესობას, მათ შორის შენც…
შემდეგ თანაგრძნობით ამოილუღლუღებს: ისე თანაგიგრძნობ, ისე მესმის შენი. უკეთესის იმედი გქონდეს. გაუძელი. ხელის გაშვება გულში არ გაივლო. უფალი ყველას ეხმარება. ითხოვე და მოგეცემა. დაუკაკუნე და გაგეღება… დაახლოებით ასე.
ამ ტირადის შემდეგ შესრულებული მოვალეობის გრძნობით წავა — სადილობის დროა.
ხომ გააზიარეთ სოციალურ ქსელში — მოვალეობა მოხდილია!
აქ სულიერებაში ეჭვის შეტანა ხომ არ შეიძლება, მაგრამ შენ მდგომარეობა შეგიმსუბუქდა?
ჰოდა, აი ეს არის სუფთა სულიერება — ცარიელი სახით.
თავიდანვე ხელი რომ გაეწოდებინა და ამოეყვანე და შემდეგ ეს სიტყვები ეთქვა, აი, მაშინ სულიერება ხორცშესხმული იქნებოდა.
სუფთა სულიერება: მღვდელები, ბერები, მწირები, განდეგილები, ეკლესიებში ბებოები… რასაც უნდა აკეთებდნენ ცხოვრებაში, უფრო ხშირად მისდევენ საკუთარი გულის ძახილს.
შეიძლება სხვებს სხვა აზრი გაქვთ მათზე, რადგან ზოგადი კანონიდან ვიღაცა გამონაკლისი შეხვდათ, მაგრამ ერთი ნახევარქათამა — ფერმა არ არის.
და რომ ეს ასეა, მე და შენ ვიცით, წყნეთში ერთ-ერთ „დედაოსთან“ გაუთქმელობა რომ დამაფიცე, ხომ არ დაგვიწყნია… მხოლოდ ამიტომ ვდუმვარ, მაგრამ შენ ხომ იცი, რომ მართალი ვარ…
გეთანხმები: სულიერება ყველაფრის თავი და თავია. ის პირველი საფეხურია, საიდანაც იწყება ცხოვრება, თუმცა ეს ყველასთვის ჭეშმარიტი გზა არ არის, იმიტომ რომ ყველას ცხოვრების გზა სხვა კიბეა — სხვა საფეხურებით. ჩვენ, ღვთის ნებით, ყველა ოდესმე ერთსა და იგივე ჭეშმარიტებამდე მივალთ, უბრალოდ სხვადასხვა გზებით. ილია ჭავჭავაძის განდეგილის სიტყვები „ხსნა ყველგან არის, მაგრამ გზა ხსნისა… ასეთი მერგო მე უბედურსა“… საბედისწერო არ აღმოჩნდეს, „გზა ხსნისა“ იმისთვისაა, რომ ამ გზაზე თავი უბედურად არ იგრძნო. თუ იგრძენი, ის არ არის „გზა ხსნისა“ და სხვაგან ეძებე…

სულ სხვაგვარად გამოიყურება თანამედროვე შეხედულება განდეგილზე:
როცა არჩევანის წინაშე დადგა, ახალგაზრდა ბერმა მონასტერში წასვლა დააპირა, მოძღვრებმა უთხრა: შვილო ჩემო, თუ მხოლოდ საკუთარი სულის სისუფთავის მაღალ ხარისხზე და მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრებ — შეგიძლია ბერად აღიკვეცო და ამით შენი გვარის შთამომავლობა დამთავრდება. არა და, უფალმა გვითხრა: მე შენთვის შევქმენი მიწა, მთები, ზღვები, ტყეები, მინდვრები და პირუტყვი. განაყოფიერდი და გამრავლდი. ამქვეყნიდან გაქცევა პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაა, შენთვის ჯერ ადრეა, ამიტომ მონახე შენი გზა, რომლითაც ღვთის ამ შეგონებას არ დაარღვევ, ქენი ისე, რომ შენ შეგეძლოს ეძებო შენი სულიერი გზა, მაგრამ ამავე დროს გამრავლდი, იშრომე, ყველა მზა ნაყოფი მადლიერებით გაეცი.
ყოველი ადამიანისთვის რეალური მოცემულობაა მნიშვნელოვანი, მას აქვს ფარული აზრი. ჩვენ ერთდროულად გვეძლევა ყველაფერი და არ გვეძლევა არაფერი.
ვიბადებით შიშვლები, მაგრამ სამომავლო ცხოვრების ნიჭი (ან უნიჭობა) ჩვენთან ერთად იზრდება და როგორ შევიმოსებით, (ან სულაც არ შევიმოსებით) სწორედ ჩვენზე ხდება დამოკიდებული. ამ გზაზე არ გვაქვს უფლება, არ განვვითარდეთ ყველა მხრივ, ამის ჩანასახოვანი მდგომარეობა აბსოლუტურად ყველა ჩვენთაგანშია: ვიშრომოთ, შევიცნოთ სიკეთე, გავამრავლოთ სულიერი და მატერიალური მხარე და შთამომავლობით — საკუთარ შვილებს, შვილიშვილებს მათ შვილებს ესტაფეტად გადავცეთ.
ხომ გულით ვაკეთებთ ამას მე და მამაშენი ამ სიბერეშიც… ხომ ზუსტად იცი, რა ფიზიკური შრომის ფასად და ამაში არც ის გვიშლის ხელს, რომ იმქვეყნად არაფერს წავიღებთ. ჩვენი ნაშრომი, მართალია, შენს შრომასთან შედარებით მიზერულია და იქნებ საკმარისიც არ იყოს და არც არის, მაგრამ ძალ-ღონეს დღემდე არ ვზოგავთ – შენთვის! თვით (მაპატიებს უფალი კადნიერ შედარებას) ალექსანდრე მაკედონელმა — ნახევარი მსოფლიოს დამპყრობმა სიკვდილის წინ ითხოვა, ხელებაპყრობილი დაემარხათ კაცობირეობისთვის იმის დასანახებლად, რომ — თან არაფერი მიაქვს.
შენ გამდიდრებაზე არ ოცნებობ. შენ სხვების დახმარებაზე ოცნებობ, შენს ჩაურევლად, რატომ გებრალება ისინი, ვისაც უჭირს, ვის ანაბარა გინდა დატოვო, სხვების?
იმათ რა, შენზე მეტი აქვთ?
იფიქრე გამდირებაზე, რატომაც არა.
ან როგორ არ უნდა იოცნებო, როცა ამის მიღწევა შეგიძლია. რატომ უნდა თქვა უარი რეალურ შესაძლებლობაზე… დიახ, გიბიძგებ, რადგან გამდიდრება ნამდვილად შეგიძლია, თუმცა მიღწევის შემდეგაც არ მთავრდება „ადამიანური მოვალეობები“, ის, რისთვისაც მოწოდებული ხარ – დაეხმარო სხვებს, რადგან სწორედ გამდიდრების შემდეგ იწყება ყველაფერი თუ იწყება… მაგრამ მანამდე ხომ უნდა გამდიდრდე.
სიკეთე გინდა საკუთარი შვილებისთვის, ახლობლებისთვის, ბოლოს და ბოლოს ყველა ადამიანისთვის, მაგრამ გაითვალისწინე, როგორც კი დაიწყებ მოძრაობას ახლის შექმნის მიმართულებით, რომელიმე კუთხეში გიდარაჯებს შენი დედისგან განსხვავებული, შენთვის და ზოგადად ყველასთვის ძალიან კარგად ნაცნობი „დედილო — სიზარმაცე“.
„დედილოა“ აბა, რა, ჩემგან განსხვავებით სულ შენთან არის, არასდროს გტოვებს ისე, თითქოს შენზე ზრუნავდეს… როგორც ჩანს, ღვთის სასჯელი სწორედ ეს იყო — საკუთარ არსებაში ჩაგვისახლა „სამოთხისკენ“ სვლის შემაფერხებელად და დავრჩით ჩვენ და სამოთხე შუაში ჩამდგარი ჩვენი სიზარმაცით. თუმცა, შენზე ამას ვერ ვიტყვი, არის რაღაც, რაც ზოგადად „სიზარმაცეზე“ მაღლა გაყენებს, შენ ის დაძლიე, როცა სერიოზული ვარჯიში დაიწყე, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ მისი დამარცხება ყველა მიმართულებით შეგიძლია.
თუ არა, მთელი სიცოცხლე მოუნდები თავის მართლებას „ბედისწერის“ უკუღმართობის გამო… არა და, ყველაფრის თავიდათავი სიზარმაცეა, რომელიც როცა გაიგებს რომ რაღაცის გაკეთებას აპირებ, შენს წინ გულწასული „გაიშხლართება“, „გონს მოსული“ საკუთარ დიდ ტომარაში ჩხრეკას დაიწყებს და მის სიღრმეში იპოვის „პროფესორის მანტიას“, მოირგებს და შენი სურვილის უფრო იოლი ფორმით გადაწყვეტის შესახებ დაიწყებს აზრების ჩალაგებას შენს თავში, ეცდება მთელი ძალით „ჩაგატენოს“, ოღონდ ხელი შეუშალოს „სამოთხისკენ“ შენის სვლის ჯერ სურვილს, თორემ განხორციელებამდე კიდევ რამეს მოიფიქრებს (მისი ეს მოვალეობა თავის დროზე უფლისგან არის განსაზღვრული) და მანამდე შთაგაგონებს: იყიდე ლატარიის ბილეთი; გახდი არქეოლოგი; ეძებე განძი; სამისამართო ბიუროში „ჯადოქრის“ ადგილსამყოფელი გაიგე; წადი კაზინოში, ან მსგავს სადმე სხვაგან; იპოვე სპონსორი, ან ვინმეს შესთავაზე: „სამსახური სამსახურისთვის; ან კიდევ: რატომ უნდა იმუშაო? დააყაჩაღე ვინმე, ბანკი ბოლოსდაბოლოს და მორჩა… ზარმაცები, თითზე თითი არასდროს რომ არ დაუკარებიათ, ბანკების დასაყაჩაღებლად გეგმის შედგენისას დღედაღამეს ასწორებენ. რატომ? იმ ერთხელ „გამდიდრებისთვის“ უღირთ „თავის შეწუხება“, რათა შემდეგ ისევ „განუსვენონ“, ამჯერად — სამუდამოდ: კვლავ არხეინად (არა სინდისის ქენჯნით, ან მის გარეშე) განაგრძონ „არაფრის კეთებას“… და ეს ციხეშიც წარმატებით არის შესაძლებელი.
ხომ „მაგარი“ ლოგიკაა?
ეს ანეკდოტი აბა, ვინ არ იცის:
ღმერთო, — წლობით იხვეწება ერთი მართლმადიდებელი.
— ღმერთო, ხომ ხედავ, ამდენი წელია ვლოცულობ, ყველა მცნებას ვასრულებ. ახლა, ლატარიაში, იქნებ, მსხვილი თანხა მომაგებინო, ძალიან მჭირდება.
ციდან ხმა მოესმება, თითქოს, მისი თხოვნა აღსრულდება. მაგრამ ვერაფერი მიიღო.
— ღმერთო, ეს როგორ, ხომ მოვილაპარაკეთ…
და ციდან ხელახლა ხმა ესმის:
— იქნებ, ლატარიის ბილეთი გეყიდა.
გინდა ზღაპარი, რომელსაც ჰქვია: „უნდა იშრომო!“
და მაინც, სიზარმაცე „დედილო“ ყოველთვის გვერდში გიდგას, არ გტოვებს, მთელი სიცოცხლე სადღაც იმ ადგილებშია, სადაც ზარმაცები არიან და „გიდარაჯებს“, როგორც მზრუნველი დედიკო, რომელსაც არ უნდა რამის კეთებაზე შეწუხდე და უკანდაუხევლად გაცილებს ნებისმიერ საქმეს და უსაქმურობაში წაგახალისებს — დაგიშლის რამეს კეთებას., ცოცხალი დედიკოსგან განსხვავებით, შენს საკეთებელს არ შეეჭიდება.
და თუ შენ მაინც პირში მიახლი საკუთარ სიზარმაცეს, რომ გინდა თავიდან მოიშორო, ანუ იშრომო, მით უმეტეს, გახსნა და იქონიო საკუთარი საქმე, პასუხად აუცილებლად მოისმენ: რა არ გაკმაყოფილებს? — სახლი და კარი გაქვს, მანქანა გყავს… ააა, სხვისი დახმარება გინდა? გულით რომ გინდოდეს და ეს ნამდვილად ასე რომ იყოს, მისაცემს იშოვიდი, ბოლოდაბოლოს საჭმელს, ან დასალევს მოიკლებდი… ფაქტის წინაშე დაგაყენებს, რომ შენი სიბრალული ფარისევლობაა, რომელშიც თავს არ უტყდები… რატომ ფარისევლობ? — შეკითხვაზე პასუხი არ გაქვს…
ის კი თავისას უბერავს: საქმის დასაწყებად საჭიროა ფული. შენ გაქვს ფული? შენ რომ ჯიბეში მილიონი გქონდეს, მაშინ კი…
ან კიდევ: რამე ცოდნა გაქვს? საკუთარი ხელებით რამეს კეთება შეგიძლია? -არა? ნებისყოფა? — დეფიციტურია. მთავრობაში გავლენიანი ახლობლები გყავს? — არა? — იდეა?
აღმოჩნდება, რომ შენი იდეა და სიზარმაცეღა გრჩება… არჩევანი სიზარმაცეზე გააკეთე? გაჯობა?
მაშინ იჯექი – თუ, იწექი წყნარად და როგორც არ ხვანცალებდი, ახლაც ისე განაგრძე… დაივიწყე დასახმარებელი უმწეოები, საერთოდ ნუ გაიხედავ მათკენ.
შესანიშნავი აზრია?
ჰოდა, თავიდან ჯერ კარგად გამოიძინე, საერთოდ ადექი და დაისვენე… რამდენიმე წელი — შეიძლება პენსიამდე — შემდეგ პენსიით ხომ „კარგად“ ირჩენ თავს, შეხედე, აგერ შენი მშობლები, მშვენივრად გრძნობენ თავს, მერე რა, თუ თვეობით შვილიშვილებსაც ვერ ნახულობენ, სანამ რამეს არ იშოვიან, რადგან „ცარიელი ხელები“ არც მათ უყვართ. ეს ჯერ არ იცი? კი, ისევ ისე პატარა ხარ, საიდან გეცოდინება? — ჰოდა, ისე ჰქენი, რომ ვერც გაიგო. ისე, როცა გაიგებ, არც მაშინ იქნება გვიანი, მაგრამ არ მოხდება, თუ თავს არ დაანებებ იმაზე ფიქრს, რომ: მხოლოდ და მხოლოდ პატარა, უსახური ადამიანი ხარ, რომ შენზე არაფერია დამოკიდებული, ვერ შეძლებ და ასე მიმართავ საკუთარ თავს: „რა ჭკვიანი ხარ!“… „ვაი შენს პატრონს!“ „კაცად ვერ ივარგე, იდიოტო!“, „ჰო, იოცნებე!“ და ა.შ.
დამამშვიდებლი კიდევ ბევრია — ყველაფერი გაივლის.
სიტყვებს რეალიზების უნარი აქვსო ამბობენ და პრაქტიკულადაც დამტკიცებულია, რომ ასეა და თუ ასე გინდა, არჩევანი შენია:
კი, ბატონო! გაუმარჯოს სიზარმაცეს!

მაგრამ მე „დედილო“ კი არა დედა ვარ და გაჩერებას არ ვაპირებ.
პირადი გამოცდილება მამოძრავებს: ერთ პატარა, პენსიონერ, სუსტ, არაფრით გამორჩეულს, რამდენიმე პროფესიას საფუძვლიანად რომ დავეუფლე ჩემი სიზარმაცის წინააღმდეგ ბრძოლისას…
ეს ნებისმიერს შეუძლია და გაცილებით წარმატებით, ვიდრე მე… მითუმეტეს, შეგიძლია — შენ!…
მომავალ შეხვედრამდე!

ქეთევან ჩემია, მილანი

Loading…

მსგავსი პოსტები

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლზე დათქმის გაკეთება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ დროებით გაუვრცელებლობაზე ტერიტორიული მთლიანობისათვის ზიანის მიყენების გარეშე სამართლებრივად შესაძლებელია

Joni Kvaracxelia

ვინ იცავს ოჯახის ფასეულობებს?

Joni Kvaracxelia

„აფხაზების ქართველებზე გამარჯვება“ — დამარცხებაზე ბევრად სამარცხვინოა!

დატოვე კომენტარი