საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით მოლოდინი პოზიტიური და ოპტიმისტურია.
„ჩვენ ვენეციის კომისიას ვთხოვეთ, ამ კვირაში საკუთარი დასკვნის წარმოდგენა, გვინდოდა მანამდეც, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ ხერხდებოდა და ვთხოვეთ ამ კვირაში დასკვნის წარმოდგენა, რათა პარასკევამდე მოგვესწრო მეორე მოსმენით კანონპროექტის მიღება. ეს თხოვნა წარვუდგინეთ ვენეციის კომისიას და დაგვთანხმდა, ხვალისთვის ველოდებით დასკვნას კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც მოგვცემს საშუალებას, პარასკევამდე სრულად ავსახოთ ყველა შესაბამისი რეკომენდაცია ჩვენს კანონპროექტში. ამ კუთხით ყველაფერი არის ნათელი. ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას და ამის შემდეგ საბოლოოდ მიიღება მეორე მოსმენით კანონპროექტი,
როგორც მოგეხსენებათ, დღეს არის 10 მოსამართლე, ივნისში იქნება რვა მოსამართლე. სისხლის სამართლის მიმართულებით იქნება ერთი მოსამართლე და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებითაც იქნება ერთი მოსამართლე. ანუ ორი საკვანძო მიმართულება რომ ავიღოთ, უზენაეს სასამართლოს თითო მოსამართლე ეყოლება, რაც დაკავშირებულია კონკრეტულ პრობლემებთან. ეს პრობლემები საბოლოო ჯამში დაკავშირებულია კონკრეტული ადამიანების უფლებებთან, მაგალითად, იმის გამო, რომ ერთი მოსამართლე იქნება სისხლის სამართლის პალატაში, ადამიანებს მოუწევთ ორი-სამი თვით მეტხანს დარჩენა წინასწარ პატიმრობაში. ასევე, იმის გამო, რომ ადმინისტრაციულ პალატაში იქნება ერთი მოსამართლე, ბევრი ადამიანი ვერ მოახერხებს დარღვეული უფლების აღდგენას და გადახდილი ჯარიმის უკან დაბრუნებას. ბუნებრივია, არ უნდა დავაყენოთ ათასობით ადამიანის ბედი ამ კუთხით პრობლემის ქვეშ, თუ შეგვიძლია, რომ უფრო სწრაფად განვიხილოთ კანონპროექტი. გავაცანით ვენეციის კომისიიას ჩვენი გრაფიკი, ჯერ ვუთხარით, რომ ორი კვირით ადრე გვინდოდა კანონპროექტის მიღება და გვითხრეს, რომ იყო შეუძლებელი. გავითვალისწინეთ მათი თხოვნა და ორი კვირით გადავწიეთ განხილვის ვადა, თუმცა იქვე აღვნიშნეთ, რომ არაუგვიანეს 19 აპრილისა მიიღებოდა კანონპროექტი, რაც აღმოჩნდა მათთვის მისაღები და დაგვთანხმდნენ ხვალისთვის საკუთარი დასკვნის წარმოდგენას, რათა გვქონდეს საკმარისი დრო პლენარულ განხილვამდე“, – განაცხადა კობახიძემ.
