(კიდევ ერთხელ სოხუმის უნივერსიტეტში ,,აფხაზთა კრების“ დევნის შესახებ)
გრძელდება სოხუმის უნივერსიტეტის რექტორის ზეწოლა სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანზე ,,აფხაზეთა კრების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა ბერიას უნივერსიტეტიდან გასაშვებად. ზოგადად, ბოლო წლებში, მისი დასაქმების პროცედურა ასეთი იყო: სემესტრის დაწყებამდე მიმართულების ხელმძღვანელი წარუდგენდა დეკანს საათების განაწილებას, დეკანი კი, თავის მხრივ, აკადემიურ საბჭოს. ასე მოითხოვს კანონი. დღემდე ეს საკმაოდ ფორმალურ პროცედურას წარმოადგენდა და პრაქტიკულად ავტომატურად კეთდებოდა.
ამჯერად ბ-ნმა ხონელიძემ ასეთი მზაკვრობა ჩაიფიქრა: მამუკას დათხოვნა რომ არ გამოჩნდეს მის მოთხოვნად და განსხვავებული აზრისათვის დევნად, გადაწყვიტა თვითონ შეინიღბოს და ეს აქცია ფაკულტეტის ხელით განახორციელოს; ხოლო შემდეგ, საქმე საქმეზე რომ მიდგება თავი იმართლოს, რისი დევნა, რა დევნა, მამუკა ბერია თავად ფაკულტეტმა გაუშვა და უპირველეს ყოვლისა ,,აფხაზთა კრების“ მონაწილემ დეკანმა ელგუჯა ქავთარაძემო. დათხოვნის და ამ საქმის ფაკულტეტის მიერ საკუთარ თავზე აღების არაფორმალური დირექტივა რექტორმა უკვე გასცა. ყოველივე ამით ის სამ კურდღლის მოკვლას ცდილობს-ერთდროულად მამუკას, დეკანის და ,,აფხაზთა კრების“ დისკრედიტაციას. სერიოზულად უმუშავიათ ხონელიძისა და ლომინაძე-ყოლბაიას ტანდემს.
მიზნის მისაღწევად უკვე ნაცადი დამატებით ღონისძიებებიც განხორციელდა. კვირის განმავლობაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მეშვეობით დეკანის მიმართ ორჯერ მოხდა აგრესიული ვერბალური შეტევა. ქ-ნი თამარი, როგორც სჩვევია, სკანდალით მიუვარდა მას ჩვენი ორი ბოლო პუბლიკაციის გამო ფბ-გვერდსა და ინტერნეტ გაზეთ ,,მეოთხში“. დეკანი იძულებული გახდა ორკვირიანი შვებულება აეღო, რადგან ასეთი შემოტევების შემდეგ უკვე მესამედ, ისევ საჭიროებს მკურნალობას.
ისიც გვითხრეს, რომ ბ-ნ ხონელიძეს კატეგორიულად გაუფრთხილებია მიმართულების ხელმძღვანელი გურამ აბესაძე, რომ მამუკა ბერიას საათობრივ განაწილებაში მოხვედრის თემაზე საუბარი არ იყოს, ის უნდა წავიდეს უნივერსიტეტიდან. ეს ის მიმართულების ხელმძღვანელია, რომელიც მთელი სემესტრი რექტორის ნაცვლად კითხულობდა ლექციებს და თავად არღვევს კანონს. ეხლა სურთ კიდევ ერთი დანაშაული ჩაადენინონ და განსხვავებულად მოაზროვნე ლექტორის დევნის თანამონაწილედ გახადონ.
პარალელურად, შემოვლითი გზებით გვითვლიან, რომ თავი დავუხაროთ რუსეთუმე რექტორს და ურჩი ლექტორის აქტივობა შემოიფარგლოს მხოლოდ ლექციებით. ამასთან, შემოგვაპარეს, რომ კარგი იქნება შედგეს რექტორისა და ,,აფხაზთა კრების“ წარმომადგენელთა შეხვედრა ალბათ იმისთვის, რომ თაყვანისცემის რიტულაში ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა.
მამუკა ბერია აფხაზეთის ომის ვეტერანია. ის 13 წელია მუშაობს უნივერსიტეტში, აქედან 2-ჯერ ეკავა აკადემიური თანამდებობა. ამჟამად მას მოწვეული ლექტორის სტატუსი აქვს და იმავდროულად არის დოქტორანტი. ის განსწავლული და გამოცდილი სპეციალისტია. მამუკა აკაკი ბაქრაძის მოსწავლეა. წლებია ის სტუდენტებთან მასწავლებლის ტომებით შედის და ამ წიგნებით აზროვნებას ასწავლის ახალგაზრდებს. დღეს მამუკასთან ერთად სოხუმის უნივერსიტეტიდან აკაკი ბაქრაძესაც აძევებენ.
არასოდეს, არავისთან შეხვედრისა და საუბრის წინააღმდეგი არ ვყოფილვართ და არ ვიქნებით. მით უფრო სოხუმის უნივერსიტეტის რექტორთან, რადგან ეს უნივერსიტეტი დაფუძნებიდან ჩვენი ცხოვრების ნაწილია და მისი მომავალი ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია. ამიტომ ამ თვალსაზრისით, უნივერსიტეტის ახალ მენეჯმენტს შეუძლია მშვიდად იყოს. მზად ვართ შეხვედრისათვის, ოღონდ ერთი წინაპირობით, შეწყდეს ,,აფხაზთა კრების“ წარმომადგენელთა დევნა სოხუმის უნივერსიტეტში.
აქვე, გვინდა კიდევ ერთი სამახსოვროც ვუთხრათ: ვერ მივიღებთ რექტორის აშკარად ტრაგიკომიკურ პოლიტიკურ ლოზუნგს: ,,ჩვენ უნდა წავიდეთ უკან!“ ჩვენ გაყოლას, უფრო სწორედ, ჩაყოლას არ ვაპირებთ. არც რომელიმე ჭკუათმყოფელი იზამს ამას. ჩვენ უნდა წავიდეთ და მივდივართ წინ, ერთიანი, თავისუფალი, ევროატლანტიკური ორიენტაციისა და ღირებულებების საქართველოსაკენ!
previous post
next post
