დონალდ ტრამპი აცხადებს: ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება მიღწეულია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია და ის 24 საათის განმავლობაში ეტაპობრივად შევა ძალაში. მისი თქმით, შეთანხმება ჯერ ირანის მხრიდან ამოქმედდება, ხოლო 12 საათის შემდეგ – ისრაელის მხრიდანაც.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ეს არის “სრული და მთლიანად ცეცხლის შეწყვეტა”, რომელიც დაასრულებს ორ ქვეყანას შორის 12-დღიან ომს. თუმცა განცხადების გაკეთების მომენტისთვის არც ისრაელის, არც ირანის ოფიციალურ წარმომადგენლებს შეთანხმების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაგჩიმ მოგვიანებით სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter) დაწერა, რომ ირანსა და ისრაელს შორის ამ ეტაპზე “შეთანხმება არ არსებობს”.
ტრამპის მოულოდნელ განცხადებას წინ უძღოდა მადლობა, რომელიც მან თეირანს გადაუხადა იმისათვის, რომ ირანმა წინასწარ გააფრთხილა აშშ ორშაბათს კატარში მდებარე ამერიკულ ავიაბაზაზე დაგეგმილი შეზღუდული მასშტაბის იერიშის შესახებ.
ირანული შეტევა აშშ-ის მიერ გასულ შაბათ-კვირას ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს მოჰყვა.
ტრამპი აცხადებს: ცეცხლის შეწყვეტა ძალაშია
სამშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევიდა.
„ცეცხლის შეწყვეტა უკვე ძალაშია. გთხოვთ, ნუ დაარღვევთ!“ – დაწერა მან Truth Social-ზე.
ამ დრომდე არც ისრაელს და არც ირანს ცეცხლის შეწყვეტის სტატუსთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.
