ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლზე დათქმის გაკეთება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ დროებით გაუვრცელებლობაზე ტერიტორიული მთლიანობისათვის ზიანის მიყენების გარეშე სამართლებრივად შესაძლებელია. ამის პრეცედენტები ჩვენ გვაქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის რატიფიკაციის შეთხვევაში.
• საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 30 მარტის დადგენილებით ჩვენ მივუერთდით კონვენციის მე-12 ოქმის (დიკრიმინაციის ზოგადი აკრძალვა), სადაც აღნიშნულია:
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. რატიფიცირებულ იქნეს 2000 წლის 4 ნოემბრის “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ” ევროპის კონვენციის მე-12 დამატებითი ოქმი.
2. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე საქართველო იხსნის პასუხისმგებლობას აღნიშნულ ტერიტორიებზე “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ” ევროპის კონვენციის მე-12 დამატებითი ოქმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე.
• მოგვიანებით საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 27 დეკემბრის დადგენილებით კონვენციის 1-ლი ოქმის (საკუთრების უფლება) რატიფიკაციისას ზუსტად იგივე დაქმა გავაკეთეთ უკვე ამ უფლების მიმართ და ამასთან ერთად ეს დათქმა გავავრცელეთ მთელს კონვენციაზეც. ამ დადგენილებაში აღნიშნულია:
,, საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. რატიფიცირებული იქნეს რომის 1950 წლის 4 ნოემბრის “ადამიანთა უფლებათა და ძირითადი თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის” პარიზის 1952 წლის 20 მარტის პირველი ოქმი.
2. პირველი ოქმის პირველი მუხლის მოქმედება არ გავრცელდეს იმ პირებზე, რომლებსაც “იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვთ ან მიენიჭებათ დევნილის სტატუსი ამ სტატუსის მინიჭების გარემოებების აღმოფხვრამდე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, აღნიშნული კანონის თანახმად, სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, უზრუნველყოს დევნილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე არსებული საკუთრების მიმართ ქონებრივი უფლებების განხორციელება ამავე კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ.
8. საქართველო აცხადებს, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარების გამო საქართველოს ხელისუფლება მოკლებულია შესაძლებლობას, იკისროს პასუხისმგებლობა ამ კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების დებულებათა პატივისცემასა და დაცვაზე, რის გამოც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს იურისდიქციის განხორციელების შესაძლებლობის აღდგენამდე საქართველო იხსნის პასუხისმგებლობას აღნიშნულ ტერიტორიებზე თვითგამოცხადებული, უკანონო ხელისუფლების ორგანოების მიერ პირველი ოქმის დებულებათა დარღვევაზე.
ეს დადგენილებები დღესაც ძალაშია და ციტირებული დათქმების გამო ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ეჭვქვეშ დაყენება 19 წელია არავის აზრადაც არ მოსვლია. თანაც საყურადღებოა, რომ უკანასკნელ დადგენილებას ხელს აწერს პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.
ერთი სიტყვით, ზუსტი იურიდიული ფორმულირებების ჩამოყალიბება და ტერმინოლოგიის შერჩევა, ისე რომ არავითარი ორაზროვნება ქვეყნის მთლიანობის თვალსაზრისით არ შეიქმნას, შესაძლებელია და ჩვენს პარტნიორებთან ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ.
მალხაზ პატარაია, აფხაზთა კრება
