უფალმა როცა ადამი და ევა სამოთხიდან გაყარა, მართალია – დასაჯა, მაგრამ არ გაუწირავს, უბრალოდ, სამოთხეში ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, მზამზარეულად მიწოდებული სიკეთის სანაცვლოდ — სამოთხის საკუთარი შრომით მოპოვებისკენ უბიძგა. ანუ, საერთოდ სამოთხის პერსპექტივის გარეშე კი არ დაუტოვებია, საკუთარი სამოთხის შექმნის შანსი “დაანათლა”, მაგრამ ამის შესახებ ყველამ არ იცის, ამიტომაც წუწუნებს, თორემ მცდელობას არ დააკლებდა სამოთხეში ცხოვრების მისაღწევად, თუმცა “ჯოჯოხეთური” შრომის ფასად. (ეს განაჩენია).
მდიდარი რომ გახდე, მხოლოდ საკუთარი აზრი კი არა, სურვილიც უნდა გქონდეს, არა სიმდიდრის სურვილი, ეს ყველას აქვს, მდიდრად გასახდომად დიდი შრომის დაუძლეველი სურვილი, ლტოლვა შრომისკენ შრომისმოყვარედ საკუთარი თავის გახდომის სურვილი:
გქონდეს საკუთარი საქმე ნიშნავს — მზად იყო თავდაუზოგავად შრომისთვის.
ააა, ეს არ გინდათ? ეს გაშინებთ კიდეც, ხომ?
აბა, ვნახოთ, რა გვაქვს “დიდი შრომის“ საპირწონედ: ან ხარ პენსიონერი და ეს ამართლებს შენს სიზარმაცეს, ან რომელიმე ორგანიზაციის, ან ფირმის იღლიის ქვეშ ხარ მოწყობილი, სადაც ან არაფერს აკეთებ, ან რამდენიმე კაცის საქმეს აკეთებ და მაინც, ზიხარ და დროდადრო ღებულობ პენსიას ან ხელფასს… თბილა, სინათლეა, ბუზები არ გკბენენ და თან ილანძღები, ფული ცოტაა, ისეთ სამსახურს არავინ გაძლევს, რომ არაფერი აკეთო და ფული ბევრი მოგცენ.
მაგრამ…
***
დადასტურებულია: თუ წარმატებად გამდიდრებას ჩავთვლით, გაცილებით ადვილია წარმატების, ანუ ფულის მოზიდვა, ვიდრე მისი შოვნის და გამდიდრების შემდეგ საკუთარი თავის მართვა.
გამოდის, გამდიდრებამდე შესაძლებელია, საკუთარ თავს ყველაფერი გააკეთებინო, ხოლო შემდეგ საკუთარი თავის წინაშე დაუძლურება გარდაუვალია, რადგან როგორც მანამდე აკეთებინებდი ყველაფერს, ისე უკვე ვეღარ გააკეთებინებ. შინაგანი მე უკვე შეძენილისგან ამპარტავანდება და “აღარ გეომორჩილება“ ისევ ისე მართო და გააკეთებინო, რასაც საჭიროდ მიიჩნევ. გეწინააღმდეგება და მეტწილად იმარჯვებს კიდეც… საკუთარ თავს არ უტყდები, რომ ძუნწი ხდები…
და ეს ბუნებრივად გამოიყურება…
რატომა?
როგორც კი მიიღწევა მიზანი, წინსვლის ყოფილი მოტივაცია იკარგება და ჩნდება ახალი – უფრო მეტის დაუფლების — ეს სულ სხვადასხვა რამ არის…
მიზეზი: წინსვლისკენ სწრაფვისას მიზნის მისაღწევად ადამიანს მართავს სრული თავისუფლების გრძნობა.
მონის თავისუფლება კი — შეზღუდულია.
წარმატების მიღწევის მსურველი საკუთარ ქცევაში თავისუფალია და ყველა ღონეს ხმარობს, არც აკრძალვებს ერიდება მიღწევამდე, მაგრამ როგორც კი ამას მიაღწევს, კარგავს ნებას — თავისუფლებას საკუთარ თავს აკეთებინოს, რაც სურს, რადგან წარმატების კომპონენტი ფული “ხელბორკილებად” იქცევა. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორი გზით არის მოპოვებული.
და გამდიდრებისთანავე დამუხრუჭება – სიძუნწე – მომჭირნეობის სახელით ინათლება და გამოწვეულია უკვე მოპოვებულის არა მარტო შენარჩუნების, არამედ მისი რაოდენობრივად გაზრდის დაუძლეველი სურვილით და ხანდახან, სამწუხროდ, პატიოსნად მოპოვებულის გასამრავლება სიმდიდრის მონებად გადაქცევას განაპირობებს.
ცოდვების დაძლევის საფუძველზე ეკონომიკურმა კულტურამ ცხოვრების შეცვლის იდეა წარმოშვა ადამიანის მიერ შრომით, “შრომათერაპიით”.
ეს არის წარმატების მთელი საიდუმლო:
წარმატების მიღწევა შესაძლებელია, თუ არის მისკენ ლტოლვა, და თუ წარმატება მოვიდა, ის არის ყველაფრში.
შრომაა იმ სიკეთის მომცემი, რითაც ადამიანი უფალს უახლოვდება, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ რელიგიურობა ვაჭართა შორის საქმიან რეპუტაციას ხელს უწყობდა.
სანამ დაწერილი საბუთი შემოვიდოდა საქმიან ცხოვრებაში არსებობდა “ზეპირად დადებული ხელშეკრულება” ანუ “სიტყვა”, რაც უფლისადმი ერთგულებას ედრებოდა, სიტყვის გაუტეხლობა და სიმტკიცე ადამიანებს შორის იმედიანობას ნერგავდა.
იმ დროს გილდიის — ღირსების ვაჭრები საკუთარ საქმიანობას უყურებდნენ არა როგორც ქონების დაგროვების წყაროს, არამედ ბედისწერით — ღვთის მიერ მათზე დაკისრებულს ერთგვარ მისიას და ყურადღებას აქცევდნენ არა მხოლოდ ფულის “სიკეთის“ გამრავლებას, არამედ ხარჯვასაც, რადგან მიიჩნევდნენ, რომ: უფალმა სიმდიდრით გაანებივრა და ანგარიშს მოთხოვდა – ანუ, სიმდიდრე ავალდებულებდა – მოვალეობებს აკისრებდა.
ისევე როგორც ფორდზე, ორგანზე, როკფელერზე, კარნეგზე… ბევრად ადრე ცნობილი ბევრი ადამიანის ოჯახის ისტორია, თვით საქართველოშიც კი, თუნდაც სარაჯიშვილი, ძმები კაკაბაძეები და ბევრი სხვა, შესაძლოა, ლეგენდებადაც ქცეულიყვნენ, მაგრამ მათი ბედისწერა სხვაგვარად წარიმართა და გაცილებით უსამართლოდ მოექცა და სამწუხაროდ, ამჟამად ისინი წარმატების სიმბოლოდ აღიარებულები არ არიან.
ესეც ეკონომიკაა.
***
ინტელექტი თავისთავად ამქვეყნად არავის არანაირ უპირატესობას არ ანიჭებს. ნებისმიერი გონებრივი საქმიანობა მხოლოდ მაშინ იძლევა შედეგს, როცა აქვს ბიოლოგიური საფანელი — სტიმული: ჭამა, გამრავლება, დომინიერება.
ტვინისთვის ძნელია სტიმულის გარეშე მუშაობა.
ტვინი არის ენერგოდამოკიდებული სისტემა და განწყობილია, რომ არაფერი აკეთოს.
მაშინაც კი, როცა ადამიანი მოდუნებულია და საერთოდ არაფერზე ფიქრობს, ტვინი მოიხმარს ორგანიზმის მთელი ენერგიის ცხრა პროცენტს. როგორც კი საქმეში ერთვება ტვინი და ადამიანი დაფიქრდება, ენერგიის მოხმარების კოეფიციენტი 25 %- მდე იწევს, ანუ იმის მეოთხედია, რაც ჩავისუნთქეთ, ვჭამეთ და ვსვით. ამიტომ უსაქმურობა და გონებრივი დანახარჯის გარეშე მიღებული “სიკეთე“ ტვინის მიერ წახალისებულია.
მემკვიდრეობა, მუქთად ვახშამი, ქეიფი რესტორანში, მიღებული საჩუქარი… ტვინს “ნათელი სიხარულით“ ავსებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტვინმა სისხლი სეროტონინით, ე.წ. “ბედნიერების ჰორმონით“ აავსო. რომელიც თავის მხრივ, ქიმიური შემადგენლობით ლსდ –ს (ნარკოტიკის) ოდნავ ჩამოუვარდება.
საგულისხმო ფაქტი:
თუ გადავწყვიტეთ გამოვიმუშაოთ პატიოსანი ფიზიკური თუ ინტელექტუალური შრომით და დავძაბეთ ტვინი, ის დაუყოვნებლივ გამოხატავს უკმაყოფილებას და იწყებს სულ სხვა ნივთიერების გამომუშავებას, რომელიც იწვევს ჩვენს გაღიზიანებას, დროზე ადრე დაღლილობას, სურვილს სასწრაფოდ დავლიოთ, ვჭამოთ, საპირფარეშოში წავიდეთ, დავიძინოთ… გავექცეთ საქმეს… სიზარმაცე კუჭის აშლის მიზეზიც შეიძლება იყოს. ტვინი თითქოს გვეუბნება, შეწყვიტე მუშაობა და ვეძებოთ უფასო სიკეთე…
აი, საიდან მოდის სიზარმაცე, შრომის ყველაზე რთული ფორმის სწავლის სურვილის არქონა.
ანუ, როგორც კი ტვინს სამუშაოდ დავძაბავთ, იწყებს წინააღმდეგობის გაწევას. ეძებს სხვადასხვა მიზეზს, რომ თავი დავანებოთ და შედეგები ყველასთვის ცნობილია.
ამიტომ… სიზამაცაზე გასამარჯვებლად გვჭირდება სტიმული.
უფრო სწორად, ტვინს სჭირდება სტიმული.
წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველგვარი სურვილი რამე აკეთო ან გაჩენისთანავე, ან ოდნავ მოგვინებით ქრება.
საგულისხმო ფაქტის გაგრძელება:
სანამ შრომას შეუდგებოდეთ, გაისაჯეთ და მოძებნეთ თქვენი სტიმული, რომელიც აღგაფრთოვანებთ და გიბიძგებთ აკეთოთ ის რაც გსურთ, აკეთოთ იმიტომ, რომ… თუ რატომ, მოსაფიქრებელია.
რათა ირწმუნოთ ჩემი ეს სიტყვები, დააკვირდეთ საკუთარ თავს: თუ თქვენ იწყებთ, დავუშვათ, მეცადიონებას და თქვენ გაგიჩნდებათ “გვერდითი მოვლენა” ზემოთხსენებული მოთხოვნილების გამოვლენით, იცოდეთ, ეს თქვენი ტვინი აპროტესტებს გადაწყვეტილებას — იშრომოთ.
როცა მოძებნით სტიმულს, არ დაგავიწყდებათ მკაფიოდ განსაზღვროთ საკუთარი თავის გასაგონად, თუ რისთვის გინდათ და სიზარმაცე უკვე ვეღარ მოგერევათ. პირიქით, შრომას წესად თუ გაიხდით, სწორედ ის გამოგამუშავებინებთ “სიამოვნების ჰორმონებს“.
მიზეზი: რადგან ადამიანი დაიბადა სამოთხეში საცხოვრებლად სადაც შრომის გარეშეც თითის გაუტოკებლად ყველაფერი თავსაყრელი ჰქონდა, ამიტომ გენეტიკურად არ დევს მის შრომის “პროგრამა“, რომელიც დასჭირდა მას შემდეგ, რაც ლუკმაპური “საკუთარი ოფლით“ მოსაპოვებელი გახდა… პროგრამაც მისი გამოსამუშავებელი გახდა, მოგეხსენებათ მისი გამომუშავების სიძნელე…
და აქიდან იწყება ყველაფერი…
რასაც იაპონელები პირველები მიმხვდარან:
არის ასეთი თქმულება:
ათასი, თუ ორი ათასი წლის წინ მოკვდა იაპონიის იმპერტორი და მისი მცირეწლოვანი მემკვიდრე ავიდა ტახტზე.
პირველ რიგში მოინდომა უბადლო მებრძოლად გახდომა, გასცა განკარგულება კუნგფუს მასწავლებელი მოეყვანათ, რომელმაც უთხრა, რომ ფეხშიშველა სირბილი, შეშის პობა და ქვების თრევა მოუწევდა. ბიჭი აღშფოთდა, გლეხი კი არა ვარ, ეს ვაკეთო, თუ გინდა ცოცხალი დარჩე, ახლავე შეწყვიტე და გამიმხილე ორთაბრძოლის ყველა საიდუმლო და პატარა ფეხები დააბაკუნა.
კარგით, ჩემო მბრძანებელო, დაჯექით და მისმინეთ. მასწავლებელმა დასვა იპერატორი და დაიწყო ლაპარაკი და კუნგ-ფუს არსის ახსნა… გადიოდა დღეები, თვეებიც… ბიჭი იჯდა და მთელი ყურადღებით უსმენდა და უსმენდა მასწავლებელის თხრობას. ხარობდა პატარა, მოელოდა, რომ ძალიან მალე აუხდებოდა ოცნება და ასე ჯდომით და მოსმენით უებრო მებრძოლი გახდებოდა.
ერთ დღეს, სასახლის ეზოში საუბრისას, პატარა იმპერატორმა კატისკენ გაიწია, რათა დაეჭირა და მოფერებოდა, მაგრამ ის გადახტა და იმპერატორი ეკლებიან ყვავილნარში უხერხულად დაეცა.
მოსამსახურები მოცვივდნენ და ააყენეს. ცრემლმორეულმა მასწავლებელს უთხრა, ეს როგორ, კატა როგორ გამექცა, ამდენი ხანია ვსწავლობ, კუნფუზე ყველაფერი ვიცი და მებრძოლი ვარ.
მოხუცმა მასწავლებელმა უთხრა: ჩემო მბრძანებელო, შენ მართლაც ყურადღებით მისმენდი და რაც გითხარი, ყველაფერი დაიმახსოვრე. კუნგ-ფუზე კი იცი ყველაფერი, მაგრამ არ იცი კუნგ-ფუ, რადგან თუნდაც იმპერატორი იყო, უმოძრაოდ და სიტყვების დამახსოვრებით მისი ათვისება არ შეიძლება. კუნგ-ფუს დამახსოვრებას და მებრძოლად გახდომას სულ სხვა მეხსიერება სჭირდება.
ჩვენ ხომ ორი მეხსიერება გვაქვს ერთი თავში ტვინშია, მეორე — სულ სხვაა და სხეულის ტვინში. შენი ცოდნა კუნ-ფუში თავის ტვინშია და სულ სხვაა, სხეულის ტვინში, რომელსაც არაფერი დაუმახსოვრებია და არც იცის, მეტიც, დაუძლურდა კიდეც ამდენი უმოძრაობით, ამიტომაც კატა შენზე მოქნილია, თუმცა მისმა თავმა მისი მოძრაობების შესახებ არაფერი იცის, მაგრამ სხეულის ტვინმა იცის, რადგან ბუნებისგან აქვს მიცემული. ადამიანებს კი მისი დამახსოვრება გვჭირდება მხოლოდამხოლოდ შრომით.
ასე, რომ, ჩემო მბძანებელო, თავიდან, როგორც ყველა მოსწავლემ, როგორც მე ოდესღაც, შენც უნდა ზიდო მძიმე ქვები, ატარო წყალი და ჩეხო შეშა, და მაშინ, დაიმახსოვრებს არა შენი თავის ტვინი, არამედ სხეულის ტვინი და მხოლოდ ასე დაეუფლები კუნგ-ფუს, სხვა გზა — გახდე უძლეველი მებრძოლი — არ არსებობს.
განმარტებითი ლექსიკონი:
სტიმული: მიზეზი, რის გამოც ღირს შრომა, ფულის შოვნა და საერთოდ ცხოვრება… ეს არის ის, რაც გვაიძულებს ვიშრომოთ მაშინაც კი, როცა დაღლილი ვართ… ეს არის ის, რაც გაგვაღვიძებს, აგვაგდებს ლოგინიდან და გვაიძულებს ენერგიულად ვიშრომოთ…
წარმატებული-მდიდარი: ფიზიკური ან სულიერი მდგომარეობა, რომელიც იძლევა საშუალებას ისე იცხოვრო, როგორც გსურს. აკეთო, რაც გინდა: შეიძინო, მართო, გასცე, ან არ გასცე… ისიამოვნო ნივთიერ-მატერიალური, ან სულიერი ხარჯვადი ან უხარჯავი ღირებულებით, იმ განსხვავებით, რომ ფიზიკური სიმდიდრის დახარჯვა შესაძლებელია ბოროტი განზრახვისთვისაც, სულიერი კი მხოლოდ კეთილ ზრახვებს ხმარდება; თუ ერთ-ერთი აკლია, მდიდარია, მაგრამ არა წარმატებული.
წარატების შეფასების კრიტერიუმი:
წარმატების შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული აქვთ თავად წარმატებულად მიჩნეულს და მის გარემოცვას.
წარმატებულმა იცის მისი მიღწევის სიმწარე… მის გარემოცვას მასზე წარმოდენა არა აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში თავადაც ასეთი იქნებოდა და სხვის ქონებას არ დაუწყებდა თვლას.
და რევიზიის გარეშე ვერ დაეთანხმები დასკვნას:
სიმდიდრეს ვერ იშოვი, თუ საკუთარ სინდისთან კომპრომისზე არ წახვედი.
სიმდიდრე ვერ გასიამოვნებს, თუ მისადმი ზიზღი არ იგრძენი.
მდიდარს – ვისაც მატერიალური ღირებულება აქვს, სულიერადაც შესაბამისად მდიდარი ვერ იქნება, ამაში გამდიდრებამდე ჩადენილი სინდისთან კომპრომისების მიჩვევა შეუშლის, რადგან უზნეობა ცხოვრების წესად ექცევა.
ამის დამადასტურებელი არაერთი მაგალითი იცის კაცობირობამ. რათა სულიერი და მატერიალური სიკეთეები მართო, რამდენიმე თაობიდან უნდა მოსდგამდეს ორივე, რათა სიღარიბის სიმწრისგან დატოვებული მემკვიდრეობა – სიხარბე დაიძლიოს.
ეს გარდაუვალია და დამტკიცებულია მემკვიდრეობით მდიდრების მიერ…
ქეთევან ჩემია