ანალიტიკაპუბლიკაციები

ცხოვრება ცრემლებით სავსე … გულით

„მძიმედ დაჭრილი აფხაზეთის წიაღში, იქ იმ არარსებული ქალაქის — სოხუმის აეროპორტთან ბაბუშერაში ჩემს ნატყვიარ კერიას ძინავს და იმედით ელოდება ჩემი შვილების და მათი უკვე მოზრდილი შვილების ჩასვლას.
იოცნებე, სხვა რაღა დაგრჩენია…
…გთხოვ, ნუ მოკვდები, გთხოვ, ნუ მოკვდები… ჩვენო ნალოლიავებო პარტახად ქცეულო…
მაპატიე, ვერ გაგიფრთხილდი!
ვფიცავ მაღლა ღმერთს, უფრო და უფრო მტკივა უშენობა…
ჩვენ ბევრი ვართ, ჩვენი მონატრება უსაზღვროა… შენ ჩვენი სიცოცხლის ნაწილი ხარ და უერთმანეთობა გვიჭირს ძალიან
ამიტომ ჩვენ დავბრუნდებით…
შეხვედრამდე აფხაზეთოოოოოოოოოოოოო“
ეს სიტყვები ჩემი არ არის, სადღაც წავაწყდი და უცვლელად გადმოვიტანე, ალბათ, პატრონი გამოუჩნდება.

ეს მონატრება რომ არა, ჩემი არც ერთი ეს სტრიქონი, არა თუ არ დაიწერებოდა, არც ითქმოდა..

დამარხული ჯერაც გაუმხელელი ოცნებების გამო… გვერდით უჩემოდ ჩავლილი სიცოცხლის გამო… დაუსწრებელი ცოლად, დედად, შვილად… ყოფნის გამო…
ცხოვრება ცრემლებით სავსე … გულით.

„წიგნის კითხვა და წერა აკვიატებააო“, ასე მითხრა ერთმა, მეორემ კიდევ — „ნერვოზული მდგომარეობაო“… მოკლედ რაც უნდა იყოს, უსაქმოდ ყოფნას ჩემი ასეთი აკვიატებები და ნერვოზული მდგომარობა მირჩევნია და რადგან ამ სტრიქონებს კითხულობთ, თქვენ ჩემი თანამზრახველი ბრძანდებით და გინდათ თუ არა „ნერვოზული მდგომარეობა“ გაქვთ…
გილოცავთ!
ანეკდოტი:
ნარკომანი საიქიოში მოხვდა. მიდის. ხედავს, ერთი კარიდან მოსახმარად გამზადებული ნარკოტიკები ცვივა… სიხარულისგან ლამის თვალები ორბიტიდან ამოუცვივდეს… არც აცია არც აცხელა, პირდაპირ შეაჭრა და ხედავს: ეშმაკს გეენის ცეცხლზე ქვაბი შემოუდგამს და შიგ ნარკომანებს ხარშავს… უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილია… ეშმაკმა ჩაშავებული კბილებით გაუღიმა, თვალი ჩაუკრა და:
ხომ მაგარი რეკლამა მაქვს.

ჰოდა, მეც რეკლამით ვიწყებ, თორემ სასაუბრო სწორედ ჯოჯოხეთის ცეცხლზე მაქვს.
ამ შესავალის უკან ბლომად ჩანაწერებია, რომელიც საბოლოო ჯამში წიგნის სახეს მიიღებს.

იტალია ის ქვეყანაა, რომლის ნებისმიერ კუთხეში მომჭირნეობა ნორმაა, რადგან აქ ფულის შოვნა, თუ მაფიოზი არ ხარ, გაუსაძლისი ფიზიკური შრომის, სხვის კარზე თუნდაც ნებიერად ყოფნის შემთხვევაში — სიმწარესთან არის წილნაყარი. წინასწარ გათვლილი ბიუჯეტი შენს ნებაზე ერთი ცენტის დახარჯვის ნებას არ იძლევა… აქ კარგ ცხოვრებას გამოქცეულები არ არიან, და არც იმერეთია, „სტუმარი, ღვთისააო“ — თვეობით ცხელი ხაჭაპურებით გიმასპინძლონ.
შოთა ჩხიკვაძის და ინგა ჭიქაშუას ოჯახში — შუაგულ მილანში უბრალოდ იმერეთი კი არა, სოფელი კვახჭირ-ოდილაურია და მაინც

უკვრით მათი გულკეთილობის გამო ჩემი მადლიერება: ისეთი რა გაგიკეთეთო…

ინგა და შოთა
ის რაც თქვენ გამიკეთეთ, როგორ არ გამიკვირდება ამ ჩანაწერების პატრონს… წესით მეკუთვნის, ბევრად უფრო მადლიერი ვიყო, ვიდრე ვარ!
ღმერთმა ამრავლოს თქვენისთანები იქ — საქართველოში და აქ — იტალიაშიც!

ორივე მარცხენახელიანი ქალის ჩანაწერები
გულწრფელად თქვით, ოჯახში დამხმარედ, ახლობლის მისახედად, თუნდაც მომვლელად მიიღებთ ქალს, რომელმაც არც თქვენი ენა იცის, თქვენ მისი — თავისთავად არ იცით, არც საჭმელების კეთება იცის, ზოგადად, რაც იცოდა ისიც დავიწყებული აქვს, იტალიურ სამზარეულოზე საუბარიც არ არის, იოლიც რომ იყოს, არ იცის და ჰე… არც მისი გარეცხილი ჭურჭელი ვარგა და საერთოდ, ორივე ხელი მარცხენა აქვს… არ ვიცი რას მპასუხობთ… მე არც მივიღებდი და არც არაფერს გადავუხდიდი. ამიტომ, ჩემს ამჟამინდელ მასპინძლებზე ცუდი სიტყვის თქმას სხვასაც არ ვაპატიებ, არა თუ საკუთარ თავს… უმადურება დიდი ცოდვაა… იმდენად გადავსებული ვარ მადლიერების გრძნობით, ახლა რასაც ვიტყვი, იმის გარდა „ნაკლი“ ვერ ვუპოვე, მიუხედავად იმისა, რომ რასაც მივეკარე, ყველაფერი ნაწერად ვაქციე…
ერთი შვედური ზღაპარი გამახსენდა: ხარბმა მეფემ უფალს თხოვა, რასაც მივეკარები სულ ოქროდ მიქციეო. აუხდა სურვილი და… ბოლოს, როცა მოშივდა, როგორც კი მიეკარა… საჭმელიც ოქროდ ექცა. შიმშილით შეწუხებულმა ერთი სინდვიჩისთვის მთელი ოქრო დათმო…
სიამოვნებით დავთმობდი მთელ ნაწერს, სხვისი თავგადასავალი რომ გახდეს… მსურველს მაინც ვერ ვიპოვი, ამიტომ ჩემთვის ვიტოვებ.

ეს ცხოვრება ისედაც შედარებითია…
კარგია როცა შედარების საშუალება გეძლევა.
ვწუხვარ, რომ ბევრი რამ არ ვიცი, ვერც დიდი გამოცდილებით ან ცოდნით ვერ დავიტრაბახებ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად ჟურნალისტი უნდა ვყოფილიყავი და აუცილებლად უნდა დამეწერა ნანახი და განცდილი და თუნდაც ერთმა ადამიანმა მიიღოს მხედველობაში, მისიას შესრულებულად ჩავთვლი.
ვერავინ ისე ვერ მიამბობდა იმას, რაც პირადად ვნახე..
ისრაელში არა, მაგრამ იტალიაში ხომ ნამდვილი შინამოსამსახურე და მომვლელი ვიყავი ერთდროულად და გავიარე სამუშაოს მძებნელის ძნელი ხვედრი და დღეები და მაშინ ჯერ კიდევ დაბეჯითებით არ ვიცოდი, რომ ნახევარი საქართველო გასულია საქართველოდან, დარჩენილმა ნახევარმა არ იცის იქ რა ხდება. იმ დროს, როცა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილიდან ზოგიერთი ქვეყნიდან წასვლაზე, ზოგიც სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობს.
ქართველი ქალების დიდი ნაწილი თურქეთში, საბერძნეთში, იტალიასა თუ ისრაელში საქმიანობს, ან უნდა საქმიანობა.
არჩევანი საკმაოდ დიდია, რადგან საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებში, ავსტრალიაშიც კი არიან ჩვენი

თანამემამულეები და საკმაოდ წარმატებულად საქმიანობენ. მხოლოდ ესაა, რომ მხოლოდ ორ  ქვეყანაში ვიყავი და ზოგადად შემიძლია ვთქვა, როგორ ვნახე ეს ორი ქვეყანა, რადგან თუ საქმე საქმეზე მიდგება, ოდნავ მაინც ჰქონდეთ ადამიანებს წარმოდგენა არჩევანის გაკეთებისას:
ისრაელი თუ იტალია?
სხვაგან ჯერ არ ვყოფილვარ, (ეს გამოსწორებადია, „ახალგაზრდა“ ვარ… მოვასწრებ) ეს ორი ქვეყანას გარკვეულ წარმოდგენას ქმნის იმაზე, რა დღეში არიან ჩვენი ულამაზესი, უჭკვიანესი, უნაზესი… აღმატებულ ხარისხზე ნაკლებს რომ ვერაფერს იტყვი ისეთი ქალბატონები სხვის ოჯახებში, სადაც იმდენს შოულობენ, რომ საქართველოში ოჯახი არჩინონ, ზოგჯერ რამდენიმეც კი.
შეიძლება შედარება ცუდია, მაინც უნდა ვცადო, რადგან არის მსგავსებაც და განსხვავებაც საკმაოდ დიდია ორივე და სანამ წასვლას გადაწყვეტენ ჩვენი ქალები, რომელს მიანიჭონ უპირატესობა, უბრალოდ მინდა ნახონ ის ზოგადი დაკვირვების შედეგი, თორემ სრულყოფილი სურათის წარმოდგენა მოგეხსენებათ, ყოვლად წარმოუდგენელია.
ყველას, ვისაც უმუშავია და უცხოვრია სხვა ქვეყნებში, აქვს პრეტენზია, რომ ნახა ყველაფერი, იცის სხვაზე მეტი და მასზე უკეთესად ვერავინ იტყვის ვერაფერს…
მსგავსი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ რაც ვნახე ზოგადი დასკვნის გასაკეთებლად ვფიქრობ, უნდა ივაგროს.
წინასწარ ვამბობ იმას, რასაც ვერ გამიპროტესტებს ვერცერთი იქ ნამყოფი: ისრაელში და იტალიაში ისე იჩიჩქნებიან კბილებში, თითქოს შიგთავის ბოლომდე გამოფხეკა უნდოდეთ… ჯერ კიდევ ისრაელში დავადგინე, რომ აქ ყველაზე მეტი მოთხოვნილება სწორედ კბილის საჩიჩქნ ჩხირებზეა. ყველგან წააწყდებით მათ, სადაც გაიხედავ დევს, თუ არა მოითხოვენ… ჩემი აზრით ეს იმიტომ ხდება, რომ კბილების მკურნალობა ორივე ქვეყანაში მეტად ძვირია და მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეები ძირითადად საკმაოდ მდიდრები არიან და უამრავ უძრავ თუ მოძრავ ქონებას ფლობენ იმ ასტრონომიული თანხის გადამხდელები არ არიან იმიტომაც, რომ დანტისტგების სახით სხვების გამდიდრებისგან თავს იკავებენ და იჩიჩქნებიან და არად დაგიდებენ მათი მაყურებლების გულისარევამდე მიყვანას, მთავარია, კბილების მკურნალობას თავიდან იცილებენ და ამ მიზნით, ხანდახან ორივე მუჭის დახმარება სჭირდებათ, რათა რაც შეიძლება ღრმად შეიყონ თითები და რაც შეიძლება საფუძვლიანად ამოფხიკონ… რა ვიცი, ამდენი რა აქვთ.
და კიდევ, „ნომერ პირველი“ ერის სახელის დასამკვიდრებლად მოწადინებული ქვეყნის ისრაელის და ევროპის ცენტრალური ადგილის მფლობელი იტალიის მოქალაქეები, სადაც უნდა იყონ, ისე საინტერესოდ აცემინებენ და ისეთი ხმაურით იხოცავენ ცხვირს, ჩვენთან ძალიან მოსწრებულად რომ იტყვიან: იმის დედა ვატირე! —
საქართველოში გაცივების შემთხვევაშიც თავს რომ არიდებენ ჩვენები მსგავსის გაკეთებას, ორივე ამ ქვეყანაში აბსოლუტური ნორმაა და არც ბოდიშს მოგიხდიან და არც თავს უხერხულად არ იგრძნობენ, მაშინ, როცა თქვენ, ასი წელიც რომ იცხოვროთ იქ, მსგავსის უფლებას თავს არ მისცემთ. ამათ,
საინტერესოა, რატომ არ მიაჩნიათ უკულტურობად შუა სუფრაზე ცხვირსახოცად ნახმარი ქაღალდი მოისროლონ…
რა ვქნა, სხვა ნაკლი ჯერჯერობით ვერ მოვუძებნე და ნეტავი, მსგავსის გარდა არაფერი იყოს პრობლემა ჩვენს საკუთარ ქვეყანაში… რა ბედნიერები ვიქნებოდით!

მათ ოჯახებს ვუვლით, ვურეცხავთ, ვუწმენდთ. მათ საყვარელ ადამიანებს ვუმზადებთ კერძებს, ნებისმიერ ახირებას უდრტვინველად ვითმენთ,ინტიმურ ადგილებს ვუბანთ, ვეფერებით გულწრფელად თუ იძულებით, ღიმილით ვემსახურებით, ხელფასიდან ხელფასამდე არაფრით ვაწუხებთ, „კორონას“ შიშით გარეთაც იშვიათად გავდივართ, განა თავს ვუფრთხილდებით, ისევ მათზე ვზრუნავთ, მიუხედავად იმისა, რომ აცრები გაკეთებული აქვთ, მაინც ვერიდებით, არაფერი შემოვუტანოთ… და სულაც არა იმიტომ, რომ ვგიჟდებით და მსგავსი საქმის გაუკეთებლად ვერ გავჩერდებით, არა — ჩვენ მიჩვეულები ვართ კეთილსინდისიერ ერთგულად მსახურებას და რადგან მომვლელები და ბადანტეები — ანუ მოხუცის მიმხედავები გვქვია და სრული წესრიგისთვის აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ, ამიტომ სხვაზე ნაკლებები, არაფრით არ ვართ. — ბუნებრივია, არც კულტურა გვაკლია და არც განათლება. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ. ორივე ქვეყანაში ისრაელსა და იტალიაში — მოქალაქეები ძირითადად მხოლოდ მშობლიურ ენაზე ლაპარაკობენ და სხვა ენა ძალიან ცოტამ თუ იცის. ინგლისურად გაქცეულს ვერ მოაბრუნებენ. ჩვენ კიდევ ჩასვლიდან თუ ერთ წელიწადში არა, უმოკლეს დროში მაინც, მათ ენაზე მათზე არანაკლებ კარგად ვლაპარაკობთ.
ბოლოსდაბოლოს ჩვენი სურვილით არ გავღატაკებულვართ იმ ქვეყნის შვილები, სადაც უკუღმა დათესილი წაღმა ამოდის და სადაც ყველაფერს ხილიდან დაწყებული ლობიოთი დამთავრებული, სულ სხვა განუმეორებელი გემო და სურნელი აქვს და არა სულაც იმიტომ, რომ ჩვენი მშობლიურია… ის საქართველოა — მართლაც ღვთისგან ნაკურთხი საქართველო, სადაც ერთხელ რომ გასინჯავ კერძს თუ ხილს, მისი გემო არასდროს ავიწყდებათ, ჩვენ კი მისი ღვიძლი შვილები ვართ — მისგან გამეტებული და უარყოფილები… სხვის კარზე ცრემლით სავსე გულით საცხოვრებლად და სამყოფად გაწირულები…
იმ ქვეყნის შვილები, საიდანაც ღვინო და მედიცინა იღებს სათავეს, ქვეყანა, რომლის კულტურა ღირსეულად ჯერაც არ არის შეფასებული, მხოლოდ ბადანტეთა და ბანდიტთა რიცხვით არის ცნობილი. იმ განსხვავებით, რომ ჩვენ — „ბადანტეებს“ არც ამით დაგვიკარგავს ღირსება, რადგან ყველა ჩვენი წარმომადგენელი საქმეს თავს იმდენად ღირსეულად ართმევს საბოლოოდ მხოლოდ მოწონებას და პატივისცემას იმსახურებენ, ზოგჯერ, უფალო მაპატიე, შურსაც კი… აბა რა, ასე ერთგულად სხვას ვის შეუძლია ემსახუროს თავისიანს და სხვისიანს.
ეს გენეტიკურად ჩადებული კოდია: იყო წესიერი და სწორედ ასეთებია ჩვენი ქალების დიდი ნაწილი. უმეტესობა უმშვენიერესი გარეგონობის და სულის ქალები, საკუთარ ოჯახებს რომ უნდა ამშვენებდნენ და ალამაზებდნენ, შინ ტრიალდებდნენ და ქმარ-შვილებთან ხარობდნენ…
ორივე ქვეყანაში, როგორც ისრაელში, ასევე იტალიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ გყავს გვერდით, ვინ დაგეხმარება სამსახურის შოვნაში, ადგილის დამკვიდრებაში და ეს ძალიან მტკივნეული საკითხია, რადგან მნიშვნელოვანია, ესე იგი ბაზარი აქვს: ზოგიერთს თუ უანგაროდ შეუძლია ხელი გაგიწოდოს, სხვას შეუძლია არ დააფასოს გაწვდილი ხელი და არც მადლიერი დარჩეს, მაინც ვერ უარყოფს იმას, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამ „ბაზარზე“ ვნახე პოლარულად განსხვავებული პოზიციები: ჩვენი თანამემამულეები, ვინც სამსახურის შოვნა, ბინის გაქირავება არამხოლოდ ქართველებზე ბიზნესად გაიხადეს, არც თუ ცუდ ბიზნესად, საკმაოდ კარგად ცხოვრობენ და ბიზნესისთვის დამახასიეთებელ თვისებებსაც ფლობენ. იმდენად ბევრი ადამიანი ჰყავთ ნანახი გამოცდილი და განცდილი, ვერ მოთხოვთ სანიმუშონი იყონ. ზოგადად ბიზნესში სანიმუშო კი არა, წარმატებული ადამიანები მიდიან.
მედალს აქ ორზე მეტი მხარე აქვს.
ისრაელში სამუშაოს შოვნის მეთოდოლოგია იგივეა რაც იტალიაშია: იგივე ნაქირავები და სხვებთან ერთად გაზიარებული ბინები. ოღონდ ისრაელში დასაქამების სხვადასხვა ვარიანტია, ბევრად უფრო მრავალფეროვანი. საბუთთან დაკავშირებითაც სხვა სიტუაციაა, რადგან დამსაქმებლებს ძალზე ხშირად იმდენად უჭირთ მუშახელის შოვნა, ხანდახან თვალს ხუჭავენ უსაბუთობაზე და დასაქმებაზე უარს არ ეუბნებიან. იტალიაში, ეს ყოვლად წარმოუდგენელია… საბუთის გარეშე მხოლოდ ავადმყოფის მოვლაა შესაძლებელი, ანუ თავის შეფარება და ჩუმად საქმიანობა. „დაწვის“ შემთხვევაშის ჯარიმა საკმაოდ დიდია ისევე, როგორც ისრაელში, მაგრამ გვერდის ავლას იქაც და იქაც წარმატებით ახერხებენ, რადგან შანსი იმუშაო დროებით მაღალია იქაც და იქაც და ასეთი შრომის შედეგად იკარგება დროის — იმ დროის შეგრძნება, რომლის ყოველი წუთი დაძაბულ ზამბარასავით დაჭიმული ნერვების ხარჯზე გაქვს გატარებული და მაინც დროის მსვლელობის შეგრძნება დაკარგულია, ზოგისთვის კვირიდან კვირამდე, ზოგისთვისაც თვეში ერთ გამოსასვლელ დღემდე…
და
სულ პატარა ნაწყვეტი ვრცელი ნაწერიდან:
„კვირას ახალი სამუშაო მოიძებნაო სწრაფად ჩემი ზურგჩანთით იქ გავჩნდი. მაგრამ მოხუცის პატრონებმა მითხრეს, სანამ „ტამპონს“ ანუ „ტესტს კორონაზე“ არ გაიკეთებ, ვერ შემოგიშვებთო. დამსაქმებელმა მე გავუკეთებო, დამიტოვა. ორშაბათს ვერ გავიგე რა მიზეზით, ისინი ხომ არაფერს გეტყვიან, და სამშაბათს დასვენების დღე იყო და საქმე ოთხშაბათამდე გადაიდო.
ვზივარ და ველოდები პატიოსნად.
ჰო, კიდევ ერთი არშემდგარი სამუშაო, რომელიც ოც ევრომდე დამიჯდა:
მატარებელზე ბილეთი ვიყიდე და სიამოვნებით წავედი. იქ ცხადია არავინ დამხვედრია. დამსაქმებელს მისთვის ტელეფონი არც მიუცია. მე გამოვართვი და გამომადგა. დავურეკე. ცოტა პრობლემა მაქვს და მოვალო. მოკლედ როცა მოვიდნენ, „ცხარე მზისგან“ უკვე „გამომშრალი“ ვიყავი. ჩავჯექი ჩიხჩიხა მანქანაში და მშვენიერი ხედები ზღვაზე სულ უგემურად ვათვალიერე. პირველად კლინიკაში შემიყვანა ახალგაზრდა კაცმა ცხვირი გამომთხარეს, რა ვიცი, რა დავუშავე, ადრე რამდენიმეჯერ გამიკეთებია, მაგრამ სისხლი არავის უდენია… ესეც გავიარე და მივედით ბინაში. კარი ჟღალთმიანმა ახალგაზრდა კაცმა გაგვიღო და კარებშივე გამაშეშა: ორი გოგო მყავს მესამე ელოდება ჩემი ცოლი… და სრულიად დაბნეულს, ჯერაც რომ ვერ მივხვდი რაზე მელაპარაკეოდა, გონს მოსვლა არ მაცალა, რა ვიცი, ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა, შიგადაშიგ ჭკუაც დამარიგა. მათ შორის ისიც მოასწრო ინსტრუქციის დაზეპირება მომთხოვა, აქ როგორ უნდა მოვიქცე… უფრო „კორონას“ შიშით… გამიღო მომცრო ოთახის კარი — დაბინავდი დაჯექიო. ვთხოვე ხელები დამაბანინე-მეთქი. ხომ გითხარი იჯექი შენს ოთახში, ფეხი არ მოცავალოო. მოხუცი მაჩვენეთ ვისაც უნდა მოვუარო-მეთქი… ვინ გისმინა. ვიღაც ქალმა გამოაღო, რომელიღაც ოთახის კარი, ოთახები ბლომად იყო — და მიყვირის, გითხრეს, იჯექი შენს ოთახშიო… ტუალეტში მაინც შემიშვით-მეთქი. იჯექი შენ გითხრესო… ხომ მოგწონთ? — მეც ასევე მომეწონა… ისე გემრიელად ამოვუნაყავდი ცხვირ-პირს, გააზრებას ვერ მოასწრებდნენ… ეჰ, რა მექნა. დავრეკე რომში ჩემს დამსაქმებელთან: ამათ თხოვე ტუალეტში შემიშვან-მეთქი. ადექი და შედიო. ყურმილი გათიშული არ მქონდა, ავდექი და გავუტიე ფეხსალაგისკენ… აბა, რა, ახლა უკვე ხუთი ადამიანი გამომიხტა… მსგავსი ვინმეს გაუგონია… არ გამოადგა ფეხიო, — ისტერიულად ყვიროდა სათვალეებიანი ქალი… ჰოდა, ცხვირპირს მაინც ვერ ამოვუნაყავდი და ჩემ ჩანთიანად გავვარდი კარში… იცოცხლეთ გამომეკიდნენ, მაგრამ რაღა დროის…
გამოვედი. უსიერი ტყეაა. დაახლოებით ისეთი, წყნეთის ბოლოში რომ დაგტოვოს ვინმემ და ვიყურები მთვრალი თხასავით, იქნებ გაჩერება ვიპოვე სადმე. სხვა რა გინდა? — აქ უმდიდრესი მოქალაქეების დასახლებაა და ყველას საკუთარი ტრანსპორტი ყავს… გაჩერება იქნებ იყოს კიდეც მაგრამ, ვერ ვხედავ… ფეხით ცოტა გავიარე, ნურას უკაცრავად. ვეძებ — არაფერია… ვიარე და ვიარე. გავიხედე ავტობუსების პარკია. შევბოდიალდი. ჰო, თუ ვიმეს აინტერესებს, ტუალეტში არ ვყოფილვარ, ვისი ფისი რა ფისი… ვხედავ, იქიდან ჯიპით მეპატრონე გამოდის, აცილებდნენ და იმით მივხვდი. ვკითხე, მატარებლების სადგურამდე როგორ წავიდე-მეთქი. ეტყობა ისეთი ტანჯული სახე მქონდა, ან იქნებ მძიმე ზურგჩანთიანი უცხოელი გზააბნეული ტურისტი ვეგონე — შიგ კომპიუტერი მედო ასე რვა — ცხრა კილოიანი, თორემ სხვა არაფერი მაქვს… შევეცოდე თუ რა იყო… აგერ ამ კაცს გაყევი ავტობუსში ჩაგსვამს და გაგიყვანსო… იმანც დამელოდეო… ველოდე და ბოლოსდაბოლოს მართლაც წამოვედით… თურმე ნუ იტყვით, ჯერ ერთი, სულ სხვა მიმართულებით წამოვსულვარ, სულ სხვა გზით მოვედით და რაც მთავარია, სადგურიდან 35 კილომეტრით ვართ დაცილებული. რომ არა ის „მეპატრონე“, კიდევ — სულ ცოტა ათი ევროს გადახდა მომიწევდა ამ არ შემდგარი სამსახურისთვის.
სადგურზე უფრო საინტერესო ამბები მელოდა. კაცის ჭაჭანება არ არის. ბილეთის ასაღებად ავტომატის გამოყენება მე არ ვიცი. მატარებელი ხუთ წუთში გავა, მერე გვიანამდე არ იქნება. ცივა. ტანზე თხლად მაცვია… ვიღაც მათხოვარმა გაიარა, შევაჩერე, დავიხმარიე და ბილეთი ავიღე. ცხადია, ფული ვაჩუქე, არა, ჩემით ვერ მივხვდი რა უნდა მექნა… შემახსენა ოჯახაშენებულმა… შემდეგ გავედი პერონზე. უკვე ყინავს. და კიდევ მოხდა ის, რაც აქ პრაქტიკულად არ ხდება: თითქოს ჯიბრზე, მატარებელმა დააგვიანა. ამ მძიმე ზურგჩანთით უკან სადგურზე ვერ გავალ. ბაქანზე გაყინვა მირჩვვნია. ლამის წავიქცე. ვჯდები ბოლოსდაბოლოს მატარებელში და ნახევარ საათში ადგილზე ვარ… ასე ჯობია…
მივდივარ გაყინულ თავშესაფარში. მაგრამ ლოგინი მაინც არის.

ღმერთო, რა დაგიშავა საქართველომ…
ვაი, საწყალო ქართველო ქალებო. ახალგაზრდებო და ხანდაზმულებო, ცხოვრებამ სრულიად დაუმსახურებლად წიხლისკვრით რომ გაგაგდოთ ჩვენი ქვეყნიდან.
ვაი, თუ თქვენც ასე იტანჯებით და მაინც უარს არ ამბობთ საძულველ სამუშაოზე და ეგუებით, მით უარესი.
არადა, მსგავსის გადატანა მაინც მოგიწევთ, იტყვით უარს თუ დათანხმდებით ნებაყოფლობით მონობაზე ისრაელში თუ იტალიაში…
არჩევანი თქვენზეა!
დარწმუნებული ვარ ეს ჩანაწერი უარს არ გათქვევინებთ მტკიცე გადაწყვეტილებაზე „უშველოთ ოჯახს“…
ფიზიკურად და მორალურად მზად მაინც უნდა იყოთ, ყოველი შემთხვევისთვის და გაითვალისწინეთ:

ჩემი „უპირატესობა“ თქვენთან შედარებით:
წარმოიდგინეთ უპირატესობად ასაკი — პენსიონერი… სხვა ქვეყანაში ყოფნის გამოცდილება, დაუმორჩილებლობა, საძულველ საქმეზე ნებისმიერ პირობებში — უარის თქმის უნარი და.. ჭრელა-ჭრულა ინგლისურის ცოდნა.
ეს მოკრძალებული უპირატესობა საკმარისია რომ მე არავის და არაფერს შევეპუე და ვიარო წინ.
ეს კიდევ არაფერი… წინსვლა უნდა განვაგრძო… ანუ, რაც ხდება ჩემთვის წინსვლაა… უკან დასახევი გზა მაინც არ არის და მეც მივდივარ გზაზე — არსაით… მაგრამ წინ!
თუ იგივე განცდით ივლით, სულერთია სად იქნებით, წარმატება გარდაუვალია… თვით საქართველოშიც კი.
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ სადაც უნდა წახვიდეთ იქაც და იქაც… აქაც…
უფალო, მადლობა ამ შეგრძნებისთვის:
უკუსვლა წინსვლად გულწრფელად რომ შემიძლია ვაღიარო!

 

ქეთევან ჩემია, მილანი

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა საგანგაშო ზღვარს მიუახლოვდა

Joni Kvaracxelia

გიორგი ბოტკოველის 10 კითხვა ხელისუფლებას

ფრთხილად, ათეიზმი ისევ გვეპარება

დატოვე კომენტარი